rss
Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites

вторник, 11 мая 2010 г.

მჯერა...

რამდენიმე დღეა უაზროდ დავბოდიალებ ბლოგიდან ბლოგზე. უაზროდ ჩემი ბლოგისთვის, რადგან მინდა დავწერო და ვერ ვწერ, სიტყვები თავში და გულში ტრიალებს, მაგრამ ხმამაღლა ვერ ვამბობ, ვერ გადმოვცემ... ჰოდა, ამ უაზრო ბოდიალში რამდენიმე ძაააალიან კარგი ბლოგი ვიპოვე და რამდენიმე, მართლაც რომ ძაააალიან კარგი პოსტი წავიკითხე. მიხარია, რომ, დუნაიას თქმის არ იყოს, ყველა ბლოგი დილით ადრე ავდექი-თ არ იწყება. მე კი სწორედ ასეთი პოსტის წერის ხასიათზე ვარ ამ წუთას...
ახლა, რომ არ ვიცი, ისე ვარ. არც კარგად, არც ცუდად. თითქოს მიხარია, მაგრამ თან არ მიხარია. მოკლედ, სახელს ვერ ვარქმევ ჩემს განწყობას.
დღეს პირველად დავტოვე ჩემი შვილები მთელი დღით. ხვალაც ასე იქნება, ზეგაც, მასზეგაც. ასე იქნება არ ვიცი როდემდე. ვიდრე დედა კარგად არ გახდება, ვიდრე დედა და ჩემი ვარშავაში არ დაბრუნდებიან, ვიდრე მე არ წამოვალ საქართველოში. დაუსრულებლად გრძელდება ეს ვიდრე...
ქართველი ექიმები სხვანაირები არიან, გულისხმიერები, ადამიანურები. მათთვის ავადმყოფი პირადი ნომერი არაა, ავადმყოფი ადამიანია. ნუ შემედავებით, გთხოვთ.
ოქტომბრის მერე რამდენითვე გავიდა? ექვსი? შვიდი? ასე მგონია, უფრო მეტი. რამდენი რამე შეიძლებოდა გაეკეთებინა ექიმს ავადმყოფისთვის? გაესინჯა?-კი. გამოეკვლია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?-კი. მკურნალობა დაენიშნა?-კი. თბილი სიტყვით გაემხნევებინა?-კი. ეს ყველაფერი და კიდევ ძალიან ბევრი შეიძლება ყოფილიყო. მაგრამ იყო მხოლოდ გამოკვლევა, დიაგნოზი, ერთი ქიმია და მერე, 4 თვე ძებნა კარდიოლოგისა, რომელიც დაწერდა - ავადმყოფის გულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შეუძლია გააგრძელოს ქიმიათერაპია. რატომ გვინდოდა ამ სიტყვების დამწერი კარდიოლოგის პოვნა? ქიმიოთერაპევტის დაჟინებული მოთხოვნა გახლდათ ასეთი. 4 თვე რატომ ვეძებდით? კარდიოლოგის პრეროგატივა არაა, ქიმიოთერაპევტს ქიმიის კურსის დანიშვნა-არდანიშვნის შესახებ კონსულტაცია გაუწიოს, რადგან ქიმიოთერაპიაში კარდიოლოგის აზრი და დასკვნა არაკომპეტენტურია... არაკომპეტენტურობის შესახებ ჩვენ ვიცოდით, კარდიოლოგებმაც იცოდნენ, ქიმიოთერაპევტმა არა. არც ქონდა სურვილი, ცოდნოდა. ალბათ, მეასე კარდიოლოგიური გამოკვლევის ფურცელს ალბათ მეასედ გვიბრუნებდა უკან და ალბათ მეასედ გვეუბნებოდა -აქ არ წერია, შეუძლია გააგრძელოს ქიმიოთერაპია. ბოლოს, ორი კვირის წინ, ძალიან კარგი და ჩინოსანი ახლობლის წყალობით, კარდიოლოგიის ცენტრში სამდღიან-ღამიანი გამოკვლევის შემდეგ ნანატრი სამი სიტყვა გვაჩუქეს. ეს სამი სიტყვა ქიმიოთერაპევტს მივუტანეთ-ოთხშაბათს. იმან, ხვალ დაგვიბარა, ქიმიაზე. ხვალ კი გვითხრა, რომ -დაგვიანებულია, სახლში წოლა და... მოკლედ, წინა პოსტში დავწერე რაც დაგვინიშნა. ხუთი თუ ოთხი თვის წინანდელი ტომოგრაფიისა და ექოსკოპიის დასკვნების შემდეგ მხოლოდ კარდიოლოგიური გამოკვლევების დასკვნები ქონდა ნანახი, გასინჯული არ ყავდა ამ ხუთი თუ ოთხი თვის განმავლობაში ავადმყოფი და მაინც სასიკვდილო განაჩენი გამოგვიტანა... მერე, ისედაც ძალიან დასუსტებული და ცუდად მყოფი დედა უფრო დასუსტდა და ცუდად გახდა. ის პატარა იმედის ნაპერწკალიც ჩაუქრა და...
ქართველი ექიმები სხვანაირები არიან, გულისხმიერები, ადამიანურები. ძველი, აქ გაკეთებული ანალიზებისა და ექოსკოპია-ტომოგრაფიების შესწავლის შემდეგ დედას უთხრეს, რომ ადრე ჩაიქნია ცხოვრებაზე ხელი. ხვალ თავად გაუკეთებენ ქხოსკოპიასაც და ტომოგრაფიასაც. ხვალ ეტყვიან, ოპერაციას გაუკეთებენ თუ ჯერ ქიმიის კურსს ჩაუტარებენ და მერე ოპერაციაზე იფიქრებენ. ხვალ ამას ეტყვიან, გუშინ მთავარი თქვეს. გუშინ ჩემმა დამ მითხრა, დედას თვალებში სხივი დავინახეო. დღეს მითხრა, უფრო ძლიერად ანათებს ის სხივიო.
და ვიცი, მჯერა, კიდევ დიდხანს არ ჩაქრება სხივი დედაჩემის თვალებში.
და დიდი ბოდიში ყველასთან, მაგრამ დიდი სიამოვნებით მივუძღვნი ძალიან პოპულარულ სამ სიტყვას სამსიტყვამომთხოვნ პოლონელ ქიმიოთერაპევტს!

пятница, 7 мая 2010 г.

ძალიან მიყვარხარ, დე...

უკვე რამდენიმე დღეა უშედეგოდ ვცდილობ რამე დავწერო. არა, ნუ იფიქრებთ, რომ მოსაყოლი აღარ მაქვს და ამიტომ... უბრალოდ, ვერაფრით ვაიძულე თავი, რამე მხიარული დამეწერა. მილიონი კარგი, ლამაზი და მხიარული რამ მახსენდება, მაგრამ განწყობა მაქვს ისეთი საშინელი, ამ კარგის, მხიარულის და ლამაზის გადმოცემა მიჭირს, ეგეც არ იყოს, ვერ ვხედავ მათ ადგილს ამ ბლოგზე.
რამდენიმე დღეა დედაჩემი ძალიან ცუდადაა. ფიზიკურზე მეტად ფსიქოლოგიურადაა ცუდად. ქალი, რომელიც რკინისგან გვეგონა გაკეთებული, რომელიც, მიუხედავად უამრავი პრობლემებისა, გასაჭირისა და იმედგაცრუებისა, არასოდეს წაქცეულა, ნელ-ნელა საკუთარ თავს აღარ გავს. უფრო სწორად, უცბად შეიცვალა, სხვანაირი გახდა - სუსტი, ბრძოლისუნარდაკარგული და უმწეო.
გუშინ მორიგი ქიმია უნდა გაეკეთებია. აღარ გაუკეთეს. სახლში წოლა და კრიტიკულ მდგომარეობაში ჩავარდნის შემთხვევაში, წვეთოვანის დასადგმელად ექთნის გამოძახება "დაუნიშნეს" პოლონეთის მედიცინის კორიფეებმა. არ ვიცი, მართლა არ ვიცი სწორად ვიქცევი თუ არა, როდესაც ამ ყველაფერს აქ ვწერ, როცა სხვის პირადულზე ასე დაუფიქრებლად და ღიად ვლაპარაკობ. არც ის ვიცი, დედაჩემმა, ან ჩემმა რომელიმე დამ ეს ყველაფერი რომ წაიკითხოს რა რეაქცია ექნებათ. ერთი ის ვიცი, რომ ეგოისტურად საკუთარ თავს ვათავისუფლებ, სახლში რასაც ვერ ვამბობ, რაზეც ხმამაღლა ვერ ვლაპარაკობ, აქ ვყრი ყველაფერს. ყველა გავურბივართ ზედმეტ ლაპარაკს, ტაბუდადებულ თემად იქცა დედაჩემის ჯანმრთელობაზე ერთმანეთითსთვის რამის თქმა. ყველა საშინლად განვიცდით და ერთმანეთს არ ვაჩვენებთ ჩვენს განცდებს, არ ვიცი, ვუფრთხილდებით ერთმანეთს თუ გვეშინია, რომ რამე ისეთი არ ვთქვათ, რაც... ნაწილობრივ კარგია ეს ჩუმად ყოფნა, მაგრამ შიგნიდან ვინგრევით ყველა, საკუთარ თავს აღარ ვგავართ, ერთმანეთს გავურბივართ...
ძლივს შევიკავე გუშინ თავი ხმამაღლა რომ არ მეტირა. ჩავეხუტე დედას და ჭაღარა თმაზე მივეფერე-უსიტყვოდ, ხმის ამოუღებლად. თავად ტიროდა, უსიტყვოდ, მაგრამ მწველი, იმედდაკარგული ადამიანის ცრემლებით ტიროდა. ჩემმა დამ გადაწყვიტა, თბილისში წამოიყვანოს. წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა, ვერ შეძლო.
ხვალ მოფრინავენ...
2 კვირაში მე და ჩემი შვილებიც ჩამოვალთ, ალბათ...
ძალიან, ძალიან მიყვარხარ, დე...

понедельник, 3 мая 2010 г.

საქართველოდან სტუმარი ჩამოგვივიდა...


ქართული ნობათით დატვირთული ჩამოვიდა ციური დეიდა. ძლივს შემოიტანა ჩემმა დამ უზარმაზარი ჩანთა ოთახში. ყველაზე მეტად გაზეთები, ცხვრის ყველი, დედას პური და ტარხუნა გამეხარდა :). დედაჩემს, რომელსაც მეხუთე დღეა თითქმის არაფერი უჭამია, ძლივს წავართვი ხელიდან შემწვარი მწყერი. არც ტარხუნაზე თქვა უარი, არც ლობიანზე და სულგუნი ისეც ეჭმევა და -ამას მაინც ვერ დამიშლიო, ნიშნის მოგებით მითხრა :). მოკლედ, დიდი, ქართულსურნელიანი სუფრა იშლება დღეს ჩვენს სახლში. ახლა ჩემს შუათანა დას და სიძეს ველოდებით. თოკო, ჩემი დისშვილი თავის მაქსისთან ერთად მოვა :). მაქსი პატარა იორკია. გულში ჩახუტებული დაყავს ჩემს დისშვილს. მე მგონი, ჩვენზე ძალიან უყვარს :). ჰოდა, დედაჩემს ვუთხარი, სანამ დროა, ეგ მწყერი შევინახოთ, თორე მაქსის ლუკმა გახდებათქო და გაგიჟდა კინაღამ ციური დეიდა -მთელი დღე მყავდა თემურიკა მინდორში გაგდებული ამის მოსანადირებლად და ცოცხალი თავით მაქსის როგორ ვაჭმევ მაგასო :). გიგუნა დილაადრიან გავიდა სახლიდან. ორი კვირის წინ რაღაც უცნაური ველოსიპედი იყიდა, არც ვიცი რა ქვია. წინა ნაწილი, ანუ რული ბორბალთან ერთად ყველა მხარეს ტრიალებს. ჰოდა, მას მერე დალურჯებული დადის. ახლაც, მოვიდა სახლში და კურტკა გადაგლეჯილი ქონდა იდაყვზე. ეტყობოდა, მაგრად ტკიოდა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა, -არაფერიაო, თქვა. თან ციურის ნობათი რომ დაინახა, არაა გამორიცხული, მართლა დაავიწყდა ტკივილი :).
დღის სამ საათზე დაწყებულ წერას ღამის პირველ საათზე ვაგრძელებ. რომ მეგონა, მშვიდად დავჯდები, დიშვილები სახლში არიან, ჩემი და სახლშია, ციურია, არც დედაჩემს მოაკლდება ყურადღება და არც ჩემ ბავშვებსთქო, ატირებული ჩამომიყვანეს ანი ზემოდან -ლატო დატოვე დედაააა, მოთქვამდა ბოლო ხმით. სამაგიეროდ ახლა ტკბილი ძილით ძინავს და დილის 7 საათამდე გარანტირებული ვარ, რომ არც ეგ და არც ნინო არ გაიღვიძებს.
ჰო, გაზეთები ჩამოიტანა ციური დეიდამ და მაგრად გამეხარდა. გასული კვირის ქრონიკა, ასავალ-დასავალი და ორი კვირის წინანდელი ქართული სიტყვა. ტარხუნაც ძველ გაზეთებში ქონდა გახვეული და ისიც სათუთად მოვხსენი და ახლა წინ მილაგია. ჯერ მხოლოდ ქრონიკაზე მოვახერხე თვალი გადამევლო. გია გაჩეჩილაძის სატელევიზიო ინტერვიუ აქვთ დაბეჭდილი. ისე, მაგრად მაინტერესებს, რა კითხვებს უსვამენ და რას ამბობს. წერას რომ მოვრჩები, უნდა წავიკითხო. საინტერესო სათაურები კი მომხვდა თვალში, მაგრამ, გაზეთი სავსეა ინტერნეტიდან ამოღებული უცხოური მიედ-მოედებით. ადრე ასე არ იყო, უფრო საინტერესო მეჩვენება ადრინდელი ქრონიკა. ქართულ სიტყვაში ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუს წაკითხვა მოვასწარი კიდევ. კარგი ინტერვიუ იყო, მომეწონა. გახსნილად ლაპარაკობს. ისე, პავლიაშვილს ეხერხება რესპოდენტები თავის დაკრულზე აცეკვოს.
ხო, კინაღამ დამავიწყდა. დედაჩემი და ჩემი დები დამცინიან, გასული საუკუნის გადმონაშთო, ეგ ნაკუწები რომ მოაგროვე, რად გინდა, კომპიუტერთან ათენებ ღამეს და იქ წაკითხვა არ გირჩევნიაო?. სინამდვილეში ასავალ-დასავალის ეს ნომერი უკვე წაკითხული მაქვს კომპიუტერში, მაგრამ, რაშია საქმე იცით? ქაღალდზე დაწერილი სულ სხვანაირად იკითხება, სხავანაირი მარილი აქვს შავი, დადღაბნილი ტუშით ნაბეჭდი გაზეთი რომ გიჭირავს ხელში. მგონი მართლა ჩავრჩი გასულ საუკუნეში... :).
დედაჩემს ვუყურებდი დღეს. ძალიან შეიცვალა. დილით, ციური რომ მოვიდა, ცდილობდა მხნედ და ყოჩაღად დაეჭირა თავი. წეღანაც ვთქვი, ჭამა კიდეც, მაგრამ მერე, უცბად მოეშვა. ძალიან უნდოდა, მაგრამ არაფრით აღარ გამოდიოდა "კარგად ვარ, არაფერი მიშავს" თამაში. ბავშვივით გახდა. ყველაფერზე გული უჩუყდება და ყველაფერი წყინს. შეიძლება არც წყინს, მაგრამ, ის, რასაც ადრე ყურადღებას არ აქცევდა, დღეს ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია და თუ რამე არ მოეწონა, გულდაწყვეტილი, რომ რაღაც კარგად ვერ გვასწავლა, რაღაც შეეშალა, გვაძლევს შენიშვნას. ბავშვებზე დარდობს ძალიან. -გიგას ყურადღება მიაქციეთო, სულ წუხს. 16 წლის ბიჭია და ახლა თუ ამოვარდა კალაპოტიდან, ვეღარ უშველით მერეო. ნინიკოზე წუხს კიდე ძალიან. სიგიჟემდე უყვარს ნინო და სულ ტირის, ახლა ჩემი სიკვდილი როგორ შეიძლება, ბებო, შენ ყველაზე მეტად გჭირდები და ახლა მივდივარ მაინც და მაინცო. ადრე კიდევ ვეპასუხებოდით, სისულელეებს ნუ ამბობთქო, მაგრამ ახლა უკვე ღიზიანდება ძალიან და აღარაფერს ვამბობთ. დღეს პირველად ორი კვირის განმავლობაში არ დავრჩი ზემოთ და რაღაცნაირად ვარ, გული მეთანაღრებასავით.
რა კარგ ნოტებზე დავიწყე წერა და მაინც არ გამომივიდა ბოლო აკორდიც დასაწყისის მსგავსი ყოფილიყო. ხვალ, მაქსიმალურად უნდა ვეცადო, რამე სახალისო და გასართობი დავწერო. მოკლედ, საკუთარ თავს მოვუწოდებ - არც ერთი ტკივილიანი და ცრემლიანი სიტყვა ხვალინდელ პოსტში!!!

суббота, 1 мая 2010 г.

გამარჯობა, მა!




(ფანჩატური კაკლის ხეზე :))


-ალო, გისმენ!
-გამარჯობა, მელო, როგორ ხარ?
-გამარჯობა დაიკო, ვერ გიცანი.
-ხო ხარ ღირსი, ყურმილი გაგითიშო. რა დაიკო, მე ვარ, მა.
-უი, ბარდღუნია, რავა ხარ შვილო, რავა ვერ გიცანი მამა, უცბად ვერ გიცანი თორე.
-რას შვები, მა, როგორ ხარ. ხო არ დაბერდი ბიჭო?
-ბებერი ხარის რქებიც ეწევიანო, მამა, ხო გაგიგია, მასე ვარ მეც. მამენატრეთ ძალიან, თქვე მაიმუნებო. აღარ ჩამოდიხართ გოგო?
-რა ვიცი, მამა, ამ ზაფხულს ვაპირებთ და ვნახოთ...
-ბოვშები მენატრებიან, შვილო. მაგათი ველოსიპეტები აქანა კიდია ბეღლის კედელზე, არ ვაკარებ არავის. ბურთი დაჩუტულა გოგო და ვერ გავაბერიე, კამერა გოუფუჭდა ეტყობა.
-შენი ჭირიც წაუღია, მეტი სადარდებელი არ გქონდეს რა...
-ბოვში რო ჩამოვა და არ დახვდება აბა. ის ფანჩატური, კაკლის ხეზე რო გოვუკეთე, უფრო გავამაგრე, მამა. კიბე გამოვუცვალე და პოლიც შევცვალე. ბიჭები მევიხმარე, თორე მარტო რას ვიზამდი.
-ეგ მეც კი გამეხარდა მელუა :) , სხვა, შენ როგორა ხარ.
-მე რა მიჭირს გოგო, ქე გამომაღამდა თვალები თქვენ ლოდინში მარა, არ შეგიძლიათ, ეტყობა, თუ არა, ხო ჩამოხვიდოდოთ.
-კი, მამა. ამ თვეში ვერ გამოგიგზავნეთ, მა, ფული და, რას შვები, რას ჭამ?
-არ ინერვიულო, შვილო. ის კიდე შემომრჩა ცოტა. რაში უნდა დავხარჯო, მამა, პაპიროსს თუ ვიყიდი და შაქარს და პურს, თორე ისე ქე მაქვს ყველაერი სახში.
-რა გაქვს, მამა, მამიდამ ძლივს დადის, ფეხები ტკივაო და...
-კაი, ნუ იცის მაგან გადამეტება, რა ძლივს დავდივარ. პამიდორი და კიტრი მოვიყვანე მამა, ბადრიჯანიც მექნება წლეულს, მწვანილი ჩემგან მიაქვთ მეზობლებს. ძროხას შეუნგრევია კარები და მომასწრო და ერთი პირი კი გადამიჭამა, მარა სუხოს დოუნახია და გამორეკა მალე. წიწილებიც დავზარდე წელს მამა და რო ჩამოხვალთ სუ სახლის ვარიები უნდა გაჭამოთ. ძროხა მაწვალებს ცოტას, ხბოს არ იკარებს და შრატით ვზრდი იმ საწყალს.
-ყოჩაღ, მელუა, აღარ ხუმრობ, ხო იცი. ძაან მოგიქაჩლებია თავი :)
-იჰ, ვენახი გვაქვს მამა, გეიხარებთ რო ნახავთ. ქე მეშინოდა, არ ივარგათქო, მარა, ისე დეისხა წელს, ერთი ოთხი ტონა ქე უნდა მეიკრიფოს.
-უფ, ჩვენი ძველი რქაწითელისნაირი მაინც არ იქნება და...
-დაგიტოვეთ მამა, სამი პლანი დავტოვე ისიც. ძაან არი დაბერებული და რა მექნა აბა, გოგო.
-ყოჩაღი ბიჭი ხარ, მელო, ყოჩაღიიი.
-გოგო, ბოვში რავა არის. რო დამანახე მაშინ კომპიუტერში, სუ არ დევიჯერე არაფერი მამა. ლოქოა ეგ მაიმუნი.
-ვინ არი, ლოქო, ბიჭო...
-ანოზეც ქე მეჩხუბებოდი, სინდიოფალას ნუ უძახიო, მარა,ქეა ყველაზე ლამაზი სინდიოფალაი და...
-კაი, ხო, გეხუმრები, რაც გინდა ის დაუძახე :)
-ჰო, მამა, დამოკოცნე ბოვშები. დედაშენი რავა არის?
-არის რა, რა გითხრა აბა.
-არ უნდა შეშინდეთ, მამა. ყოჩაღია დედაშენი და კაათ გახდება.
-ხო, მამა.
-გიგა რას შვება, ცოლი ხო არ მოყავს მაგ მამაძაღლს :)
-გაჩუმდი, რა დროს ამის ცოლია...
-აქ ქე დაძვრებოდა გოგუებში და...
-არც აქ აკლებს, მაგრამ... სხვას რას იტყვი ახალს?
-ბენია დავასაფლავეთ გასულ შაფათს მამა.
-უი, საწყალი, რა დროს მაგის სიკვდილი იყო.
-ჰო, უცბად მოკვდა ცხონებული.
-აღდგომას მოილხენდით ალბათ, ყველა ჩამოვიდოდა.
-აპა რა ქნეს. ჯერ აქანა გევედით ბებიას საფლავზე და მერე ნანუასთან წევედით ყველა, დეზოს წოვუქციეთ თითო ჭიქა... ძაან არი მოტეხილი ნანუა...
-ველაპარაკე ტელეფონზე, მა. შენ ხო არ ეპარები კიდე ორნახადს, ჰა?
-არა, შვილო, თქვენ თავს ვფიცავარ. ერთი ჭიქის მეტი არ დამილევია აღდგომასაც. სუ არ ვსვამ მამა, სადღა შემიძლია, მოვრჩი უკვე მაგ ამბავს.
-ჰოდა ძალიანაც კარგი. თავს გაუფრთხილდი, რა, მამა...
_აბა რას ვიზამ გოგო, აქ მეტი არავინაა და ტავსაც თუ არ გოვუფრთხილდი, რა ვყოფილვარ მაშინ :)
-ჰო, სიცილში გამიტარე, აბა შენ იცი...მა, უნდა გავთიშო უკვე, გაიღვიძა შენმა ლოქომ და მივხედო უნდა.
-მიდი, მამა, გეიხარეთ შვილო, გეიხარეთ. ჩამოით დროზე.
-კაი, მამა, გკოცნი, ყოჩაღად იყავი და დაგირეკავ ამ დღეებში კიდევ.
-მიდი, შვილო, გკოცნი ბარდღუნია. კარქათ იყავით, მამა, კარქათ...