rss
Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites

суббота, 24 марта 2012 г.

რატომ?


დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია. მიზეზი? - მეზარებოდა, დრო არ მქონდა, ღამის გათენება არ მინდოდა, აღარ მინდოდა ტკივილზე დამეწერა... ახლა ვზივარ და ვფიქრობ - დავწერო? იქნებ არ ღირს, იქნებ ზომაზე მეტს მოვითხოვ ადამიანებისგან. იქნებ ის, რაც მე ძალიან მტკივა, სხვას არ უნდა ვატკინო, უფრო სწორად, იქნებ არ მაქვს უფლება, ჩემი ტკივილის გაზიარება გთხოვოთ.
21 მარტს მსოფლიომ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნა. უკვე მეშვიდედ, მაგრამ წელს მაინც პირველად, რადგან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ, ოფიციალურად, შარშან აღიარა. ეს დღე ჩემთვის და ნინიკოსთვის დილის 9 საათზე, სასიამოვნო სიურპრიზით დაიწყო.აუზზე ცურვის მორიგი გაკვეთილი გვქონდა კერძოდ აყვანილ ინსტრუქტორთან, რომელსაც ყოველი წამი გათვლილი აქვს. 5 წუთით დავაგვიანეთ. მეგონა, ქ-ნი ალექსანდრა საყვედურებით შემოგვეგებოდა, მაგრამ... აუზი ფერადი ბუშტებით იყო სავსე, ინსტრუქტორმა კი ნინიკო გულში ჩაიხუტა და დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მოგვილოცა... მორიგი სიურპრიზი რესტორანში მელოდა. დამიძახეს, კლიენტი გთხოვს ერთი წუთითო. ცოტა არ იყოს შემეშინდა და სამზარეულოდან ცომიანი ხელების წმენდით გამოვედი. რესტორნის დარბაზში ყვითელი ტიტების უზარმაზარი თაიგულით შემეგება ჩვენი ერთ-ერთი კლიენტი, რომელსაც ნინიკო რამდენჯერმე, თვალის მოკვრით ყავდა ნანახი და დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მომილოცა... სწორედ ამ ორმა თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანმა შემთხვევამ(?) გადამაწყვეტინა ამ პოსტის დაწერა.
საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დაუნის სინდრომის მქონე მშობელთა აქტიურობის შედეგად, ქართულმა მასმედიამ შესანიშნავად გააშუქა 21 მარტს საქართველოში ჩატარებული ღონისძიებები. მანამდე კი, ფეისბუკზე, დღეს ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელზე, თითქმის 2 თვის განმავლობაში რამდენიმე "ფეისბუკის გვერდი" მხურვალედ მოუწოდებდა ფეისბუკის ქართული ქსელის მომხმარებელს, მონაწილეობა მიეღოთ 21 მარტს დაგეგმილ, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
მე,"მზის შვილები"-ს გვერდზე, შეგნებულად არ დავწერე არაფერი. რატომ? ველოდებოდი. რას? ახლა ვხვდები, რომ არ ვიცი რას. რამდენიმე დღის წინ კი იმედი მქონდა, რომ გვერდის 777 გულშემატკივრიდან, ყველას თუ არა, სულ ცოტა, 200, 150 ადამიანს მაინც გაუჩნდებოდა სურვილი, საკუთარი ინიციატივით "დაეპოსტა" ჩვენს კედელზე, შეეხსენებინა რომ მალე მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს და ჩვენ რატომ ვართ ჩუმად, რატომ არ ვაქტიურობთ? ეს ერთგვარი, მაპატიოს ყველამ, ექსპერიმენტი იყო. გაუმართლებელი ექსპერიმენტი.
რა ხდებოდა სხვა, აქტიურ გვერდებზე? მხოლოდ რამდენინე მშობელმა "დავალაიქეთ" გამოქვეყვებული პოსტები, რამდენიმემ კომენტარიც დავწერეთ. მერე, ისევ ჩვენ, რამდენიმე მშობელი აღფრთოვანებულები ვუყურებდით და ვკითხულობდით ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ისევ და ისევ ამ ღონისძიებების ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელზე გამოქვეყვებულ სიუჟეტებს და კვლავ ჩვენი აღფრთოვანებული კომენტარები. "მზის შვილები"-ს არ იყოს, ამ გვერდებსაც, სულ ცოტა, 700-800 ადამიანი "ალაიქებს". არც ერთი კომენტარი, არც მოწონების, არც არმოწონების.
მეოთხე დღეა ქართულ ინტერნეტსივრცეში დავბორიალებ. უამრავმა ინტერნეტ გამოცემამ გამოაქვეყნა 21 მარტს კუს ტბაზე ჩატარებული აქციის ამსახველი კადრები, უამრავმა გალერეა "ტიფლის ავენიუ"-ში მოწყობილი შესანიშნავი გამოფენის შესახებ დაწერა. ინტერვიუები, რადიოგადაცემები, დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვების გაღიმებული სახეები-ყველაფერი ეს ფართო საზოგადოებისგან ყოველგვარი კომენტარის გარეშე დარჩა. არც მოწონება, არც არმოწონება...
ვუსმენდი რადიო1 და იმედი მქონდა, რომ ერთი მსმენელი მაინც დარეკავდა, შეკითხვას დასვამდა, რჩევას მისცემდა ან პირიქით, რჩევას თხოვდა გამომსვლელს, მაგრამ აქაც არაფერი. არც მოწონება, არც არმოწონება... სდუმან ყველაზე კითხვადი, "ფართების", "ივენთების", "ტუსოვკების", "თბილისი ლაივებისა" და ზოგადად, "მიმდინარე მოვლენების" დაწვრილებით აღმწერელ-გამშუქებელ-გამკრიტიკებელ-მაქებარი ბლოგებიც.
რატომ, რა არის ამის მიზეზი?. ნუთუ იმ უამრავი ადამიანიდან, ვინც ერთხელ მაინც "დაალაიქა" და მოიწონა ჩვენი მართლაც რომ შესანიშნავი შვილები, არავის გაუჩნდა სურვილი პირადად ენახა ეს ბპატარა, უკვე მოზარდი და ზრდასრული დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები. იქნებ გატყუებთ და ესენი სულაც არ არიან ისეთი კარგები, როგორებადაც მათ ჩვენ წარმოვაჩენთ. კამათში იბადება ჭეშმარიტება-ო, ნათქვამია, მაგრამ, ვის ვუმტკიცო ეს ჭეშმარიტება, როდესაც 4 მილიონიან საქართველოში მოკამათეს ვერ ვპოულობ.
მაპატიოს ყველამ, მაგრამ გულისტკივილით უნდა ვაღიარო, რომ ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ძალიან შორსაა "ჭეშმარიტებისგან" და ჩვენს საზოგადოება ყვითელ პრესაში გამოქვეყნებული "პრიკოლები"-ს განხილვა-გაქილიკებითაა დაკავებული.
http://www.radio1.ge/Show.aspx?Show=69
http://www.osgf.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=42&info_id=2719
http://www.facebook.com/media/set/?set=a.336930439688292.71801.319570924757577&type=3
http://www.facebook.com/media/set/?set=a.331281090254365.75432.105768739472269&type=3
http://www.facebook.com/media/set/?set=a.331310043584803.75439.105768739472269&type=3