rss
Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites

воскресенье, 20 ноября 2011 г.

ნინო

суббота, 7 мая 2011 г.

მე, ჩვენ და "მზის შვილები"

გამარჯობა.
10 მაისს საქართველოდან მივემგზავრები. ძალიან მწყდება გული. ყოველთვის ძალიან მინდოდა აქ ყოფნა, მაგრამ ახლა თავადაც მიკვირს, ისე ძალიან არ მინდა წასვლა. მიზეზი უამრავია. საქართველოში დედას, მის საფლავს ვტოვებ. ძალიან მომენატრება შავი მარმარილოს ქვა და შავი, ფხვიერი მიწა... საქართველოში უამრავ მეგობარს ვტოვებ-ძველს და ახალს. საქართველოში გულს ვტოვებ, საყვარელ ადამიანს ვტოვებ და მას ვუტოვებ მის წილ გულს. ცოტა რომანტიკაში გადავარდნასავით გამომივა, მაგრამ, სამაგიეროდ მისი გული მიმაქვს თან, მე და ჩემს შვილებს ჩვენ წილ გულს გვატანს პოლონეთში. 2 მაისს ჯვარი დავიწერეთ. ჩვენი პატარა ფერიები გვიმშვენებდნენ გვერდს ეკლესიაში :). დახატული შვილები გვყავს :). ძალიან ბედნიერი ვიყავით ორივე.
საქართველოში გასული წლის ნოემბერში სულ რაღაც 2 კვირით ჩამოვედი, მაგრამ ეს 2 კვირა 5 თვე გაგრძელდა. უამრავი რამ მოხდა ამ 5 თვეში. კარგიც და ცუდიც. აღარც კარგზე მინდა რამე დავწერო და აღარც ცუდზე, მითუმეტეს, რომ აბ ბლოგის მკითხველებს ზოგადი წარმოდგენა უკვე გაქვთ ჩემს საქართველოში გატარებულ 5 თვეზე. ერთ-ერთ თქვენგანს შევპირდი კიდეც, ბლოგს აუცილებლად გადავარქმევ სახელს-თქო :). იმედი მაქვს, ასეც ვიზამ - ცხოვრება, მომავალი მომცემს ამის საშუალებას.





ახლა კი კიდევ ერთი სიახლის შესახებ მინდა მოგახაროთ :)

პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა ვითხრა ყველა იმ ადამიანს, რომელიც სოციალურ ქსელში მწერს, რომლებიც ქუჩაში მაჩერებენ და მეუბნებიან, რომ საოცრად კარგი შვილები მყავს და რომ მოხიბლულები არიან ნინიკოთი. ჩემმა პროფილში გამოსვლამ, მიუხედავად იმისა, რომ თურმე ბევრი დაუნის სინდრომის მქონე ბავვის მშოელი აღვაშფოთე ჩემი სიტყვებით, შედეგი გამოღო - ქუჩაში გვცნობენ და არა სიბრალულით, არამედაღტაცებით გვეგებებიან. მდლობა ყველას ამისათვის :).თითქმის ყველა თქვენგანმა იცის, რომ ჩემი პატარა გოგონა დაუნის სინდრომითაა დაბადებული. თითქმის მისი დაბადების დღიდან ჩემი ცხოვრების იდეაფიქსად იქცა, შევქმნა ორგანიზაცია, რომელიც საზოგადოებას დაუნის სინდრომით დაბადებულ ბავშვებსა და მოზარდებს გააცნობს, შევქმნა ორგანიზაცია, რომელიც ამ ბავშვებს დაეხმარება, საკუთარი თავი იპოვონ სამყაროში, სდაცაც ხშირად ჩვენ, დამატებითი ქრომოსომისა თუ ტრისომის არმქონე ადამიანები ვერ ვპოულობთ საკუთარ ადგილსა თუ თავს. და 2 დღის წინ მე და ჩემმა უახლოესმა მეგობარმა დავაფუძნეთ ორგანიზაცია "მზის შვილები", რომელიც ჩემი და სხვისი შვილების კეთილდღეობაზე იზრუნებს.დიდი სიყვარულითა და თხოვნით მივმართავ ყველას, ვინც ახლა ამ სიტყვებს კითხულობს (განსაკუთრებით ბლოგერებს :)) - გთხოვთ, მოიძიოთ და ორგანიზაციის გვერდზე გამოაქვეყნოთ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაუნის სინდრომით დაბადებულ ბავშვსა და მოზარდს უკავშირდება. ბლოგერებო, გთხოვთ, თქვენს ბლოგებზე სულ პატარა ადგილი დაუთმეთ ამ სინდრომით დაბადებულ ადამიანებს.


:)



суббота, 30 апреля 2011 г.

გამარჯობა.
დღეს მორიგ ტკივილზე მინდა დავწერო...
ხუთსაბათს მეა ჩემმა შვილებმა გადაცემაში "პროფილი" მივიღეთ მონაწილეობა. მაია ასათიანს საკუთარი სურვილით დავუკავშირდი. მიზეზი? ორიოდ თვის წინ ფეისბუკზე შესანიშნავი გოგონა გავიცანი, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის დედა. რამდენჯერმე პირადადაც შევხვდით ერთმანეთს, ვსაუბრობდით ჩვენს შვილებზე და ზოგადად, საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებზე. მე, პირადად, ამ გოგონას მეტს არავის ვიცნობ საქართველოსი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელს, ინტერნეტ სივრცეში წაკითხულზე და განცდებზე კი წინა პოსტებზე ვწერდი. ამ გოგონასტან საუბრის შემდეგ ჩემი ეჭვი, რომ საქართველოსი მშობლები ხმამაღლა არ საუბრობენ ტავიანთ შვილებზე, კიდევ უფრო განმტკიცდა. გარდა ამისა, მე, რომელიც უკვე 5 თვეა საქართველოსი ვიმყოფები და ვფიცავარ ჩემს შვილებს, დაუნის სინდრომის ნიშნების მატარებელი ბავსვი, არც დიდი, ქუცაში არ შემხვედრია. სწორედ ამ ტემაზე ვისაუბრე პროფილში. თუ ვინმე დაინტერესდებით, ქვემოთ ლინკს დავაგდებ და ტავად შეგიძლიათ განსაჯოთ, ამ გადაცემის შემდეგ, რაც არ უნდა გასაკვირი იკოს, საკმაოდ უარყოფითი გამოხმაურება მოყვა გარკვეული ნაწილიდან და რაც ყველაე მეტად მიკვირს, სწორედ იმ გოგონასგან, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე და რომელიც გადაცემის ეთერში გასვლამდე ყველაფერში მეთანხმებოდა. აგმოჩნდა, რომ მშობლებს შეურაცხოფა მივაყენე, თუმცა ვერ ვხვდები რით და როგორ? იქნებ ვინმემ მიმახვედროთ ...

пятница, 8 апреля 2011 г.

მზის შვილები

გამარჯობა. მე პატარა ნინოს დედა ვარ. ნინო დაუნის სინდრომითაა დაბადებული. მიუხედავად იმისა, რომ "დაუნის სინდრომი" ხშირ შემთხვევაში უარყოფით ემოციებს იწვევს ამ სინდრომთან არშეხების მქონე ადამიანებში, ნინო და დაახლოებით 5 მილიონი დაუნის სინდრომის მატარებელი ადამიანი მხოლოდ ამ ორი სიტყვით განსხვავდებიან ჩვენგან. განსხვავება კიდევ ერთ რამეშია - მათი ნაწილი საზოგადოებამ მიიღო, ნაწილი არა. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ იმის ბრალია, რომ საზოგადოება ცუდადაა ინფორმირებული ამ სინდრომის შესახებ. ნებისმიერი, ვინც ნინიკოს ნახავს, მერწმუნეთ, მას ვერასოდეს დაივიწყებს. ვერ დაივიწყებს განა იმიტომ, რომ დაუნის სინდრომითაა დაბადებული, იმიტომ, რომ ნინო საოცარი ბავშვია - ლამაზი, კეთილი, თბილი, ჭკვიანი. უპირობოდ უყვარხარ და მასთან ურთიერთობა იმდენ დადებით ემოციებსა და მუხტს გაძლევს, შეუძლებელია ბავშვი გულწრფელად არ შეგიყვარდეს. ასეთი მხოლოდ ნინო არაა... მათ მზის შვილებს უწოდებენ. ჩვენი ორგანიზაციის სახელწოდებაც აქედან მოდის და ჩვენი მიზანი სწორედ ისაა, რომ საზოგადოებას კარგად გავაცნოთ ამ გენეტიკური მახასიათებლით დაბადებული ადამიანები. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია დაინახოს მათი მზიანი გულები :)

понедельник, 4 апреля 2011 г.

ყველას!!! შემოგვიერთდით!!!


რამდენიმე დღეში მუშაობას იწყებს ქართულ-პოლონური ორგანიზაცია "მზის შვილები", რომელიც მიზნად ისახავს ქართული საზოგადოების ინფორმირებას დაუნის სინდრომის შესახებ, საქართველოში მცხოვრები დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვებისა და მოზარდების საზოგადოაბასთან ინტეგრირებასა და ამ ბავშვების რეაბილიტაციას. გთხოვთ, ვინც ფიქრობთ, რომ კეთილ საქმეს ვემსახურებით, შემოგვიერთდით... გავამზიანოთ ჩვენი შვილები!!!
ყველასთან, ვინც კითხულობს ჩემს ბლოგს, ერთი თხოვნა მაქვს-დაალაიქე და მეგობრებსაც გაუგზავნე ლინკი, რომელსაც ქვემოთ დავაგდებ და შეატყობინე ჩვენს შესახებ.
წინასწარ გიხდით მადლობას :)

http://www.facebook.com/profile.php?id=100002248941593&sk=wall

суббота, 2 апреля 2011 г.

ყველას!!!

ყველას გთხოვთ, თუ რაიმე შეხება გაქვთ ადამიანებთან, ვისაც დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვი ან მოზარდი ჰყავთ ოჯახში, დამაკავშირეთ მათთან!!!!!!!!!!!!!
http://www.facebook.com/profile.php?id=100002248941593&sk=wall

понедельник, 21 марта 2011 г.

...




ვთხოვდები :)
გუშინ, ჩემი შვილების მამამ ცოლობა მთხოვა :).
დავთანხმდი, რა თქმა უნდა :)
ახლაც გაოგნებული ვარ, ვითომ არ მაქვს ამის საბაბი, მაგრამ ბოლომდე ვერ ვიჯერებ. :)
საოცარი გრძნობაა, ემზადები ცოლად გაყვე, უფრო სწრად, ურთიერთობა გააოფიციალურო ადამიანთან, ვინც ორი შვილი გაჩუქა.
ძალიან მიყვარხარ, იკა.

воскресенье, 20 марта 2011 г.

ნინოს...


ნინო, ჩემო სიხარულო და დახატულო შვილო, ჩემო პატარა ანგელოზო, ეს ჩანაწერი პირადად შენთვის კეთდება, დედიკო. გაივლის წლები და მე თუ ვერ გაჩვენე, იქნებ შენ გადააწყდე შემთხვევით, წაიკითხავ და მაპატიებ ალბათ.
ჰო, შვილო, პატიება უნდა გთხოვო. შენი ამ ქვეყნად მოსვლის პირველი 3 კვირა მაპატიე დედი.
რომ იცოდე როგორ მოუთმენლად და სიხარულით ველოდი შენს დაბადებას. ანის გაჩენის შემდეგ დარწმუნებული ვიყავი, რომ მეტი შვილი აღარ მეყოლებოდა და როდესაც გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, სიხარულისაგან, თუმცა ამას საგულდაგულოდ ვმალავდი, მეცხრე ცაზე დავფრინავდი.
ვარშავაში დაიბადე დედიკო, საკეისრო კვეთით. ნარკოზის გაკეთების წამიდან შენზე ვლაპარაკობდი თურმე, (მერე მომიყვა ბებიაქალმა). მერე, ჯერ ბოლომდე არ ვიყავი გამოფხიზლებული, საშინელება მითხრეს-რატომ გააჩინე დაუნი ბავშვიო. არც დაუნიზმით, არც დაუნის სინდრომით, პირდაპირ-დაუნი ბავშვიო. ვერ მივხვდი რას მეუბნებოდნენ, დედი. ბებიაშენს დავურეკე, ალბათ 2 საათის შემდეგ, მიშველეთ, მგონი ბავშვს რაღაც ჭირს-თქო... მერე, სამი დღის განმავლობაში ტკივილგამაყუჩებელ წამლებს ვითხოვდი მხოლოდ. მამაშენს, რომელმაც არაფერი იცოდა, ჭრილობის ტკივილის გამო ვტირი-თქო, ვარწმუნებდი. სხვა ბავშვები პალატას ტირილით ანგრევდნენ, შენ მთელი დღე და ღამე მუთაქასავით მეწექი გვერზე და ხმას არ იღებდი. ბებიაშენმა მკითხა მესამე დღეს, ბავშვი როგორ ჭამსო?-და პირველად მაშინ გამახსენდა, რომ ერთხელაც არ მიჭმევია შენთვის. მერე უკვე უმწეობით ვტიროდი-ვერც მე და ვერც ექიმებმა ვერ შევძელით, ძუძუ ჩაგედო პირში. ისევ საწოვარა მოგიტანეს, მაგრამ აღარ მოგაკარე-მოშივდება და სხვა გზა რომ არ ექნება, რას იზამს-თქო. გვიან ღამე, ძალიან ცოტა მოწოვე და დაიძინე...
მეოთხე დღეს ექთანს უფლება არ მივეცი შენთვის პამპერსი გამოეცვალა, საგულდაგულოდ ჩაგბანე პატარა ტაკუცუნები. ჩვეულებრივი ბავშვი იყავი - ულამაზესი ცისფერი თვალებით და პატარა, კურნოსა ცხვირით. (მერე, 6 თვე, ვიდრე რძე არ გამიშრა ძუძუზე მყავდი მოკრული :))
პედიატრს, რომელმაც შენი "დაუნობა" მომახარა პალატაში შემოსვლა ავუკრძალე. დედაჩემი და ჩემი დები, რომლებმაც დანახვის წამიდან უზომოდ შეგიყვარეს, გავაფრთხილე, მამაშენისთვის არაფერი ეთქვათ, ვიდრე გენეტიკურ ანალიზს არ გაგიკეთებდნენ. ერთი კვირა დაგვტოვეს სამშობიაროში. საშინელი იყო ყველა დღე - ვუყურებდი ბედნიერ დედებს და გამუდმებით მიტრიალებდა თავში კითხვბა-რატომ მაინცდამაინც მე? მერე სახლში წაგვიყვანეს. დღისით, სანამ იკა სამსახურში იყო, ტირილით ვისიებდი თვალებს, 6 საათისთვის დამამშვიდებელს ვსვამდი, 7 საათზე უკვე გაღიმებული ვხვდებოდი მამაშენს. დღითი-დღე ვგრძნობდი, რომ სიგიჟემდე მიყვარდი, მაგრამ თითქმის ერთი თვე დამჭირდა, რომ შენში მხოლოდ ჩემი პატარა ანგელოზი, პატარა ნინიკო დამენახა. გიყურებდი ერთ დღეს დედიკო და უცბად მივხვდი, რომ უკვე რამდენიმე დღეა აღარ მიფიქრია, რატომ მე-თქო. თითქმის ერთი თვის მერე მივხვდი, რომ ჩემთვის სულ ერთი იყო გაგიკეთებდი თუ არა გენეტიკურ ანალიზს. შენ ჩემი ნინო იყავი, ჩემი სხეულისა და გულის ნაწილი და სხვას არაფერს ქონდა მნიშვნელობა. მამაშენს მაინც არაფერი ვუთხარი. თებერვლის ბოლოს უნდა გაგვეკეთებინა ანალიზი, მაგრამ უარი მითხრეს, ნოემბრამდე მოგიწევთ ცდაო. მაშინ უკვე აღარ ან ვეღარ გავჩუმდი. დავსვი სამსახურიდან დაბრუნებული იკა და ვუთხარი, არ მინდოდა ვიდრე დაზუსტებით არ მეცოდინებოდა შენთვის მეთვქა, მაგრამ უკვე აღარ შემიძლია გაჩუმება, ნინიკო დაუნის სინდრომითაა დაბადებულითქო. მამაშენის რეაქციამ ძალიან გამაკვირვ, დედიკო. მომეფერა, სულელი ხარ რომ თავიდანვე არ მითხარიო, მისაყვედურა. ჩვენი შვილია და სხვას არაფერს არ აქვს მნიშვნელობაო.
ნინიკო, დედი, მე რომ სამი კვირა დამჭირდა მისახვედრად, იმას მამაშენი 1 წამში მიხვდა...
ჩემო სიცოცხლე, უკვე დიდი გოგო ხარ, 2 წლის, 1 თვის და 25 დღის.
შენ ვერ წარმოიდგენ, როგორი სიხარული, სითბო და სიყვარული შემოიტანე ოჯახში შვილო. შენნაირი მოფერება არავინ იცის, არც შენნაირი გაბუტვა :). საოცარი სიცილი გაქვს - სახის ყოველი ნაკვთი იცინის დედი, სითბოს და სიყვარულს ასხივებს შენი სახე. რაც არ უნდა ცუდ განწყობაზე ვიყო, როგორაც არ უნდა მტკიოდეს, შენი პატარა თათუნებით ლოყაზე მომეფერები და ჩემზე ბედნიერი არავინ მგონია ქვეყანაზე. ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად ანი გიყვარს და ანიც გიჟდება შენზე. საოცარი დასანახები ხართ - ერთი ხორბლისფერი, თმახუჭუჭა ქალაბიჭა და მეორე ქერა, ცისფერთვალება, აბრეშუმის თმიანი ფერია.
ხანდახან ვფიქრობ, შენ რომ არ მყოლოდი, რა მეშველებოდა. ამას გულწრფელად ვამბობ დედი. ვიცი, რომ წინ ია-ვარდით მოფენილი გზა არ გველის, ვიცი, რომ ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოგვიწევს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ჩვენ ერთად საოცრებებს გავაკეთებთ. შენ იქნები (უკვე ხარ) ადამიანი, ვისგანაც უნდა ისწავლონ, ვისაც უნდა მიბაძონ.
უზომოდ მიყვარხარ, ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ დედიკო. შენ და ანი ჩემი დიდი ბედნიერება და სიხარული ხართ, შვილო.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო კომიტეტს ეს დღე შემთხვევით არ შეურჩევია. 21 მარტი გაზაფხულისა და არაჩვეულებრივი ადამიანების მფარველია.
შენ მართლა არაჩვეულებრივი ხარ, შვილო.

четверг, 3 марта 2011 г.

გილოცავ, დე...




4 იანვარს თამოს დაბადების დღე იყო, 10-ში ლიკასი, 27 იანვარს შენი ნინუცა გახდა 2 წლის, 11 თებერვალს მე გავიზარდე. 1 მარტს ანომ იზეიმა დაბადებიდან მეოთხე წელი... არცერთს არ მოგვილოცე...
დღეს ანიმ და ნინუცამ ყვავილები მოგიტანეს დე, მოგეფერა ანი, -ბებო, მენატრებიო ძალიან... მე გამიბრაზდა - ნუ ტირი-ო.
დედის დღეს გილოცავ, დე!!!

понедельник, 21 февраля 2011 г.

...

ძველი ნაჯღაბნი ვიპოვე. გამეცინა. რა კარგი დრო ყოფილა :)

ტკივილშერეული მონატრება,
სევდა, მოწყვეტილი წამწამებს.
სანთლად დაღვენთილი მოლოდინი
მტანჯავს... მაწამებს...
სევდაშეპარული შეხვედრები,
ცრემლი მოვარდნილი ნაქარევს.
უშენო სასთუმალზე შენზე ფიქრი
მტანჯავს... მაწამებს...
გულში დაკარგული შენი სახე
აწმყოს წარსულისგან იცავს,
შენი მომლოდინე სიმარტოვე
მტანჯავს... და მიყვარს...

понедельник, 7 февраля 2011 г.

---

8 თებერვლის დილა თენდება.
ჩემს შვილებს სახლში, ალბათ, ტკბილად ძინავთ.
მე არამიანცის საავადმყოფოში, საკორენფერენციო ოთახში ვზივარ კომპიუტერთან.
მე-7 პალატაში მამაჩემი წევს...
ის, რაც უკვე დავწერე, დღემდე არასოდეს წამიკითხავს. ნეტავ არც ახლა წამეკითხა. ყველაფერი უფრო მძაფრად და უფრო მტკივნეულად დაბრუნდა...
საქართველოში, შარშან, 6 ნოემბერს ჩამოვფრინდით მე და ჩემი შვილები. დედა ძლივს ვიცანი, ისეთი შეცვლილი დამხვდა. სულ ცოტა ხნით შეძლო მე და ბავშვებს მოგვფერებოდა, სულ ცოტა ხნით.
დედას სამ თვეზე მეტი ჩემი უმცროსი და ედგა თავზე. აუცილებელი გახდა, ეკა ვარშავაში გაფრენილიყო და რადგან მე პატარა ბავშვებით დედას მოვლა გამიჭირდებოდა, ჩემმა დებმა ისე მოახერხეს, რომ ვარშავაში მიმავალი ეკა და ვარშავიდან ჩამოფრენილი თამუნა 25 ნოემბერს, დილის 5 საათზე, თბილისის აეროპორტში შეხვდნენ ერთმანეთს. დილის 9 საათამდე დედა ერთნაირად გვეფერებოდა მე და თამუნას. უჭირდა, მაგრამ გველაპარაკა, თამოს ვარშავის ამბები მოაყოლა. მერე, 9 საათს რომ გადასცილდა, ნემსი გამიკეთეო, მთხოვა და მას მერე მხოლოდ იმის სათქმელად თუ გაახელდა თვალებს, მტკივა, ნემსიო....
დედა პირველი დეკემბრის ღამეს გარდაიცვალა. ბოლო ორი დღე-ღამის განმავლობაში სრულიად უკონტაქტო გახდა. ორი ღამე ერთი წამით მარტო არ დაგვიტოვებია დედა. პირველში, შუაღამისას, არ ვიცი რატომ, მეც, ჩემი დაც და ჩვენთყან მყოფი ჩვენი დეიდაშვილები, ერთად გავედით სამზარეულოში. მერე ისევ ერთად შევბრუნდით დედასთან. საწოლზე, თავთან ჩამოვჯექი და მივეფერე დედას, ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარდა, რომ ყველას ძალიან გვიყვარს, რომ არ აქვს უფლება მარტო დაგვტოვოს, რომ ის ჩვენთვის ყველაფერია... დედამ ორი დღე-ღამის განმავლობაში პირველად დაახამხამა თვალები. უსიცოცხლო, გაყინული მზერა შეეცვალა, თვალებში აზრი დაუბრუნდა, სიყვარული დავინახე მაშინ დედას თვალებში. სწორედ იმ დროს ტელეფონმა დარეკა, ეკა იყო, ვარშავიდან. ამაღამ ბარბარა მოფრინავს, ხვალ მე და ბავშვებიო, გვითხრა. ისევ ოთახში შევბრუნდი და დედას ვახარე, რომ ვარშავიდან მისი მეგობარი მოფრინავს და ეკა და ბავშვები და რომ ძალიან მალე ჩაეხუტებიან უფროსი შვილიშვილები ბებოს. დედამ თითქოს რაღაცის თქმა სცადა. თვალებში საოცარი სხივი ჩაუდგა, არასოდეს მსგავსი სხივი არ დამინახავს არავის თვალებში. მერე ხელი გადამისვა ხელზე, ღრმად ამოისუნთქა, მერე კიდევ, მერე კიდევ და თვალებში ის საოცარი სხივი ჩაქრა...
დედა 5 დეკემბერს დავასაფლავეთ.
მას მერე, თითქმის ყოველ ღამე ვცდილობ ჩემი დედა დავინახო, სიცოცხლით სავსე, ჩემი ულამაზესი, დახატული დედა, მაგრამ მხოლოდ ის ბოლო წუთები მიდგას თვალწინ...
უკვე დიდი ხანია მკერდის ტკივილი მაწუხებს. ძალით წამიყვანა ირაკლიმ სკრინინგცენტრში გასასინჯად. მამოგრაფია გამიკეთეს და რადგან, თურმე, მკერდი პირდაპირ კავშირში ყოფილა საშვილოსნოსთან, გინეკოლოგმაც გამსინჯა. პასუხებზე 24 დეკემბერს დამიბარეს. 17 დეკემბერს ტელეფონმა დარეკა, სკრინინგცენტრიდან იყვნენ - დამატებითი ანალიზი გჭირდება და ხვალ ყოველ მიზეზ გარეშე უნდა მოხვიდეო. ისევ იკას და ჩემი მეგობრის დაჟინებული თხოვნით, მეორე დღეს, ოთხი საათისთვის, რადგან იკაც ექიმთან იყო(ეს ცალკე ისტორიაა კიდევ) სკრინინგცენტრში მარტოს მომიწია წასვლა. ჯერ არ ვიყავი გასასინჯად შესული, რომ დამირეკა, თუ გეშინია, მითხარი და უცბად გავჩნდები შენთანო. მეშინოდა, მაგრამ ვიუარე,-რაა საშიში-თქო. ტელეფონიოს ჩანთაში ჩადება ვერ მოვასწარი, რომ დერეფანში შემოვიდა გაღიმებული. კიდევ კარგი...
კაბინეტიდან რომ გამოვედი, ვერაფერს ვხედავდი. ისე გავუარე გვერდზე ვერც დავინახე. ქუჩაში გამოვვარდი, კედელს მივეყუდე და სიგარეტს მოვუკიდე აკანკალებული ხელით. -რა იყო, ვერ დამინახე? - საყვედურნარევი ხმით მომიახლოვდა შენობიდან გამოსული იკა, მაგრამ სახეზე რომ შემომხედა, რა გჭირსო, ძლივს მკითხა. -კიბო მაქვს - ძლივს ამომივიდა ბგერები ყელიდან და თვალწინ ის დღე დამიდგა, დედა რომ შემოვიდა ოთახში და კიბო მაქვსო, რომ თქვა. ძალიან მძიმე სიტუაცია გაქვსო, მითხრა ექიმმა. სასწრაფო ოპერაცია გჭირდება, რადგან ეს საშვილოსნოს ყელის კიბოა და ყოველი დღე შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს შენთვისო. იკა რომ არ ყოფილიყო მე იმ დღეს სახლში ვერ ან არ დავბრუნდებოდი.
მთელი ჩემი ნათესავები ფეხზე დადგნენ. არასოდეს დამავიწყდება ის, რაც მათ მაშინ ჩემთვის გააკეთეს. ისე ძლიერ განიცდიდნენ, ხანდახან, მინდოდა, თავად ისინი დამემშვიდებინა. მეორე დილისთვის საუკეთესო სპეციალისტთან ჩამწერეს ვიზიტზე.
ვაკის ლეჩკომბინატიდან შედარებით დამშვიდებული წამოვედით ყველა. რადგან მედიცინაში მაგარი ბეცი ვარ, ზუსტი დიაგნოზის თქმა არ შემიძლია, ზოგადად კი, ასე გამოიყურებოდა ჩემი მდგომარეობა _საშვილოსნოს ყელზე უჯრედების შლაა დაწყებული. ეს მერე მართლა გადაიზრდება კიბოში, მაგრამ ჯერ-ჯერობით არც ისე სავალალო და საშიში სიტუაციაა, ახალი წლების მერეც არ იქნება გვიანი ოპერაციის გაკეთებაო...
10 იანვარს დედას ორმოცი იყო, 14-ში ჩემი დები და დისშვილები დაბრუნდნენ ვარშავაში, მერე კიდევ რაღაცამ შემიშალა ხელი, მერე, 27 იანვარს ნინიკოს დაბადების დღე და გადავწყვიტე, ოპერაცია თვის ბოლოს გამეკეთებინა. 28-ში დილით, ახალი ანალიზების გასაკეთებლად წასასვლელად ვემზადებოდი, მამიდაშვილმა რომ დამირეკა, მამაშენია ძალიან მძიმედ, გუშინ დააწვინეს საავადმყოფოში, მაგრამ ბავშვის დაბადების დღე იყო და ვერ გითხარით, ახლა კი... მამას რამდენიმე დღის წინ კუჭის წყლული გასკდომია, სისხლდენა დაწყებია, მაგრამ რადგან იცოდა, რომ მე საოპერაციო ვიყავი, არ თქვა. 27-ში მეგობარს შეუვლია მამასთან და იმან ჩაიყვანა უგონოდ მყოფი მამა ლაგოდეხის საავადმყოფოში. ოპერაცია გაკეთებული ქონდა, მე და იკა რომ ლაგოდეხში ჩავედით. ნარკოზიდან ბოლომდე არ იყო ჯერ გამოსული, მაგრამ რომ დამინახა, ბავშვები ვის დაუტოვე მამაო, წუხილი დაიწყო. ვიდრე იქ ვიყავით, სულ ამ სიტყვებს იმეორებდა.
მერე, ორშაბათს ანალიზები გავიკეთე, სამშაბათს პასუხები მივუტანე ექიმს, ოტხშაბათს, 2 თებერვალს ოპერაცია გამიკეთეს, შაბათს, სიკვდილს გადარჩენილი მამაჩემი საავადმყოფოდან გამოწერეს და ჩემი დაჟინებული თხოვნით, პირდაპირ ჩემთან ჩამოიყვანეს თბილისში. დღეს საღამოს წნევა გავუზომე და გულის 40 ჰქონდა მხოლოდ. სასწრაფო გამოვიძახე. წნევის გარდა სხვა პრობლემა აქვს - კუჭიდან სისხლდენას ეჭვობენ და ჭრილობაზე ანთებითი პროცესია დაწყებული. საავადმყოფოში გადაყვანაა აუცილებელიო მითხრა სასწრაფოს ექიმმა და ისევ ჩემი თხოვნით, არამიანცის საავადმყოფოში მოგვიყვანეს.
ახლა მამა მე-7 პალატაში წევს, ჩემს შვილებს (ალბათ) ტკბილად ძინავთ სახლში, მე კი, ვინაიდან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა მაქვს ამ განყოფილების თითქმის ყველა ექიმთან, საკორენფერენციო ოთახში, იგივე საორდინატოროში, კომპიუტერტან ვზივარ და ვწერ...
ძალიან დავიღალე, ძალიან...