rss
Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites

среда, 31 марта 2010 г.

უსათაურო...



ქართული ბლოგების სამყაროში სრულიად შემთხვევით მოვხვდი. შარშან, მარტის თვეში, რაღაც ინფორმაციის ძებნის დროს, გუგლმა პიკოლინოს ბლოგი ამომიგდო. მაშინ მთელს ქართულ ინტერნეტ სივრცეში მხოლოდ ეს ბლოგი იყო, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან თემაზე წერდა... და თან ძალიან კარგად წერდა...
მანამდე, gol.ge-ს ფორუმზე ვნახე ეს:


"21 მარტი არის მსოფლიოს დაუნის სინდრომის დღე.
World Down Syndrome Day (WDSD)

ვილაპარაკოთ დაუნის სინდრომზე...

არსებობს თუ არა საქართველოში ისეთი დაწესებულება სადაც იკრიბებიან ამ დარღვევის მქონე ხალხი?...

ჭირდებათ თუ არა მათ ხალხის თანადგომა და ყურადღება?..

არავინ არ ვიყავით დაზღვეული იმისგან რომ ჩვენც იგივე არ შეგვემთხვებოდა..

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები არ უნდა იყვნენ გარიყული ხალხისგან, არამედ უნდა იქნან განხილულნი საზოგადოების ნორმალურ წევრებად...

ალბათ კარგი იქნება ვეწვიოთ ამ ხალხს და მხარში ამოვუდგეთ...

გინდათ 21 მარტს, მსოფლიოს დაუნის სინდრომის დღეს, შევიკრიბოთ ფორუმელები და მოვინახულოთ ამ დარღვევის მქონე ხალხი?... smile.gif

ძალიან სამწუხარო ფაქტს შევესწარი, სამარშუტო ტაქსში ვიჯექი, ერთმა ქალმა ხელი დაუქნია და გააჩერა, ამოვიდა თუ არა უცებ კარების მოხურვის დროს დაახლოებით 20 წლის 21 ტრისომიის მქონე ბიჭმა ამოდგა ფეხი, მძღოლმა კი დაძრა მანქანა და საწყალი ბიჭი უხეშად ჩამოიშორა, ის კი მიმართულებას აჩვენებდა ხომ აქ უნდა ჩაუხვიოო, მძღოლმა უხეშად უთხრა პირდაპირ მივდივარო და კარი გამოიკეტა. მე მართლა მეგონა პირდაპირ მიდიოდა და როცა ჩაუხვია, სისხლი გამეყინა, საშინლად გავბრაზდი, მინდოდა მეჩხუბა და სულით დაუნი მეძახა იმ მძღოლისთვის, მაგრამ თავი შევიკავე. არადა ცარიელი ადგილები ბლომად ჰქონდა.... ძალიან განვიცადე...

user posted image

ქრომოსომული დარღვევაა(XXI ქრომოსომის ტრისომია), რომელიც იწვევს მენტალურ ჩამორჩენას, დამახასიათებელ სახის გამომეტყველებას, და მრავალ სხვა მახასიათებლებს, რომელთა შორის არის მიკროცეფალია(პატარა თავის ქალა) და მოკლე აღნაგობა.

ჩამირჩენილია ფიზიკური და მენტალური განვითარება.
მიკროცეფალია(პატარა თავი), ბრტყელი კეფა და მცირე აღნაგობა.
თვალები მიმართული არის ზევით და აღინიშნება დამატებითი ნაკეცები.
კისრის არეში აღენიშნება კანის სიჭარბე.
ცხვირის ხიდი აქვთ ბრტყელი და პირ აქვთ ღია დიდი ენის გამო.
ყურები არის პატარა და მომრგვალებული.
ხელები არის პატარა და განიერი.
თანდაყოლილი გულის მანკებში ყველაზე ხშირია პარკუჭთაშორისი ძგიდის დეფექტები.
დაუნის სინდრომის მქონე ყველა მამრი უნაყოფოა, მაგრამ ზოგიერთ მდედრს აქვს განაყოფიერების უნარი, მაგრამ არსებობს 50% შანსი იმისა, რომ მისი შთამომავალს ექნება იგივე დარღვევა და უმეტესი ნაყოფი კვდება მუცელში სპონტანური აბორტით..
სიცოცხლის ხანგრძლივობა მოკლეა გულის დაავადებების და ლეიკემიის გამო. უმეტესობა აღწევს ზრდასრულობის ასაკს.
სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 50-60 წელი. sad.gif

სამწუხაროდ უმრავლესობას მაგ მძღოლისმგავსი დამოკიდებულება აქვთ დაუნების მიმართ cray.gif

უმეტესად ლოთები შობენ დაუნებს, როგორც მე ვიცი

რამდენადაც მე მახსოვს, ლოთობასთან პირდაპირ კორელაციაში არ არის დაუნის სინდრომი, თუმცა აღნიშნავენ, რომ ასაკთან ერთად იმატებს შანსიც იმისა, რომ ბავშვი დაიბადოს დაუნის სინდრომით.
რაც შეეხება დაწესებულებას, მე ვიცი სადაც არის და თუ სურვილი გექნებათ ოფიციალურად შემიძლია მოვაწყო შეხვედრა smile.gif სხვათაშორის მაგარი კაი ტიპები არიან smile.gif მოკლედ ერთ ერთ ასეთ სკოლაში ჩემი მეგობრები მუშაობენ, ერთი ფსიქოლოგად მეორე კი რეჟისორია და ამ ბავშვებისთვის, მათივე მონაწილეობით დგამს ხოლმე თეატრალურ დადგმებს.

კაი ტიპებუ უძახე და მაგათ უნდა გადაყვე, ათჯერ მეტი მოვლა უნდათ ვიდრე ნორმალურ ბავშვს, თანაც მაგათგან არაფერი გამოდის hhh.gif

ხშირად მიწევს იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში სიარული.. ხოდა ერთხელაც იქიდან რომ მოვდიოდი ავტობუსში XXI ტრისომიის პატარა ბავშვი იჯდა... გვერძე ერთი ადამიანი ეჯდა.. განთავისუფლდა სხვა ადგილი თუარა იმწანსვე გადაჯდა ის კაცი.. შემზარავი სანახაობა იყო... ყველამ დაინახა როგორი ზიზღით და შიშით უყურებდა ის კაცი ამ ბავშვს და როგორ დემონსტრაციულად გადაჯდა სხვა ადგილზე... დავინახე თუ არა ეს იდიოტიზმი.. ავდექი ჩემი ადგილიდან და იმ ბავშვს მოვუჯექი გვერდზე... smile.gif

ნეტავ რის გამო ხდება ასე? რატომ ვართ ქართველები ასეთი დაუნდობელები?

რავიაბა... ეს მგონი მარტო ქართველების პრობლემა არაა... ეს ალბათ ზოგადად სოციალური ფსიქოლოგიაა... ვინც არ ვარგა და ვისაც ვერ გამოიყენებ უნდა გადააგდო... ფაშიზმი და სრული მარაზმია... უნდა ისწავლოს ხალხმა უანგაროდ დახმარება... ეს არაა საჭირო რომ იყოს მატერიალური დახმარება... საკმარისია უბრალოდ მიხვიდე მაგ ხალხთან და შენი სითბო და ყურადღება გაუზიარო... smile.gif luke.gif

პუ რა ბედი მაქ 21 მარტს მაქ დაბადების დღე"

ალბათ არავინ შემედავება, თუ ვიტყვი, რომ დასასრული გენიალურია... მე მაშინ მოვკვდი კინაღამ. მერე სულ მინდოდა რაღაც დამეწერა, რაღაც მეამბო - ორი პატარა დროს არ მიტოვებდა, კომპიუტერთან დიდი დრო გამეტარებინა... მაგრამ როცა ძალიან გინდა...

დაუნის სინდრომზე ყველაფერი თუ არა, თითქმის ყველაფერი ნამდვილად ვიცი. ერთადერთი, რაც მაინტერესებდა, საქართველოში თუ არსებობს ორგანიზაციები, რომელიც ამ ბავშვების რეაბილიტაციაში ეხმარებიან მშობლებს. ბევრი ძიების შემდეგ მივაკვლიე, რომ არსებობს, ოღონდ, ჩემდა სამწუხაროდ, მხოლოდ ქაღალდებზე. რამდენიმე დღის წინ ჩემმა უახლოესმა მეგობარმა(საინფორმაციო კომპანია fact.ge-ს დამაარსებელმა) სტატისტიკის დეპარტამენტისაგან მწირი და თითქმის არაფრისმთქმელი ინფორმაცია მოიპოვა მხოლოდ... არავის აქვს სურვილი, ხმამაღლა ისაუბროს ორგანიზაციებზე, რომლებიც სახელმწიფო თუ დონორი ორგანიზაციების გრანტებით ფინანსდება და რომლებიც საკუთარ ვებ-გვერდებზე ტრენინგების, საკონფერენციო შეხვედრებისა და სხვადასხვა "წარმატებით" ჩატარებული ღონისძიებების ამსახველ უამრავ ფოტოს დებენ... ერთ-ერთ ქართულ საიტზე ვნახე გვერდი, რომელზეც მშობლები თავის "დაუნ" შვილებზე განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ყვებიან. ქართველი არცერთი არაა. გერმანელი, ფრანგი და ამერიკელი დედები გვასწავლიან ქართველებს შვილის სიყვარულს...

суббота, 27 марта 2010 г.

ჩემი და...

სკოლა 1985 წელს დავამთავრე...
ბოლო დროს ჩემს შუათანა დას მკერდის არეში ძლიერი ტკივილები დაეწყო. მეშვიდე კლასს ამთავრებდა...ბოლო ზარამდე რამდენიმე დღით ადრე დედაჩემი და ჩემი და თბილისში წავიდნენ, "ჩაჩავაში" ცნობილ პროფესორ - მადიჩთან გაგზავნეს რაიონის საავადმყოფოდან. მეორე დღეს დაბრუნდნენ ტირილისგან დასიებული თვალებით... -მადიჩმა ბავშვი გასინჯა და მისი თანადასწრებით მითხრა, სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, მკერდი მოსაკვეთიაო-უყვებოდა მერე დედაჩემი თავის უახლოეს მეგობარს... ჩემი და, თურმე, ძლივს მოუსულიერებიათ...
მერე იყო ჩემი წარუმატებელი მისაღები გამოცდები უნივერსიტეტში, ჩემი დის ექიმებთან წინ და უკან სირბილი, ახალ-ახალი ექიმები ახალ-ახალი ვარაუდებით... სამსახურის ძებნა დავიწყე და ვინაიდან ლაგოდეხში ახალსკოლადამთავრებულისთვის სხვა "პრასვეტი" არ იყო, დედაჩემის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, თამბაქოს საფერმენტაციო ქარხანაში ამოვყავი თავი. (ხელფასი სასაცილო იყო, მაგრამ მაშინ, აბიტურიენტი, რომელიც პირდაპირ სკოლის მერხიდან არ მიდიოდა მისაღებ გამოცდებზე, "სტაჟიანი" უნდა ყოფილიყო :))
ამასობაში აგვისტოც გავიდა და სექტემბრის დასაწყისში დედაჩემი და ჩემი და მოსკოვში გადაფრინდნენ. ოქტომბრის ბოლოს ონკოლოგიურ ცენტრში ჩემს დას ოპერაცია პროფესორ ლეწიაგინის ჯგუფმა გაუკეთა - მარცხენა მკერდი მოკვეთეს და კანქვეშ პროთეზი ჩაუდგეს...
ნოემბრის შუა რიცხვებში ქარანის დირექტორს (მამაჩემის თანასოფლელსა და ერთ დროს, უახლოეს მეგობარს) დიდი ხვეწნა-მუდარით ერთკვირიანი "შვებულება" გამოვტყუე და ნათესავების ფინანსური დახმარების წყალობით მოსკოვში გავფრინდი. დედაჩემი აეროპორტში დამხვდა და იქედან პირდაპირ საავადმყოფოში წავედით... ჩემმა დამ არაფერი იცოდა ჩემი ჩასვლის შესახებ და დედა მთელი გზა ნერვიულად ერთსა და იგივეს მეასედ მაინც იმეორებდა - ძალიან ფრთხილად, ძლიერად არ ჩაეხუტო. იქნებ, უნდა მეთქვა რომ ჩამოხვედი. ბავშვს არაფერი დაემართოს...
ონკოლოგიური ცენტრის მეთოთხმეტე სართულზე, დერეფანში, თითქმის ყველა ექთანი და ავადმყოფი ღიმილით შემომეგება(დედა, იმისათვის რომ ჩემი დის გვერძე ყოფილიყო, სანიტრად გაფორმდა საავადმყოფოში). დედამ წინ გამიშვა - დერეფნის ბოლოს ოთახიდან ჩემი და გამოვიდა. ხელშ ჩაის ჭიქა ეკავა და კოვზით რაღაცას ურევდა... შემომხედა - ინგა? -თქვა და ვითომც აქ არაფერი, პალატაში შებრუნდა. ნაბიჯი ვეღარ გადავდგი წინ. საუკუნე რომ მეგონა, იმდენი წამის შემდეგ ჩემი დის ყვირილი გაისმა - ინგაააა! პალატიდან გამოვარდა და კისერზე ჩამომეკიდა...
მერე ყველაფერი დალაგდა. მომდევნო წელს მე სტუდენტი გავხდი, ოღონდ საოცნებო უნივერსიტეტის არა...ჩემი და ნელ-ნელა, მაგრამ გამოჯანმრთელდა, უმცროსი და ქაჯანა გვეზრდებოდა... დედას მუდამ სევდიანი სახე მომღიმარი და მხიარული გახდა...
ჩემი და დღესაც ძალიან ლამაზია. მაშინ კი, 16-17 წლის ასაკში მართლაც უზომოდ ლამაზ და მიმზიდველ გოგოს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. მასაც შეუყვარდა ძალიან ლამაზი სიყვარულით. სკოლა დაამთავრა, იმავე წელს, ვინაიდან დედა გვერდიდან არ იშორებდა, დაუსწრებელზე ჩააბარა, მუშაობა დაიწყო... ერთ დღეს, სამსახურიდან მომავალი მანქანაში "შეტენეს" და მოიტაცეს... სამი დღის შემდეგ გვაჩვენეს ჩემი და. სასტიკი ქართული მენტალიტეტის წყალობით, რომელიც განატაცები ქალისგან მსხვერპლად საკუთარი თავის გაღებას მოითხოვდა, ჩემი და გახდა ცოლი ადამიანისა, რომელსაც თვალის დასანახად ვერ იტანდა... 6 თვის შემდეგ, ქმრის მეზობელმა სახედალურჯებული მოგვიყვანა სახლში და გვითხრა- თუ ამ ბავშვის სიკვდილი გინდათ, წაიყვანეთ უკან, თუ არა და, დროზე უშველეთო... მერე დაიწყო გაუთავებელი მოვარდნები, შეურაცხყოფები, მუქარები...
საცხოვრებლად თბილისში წამოვედით. მეტ-ნაკლებად აგვეწყო ცხოვრება. დედას კარგი სამსახური ჰქონდა, მეც, ჩემს დასაც. უმცროსი და სტუდენტი იყო და ისევ ისეთი ქაჯანა... მერე ისიც მოიტაცეს (საბედნიეროდ დღემდე ბედნიერია თავის მეუღლესთან და შვილებთან ერთად)...
92 წელს პოლონეთში წამოვედით, მაქსიმუმ, ერთი თვით. დღესაც არ გასულა ის "მაქსიმუმ"...
აქ ჩემმა დამ გაიცნო ქართველი ბიჭი, რომელიც შეუყვარდა და რომლის ცოლიც გახდა. 1997 წლის 19 ნოემბერს დახატული შვილი ეყოლა, ანი... 3 დღის შემდეგ, თანდაყოლილი გულის მანკის დიაგნოზთ, ბავშვი სამშობიაროდან რეანომობილით გადაიყვანეს ბავშვთა ცენტრში. 2 კვირის შემდეგ გულზე ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს. 23 დეკემბერს ანი ვარშავის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე დავკრძალეთ...
ჩემს დას დღეს 10 წლის ვაჟკაცი ყავს. მზე და მთვარე მასზე, დედაზე, დებზე და დიშვილებზე ამოდის...

четверг, 25 марта 2010 г.

ტკივილი, რომელიც...


მეექვსე კლასის მოსწავლე ვარ. ჩემი შუათანა და მესამე კლასშია, უმცროსი წელს პირველად მივიყვანეთ სკოლაში, ნოლ ჯგუფში დადის...
ერთ დღეს დედა სკოლიდან არ დაბრუნდა. ჩვენთან მეზობლები შემოდიან. არაფერს მეუბნებიან, მაგრამ ვხვდები, რომ რაღაც ცუდი ხდება. -დედა ცუდადაა, ამაღამ ჩემთან წამოხვალთ-მეუბნება ერთი მეზობელი. სასტიკ უარს ვეუბნები და დებს დასაძინებლად ვამზადებ. მეორე დღეს დედას სანახავად მივყავარ მეზობელს -წუხელ თბილისში გადაიყვანეს-გვეუბნებიან საავადმყოფოში. სამი თუ ოთხი დღე მეზობლები გვაქცევენ ყურადღებას. მერე ჩვენს ტანსაცმელს ჩანთაში ალაგებენ და სამივე და სადღაც მივყავართ... "რაიონის სკოლა-ინტერნატი"-წავიკითხე შენობაზე გამოკრული დაფა. ტირილს ძლივს ვიკავებ... მეზობლები ინტერნატის დირექტორს "აბარებენ" ჩვენ თავს და მიდიან...
სამივე და ერთმანეთის გვერდიგვერდ დაგვსვეს, ცელოფანის წინსაფრები აგვაფარეს და... თავი გადაგვხოტრეს. მერე აბაზანაში, უფრო სწორად, აბანოში წაგვიყვანეს და დეზინფექცია ჩაგვიტარეს. მერე ოთახებში გაგვანაწილეს. ბევრი ვეხვეწე დიასახლისს, ჩემ დებთან ერთად დავეწვინე, მაგრამ ასაკის გამო სამივე სხვადასხვა ოთახში გაგვიშვეს, თუმცა, მერე თავად დიასახლისმა ხელში აყვანილი მოიყვანა ტირილით გულამომჯდარი ჩემი პატარა და ლოგინში ჩამიწვინა...
რამდენიმე დღის შემდეგ ლამის კივილით შემოვარდა ბებიაჩემი ინტერნატის ეზოში-მოგიკვდეთ ბებია, შვილი, რა უნდათ ამ ბოვშებს ინტერნატში!!! -სუ ტყუილად იკივლა ბებიამ-დედა საავადმყოფოშია, ბავშვებს მომვლელი არ ჰყავთ, მამა პატიმარია, ბებიას კიდე უფლება არ აქვს ბავშვები წაიყვანოსოოო...
მხოლოდ 2 თვის შემდეგ მოახრეხა ბებიამ და დედას სანახავად წაგვიყვანა...
დედას სიმსივნე აღმოაჩნდა... ჩვენს დანახვაზე ძლივს წამოჯდა საწოლში. ძალიან იყო შეცვლილი, ყვითელი ფერის, გამხდარი, სულ სხვანაირი... არ შემიძლია (არც მინდა)იმის მოყოლა, რაც მაშინ იმ პალატაში ხდებოდა. ტიროდა ყველა-დედა, ავადმყოფები, ექიმები, ჩვენ... ერთი საათის შემდეგ ძლივს გამოგვიყვანეს პალატიდან... ჩვენ ლაგოდეხში დაგვაბრუნეს, ინტერნატში, დედაჩემი კი 2 დღის შემდეგ მოსკოვში გადაიყვანეს...
ინტერნატში 6 თვე ვიყავით... სამი მშობლებიანი ობოლი... ამ 6 თვეში დედა რამდენჯერმე გარდაიცვალა... მერე მამა გაანთავისუფლეს და უპატრონო და ობოლი ბავშვების სტატუსი მოგვეხსნა...
ღამის პირველი საათია... მამას და ჩემს დებს ძინავთ, ბებიას ყველი ამოყავს, მე "ილუზიონს" ვუყურებ... ვიღაცამ დამიძახა... ძალიან ნაცნობი ხმაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომეჩვენა... ისევ დამიძახა ვიღაცამ. ბებიას შევხედე... ის მე მიყურებს... მერე ბებიას წათხიანი ქვაბი ხელიდან გაუვარდა, მე კარებისკენ გავიქეცი... დერეფანში დედაჩემი დგას... გამხდარი, ფერწასული, სხვანაირი, მაგრამ, დედაჩემი...
2009 წლის ოქტომბერი... დედა ნაღვლის ბუშტის ტკივილმა შეაწუხა...ეხოსკოპიამ მუცლის ღრუს ტომოგრაფიის გაკეთება მოითხოვა... დედა და ჩემი და ვარშავის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში წავიდნენ... მერე დედა მარტო დაბრუნდა სახლში. რაღაცნაირია, ფერწასული, სხვანაირი...
-კიბო მაქვს -თქვა და ატირდა...

მე რომ ვატკინე, ის...


მეხუთე კლასის მოსწავლე ვარ. სკოლის "ბუფეტში" ფენოვანი ხაჭაპურის საჭმელად ჩასულ კლასელებს ვუერთდები. მაგიდასთან ვჯდებით და ... -გუშინ მამაჩემმა კინოში წამიყვანა. -ამბობს ერთი. -ჩვენ ნაკრძალში ვიყავით, მამაჩემმა თევზაობა მასწავლა - აგრძელებს მეორე. - მამამ თქვა, ამ ზაფხულს სოჩაში წაგიყვანთო... -დედაჩემსაც დავყავართ ნაკრძალში, კვირას კინოშიც მივდივართ-ვცადე ამხანაგების საუბარში ჩავრთულიყავი. ყველა გაჩუმდა და რაღაცნაირად, სახელი რომ ვერ დავარქვი, ისეთი მზერით დამიწყეს ყურება. აუტანელი სიჩუმე ჩამოვარდა და მივხვდი, რომ ამ სიჩუმის მიზეზი ჩემს მიერ ნათქვამი რამდენიმე სიტყვა იყო. ყელში მობჯენილი ცრემლების ბურთი ძლივს გადავყლაპე და "ბუფეტი"-დან უსიტყვოდ გამოვედი. ჩვენი საუბარი, ეტყობა, შეუმჩნეველი არ დარჩა "ბუფეტჩიკ" მარო ბებოს, რადგან საღამოს, სკოლიდან დაბრუნებულმა დედამ (იგივე სკოლაში იყო რუსული ენის მასწავლებელი)მკითხა, რატომ არ ვჭამე ხაჭაპური და რა მითხრეს კლასელებმა საწყენი. -არაფერი, გაკვეთილის გადამეორება მინდოდა და ადრე წამოვედი-ვუპასუხე. მეორე დღეს, სკოლაში მისულს, დედამ 20 კაპიკის ნაცვლად ქაღალდის ტკიცინა მანეთიანი მომცა და მითხრა, რომ შემეძლო ფული მთლიანად დამეხარჯა. მაგრად გამიკვირდა, თუმცა არაფერი მითქვამს და მანეთიანი სიხარულით ჩავიდე ჯიბეში. დიდ დასვენებაზე, ტრადიციისამებრ, მარო ბებოს ხაჭაპურების საჭმელად წავედით. კლასელებს მივუტრიალდი და ამაყი ხმით ვუთხარი: -დღეს დედაჩემმა მანეთი მომცა. მითხარით, ვის რა გინდათ, მე გეპატიჟებით. -მადლობა, მამაჩემმა მომცა 20 კაპიკი... მეც მომცა მამაჩემმა... მამაჩემმა... მამაჩემმა...
სკოლიდან სირბილით გამოვედი და სახლის ნაცვლად ავტოსადგურში გავიქეცი. (100 მეტრის დაშორებით იყო სკოლიდან). დედაჩემის მოცემული მანეთით ავტობუსის ბილეთი ვიყიდე და... ბებიასთან გავიპარე(ბებიასთან, რადგან მამა იმ დროს ისევ მიმაგრებაში მყოფი პატიმარი იყო). ჩემს დანახვაზე ბებია ჯერ გაიბადრა, გულში ჩამიკრა, მკოცნა, მეფერა. მერე, როცა გაიგო, რომ სახლიდან გამოვიპარე, შეიცხადა -რას ამბობ, ბებია, გაგიჟდება დედაშენი, არ გრცხვენია? ეს რა ქენი, ბებია, რა ვქნა ახლა მე... ბებია ვიშვიშით გავიდა ეზოდან...
საღამოს, უკვე დასაწოლად ვემზადებოდით, ქუჩიდან ჩემი სახელი დაიძახეს. დედაჩემის ხმა ვიცანი. ბებია გარეთ გავიდა და ოთახში ბიცოლაჩემთან ერთად დაბრუნდა. -გარეთ დედა გელოდება, ჩაიცვი, არაფერს არ გეტყვის, არაა გაბრაზებული, შენს წასაყვანად ჩამოვედით. ტახტზე მოვიკუნტე და ტირილი დავიწყე: -არ მინდა მარტო დედასთან, მამსთანაც მინდა. არ წამოვალ. ბიცოლაჩემი ხვეწნაზე გადავიდა, მაგრამ უშედეგოდ, არაფრის გაგონება არ მინდოდა. ცოტა ხნის შემდეგ ოთახში დედაჩემის შემოვიდა. მის დანახვაზე უფრო მოვუმატე ტირილს -ყველას მამა ყავს. არ მინდა შენი მანეთი, მამას 20 კაპიკი მინდა. შენც აქ დარჩი, თუ გიყვარვარ, შენც აქ დარჩი. ბებიასთან მინდა, არ მინდა ლაგოდეხში... ტირილი ისტერიულ კივილში გადამეზარდა. დედაჩემის განადგურებულ სახეს და ტკივილით სავსე თვალებს ახლაც ვხედავ. რამდენჯერმე ცადა დავემშვიდებინე, მაგრამ მე უარესი მემართებოდა... მერე დედა ბებიამ გაიყვანა. დიდხანს მესმოდა მისი ტირილი, ძალიან მეცოდებოდა დედა, ძალიან მიყვარდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ მე დავრჩებოდი, დედა აღარ წავიდოდა და როგორც მაშინ ეძახდნენ, დანგრეულ ოჯახში აღარ გავიზრდებოდით მე და ჩემი დები. შევცდი... დედა წავიდა...
მეორე დილით ბებია გაბრაზებული სახით დამადგა თავზე, ლოგინიდან წამომაგდო და მითხრა, რომ დედაჩემისნაირი დედის ღალატი შვილს არ ეპატიება, რომ მე საშინელება ჩავიდინე. ასეც რომ არ იყოს, ის მოხუცია, ვერ მომივლის და მინდა თუ არა, დედასთან უნდა დავბრუნდე... მომკიდა ხელი და პირდაპირ სკოლაში მიმიყვანა...დედა სკოლაში არ დაგვხვდა... მერე სახლში წავედით. ჩემი დები მეზობელთან იყვნენ, დედაჩემი კი, საავადმყოფოში... მხოლოდ ღმერთმა იცის, როგორ მეჯავრებოდა მაშინ ჩემი თავი და როგორ მრცხვენოდა დედაჩემის. როგორ მინდოდა მასთან მისვლა, ჩახუტება, მოფერება, ბოდიშის მოხდა. როგორ ძალიან მინდოდა, მარტო დედასთვის კი არა, ყველასტვის მეთქვა, რა ძალიან მიყვარს... საავადმყოფოში პალატის კარებთან ავიტუზე და შორიდან ვუყურებდი დედას, ახლოს მისვლა, ვიდრე თავად არ დამიძახა, ვერ თუ არ გავბედე... რაღაცნაირი იყო, სხვნაირი... ოღონდ ისევ ისე, ძველებურად ვუყვარდი...
ის კვირა ბებია ჩვენთან დარჩა, მერე დედა დაბრუნდა... და მე და ჩემი დები ისევ დანგრეულ ოჯახში ვიზრდებოდით...
მერე დედა ხშირად ავადმყოფობდა...

среда, 24 марта 2010 г.

დავიწყებული რომ მეგონა, ის ტკივილი...



6 წლის ვარ. ვცხოვრობ ბებიასთან, ბაბუასთან, დედასთან და დებთან ერთად ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში. მამა, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, მიმაგრებაში მყოფი პატიმარია... თვეში ერთხელ 2-3 დღით ჩვენთან ერთადაა. მისი დანახვა ჯერ მიხარია, ერთი, მაქსიმუმ 2 საათი მხოლოდ ჩემი და ჩემი დებისაა, მერე სადღაც მიდის და... გვიან ღამით დედას და ბებიას ტირილი და მამისა და ბაბუას ყვირილი მაღვიძებს. არ ვიცი რა ხდება, მაგრამ რადგან დედა ტირის, მეც ბანს ვაძლევ. დედა ოთახში შემოდის და მაწყნარებს, თუმცა თავად ისევ ტირის, ტირის ბებიაც... ასე გრძელდება ერთი ან ორი წელი. მამა მოდის, დედა და ბებია ტირიან, მერე მამა მიდის, ერთი თვე აღარავინ არ ტირის და მერე ისევ ისე...
არ ვიცი რომელი საათია, მაგრამ გარეთ ძალიან ბნელა. დედა ჩუმად გვაცმევს მე და ჩემს დებს. ტახტზე ბებიას ძინავს. -ჩუუუ! - გვეუბნება დედა და სახლიდან გავდივართ. ეზოში, კარებთან 2 ჩემოდანი დევს, ერთი შავია, დიდი. მეორე, უფრო პატარა, ყავისფერი, გვერდებგაცვეთილი. სახელურებში დედაჩემის ხალათის ქამარი აქვთ გაყრილი... დედას ჩემი 1 წლის და ხელში უჭირავს, მე და ჩემი მეორე, 3 წლის დას კაბაზე მოგვაკიდებინა ხელი, ჩემოდნები მხარზე გადაიკიდა და ქუჩაში გამოვდივართ. დედა ტირის, ძალიან, მაგრამ ჩუმად ტირის. ვერაფრის კითხვას ვერ ვბედავ, ერთ ხელს ჩემს დას ვუჭერ ხელზე, მეორეთი უფრო მაგრად ვებღაუჭები დედას კაბის კალთას და უსიტყვოდ მივყვები გვერდზე. სამ თუ ოთხ სახლს ჩავუარეთ და დედამ ჩემოდნები მიწაზე დაყარა, კაბაზე ხელი გამაშვებინა, ჩემი პატარა და უფრო ძლიერად ჩაიკრა გულში, მეზობლის სახლისკენ სახით მიტრიალდა და მუხლებზე დადგა. -ლ... შენმა ოჯახმა არ გაიხაროს ჩემი და ჩემი შვილების ცოდვით. თუ მე ვტყუივარ, მე არ მოვესწრო ამ აღდგომას, თუ არა და შენ... დედა ამ სიტყვებს ისეთი ხმით ამბობდა, დღესაც მახსოვს როგორ დამბურძგლა. მერე ისევ მივდიოდით დედასთან ერთად მე და ჩემი დები. დედა ისევ ტიროდა... უკნიდან მანქანის ხმა მოისმა. გაგვცდა და ცოტა მოშორებით გაჩერდა. მანქანიდან მამას მეგობარი გადმოვიდა -ზ..., სად მიდიხარ, რა გინდათ ამ შუა ღამეს ქუჩაში. დედა ისევ მუხლებზე დადგა -გეხვეწები, გემუდარები, თუკი რამე და ვინმე საფიცარი გყავს ყველაფერს და ყველას გაფიცებ, დამეხმარე სოფლიდან გავიდე... დიდი ხვეწნის და მუდარის შემდეგ, მამას მეგობარმა მანქანაში ჩაგვსვა. მაშინ მეგონა, რომ ძალიან დიდხანს მივდიოდით და ძალიან შორს წავედით. ვხვდებოდი, რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რა იყო ეს ძალიან ცუდი....
მეორე დღეს, დედაჩემის მამიდასთან, სადაც წინა ღამით მივედით, ბებია და ბაბუა მოვიდნენ. ჩვენ ეზოში გაგვიშვეს და თავად ძალიან დიდხანს სახლში შეიკეტნენ. მერე ბებია და ბაბუა ტირილით გამოვიდნენ სახლიდან, მანამდე ატირებული ბაბუა არ მენახა არასოდეს. ბებიამ გულში ჩამიხუტა, -მოგიკვდეს, ბებია, შვილო. ვის სიტყვებს ეწირებით, ბებია, მოგიკვდეთ ბებია... მერე, ისევ ვერ ვხვდებოდი რატომ, ყველა ერთად ვტიროდით-მე, ბებია, ბაბუა, დედა, დედაჩემის მამიდა, მისი რძალი...
ბებია ყოველ დღე მოდიოდა ჩვენთან, მერე მამაც მოვიდა. ისევ ჩვენს გარეშე ლაპარაკობდნენ უფროსები, ბებია ყოველთვის ტირილით მიდიოდა, მამა ყვირილით გამოვიდა სახლიდან, -მოვკლავ, მე იმისიო-ყვიროდა... მერე სააღდგომოდ წაგვიყვანა ბებიამ სოფელში. ყველა იქ იყო-მამიდები, მამიდაშვილები, ბიძები, ბიძაშვილები, მამა... მარტო დედა არ იყო ჩვენთან ერთად...
იმ ღამეს საშინელმა კივილის ხმამ მთელი სოფელი ქუჩაში გაიყვანა - კივილი მეზობლის სახლიდან გამოდიოდა. ლ... -ი ინფარქტით გარდაიცვალა... მეორე დღეს ღამენათევი მეზობლები აღდგომას ზეიმობდნენ...
მხოლოდ 14 წლის ასაკში გამიმხილა ბებიამ დედას სახლიდან წასვლის მიზეზი-მე და ჩემი დები უმამოდ მეზობლის მიერ დედაჩემზე მოგონილი ზღაპრის გამო გავიზარდეთ...

понедельник, 22 марта 2010 г.

ბედნიერებად ქცეული ტკივილი...


2008 წლის 7 ივნისი... ვერაფერი ამოშლის ამ დღეს ჩემი მეხსიერებიდან. ადგილს ვერ ვპოულობ, ჩემი მომავალი შვილის მამას ველოდები... 40 წუთით დაიგვიანა. სახლში შემოსვლისთანავე შემამჩნია, რომ ვერ ვიყავი ჩემს მატორზე. სულაც არ იყო ძნელი მისახვედრი... საშინელი ტკივილი, რომელიც მაშინ განვიცადე, დაახლოებით 20 წუთი გრძელდებოდა. და მაშინ მეგონა, რომ ის 20 წუთი ყველაზე საშინელი, ყველაზე აუტანელი და გაუსაძლისი ტკივილის 20 წუთი იყო...
- ფეხმძიმედ ვარ! - ძლივს ამოვუშვი პირიდან ორი სიტყვა. იმან კიდე შემომხედა, ურეაქციო, გაყინული მზერით მიყურა, მიყურა, შეტრიალდა და კარები ცხვირწინ მომიჯახუნა... მერე ვიჯექი მარტო ტახტზე, მეც გაყინული და ურეაქციო მზერით მივშტერებოდი კედელზე ამოჩემებულ რაღაც წერტილს და და მხოლოდ ერთ რამეს ვფიქრობდი -რა ძალიან მტკივა, ღმერთო ჩემო, რა ძალიან მტკივა... მერე კარებზე ვიღაცამ ზარი დარეკა. მერე დააკაკუნა, მერე კიდევ, კიდევ... ძლივს მივლასლასდი კარებთან, გავაღე და... ულამაზესი ყვავილების უზარმაზარი თაიგული და ჩემი მომავალი შვილის მამა კარებში ძლივს შემოეტიენ...
მერე ყველაზე მაგარი იყო... შუშხუნა შამპანურით სავსე ბოკალი მომაწოდა. სასტიკად ვიუარე, რას ამბობ, ფეხმძიმე ქალი და დალევა?- შევიცხადე. ტელეფონის ყურმილი აიღო, 09 აკრიფა და როდესაც ხაზის მეორე მხრიდან უპასუხეს, ძაააალიან ბედნიერი ხმით იკითხა: -ქალბატონო,
შეიძლება რომ 3 კვირის ფეხმძიმე ქალმა შამპანური დალიოს?...

მე...

მე ვარ - ი. მ. ლ.(ცხონებული გივია თევზაძისა და მეგობრებისთვის ვიყავი და მარად ვიქნები-სესტრა).
ჰასაკით - სრულ, ანუ 42 წელს თვენახევრის წინ გადავაბიჯე.
ბავშვობაში ვიყავი - მიამიტი, გულუბრყვილო და როგორც მამიდაჩემი მეძახდა, ბოჩოლა.
ახლა - ვარდისფერი სათვალე სადღაც, გზაში დამეკარგა, მაგრამ მე ისევ ისეთივე მიამიტი და გულუბრყვილო ვარ და მამიდაჩემი ისევ მეძახის ბოჩოლა-ს.
იძულებით - ვცხოვრობ პოლონეთში.
მუდამ მენატრება - საქართველო, მამა და მეგობრები.
ვერ ვიტან - სიცივეს(ოცი წელია, შიგა და შიგ გამონათებებს თუ არ ჩავთვლი, თეთრი დათვების ქვეყანაში ვიყინები)
მივარს - ძილი, ყავა და კრატუნა გოჭის ხორცი, რომელიც აგერ უკვე 3 წელია, ჭამას ვინ ჩივის, თვალითაც არ დამინახავს :((
ვტირი - "ჭრიჭინა"-ს ყურების დროს, ჯერ ერთმანეთის და შემდეგ, ჭრიჭინას მოტირალ ბებიებთან ერთად.
ვიცინი - ამ ბოლო დროს იშვიათად, მაგრამ, გულით.
ადრე - მჯეროდა, რომ არსებობდა მარადიული სიყვარული.
ახლა - ისევ მჯერა.
ვნანობ-არაფრისთვის და არავისთვის ნაცხოვრებ თითქმის ნახევარ საუკუნეს.
მტკივა - 28 იანვარი და ნინო.
მიხარია - 1 მარტი, 27 იანვარი, ანი და ნინო.
არასოდეს ვკარგავ - იმედს.
იმდი მაქვს - ყველაფერი კარგად იქნება.
მინდა დამავიწყდეს - არაფერი.
მინდა მახსოვდეს - ყველაფერი.
მეშინია - დროზე ადრე სიკვდილისა და ძაღლების.
მიზანი - შვილებს ერთმანეთის და ზოგადად, ადამიანების სიყვარული ვასწავლო.
საყვარელი წიგნი - "ანა კარენინა".
საყვარელი ფილმი - "ერთი სიყვარულის ამბავი"
ბოლოს წავიკითხე - გუშინ, "დაჩის ზღაპრები":)
ბოლოს ვუყურე - დღეს დილით, "ფიფქია და შვიდი ჯუჯა".:)
ძალიან მინდა - მამასთან, სოფელში...
სიამოვნებით ვიმოგზაურებდი - წარსულში...
მოვკვდები - შვილებისა და დედისათვის.
ვცოცხლობ - შვილებისთვის.
ცხოვრება - სასტიკია და ულმობელი. ამავდროულად, საოცრად მშვენიერი და სასურველი.
მჯერა - ყველა გზა სადღაც მიდის. ვინც ამ გზაზე შეჩერდება, იგი ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევს...

воскресенье, 21 марта 2010 г.

HI, THERE!