rss
Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites

вторник, 11 мая 2010 г.

მჯერა...

რამდენიმე დღეა უაზროდ დავბოდიალებ ბლოგიდან ბლოგზე. უაზროდ ჩემი ბლოგისთვის, რადგან მინდა დავწერო და ვერ ვწერ, სიტყვები თავში და გულში ტრიალებს, მაგრამ ხმამაღლა ვერ ვამბობ, ვერ გადმოვცემ... ჰოდა, ამ უაზრო ბოდიალში რამდენიმე ძაააალიან კარგი ბლოგი ვიპოვე და რამდენიმე, მართლაც რომ ძაააალიან კარგი პოსტი წავიკითხე. მიხარია, რომ, დუნაიას თქმის არ იყოს, ყველა ბლოგი დილით ადრე ავდექი-თ არ იწყება. მე კი სწორედ ასეთი პოსტის წერის ხასიათზე ვარ ამ წუთას...
ახლა, რომ არ ვიცი, ისე ვარ. არც კარგად, არც ცუდად. თითქოს მიხარია, მაგრამ თან არ მიხარია. მოკლედ, სახელს ვერ ვარქმევ ჩემს განწყობას.
დღეს პირველად დავტოვე ჩემი შვილები მთელი დღით. ხვალაც ასე იქნება, ზეგაც, მასზეგაც. ასე იქნება არ ვიცი როდემდე. ვიდრე დედა კარგად არ გახდება, ვიდრე დედა და ჩემი ვარშავაში არ დაბრუნდებიან, ვიდრე მე არ წამოვალ საქართველოში. დაუსრულებლად გრძელდება ეს ვიდრე...
ქართველი ექიმები სხვანაირები არიან, გულისხმიერები, ადამიანურები. მათთვის ავადმყოფი პირადი ნომერი არაა, ავადმყოფი ადამიანია. ნუ შემედავებით, გთხოვთ.
ოქტომბრის მერე რამდენითვე გავიდა? ექვსი? შვიდი? ასე მგონია, უფრო მეტი. რამდენი რამე შეიძლებოდა გაეკეთებინა ექიმს ავადმყოფისთვის? გაესინჯა?-კი. გამოეკვლია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?-კი. მკურნალობა დაენიშნა?-კი. თბილი სიტყვით გაემხნევებინა?-კი. ეს ყველაფერი და კიდევ ძალიან ბევრი შეიძლება ყოფილიყო. მაგრამ იყო მხოლოდ გამოკვლევა, დიაგნოზი, ერთი ქიმია და მერე, 4 თვე ძებნა კარდიოლოგისა, რომელიც დაწერდა - ავადმყოფის გულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შეუძლია გააგრძელოს ქიმიათერაპია. რატომ გვინდოდა ამ სიტყვების დამწერი კარდიოლოგის პოვნა? ქიმიოთერაპევტის დაჟინებული მოთხოვნა გახლდათ ასეთი. 4 თვე რატომ ვეძებდით? კარდიოლოგის პრეროგატივა არაა, ქიმიოთერაპევტს ქიმიის კურსის დანიშვნა-არდანიშვნის შესახებ კონსულტაცია გაუწიოს, რადგან ქიმიოთერაპიაში კარდიოლოგის აზრი და დასკვნა არაკომპეტენტურია... არაკომპეტენტურობის შესახებ ჩვენ ვიცოდით, კარდიოლოგებმაც იცოდნენ, ქიმიოთერაპევტმა არა. არც ქონდა სურვილი, ცოდნოდა. ალბათ, მეასე კარდიოლოგიური გამოკვლევის ფურცელს ალბათ მეასედ გვიბრუნებდა უკან და ალბათ მეასედ გვეუბნებოდა -აქ არ წერია, შეუძლია გააგრძელოს ქიმიოთერაპია. ბოლოს, ორი კვირის წინ, ძალიან კარგი და ჩინოსანი ახლობლის წყალობით, კარდიოლოგიის ცენტრში სამდღიან-ღამიანი გამოკვლევის შემდეგ ნანატრი სამი სიტყვა გვაჩუქეს. ეს სამი სიტყვა ქიმიოთერაპევტს მივუტანეთ-ოთხშაბათს. იმან, ხვალ დაგვიბარა, ქიმიაზე. ხვალ კი გვითხრა, რომ -დაგვიანებულია, სახლში წოლა და... მოკლედ, წინა პოსტში დავწერე რაც დაგვინიშნა. ხუთი თუ ოთხი თვის წინანდელი ტომოგრაფიისა და ექოსკოპიის დასკვნების შემდეგ მხოლოდ კარდიოლოგიური გამოკვლევების დასკვნები ქონდა ნანახი, გასინჯული არ ყავდა ამ ხუთი თუ ოთხი თვის განმავლობაში ავადმყოფი და მაინც სასიკვდილო განაჩენი გამოგვიტანა... მერე, ისედაც ძალიან დასუსტებული და ცუდად მყოფი დედა უფრო დასუსტდა და ცუდად გახდა. ის პატარა იმედის ნაპერწკალიც ჩაუქრა და...
ქართველი ექიმები სხვანაირები არიან, გულისხმიერები, ადამიანურები. ძველი, აქ გაკეთებული ანალიზებისა და ექოსკოპია-ტომოგრაფიების შესწავლის შემდეგ დედას უთხრეს, რომ ადრე ჩაიქნია ცხოვრებაზე ხელი. ხვალ თავად გაუკეთებენ ქხოსკოპიასაც და ტომოგრაფიასაც. ხვალ ეტყვიან, ოპერაციას გაუკეთებენ თუ ჯერ ქიმიის კურსს ჩაუტარებენ და მერე ოპერაციაზე იფიქრებენ. ხვალ ამას ეტყვიან, გუშინ მთავარი თქვეს. გუშინ ჩემმა დამ მითხრა, დედას თვალებში სხივი დავინახეო. დღეს მითხრა, უფრო ძლიერად ანათებს ის სხივიო.
და ვიცი, მჯერა, კიდევ დიდხანს არ ჩაქრება სხივი დედაჩემის თვალებში.
და დიდი ბოდიში ყველასთან, მაგრამ დიდი სიამოვნებით მივუძღვნი ძალიან პოპულარულ სამ სიტყვას სამსიტყვამომთხოვნ პოლონელ ქიმიოთერაპევტს!

пятница, 7 мая 2010 г.

ძალიან მიყვარხარ, დე...

უკვე რამდენიმე დღეა უშედეგოდ ვცდილობ რამე დავწერო. არა, ნუ იფიქრებთ, რომ მოსაყოლი აღარ მაქვს და ამიტომ... უბრალოდ, ვერაფრით ვაიძულე თავი, რამე მხიარული დამეწერა. მილიონი კარგი, ლამაზი და მხიარული რამ მახსენდება, მაგრამ განწყობა მაქვს ისეთი საშინელი, ამ კარგის, მხიარულის და ლამაზის გადმოცემა მიჭირს, ეგეც არ იყოს, ვერ ვხედავ მათ ადგილს ამ ბლოგზე.
რამდენიმე დღეა დედაჩემი ძალიან ცუდადაა. ფიზიკურზე მეტად ფსიქოლოგიურადაა ცუდად. ქალი, რომელიც რკინისგან გვეგონა გაკეთებული, რომელიც, მიუხედავად უამრავი პრობლემებისა, გასაჭირისა და იმედგაცრუებისა, არასოდეს წაქცეულა, ნელ-ნელა საკუთარ თავს აღარ გავს. უფრო სწორად, უცბად შეიცვალა, სხვანაირი გახდა - სუსტი, ბრძოლისუნარდაკარგული და უმწეო.
გუშინ მორიგი ქიმია უნდა გაეკეთებია. აღარ გაუკეთეს. სახლში წოლა და კრიტიკულ მდგომარეობაში ჩავარდნის შემთხვევაში, წვეთოვანის დასადგმელად ექთნის გამოძახება "დაუნიშნეს" პოლონეთის მედიცინის კორიფეებმა. არ ვიცი, მართლა არ ვიცი სწორად ვიქცევი თუ არა, როდესაც ამ ყველაფერს აქ ვწერ, როცა სხვის პირადულზე ასე დაუფიქრებლად და ღიად ვლაპარაკობ. არც ის ვიცი, დედაჩემმა, ან ჩემმა რომელიმე დამ ეს ყველაფერი რომ წაიკითხოს რა რეაქცია ექნებათ. ერთი ის ვიცი, რომ ეგოისტურად საკუთარ თავს ვათავისუფლებ, სახლში რასაც ვერ ვამბობ, რაზეც ხმამაღლა ვერ ვლაპარაკობ, აქ ვყრი ყველაფერს. ყველა გავურბივართ ზედმეტ ლაპარაკს, ტაბუდადებულ თემად იქცა დედაჩემის ჯანმრთელობაზე ერთმანეთითსთვის რამის თქმა. ყველა საშინლად განვიცდით და ერთმანეთს არ ვაჩვენებთ ჩვენს განცდებს, არ ვიცი, ვუფრთხილდებით ერთმანეთს თუ გვეშინია, რომ რამე ისეთი არ ვთქვათ, რაც... ნაწილობრივ კარგია ეს ჩუმად ყოფნა, მაგრამ შიგნიდან ვინგრევით ყველა, საკუთარ თავს აღარ ვგავართ, ერთმანეთს გავურბივართ...
ძლივს შევიკავე გუშინ თავი ხმამაღლა რომ არ მეტირა. ჩავეხუტე დედას და ჭაღარა თმაზე მივეფერე-უსიტყვოდ, ხმის ამოუღებლად. თავად ტიროდა, უსიტყვოდ, მაგრამ მწველი, იმედდაკარგული ადამიანის ცრემლებით ტიროდა. ჩემმა დამ გადაწყვიტა, თბილისში წამოიყვანოს. წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა, ვერ შეძლო.
ხვალ მოფრინავენ...
2 კვირაში მე და ჩემი შვილებიც ჩამოვალთ, ალბათ...
ძალიან, ძალიან მიყვარხარ, დე...

понедельник, 3 мая 2010 г.

საქართველოდან სტუმარი ჩამოგვივიდა...


ქართული ნობათით დატვირთული ჩამოვიდა ციური დეიდა. ძლივს შემოიტანა ჩემმა დამ უზარმაზარი ჩანთა ოთახში. ყველაზე მეტად გაზეთები, ცხვრის ყველი, დედას პური და ტარხუნა გამეხარდა :). დედაჩემს, რომელსაც მეხუთე დღეა თითქმის არაფერი უჭამია, ძლივს წავართვი ხელიდან შემწვარი მწყერი. არც ტარხუნაზე თქვა უარი, არც ლობიანზე და სულგუნი ისეც ეჭმევა და -ამას მაინც ვერ დამიშლიო, ნიშნის მოგებით მითხრა :). მოკლედ, დიდი, ქართულსურნელიანი სუფრა იშლება დღეს ჩვენს სახლში. ახლა ჩემს შუათანა დას და სიძეს ველოდებით. თოკო, ჩემი დისშვილი თავის მაქსისთან ერთად მოვა :). მაქსი პატარა იორკია. გულში ჩახუტებული დაყავს ჩემს დისშვილს. მე მგონი, ჩვენზე ძალიან უყვარს :). ჰოდა, დედაჩემს ვუთხარი, სანამ დროა, ეგ მწყერი შევინახოთ, თორე მაქსის ლუკმა გახდებათქო და გაგიჟდა კინაღამ ციური დეიდა -მთელი დღე მყავდა თემურიკა მინდორში გაგდებული ამის მოსანადირებლად და ცოცხალი თავით მაქსის როგორ ვაჭმევ მაგასო :). გიგუნა დილაადრიან გავიდა სახლიდან. ორი კვირის წინ რაღაც უცნაური ველოსიპედი იყიდა, არც ვიცი რა ქვია. წინა ნაწილი, ანუ რული ბორბალთან ერთად ყველა მხარეს ტრიალებს. ჰოდა, მას მერე დალურჯებული დადის. ახლაც, მოვიდა სახლში და კურტკა გადაგლეჯილი ქონდა იდაყვზე. ეტყობოდა, მაგრად ტკიოდა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა, -არაფერიაო, თქვა. თან ციურის ნობათი რომ დაინახა, არაა გამორიცხული, მართლა დაავიწყდა ტკივილი :).
დღის სამ საათზე დაწყებულ წერას ღამის პირველ საათზე ვაგრძელებ. რომ მეგონა, მშვიდად დავჯდები, დიშვილები სახლში არიან, ჩემი და სახლშია, ციურია, არც დედაჩემს მოაკლდება ყურადღება და არც ჩემ ბავშვებსთქო, ატირებული ჩამომიყვანეს ანი ზემოდან -ლატო დატოვე დედაააა, მოთქვამდა ბოლო ხმით. სამაგიეროდ ახლა ტკბილი ძილით ძინავს და დილის 7 საათამდე გარანტირებული ვარ, რომ არც ეგ და არც ნინო არ გაიღვიძებს.
ჰო, გაზეთები ჩამოიტანა ციური დეიდამ და მაგრად გამეხარდა. გასული კვირის ქრონიკა, ასავალ-დასავალი და ორი კვირის წინანდელი ქართული სიტყვა. ტარხუნაც ძველ გაზეთებში ქონდა გახვეული და ისიც სათუთად მოვხსენი და ახლა წინ მილაგია. ჯერ მხოლოდ ქრონიკაზე მოვახერხე თვალი გადამევლო. გია გაჩეჩილაძის სატელევიზიო ინტერვიუ აქვთ დაბეჭდილი. ისე, მაგრად მაინტერესებს, რა კითხვებს უსვამენ და რას ამბობს. წერას რომ მოვრჩები, უნდა წავიკითხო. საინტერესო სათაურები კი მომხვდა თვალში, მაგრამ, გაზეთი სავსეა ინტერნეტიდან ამოღებული უცხოური მიედ-მოედებით. ადრე ასე არ იყო, უფრო საინტერესო მეჩვენება ადრინდელი ქრონიკა. ქართულ სიტყვაში ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუს წაკითხვა მოვასწარი კიდევ. კარგი ინტერვიუ იყო, მომეწონა. გახსნილად ლაპარაკობს. ისე, პავლიაშვილს ეხერხება რესპოდენტები თავის დაკრულზე აცეკვოს.
ხო, კინაღამ დამავიწყდა. დედაჩემი და ჩემი დები დამცინიან, გასული საუკუნის გადმონაშთო, ეგ ნაკუწები რომ მოაგროვე, რად გინდა, კომპიუტერთან ათენებ ღამეს და იქ წაკითხვა არ გირჩევნიაო?. სინამდვილეში ასავალ-დასავალის ეს ნომერი უკვე წაკითხული მაქვს კომპიუტერში, მაგრამ, რაშია საქმე იცით? ქაღალდზე დაწერილი სულ სხვანაირად იკითხება, სხავანაირი მარილი აქვს შავი, დადღაბნილი ტუშით ნაბეჭდი გაზეთი რომ გიჭირავს ხელში. მგონი მართლა ჩავრჩი გასულ საუკუნეში... :).
დედაჩემს ვუყურებდი დღეს. ძალიან შეიცვალა. დილით, ციური რომ მოვიდა, ცდილობდა მხნედ და ყოჩაღად დაეჭირა თავი. წეღანაც ვთქვი, ჭამა კიდეც, მაგრამ მერე, უცბად მოეშვა. ძალიან უნდოდა, მაგრამ არაფრით აღარ გამოდიოდა "კარგად ვარ, არაფერი მიშავს" თამაში. ბავშვივით გახდა. ყველაფერზე გული უჩუყდება და ყველაფერი წყინს. შეიძლება არც წყინს, მაგრამ, ის, რასაც ადრე ყურადღებას არ აქცევდა, დღეს ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია და თუ რამე არ მოეწონა, გულდაწყვეტილი, რომ რაღაც კარგად ვერ გვასწავლა, რაღაც შეეშალა, გვაძლევს შენიშვნას. ბავშვებზე დარდობს ძალიან. -გიგას ყურადღება მიაქციეთო, სულ წუხს. 16 წლის ბიჭია და ახლა თუ ამოვარდა კალაპოტიდან, ვეღარ უშველით მერეო. ნინიკოზე წუხს კიდე ძალიან. სიგიჟემდე უყვარს ნინო და სულ ტირის, ახლა ჩემი სიკვდილი როგორ შეიძლება, ბებო, შენ ყველაზე მეტად გჭირდები და ახლა მივდივარ მაინც და მაინცო. ადრე კიდევ ვეპასუხებოდით, სისულელეებს ნუ ამბობთქო, მაგრამ ახლა უკვე ღიზიანდება ძალიან და აღარაფერს ვამბობთ. დღეს პირველად ორი კვირის განმავლობაში არ დავრჩი ზემოთ და რაღაცნაირად ვარ, გული მეთანაღრებასავით.
რა კარგ ნოტებზე დავიწყე წერა და მაინც არ გამომივიდა ბოლო აკორდიც დასაწყისის მსგავსი ყოფილიყო. ხვალ, მაქსიმალურად უნდა ვეცადო, რამე სახალისო და გასართობი დავწერო. მოკლედ, საკუთარ თავს მოვუწოდებ - არც ერთი ტკივილიანი და ცრემლიანი სიტყვა ხვალინდელ პოსტში!!!

суббота, 1 мая 2010 г.

გამარჯობა, მა!




(ფანჩატური კაკლის ხეზე :))


-ალო, გისმენ!
-გამარჯობა, მელო, როგორ ხარ?
-გამარჯობა დაიკო, ვერ გიცანი.
-ხო ხარ ღირსი, ყურმილი გაგითიშო. რა დაიკო, მე ვარ, მა.
-უი, ბარდღუნია, რავა ხარ შვილო, რავა ვერ გიცანი მამა, უცბად ვერ გიცანი თორე.
-რას შვები, მა, როგორ ხარ. ხო არ დაბერდი ბიჭო?
-ბებერი ხარის რქებიც ეწევიანო, მამა, ხო გაგიგია, მასე ვარ მეც. მამენატრეთ ძალიან, თქვე მაიმუნებო. აღარ ჩამოდიხართ გოგო?
-რა ვიცი, მამა, ამ ზაფხულს ვაპირებთ და ვნახოთ...
-ბოვშები მენატრებიან, შვილო. მაგათი ველოსიპეტები აქანა კიდია ბეღლის კედელზე, არ ვაკარებ არავის. ბურთი დაჩუტულა გოგო და ვერ გავაბერიე, კამერა გოუფუჭდა ეტყობა.
-შენი ჭირიც წაუღია, მეტი სადარდებელი არ გქონდეს რა...
-ბოვში რო ჩამოვა და არ დახვდება აბა. ის ფანჩატური, კაკლის ხეზე რო გოვუკეთე, უფრო გავამაგრე, მამა. კიბე გამოვუცვალე და პოლიც შევცვალე. ბიჭები მევიხმარე, თორე მარტო რას ვიზამდი.
-ეგ მეც კი გამეხარდა მელუა :) , სხვა, შენ როგორა ხარ.
-მე რა მიჭირს გოგო, ქე გამომაღამდა თვალები თქვენ ლოდინში მარა, არ შეგიძლიათ, ეტყობა, თუ არა, ხო ჩამოხვიდოდოთ.
-კი, მამა. ამ თვეში ვერ გამოგიგზავნეთ, მა, ფული და, რას შვები, რას ჭამ?
-არ ინერვიულო, შვილო. ის კიდე შემომრჩა ცოტა. რაში უნდა დავხარჯო, მამა, პაპიროსს თუ ვიყიდი და შაქარს და პურს, თორე ისე ქე მაქვს ყველაერი სახში.
-რა გაქვს, მამა, მამიდამ ძლივს დადის, ფეხები ტკივაო და...
-კაი, ნუ იცის მაგან გადამეტება, რა ძლივს დავდივარ. პამიდორი და კიტრი მოვიყვანე მამა, ბადრიჯანიც მექნება წლეულს, მწვანილი ჩემგან მიაქვთ მეზობლებს. ძროხას შეუნგრევია კარები და მომასწრო და ერთი პირი კი გადამიჭამა, მარა სუხოს დოუნახია და გამორეკა მალე. წიწილებიც დავზარდე წელს მამა და რო ჩამოხვალთ სუ სახლის ვარიები უნდა გაჭამოთ. ძროხა მაწვალებს ცოტას, ხბოს არ იკარებს და შრატით ვზრდი იმ საწყალს.
-ყოჩაღ, მელუა, აღარ ხუმრობ, ხო იცი. ძაან მოგიქაჩლებია თავი :)
-იჰ, ვენახი გვაქვს მამა, გეიხარებთ რო ნახავთ. ქე მეშინოდა, არ ივარგათქო, მარა, ისე დეისხა წელს, ერთი ოთხი ტონა ქე უნდა მეიკრიფოს.
-უფ, ჩვენი ძველი რქაწითელისნაირი მაინც არ იქნება და...
-დაგიტოვეთ მამა, სამი პლანი დავტოვე ისიც. ძაან არი დაბერებული და რა მექნა აბა, გოგო.
-ყოჩაღი ბიჭი ხარ, მელო, ყოჩაღიიი.
-გოგო, ბოვში რავა არის. რო დამანახე მაშინ კომპიუტერში, სუ არ დევიჯერე არაფერი მამა. ლოქოა ეგ მაიმუნი.
-ვინ არი, ლოქო, ბიჭო...
-ანოზეც ქე მეჩხუბებოდი, სინდიოფალას ნუ უძახიო, მარა,ქეა ყველაზე ლამაზი სინდიოფალაი და...
-კაი, ხო, გეხუმრები, რაც გინდა ის დაუძახე :)
-ჰო, მამა, დამოკოცნე ბოვშები. დედაშენი რავა არის?
-არის რა, რა გითხრა აბა.
-არ უნდა შეშინდეთ, მამა. ყოჩაღია დედაშენი და კაათ გახდება.
-ხო, მამა.
-გიგა რას შვება, ცოლი ხო არ მოყავს მაგ მამაძაღლს :)
-გაჩუმდი, რა დროს ამის ცოლია...
-აქ ქე დაძვრებოდა გოგუებში და...
-არც აქ აკლებს, მაგრამ... სხვას რას იტყვი ახალს?
-ბენია დავასაფლავეთ გასულ შაფათს მამა.
-უი, საწყალი, რა დროს მაგის სიკვდილი იყო.
-ჰო, უცბად მოკვდა ცხონებული.
-აღდგომას მოილხენდით ალბათ, ყველა ჩამოვიდოდა.
-აპა რა ქნეს. ჯერ აქანა გევედით ბებიას საფლავზე და მერე ნანუასთან წევედით ყველა, დეზოს წოვუქციეთ თითო ჭიქა... ძაან არი მოტეხილი ნანუა...
-ველაპარაკე ტელეფონზე, მა. შენ ხო არ ეპარები კიდე ორნახადს, ჰა?
-არა, შვილო, თქვენ თავს ვფიცავარ. ერთი ჭიქის მეტი არ დამილევია აღდგომასაც. სუ არ ვსვამ მამა, სადღა შემიძლია, მოვრჩი უკვე მაგ ამბავს.
-ჰოდა ძალიანაც კარგი. თავს გაუფრთხილდი, რა, მამა...
_აბა რას ვიზამ გოგო, აქ მეტი არავინაა და ტავსაც თუ არ გოვუფრთხილდი, რა ვყოფილვარ მაშინ :)
-ჰო, სიცილში გამიტარე, აბა შენ იცი...მა, უნდა გავთიშო უკვე, გაიღვიძა შენმა ლოქომ და მივხედო უნდა.
-მიდი, მამა, გეიხარეთ შვილო, გეიხარეთ. ჩამოით დროზე.
-კაი, მამა, გკოცნი, ყოჩაღად იყავი და დაგირეკავ ამ დღეებში კიდევ.
-მიდი, შვილო, გკოცნი ბარდღუნია. კარქათ იყავით, მამა, კარქათ...

четверг, 29 апреля 2010 г.

ბებიაჩემი - ნუცა


ბაბუაჩემი 1973 წელს, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. სადღაც, შეუცნობლად, ჩემს მეხსიერებაში შემორჩენილია მოხუცი, ულვაშებიანი კაცი სავარძელში ზის, ხელში ყალიონი უჭირავს. დედაჩემი გავს ბაბუას.
ისე მოკვდა, დედაჩემს დედა ვერ მოაძებნინა...
ბაბუაჩემს, მამაჩემის მამას, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრობისას ყური მოუკრავს, კონსტანტინე ამაშუკელს ულამაზესი ქალიშვილი ყავს გასათხოვარიო. რადგან მამაჩემი უკვე იმ ასაკში გახლდათ, ერთი აკვანი მაინც რომ უნდა ირწეოდეს ოჯახში მის სახელზე, ბაბუას დაწვრილებით გამოუკითხავს ულამაზესი, გასათხოვარი საპატარძლოს ვინაობა და ერთი კვირის შემდეგ მომავალ მოყვრებს გასაცნობად სწვევია. დედა სახლში არ ყოფილა. ბაბუას მის დასაძახებლად ვიღაც გაუგზავნია-სასწრაფოდ მოვიდეს სახლშიო. და რადგან სასწრაფოდ-ო, დედაჩემს 5 წუთში ცხენი შეუჭენებია ეზოში. მერე ბაბუაჩემი(მამაჩემის მამა) იხსენებდა -მსგავსი სილამაზე იმ ხნის კაცს არ მენახა. ამორძალივით შემოაჭენა ცხენი ეზოში, ყვითელი, ხვეული თმა წელამდე წვდებოდა. მაშინვე გავიფიქრე, ეს აუცილებლად გახდება ჩემი რძალი-თქო. დედა მაშინ 18 წლისაც არ იყო. შეყვარებული ყოფილა სოფლელ, გლეხის ბიჭზე, მაგრამ ბაბუაჩემი, თავადი ამაშუკელი აზნაურის გვარმა და წარმომავლობამ მეტად მოხიბლა.ისე, რომ დედაჩემისთვის არც უკითხავს, ერთადერთი ქალიშვილის გათხოვება წამებში გადაწყვიტა. მამაჩემი მეორე თუ მესამე დღეს მივიდა საცოლის სანახავად. -პირდაღებული დავრჩი, რომ დავინახე. მამაჩემმა კი დამიხატა, მაგრამ მისი ბოლომდე არ მჯეროდა, ანგელოზი მოდიოდა ჩემსკენ.-წლების მერე თქვა მამამ.
უზარმაზარი ქორწილი გადაიხადა ორივე მხარემ. სამი დღე დედას და სამიც მამას ოჯახში ქეიფობდა თურმე სიძისა და პატარძლის მაყარი. დედა აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე სწავლობდა მაშინ. პირველი უთანხმოება ჩემს მშობლებს შორის სწავლის გამო მოხდა-მამაჩემის დაჟინებული მოთხოვნით დედამ ინსტიტუტი დატოვა. ცხრამეტი წლის ხდებოდა დედა მე რომ დავიბადე. დიდი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ, მამაჩემი დაუთანხმებიათ(იმედი ქინია, რომ ჩაიჭრებოდა) და დედამ სამნედიცინოზე ჩააბარა. სულ რამდენიმე თვე იარა ლექციებზე. მამაჩემი პატიმარი იყო და ისევ კატეგორიულად მოუთხოვია, -პატიმრის ცოლი სახლში უნდა იჯდეს-ო. მამას განთავისუფლების შემდეგ კიდევ ერთხელ, დედაჩემი პედაგოგიური ინსტიტუტის დაუსწრებელი ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. დედას სწავლისადმი ლტოლვას და მამაჩემის წინააღმდეგობას შორიდან ადევნებდა თვალს თურმე ბაბუაჩემი. ძალიან განიცდიდა, მაგრამ ხმას არ იღებდა, ან რა ქონდა სათქმელი-თავისივე მოწონებულ სასიძოზე აუგს როგორ იტყოდა :).
ერთ დღესაც ვიღაც მოვიდა ჩვენთან დსა ბაბუას გარდაცვალების ამბავი მოიტანა...
რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც დედა და მამა ერთად აღარ ცხოვრობდნენ, დედაჩემმა ერთი კვირით ბებიასთან დაგვტოვა და დაღესტნის სოფელ ხასავიურთში წავიდა... დედის მოსაძებნად.
ხასავიურთი მთებში გაშენებული სოფელია.(ახლა უკვე რაიონის ცენტრია, თუ არ ვცდები) ჯერ მახაჩკალაში ჩასულა დედა, მერე იქედან სამი თუ ოთხი ავტობუსი გამოუცვლია და სოფლამდე გვიან ღამით ჩაუღწევია. სახელი იცოდა მხოლოდ დედის, ქმრის გვარი ბაბუასაც არ ცოდნია. გვიან ღამით, სოფლის ჩაბნელებულ ორღობეში მდგარ დედას პირველად შეშინებია -როგორ ვიპოვი, ვისთან მივიდე, ან, ვახსოვარ კი? ენდომება ჩემი გახსენება? ამ დროს ვიღაცას გამოუვლია. შუა გზაზე გაჩერებული ქალისთვის ყურადღება მიუქცევია, ვინ ხარო, უკითხავს. დედა გამართულად ლაპარაკობს დაღესტნურ ენაზე და უცნობისთვის -მოლა სად ცხოვრობსო, უკითხავს. არ დაუმადლებია უცნობს და მოლას სახლამდე მიუყვანია დედა. მთელი ღამე უყვებოდა თურმე დედა მოლას თავის ამბავს. უთქვამს, რომ დედას ეძწბს, რომ არ იცის ცოცხალია თუ არა, ისევ ამ სოფელში ცხოვრობს თუ არა და საერთოდ, არაფერი არ იცის მასზე გარდა სახელისა და ეროვნებისა. მეორე დილით მოლას კაცი გაუგზავნია სადრაც და ცოტა ხნის შემდეგ დეაჩემისთვის, შირმის უკან დაჯექი და ხმა არ ამოიღოო, უთხოვია. ქალი შემოსულა მოლას სახლში, მაღალი, წელში გამართული, მტკიცე და ამაყი ნაბიჯებით. -რამდენი შვილი გყავს, ნუცა-უკითხავს მოლას. გაკვირვებია ქალს, განა არ იცი, სამი ვაჟი მყავსო. ყურანი მიუწოდებია მოლას ქალისთვის და უთქვამს-დაიფიცე, რომ მეტი შვილი არ გყავსო. გაფითრებულა ნუცა. თავი დაუხრია, ძლივს გასაგონი ხმით უკითხავს -რა მოუვიდა ჩემს შვილს-ო. მერე უამბია მოლასთვის, უსიყვარულოდ გავთხოვდი, ქართველ, შეძლებულ თავადს გავყევი ცოლად. ერთი წლის შემდეგ ყოფილი ცოლი დაუბრუნდა, იძულებული გავხდი, ოჯახიდან წამოვსულიყავი და ორი თვის ბავშვი დამეტოვებინა. -რატომ დატოვე ბავშვი-ო, -უკითხავს მოლას. -ვერ გავზრდიდიო, არ დაუმალავს ნუცას. ქმარიც თავად შემირჩიეს და ქონებაც მომცეს. უარი რომ მეთქვა, ახალ ომგადატანილ ქვეყანაში, უსახლკარო და ცარიელ-ტარიელს რა უნდა მექნა, სხვა გამოსავალი არ მქონდა-ო. შენი შვილი გეძებსო-ფეხზე წამომდგარა მოლა. სამაგიეროდს ნუცა დაცემულა, სულ რამდენიმე წამით. სად არისო, უკითხავს და მოლას მზერისთვის გაუყოლებია თვალი. შირმის უკან მჯდომ დედაჩემთან მისულა, ნიკაპზე მოუკიდებია ხელი, თავი მაღლა აუწევინებინა და დიდხანს, უსიტყვოდ უყურებდა თურმე თვალებში. მერე -ზურგი მაჩვენეო, მოუთხოვია. უსიტყვოდ დამორჩილებია დედა და როდესაც ნუცამ მის ზურგზე დიდი ხალი დაინახა, მხოლოდ მაშინ ჩაუხუტებია გულში. მაგრამ, არ იყო ეს დედის ჩახუტებაო-იხსენებდა დედაჩემი. რაღაცნაირი, ცივი, მორიდებული და შორი ჩახუტება იყოო ძალიან. სახლში წაუყვანია ნუცას დედაჩემი, ძმები გააცნო, ქმარი გააცნო, სამი დღე და ღამე მოეფერა, ეცადა, დედა ყოფილიყო მისთვისაც... სამი დღის შემდეგ, როცა ავტობუსში სვამდა, მართლა ჩაუხუტებია დედა, ისე, როგორც დედა იხუტებს შვილს, სიყვარულით, სითბოთი და ტკივილით სავსე ყოფილა ის ჩახუტება. -მაპატიე, შვილო -ყურში უთქვამს ნუცას.
მერე იყო წერილებისა და ყოველდღესასწაულზე საფოსტო ბარათების, იგივე "ატრეტკები"-ს(ასე ვეძახდით მაშინ :)) მიღება-გაგზავნა. ყოველ წერილში, -შვილიშვილები ჩამომიყვანეო, თხოვდა ნუცა დედას. მესამე თუ მეოთხე კლასში გადავდიოდი, როდესაც დედამ თბილისში ჩამოგვიყვანა. ცაგვსვა ავტობუსსი და პირველად ჩვენს სიცოცხლეში,ხანგრძლივი მოგზაურობა მოგვიწყო. დღესაც მახსოვს როგორ მეშინოდა, როდესაც ყაზბეგისკენ მიმავალ უღელტეხილის გზას დაადგა. ასე მეგონა, ყოველი მომდევნო მოსახვევი უკანასკნელი იქნებოდა ჩვენთვის. მერე, პაპანაქება ზაფხულში აქა-იქ შემოჩენილმა, გაშავებულმა თოვლმა და იქვე, ულამაზესი ყვავილებით გადაჭრელებულმა ფერდობებმა გამაოცა. არასოდეს მენახა გვირაბი. და როდესაც ავტობუსი გვირაბში შევიდა(ახლა გაუქმებულია ის გვირაბი), ავტობუსის მგზავრები და დედაჩემი ჩემს რეაქციაზე ხმამაღლა იცინოდნენ. მოკლედ, ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ მახაჩკალაში ჩავედით, მერე, დედაჩემის ძველი მარშრუტი გავიმეორეთ, რამდენიმე "პაზიკი" ავტობუსი გამოვიცვალეთ და ხასავიურთში ამოვყავით თავი. მართლა არ შემიძლია იმ გრძნობის გადმოცემა, რაც მაშინ დამეუფლა. სიხარული და ზიზღი ერთმანეთში იყო არეული. მიხაროდა, რომ ბებია უნდა მენახა. ზიზღი კი სახლებმა გამოიწვია -გამომწვარი ფუნით იყო ყველა სახლი აშენებული. ყველა ერთნაირი, არაფრით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.
ნუცა ბებიამ მართლა დიდი სიყვარული გვაჩვენა. მახსოვს, რომ ძალიან ბედნიერი იყო დედა. ძალიან ბედნიერები ვიყავით ჩვენც. დილიდან დაღამებამდე აქეთ-იქეთ, მთაში დავრბოდით სოფლელ ბავშვებთან ერთად. ერთმანეთს თითქოს ვერაფერს ვაგებინებდით, მაგრამ მაინც ყველაფერი გვესმოდა. ხელებით და მიმიკებით ისე ვსაუბრობდით, სიტყვები სულ აღარ იყო საჭირო.
ორი კვირა ვიყავით ხასავიურთში და ის ულამაზეს იორი კვირა სულ მემახსოვრება.
მომდევნო ზაფხულს დეპეშა მივიღეთ დაღესტნიდან -ნუცა უეცრად გარდაიცვალა. საღ-სალამათმა ღამით დაიძინა და დილით აღარ გაიღვიძა...

вторник, 27 апреля 2010 г.

"+" - "-" = გრძელ ჭიას უხარია

გუშინ სასწაული მოხდა ჩემს ბლოგზე.
მკითხველს ჩემი ბოლო ორი პოსტი მოეწონა და რასაც არაფრით არ მოველოდი, ბლოგზე უამრავი, (ჩემთვის უამრავი, თორემ სხვისთვის ეს ალბათ სასაცილო რაოდენობაა)33 უნიკალური ვიზიტორი და 125 ჰიტი დაფიქსირდა. ბოლო პოსტებმა ბევრი + მიიღეს საჩუქრად. ახლა, როცა ბავშვებს ძინავთ და როცა საშუალება მაქვს წყნარად დავჯდე და როგორც ადრე ვთქვი, ჩემი ჭია გავახარო, გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა. ბლოგროლი მინუსებით შემომეგება. იმდენივე მინუსით, რამდენიც + იყო. დისკუსიებში იყო ამის წინ თემა გახსნილი პლიუს-მინუსებთან დაკავშირებით და მხოლოდ მაშინ გავიგე, რომ ეს პლიუსები და მინუსები პოსტის რეიტინგს ემსახურება. რომ ვთქვა, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, წარმატებულია თუ არა პოსტი, ტყუილი იქნება. აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ჩემთვის მთავარი ეგ არ არის.

არ მინდა ვინმემ იფიქროს, მოვიდა ვიღაც დეიდა(ასაკს ვერსად გავექცევი), მოყვა ზღაპრები, კიდევ მოყვება, ზოგს თავად შეეცოდება, ზოგს თავს შეაცოდებს და რა ვიცი კიდევ...
საქმე რაშია იცით? მთელი ცხოვრება საკმაოდ აქტიური და ყველაფრის მიუხედავად, ჩემი გადასახედიდან, ლამაზი ცხოვრებით ვივხოვრე. რაც არ უნდა გამჭირვებოდა, არასოდეს დავცემულვარ, ყოველთვის მჯეროდა, რომ დღეს თუ არა, ხვალ ყველაფერი კარგად იქნება. აქ, ქართულ ბლოგზე თქვენთვის ყველასათვის ნაცნობი და ჩემი უახლოესი მეგობარია, ნიკოლე. მისგან ვისწავლე, არაფერი ხდება ისე, არაფრისათვის. რომ ცუდი იმიტომ მოდის, რომ ხვალ კარგმა შეცვალოს. და მე მართლა არ გამჭირვებია არასდროს - ვმუშაობდი ძალიან ძლიერ გაზეთებში და არასდროს არ ვყოფილვარ წარუმატებელი ჟურნალისტი, თუ ხანდახან სიზარმაცის გამო მომხდარ ჩავარდნებს არ ჩავთვლი. მყავს უამრავი, საოცრად კარგი და ერთგული მეგობარი, მაგრამ დღეს ისინი შორს არიან ჩემგან(ან მე ვარ შორს მათგან). აქ მყავს დედა, დები, დიშვილები, შვილები, მაგრამ არ მყავს არავინ სხვა. და ჩემში რაღაც მოხდა. დიდხანს არ მინდოდა საკუთარ თავთან მეღიარებია, მაგრამ ძალიან დიდი ცვლილება დავინახე ჩემს თავში.


სამი წლის წინ, როცა ანი სულ რაღაც 10 დღის იყო, ასეთი ვიყავი













ახლა ასეთი ვარ




სამწუხაროდ, ეს ცვლილება მხოლოდ გარეგნულ მხარეს არ ეხება. მოხდა ისე, რომ წელიწადზე მეტია სახლიდან მხოლოდ ბავშვების გასასეირნებლად ან ექიმთან გავდივარ. როდის დავლიე ყავა ბოლოს სახლის გარეთ, აღარ მახსოვს. ჰოდა, ადამიანებთან ურთიერთობა მომენატრა, მერე რა რომ უცხოებთან... ლაპარაკი მომენატრა, განთავისუფლება დამჭირდა უამრავი, სადღაც, ჩემთვის უხილავ ადგილზე თავმოყრილი უარყოფითი ემოციებისგან. და ვფიქრობ, გამოსავალს მივაგენი. ნუ იფიქრებთ, რომ, რომ არა ეს ბლოგი, სულ მთლად წასული იყო ჩემი საქმე. ბლოგი ერთგვარი გასართობია ჩემთვის. ადრე, გაზეთისთვის სტატიას რომ ვწერდი, ვცდილობდი, გაზეთის სტილიდან არ გადამეხვია და რედაქტორის გემოვნება დამეკმაყოფილებინა. ახლა, აქ, ჩემს ტკივილიან ბლოგზე ვწერ ისე როგორც მინდა და ვწერ იმას, რაც მინდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, გასართობი ვიპოვე და ამით ძალიან კარგად ვგრძნობ თავს :)
რა შუაში იყო "+" და "-" ამდენი ლაი-ლაი, მაგრამ, ისევ გავმეორდები და ვიტყვი: მე ჩემს ძალიან გრძელ ჭიას ვახარებ და მინუსი ოდნავ, მხოლოდ რამდენიმე წამი თუ დამაფიქრებს, ღირს კი ეს ჭია სხვებთან ერთად გავახარო?

მე, ანი :)


ამ ქვეყანაზე სამი წლისა და ორიოდე თვის წინ მოვედი. უამრავი ადამიანი მელოდებოდა - დედა, რომელიც თითქმის მთელი ცხოვრება ოცნებობდა ჩემზე. მამა, რომლისთვისაც მე დიდი მოულოდნელობა ვიყავი. ბებია, რომელიც ვარშავიდან სპეციალურად ჩემთვის ჩამოვიდა საქართველოში. დეიდები, დეიდაშვილები, ბაბუა, ბიძაშვილები, დედას და მამას მეგობრები. მოკლედ, მე რომ დავბადებულვარ, მეოთხე სამშობიაროს ეზოში ძლივს ეტეოდა თურმე ჩემი მომლოდინე ხალხი :). მამამ ძალიან მაწყენინა და მხოლოდ მესამე დღეს მნახა. მთლად მისი ბრალიც არ ყოფილა - პირველი შვილის დაბადება რესტორანში აღუნიშნავს, უზომოდ გახარებულს უზომოდ ბევრი დაულევია და იქედან სამდღიანი დასასვენებელი საგზურით თბილისის პოლიციის სამმართველოში ამოუყვია თავი. დედა არ მეუბნებოდა მამა რატომ არ მოდიოდა, თავადაც არ იცოდა და მე რას მეტყოდა :). მერე, მოვიდა მამა, ჩამიხუტა და მაშინვე ძაააალიან შემიყვარდა. სახლში 5 დღის მერე წამიყვანეს, სათამაშოებით სავსე ოთახში შემიყვანეს და ჩემს საკუთარ, თეთრი ფერის, თეთრი ბალდახინებითა და მუსიკალური კარუსელათი მორთულ საწოლში ჩამაკოტრიალეს. მას მერე უკვე ვიცი, რომ არსებობს რაღაც, რაც მხოლოდ ჩემია. მთლად მესაკუთრე არ ვარ, მაგრამ ხანდახან ვბრაზობ, როცა ჩემი სათამაშო უცბად სხვის ხელში აღმოჩნდება, ან კომპიუტერთან ზის ჩემი უფროსი დეიდაშვილი, არა და მე მისი კომპთან ჯდომა არ მჭირდება. არ თქვათ ცუდი გოგო ყოფილხარო - პატარა ვარ და ხანდახან ჭირვეულობა მეპატიება :).
პირველად, თუ სწორად მახსოვს, პაწაწუნა ფეხზე ნემსი რომ გამიკეთეს, მაშინ ვიტირე. რას მერჩით-თქო, სულ ხმამაღლა ვყვიროდი. თურმე, იმიტომ მატირეს, რომ აცრა გამიკეთეს. იმის მერე ვერ ვიტან აცრას და ექიმს. რომ იცოდფეთ რა კარგად მახსოვს, პირველად სასეირნოდ რომ წამიყვანა დედამ. მთელი 40 დღის განმავლობაში, დღეში რამდენჯერმე აივანზე გავყავდი 5-10 წუთი, ჯერ არ შეიძლება ქუჩაში შენი გაყვანაო. ერთ დღესაც მამას დაურეკა სამსახურში, მუშტაითის პარკში მიმყავს ანი-ო. შეწუხდა ძალიან მამა, მეც მინდოდა პირველი სეირნობის თანამონაწილე ვყოფილიყავი, მაგრამ სამსახურიდან ვერ წამოვალო. მერე გამომპრანჭა დედამ და გავედით ქუჩაში. ეზოში რომ ჩავედით, დედიკოს დეიდაშვილი მოვიდა თავის ცოლთან ერთად და ვაკის პარკში მივდივართ და იქ წამოდით და ჩვენც წავედით. ცოტა ხნის მერე მამიკომ დარეკა, სად ხართო. რომ გაიგო, ვაკის პარკშიო, გაბრაზდა და ყურმილიო გათიშა. მერე დედამ მასიჯი მიიღო - მაქედან რომ წამოხვალთ, ზოოპარკში შედით აუცილებლად, მერე კიდე, კარგი დასია ჩამოსული და ცირკშიც შეიარეთო :). თურმე, მამას უთხოვია თავის უფროსოსთვის, ერთი საათი გამანთავისუფლეო და მთელი მუშტაეთის პარკი მოურბენია ჩვენს ძებნაში და რომ ვერ გვიპოვა, ეწყინებოდა, აბა რა იქნებოდა.
4 თვის ქრისტიანი, მირონცხებული ანი გავხდი. მყავს 7 ნათლია - თამუნა (სურათზე ჩემტან როა)ნანა, მანანა, ირაკლი, ვანო, შოთა და დათო ნათლიები - დედიკოს და მამიკოს ბეგობრები. თურმე ყველას უნდოდა მათი ერთადერთი შვილის ნათლია ყოფილიყო. რა იცოდნენ, რომ ნინიკოც ეყოლებოდათ :) .
შვიდი თვის ვიყავი, ჩემთვისა არავის არაფერი უკითხავს, ისე ამომაყოფინეს თავი ვარშავაში. ჯერ მარტო მე და დედიკო წამოვედით, მამიკო, აეროპორტში რომ გვაცილებდა, ტიროდა. აქ ბებო, დეიდები და დეიდაშვილები დაგვხვდნენ. ჩემი დეიდაშვილები ძლივს ლაპარაკობენ ქართულად, მე ჯერ კარგად არ ვიცი ლაპარაკი, მაგრამ პოლონურს მასწავლიან. ერთი თვის მერე მამაც ჩამოვიდა ჩვენთან. ერთხელ, ყური მოვკარი, მამიკო და დედიკო როგორ ცურჩულებდნენ, მალე ანის პატარა დაიკო ეყოლებაო. ძალიან გამეხარდა. დეიდაშვილები კი მყავს, მაგრამ ისინი დიდები არიან და ხანდახან არ უნდათ ხოლმე რომ მეთამაშონ. ჩემი დაიკო რომ მეყოლებოდა სულ ვითამაშებდით. ერთხელ, დილით რო გავიღვიძე დედიკო არ იყო სახლში. მეორე დღეს ბებომ და მამიკომ სადღაც წამიყვანეს. ის სადღაც ბავშვებს რომ ყიდულობენ, ის სახლი იყო თურმე. დედიკო იქ იყო. კიდევ ჩემი დაიკო იყო იქ. ისეთი პატარა იყო, რო ხელი არ მომაკიდებინეს, ეტკინებაო. ცემ დაიკოს ნინო ერქვა, მე ნუნოს ვეზახდი. სახლში მოსვლა არ უნდოდა ნუნოს, მე კიდე დედიკოსტან მინდოდა. დედიკო რაღაცნაირად დადიოდა, წელში იყო მოკუზული. აი, ფიფქიაში რო ბოროტი, ბებერი ბაბაა, ისე. მერე მე, მამიკომ და დეიდამ დედიკო და ნინო სახლში წამოვიყვანეთ. თავიდან ახლოს არ მაკარებდნენ, პატარააო. ჩემი თოჯინა უფრო პატარა იყო და ის რო მეკავა და არ მივარდებოდა, მაინც არ მიჯერებდა დედა რო ნინოც არ დამივარდებოდა ხელიდან. ახლა ნინო უკვე გაიზარდა და ვეღარ დავძრავ, მაგრამ სულ ვთამაშობთ ერთად. გუშინ სათამაშო მოედანზე ვიყავით და პირველად იტამაშა ნინომ სილაში-სახლი ავაშენეთ, ლამაზი ყვავილები და პეპლები გავაკეთეთ, მაგრამ ცუდმა ბიჭმა დაგვინგრია.
სახლშიო რომ მოვედით ბებოს ვუთხარი და იცინა. კიდე ბებოს ვუთხარი, რომ მიყვარს.
მამიკო ახლა საქართველოშია და ვერ ჩამოდის. დედიკომ ტქვა, მალე მოვაო. სულ ველაპარაკები ტელაფონზე და ზრაპრებს ვუყვები და ვუმრერი. მერე დედა ეუბნება ხოლმე რა ვუთხარი, თვითონ კარგად არ ესმის. ისე, მარტო დედიკოს ესმის ხოლმე კარგად რასაც ვეუბნები. ასე ამბობს, ანის ტავის საკუტარი ლექსიკონი აქვს და მე მასწავლა მხოლოდო. თქვენც გასწავლით ცოტას:
მაგაგონი-მაკდონალდსი
ჰაბუგული-ჰამბურგერი
გილოცავთ ახალ წელს-ფეიერვერკი
გათა-გათენდა
კიკი-კიტრი
ესიბო-ავტობუსი
მოკიკე-მომიყევი
ბაბიძა-გაიღვიძა
რაღაცეებს მერე გასწავლით, თუ გენდომებათ.
კიდე ძალიან მიყვარს სიმღერა. მერი პოპინსის სიმღერას ვმღერი და "ჩემი ხატია სამშობლო"-ს. კიდე ვიცი ცეკვა. ერთხელ მამიკომ მაყურებინა პატარა კინტომ როგორ იცეკვა და მერე სულ ვუყურებდი და მეც ვისწავლე, ოღონდ ისეთი ფორმა მეც მინდოდა და დედიკომ, მანქანა არ აქვს და ხელით შემიკერა.

ხო მაგარი გოგო ვარ?
ახლა უნდა დავიძინო, მერე კიდევ მოვალ თქვენთან და გეჭორავებით :)

понедельник, 26 апреля 2010 г.

ბებიას ნაამბობი...

ბაბუა, (მამაჩემის მამა)დასავლეთიდან კახეთში სამოსახლოს საძიებლად ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე ჩამოსულა. ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში სამოსახლოც უპოვია, ცოლიც მოუყვანია და ბებიაჩემის ცოლად მოყვანამდე დაქვრივება და "გაკულაკებული"-ს სტატუსუს მისაკუთრებაც მოუსწრია. პროფესიიტ ვეტექიმი ყოფილა. ფული თავზესაყრელი ქონია და გარეგნობასაც არ უჩიოდა თურმე. ბებიაჩემი 14 წლის ყოფილა ცოლად რომ მოუყვანია. ცოლისძმას ჩაუყვანია მომავალი ცოლი ჭიათურიდან 20 წლით უფროსი სასიძოსთვის. ასაკის სხვაობის მიუხედავად, ბედნიერი ოჯახი ქონდათ ბებიაჩემს და ბაბუაჩემს. 5 შვილი ეყოლათ, ხუთივე ერთმანეთზე უკეთესები. გაჭირვებაც ბევრი უნახავთ, მაგრამ ცხოვრობდნენ და შვილებით ხარობდნენ, ვიდრე...
მამაჩემი ოთხი დის ერთი ძმაა და რა გასაკვირია, თუ მშობლებსაც და დებსაც მზე და მთვარე ნანატრ ბიჭზე ამოდიოდათ. 21 წლის იყო მამა, როდესაც ვიღაცასთან ჩხუბი მოუვიდა და ერთი წელი ოთხ კედელშუა გამოკეტეს. მეორედ, ისევ ჩხუბისთვის, ოღონდ უკვე სერიოზული ჩხუბისთვის(მილიციელი ცემა)მამა, მე რომ ვიბადებოდი, მაშინ დაიჭირეს. სამშობიაროში, დედაჩემი ქმრის მისვლას ელოდებოდა, რომ თვალებბრიალა შვილით გაეხარებინა. ქმრის ნაცვლად ბებია მივიდა და ცუდი ამბავი მიუტანა. მამას 3 წელი მიუსაჯეს...
11 თვის შემდეგ, პატიმრობაში მყოფმა მამამ დეპეშა მიიღო. _ჯულიეტა გარდაიცვალა... ჯულიეტა მამას უფროსი და იყო. დეპეშის შინაარსს გაუკვირვებია მამა, თუმცა არ შეშინებია, რადგან, წინა თვეში სანახავად მყოფი ბაბუასთვის უთქვამს, ვინმეს ავადმყოფობის შესახებ დეპეშას თუ გამომიგზავნით, არის შესაძლებლობა, რომ 3-4 დღე დამატებით (მიმაგრებაში იყო)გამომიშვან სახლშიო. ჰოდა, ამიტომ არ შეშინებია მამას, მაგრამ დეპეშის შინაარსს გაუკვირვებია, მეტი ვერაფერი მოიგონესო? ციხის ხელმძღვანელობას მამაჩემის თხოვნაც არ დაჭირვებიათ, ისე მიუციათ 1 კვირიანი დამატებითი "პრეპუსტკა". ისანში, (კახეთის მიმართულებით იქედან დადიოდა ადრეც ტრანსპორტი), ტრანსპორტის მომლოდინე მამა მეზობელს შეხვედრია. აქ რას აკეთებო-უკითხავს, დაკრძალვა ხომ დღესააო. გაგიჟებულა მამა, მაშინ მიმხვდარა, რომ დეპეშა მისი გარეთ გაყვანის მიზნით არ იყო გამოგზავნილი. ლაგოდეხის ნაცვლად მამა წითელწყაროში(მამიდა იქ იყო გათხოვილი)წასულა. მიცვალებული ეზოდან ყოლიათ უკვე გამოსვენებული მამა რომ მივიდა...
მამიდა ჩიყვით გარდაიცვალა. ერთი წლის შვილი დააობლა...
ბებიასთვის მამიდაჩემის სიკვდილი სიკვდილზე უფრო საშინელი ყოფილა. თავს იკლავდა თურმე ბებია და ძლივს გადაარჩინეს. მერე, ყოველ მეორე დღეს, დილით ადრე, გამოვიდოდა თურმე სოფლის "ბირჟაზე" და ხან ავტობუსით, ხან ვინმე მადლიერის დახმარებით წითელწყაროში მიდიოდა. საღამომდე ტიროდა შვილის საფლავზე და გვიან ღამით ბრუნდებოდა უკან, სახლში...
ყველა ხედავდა, როგორ იტანჯებოდა ბებია.
ერთი წელი იგლოვა ბიძაჩემმა ცოლი. წლისთავზე დაუძახია მამაჩემისთვის და უთქვამს-ბავშვი ძალიან პატარაა, მიჭირს მარტოს მისი გაზრდა, გადავწყვიტე, ცოლი მოვიყვანო-ო. ბიძაჩემს დღესაც არ ამტყუნებს არავინ, მაგრამ, მაშინ, თურმე, მამაჩემი გადარეულა კინაღამ. -და დამიბრუნე-ო, უთქვამს ბიძაჩემისთვის. ვერ მიმხვდარა თავიდან რას ეუბნებოდა მამა, მერე კიდევ რომ უთქვამს, -და დამიბრუნე, დედაჩემს შვილის საფლავი დაუბრუნეო, ახლა ბიძაჩემი გადარეულა. არ გაბედო და ეგ მეორედ არ მითხრაო. დიდი კამათი მოსვლიათ მაშინ. მერე თურმე ჩვენს სახლში ზედიზედ, რამდენჯერმე, თბილისიდან მამაჩემის ბიძაშვილები ჩამოსულან. უფრო სწორად, მამა ჩამოყავდათ ხოლმე. იმათ კიდევ სხვა, სოფელში მცხოვრები ნათესავები და მამას მეგობრები უერთდებოდნენ, შეიკეტებოდნენ ხოლმე ოთახში და დილამდე ჩუმად ლაპარაკობდნენ. ერთხელაც, ოთახში შეკეტვის ნაცვლად მოსაღამოვებულზე მანქანებში ჩამჯდარან და სადღაც წასულან...
გამთენიისას ბებიაჩემი მამაჩემის ძახილს გაუღვიძებია-დედა, გამოდი, შვილი მოგიყვანე!
მეორედ მოუკვდა მაშინ ჯულიეტა მამიდა ბებიას. კივილით შეუძრავს მთელი სოფელი... სიკვდილიდან წლინახევრის შემდეგ ახლიდან დაასაფლავეს მამიდაჩემი.
ბიძაჩემი? დიდხანს არ ელაპარაკებოდა მამაჩემს. ცოლი მოიყვანა, მაგრამ დღემდე უყვარს მამიდა. არ ყოფილა არც ერთი წელი, რომ აღდგომას და დაბადების დღეს მამიდაჩემის საფლავზე არ ჩამოსულიყოს, ცოლთან ერთად. ცოლი მართლა კარგი მოიყვანა. ნამდვილი დედობა გაუწია მის ობოლ შვილს. 8 წლამდე არ იცოდა ჩემმა მამიდაშვილმა, ვის საფლავზე ჩამოყავდა მამას და დედას. სამაგიეროდ, იცოდა, რომ ჩვენ მისი დები ვიყავით, რომ ბებია მისი ბებია, რომ ყავდა დეიდები, დეიდაშვილები... გამზრდელ დედას დღემდე დედას ეძახის. მამიდაჩემის საფლავზე ყოველთვის შვილი ტირის. ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის იყო და არის დიდი სიყვარულით სავსე.
18 წლის წინ ბავშვობის მეგობარს გაყვა ცოლად - ბებიაჩემის მეზობელს. ორი შვილი ყავს, ორი გოგო. უფროსი, ჯულიეტა, ძალიან გავს თავის ბებიას...

пятница, 23 апреля 2010 г.

ავიაკატასტროფები...

საოცარია,რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი,როცა უყვარს.


четверг, 22 апреля 2010 г.

DZIĘKUJEMY , Z CAŁEGO SERCA DZIĘKUJEMY! გმადლობთ, მთელი გულით გმადლობთ!


ვარშავის გულში ერთი პატარა, 40 კვადრატულ მეტრზე გაშენებული ჩვენი "თბილისი" გვაქვს. პატარა სამზარეულოთი და პატარა დარბაზით-სულ რაღაც 5 მაგიდა და 25 სკამით. ხომ ძალიან პატარაა? სამაგიეროდ, უდიდეს სითბოს და სიყვარულს იტევს აქაური "თბილისი". ესაა საქართველოზე შეყვარებული პოლონელების საყვარელი საქართველო შუაგულ ვარშავაში :).
გუშინ, პოლონურ თბილისში ერთი ქალბატონი მოვიდა-წითელი ტიტების თაიგულით. მოვიდა და -გმადლობთ-ო, გვითხრა, ყვავილები მოგვაწოდა... -გულის კარნახით მოვედი თქვენთან, აუცილებლად უნდა მოვსულიყავიო, გაგვიღიმა.
ამ ქალბატონმა ტიტების გარდა ფურცელიც მოგვცა. ამ ფურცელზეც, გმადლობთო, ეწერა. მსგავსი ფურცელი საქართველოს საელჩოშიც გაუგზავნია ამ ქალბატონს...

ეს ამ ფურცელზე დაწერილი ტექსტის ორიგინალია:


KIEDY CAŁA POLSKA POGRĄŻONA W STRASZNEJ ŻAŁOBIE PŁAKAŁA
I NAWET NIEBO PŁAKAŁO, NAD KTÓRYM UNOSIŁY SIĘ NIEBEZPIECZNE WULKANICZNE OPARY
-TY NASZ WIERNY WSPANIAŁY PRZYJACIELU- DOSTOJNY PREZYDENCIE GRUZJI ŚPIESZYŁEŚ NAS WESPRZEĆ I POCIESZYĆ I ODDAĆ HOŁD I OSTATNIE POŻEGNANIE DLA NASZEJ WSPANIAŁEJ PREZYDENCKIEJ PARY .
NIC CIEBIE SZLACHETNY PRZYJACIELU I PANIE PREZYDENCIE NIE ZATRZYMAŁO,NAWET POWAŻNE PROBLEMY W DŁUGIEJ MĘCZĄCEJ PODRÓŻY CIĘ NIE ZATRZYMAŁY
- DLATEGO SKŁADAMY CI HOŁD , CHYLIMY PRZED TOBĄ NASZE GŁOWY I TAK WIELE SZACUNKU DLA CIEBIE MAMY.
DZIĘKUJEMY - TO ZBYT MAŁE SŁOWO I NIE MA TAKICH SŁÓW ŻEBY CI WYRAZIĆ NASZĄ WDZIĘCZNOŚĆ I TEGO CO CZUJEMY ,
JEDNAK UŻYJEMY TEGO PROSTEGO ALE MAGICZNEGO SŁOWA
- DZIĘKUJEMY , Z CAŁEGO SERCA DZIĘKUJEMY.

MARZENA GAIK


ეს კი იგივე ტექსტის ქართული ვერსიაა:
როდესაც ძაძებით შემოსული მთლიანად პოლონეთი ტიროდა, როდესაც საშიში ვულკანური ფერფლისგან გაფერმკთალებული ცაც კი ტიროდა - შენ, ჩვენო ერთგულო, შესანიშნავო მეგობარო-საამაყო პრეზიდენტო საქართველოსი, მოიჩქაროდი, რათა გვერდით დაგვდგომოდი, გაგემხნევებინეთ, რათა პატივი მიგეგო პრეზიდენტის შესანიშნავი წყვილისთვის.
ვერაფერმა, თავდადებულო მეგობარო, ბატონო პრეზიდენტო, ვერ შეგაჩერა. არაფრად ჩააგდე და მომქანცველი, გრძელი გზის სერიოზულმა პრობლემებმაც ვერ შეგაჩერა.
-ამიტომ, ქედს ვიხრით თქვენს წინაშე. უზარმაზარი პატივისცემა გვაქვს თქვენი!
გმადლობთ-ეს ძალიან პატარა სიტყვაა, მაგრამ არ არსებობს სიტყვები, რომლებსაც შეეძლებათ გამოხატონ ჩვენი მადლიერება და აღწეონ გრძნობა, რაც თქვენს მიმართ გვაქვს. და ამიტომ, მხოლოდ ამ უბრალო, მაგრამ ჯადოსნური სიტყვით მოგმართავთ _ გმადლობთ, მთელი გულით გმადლობთ!

მერჟენა გაიკი.

ქალბატონმა გვთხოვა, თუკი შევძლებდით, წერილი ქართული საზოგადოებისთვის გაგვეცნო.
და მე მისი თხოვნა შევასრულე, წერილი - factnews.ge -ზე გავგზავნე... გულმა არ მომითმინა და იგივე წერილს ჩემს ტკივილიან ბლოგზეც ვდებ :).

კატასტროფა თუ კატინის გამეორება...


„იქიდან გამომდინარე, რომ 2010 წლის 10 აპრილს, სმოლენსკში მომხდარ კატასტროფას, რომლის დროსაც პოლონეთის პრეზიდენტი და ის ადამიანები დაიღუპა, რომლებიც ქვეყნის მთავარ ინსტიტუციებს განაგებდნენ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისათვის, რადგან ამ კატასტროფას ადგილი ჰქონდა არა პოლონეთში, არამედ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, მოგმართავთ, ბატონო პრემიერო, კატასტროფის გამომწვევი მიზეზების გამოსაძიებლად, შეიქმნას დამოუკიდებელი, საერთაშორისო საგამოძიებო კომისია. მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტებისაგან შემდგარი კომისიის დასკვნა მნიშვნელოვანი იქნება საზოგადო აზრისა და ისტორიისათვის,” - ესაა ნაწყვეტი იმ მიმართვიდან, რომელიც პოლონეთის პრემიერის, ტუსკის კანცელარიამ მიიღო და რომელსაც, სხვებთან ერთად, ხელს პოლონური ფონდის „კატინი”-ს დირექტორთა საბჭოს თასვმჯდომარე, პროფესორი იაცეკ ტრზნადელი აწერს.

მომხდარ კატასტროფასთან დაკავშირებით, უკვე მიმდინარეობს პოლონურ-რუსული გამოძიება. რუსული მხარის დისპოზიციაშია შავი ყუთები... რამდენიმე დღეა, ვარშავის სამხედრო პროკურატურას მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადება აღარ გაუკეთებია.

- ეს ინიციატივა, მიუხედავად იმისა, რომ პოლონურ პროკურატურას ნდობას ვუცხადებ, მიზანშეწონილად მიმაჩნია, - აღნიშნავს პრეზიდენტობის კანდიდატმა მარეკ იურეკმა.

- დღემდე რუსული მხარე პროფესიონალურად იძიებს კატასტროფის გამომწვევ მიზეზებს. ეს ინიციატივა, ჩემი აზრით, ზედმეტია და ჩემთვის სრულიად მიუღებელი, - კომისიის შექმნის წინააღმმდეგ გამოვიდა რიჩარდ კალიში, მემარცხენე დემოკრატების წარმომადგენელი.

კატასტროფიდან მეორე დღიდან, პოლონეთის თითქმის მთელი მოსახლეობა სვამს კითხვას: რამ გამოიწვია კატასტროფა? You tube-ზე მოყვარული ოპერატორის მიერ დადებული ფილმის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პოლონეთი და მედია ხმამაღლა ამაზე არ საუბრობს, უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს არ იყო „უბრალოდ კატასტროფა”. საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ჯერ კიდევ 3 დღის წინ ორად იყო გაყოფილი, პოლონეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადების შემდეგ, უკვე ერთნაირია – „რუსული მხარის ინფორმაციით, შავი ყუთიდან ძლიერი დარტყმის შედეგად ჩანაწერიანი ფირი გარეთაა გადმოვარდნილი”, - ეს იყო მოწყობილი კატასტროფა, - ამბობს ხალხი. შავი ყუთის არამდგრადობას დაემატა პოლონეთის სამხედრო პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადება - 20 აპრილს, პოლონეთის სამხედრო პროკურატურამ კითხვით მიმართა რუსეთის მხარეს, ვინ და რა მიზნით ცვლის სასტარტო ბილიკზე განათებას კატასტროფის მოხდენიდან რამდენიმე საათის შემდეგ?

„ფაქტნიუსი” პოლონურ საზოგადოებაში კატასტროფასთან დაკავშირებით გამოთქმულ ყველაზე მეტად გავრცელებულ თეორიებს გთავაზობთ:

1. რუსთის დამოკიდებულება - ზომაზე მეტად შეძრწუნებული - იქნებ მოჩვენებითია...

2. საკონტროლო კოშკის ოპერატორის გაქრობა - კატასტროფის შემდეგ “სიტყვით გამოვიდა” და მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. პოლონელ ჟურნალისტებს კატასტროფის ადგილზე გადაღებული ყველა მასალა ჩამოართვეს.

3. ინფორმაციული ქაოსი - თავდაპირველად დაჯდომის 4, შემდეგ 3, შემდეგ 2 მცდელობა. ამას ამოწმებდნენ თვითმხილველებიც. შავი ყუთის გაშიფვრის შემდეგ გაირკვა, თვითმფრინავი პირველივე მცდელობაზე დაეშვა ასაფრენ ბილიკზე. სად არიან ის თვითმხილველები?

4. იგივე ინფორმაციული ქაოსი დაღუპულთა რაოდენობაზე -კატასტროფიდან ერთი საათის შემდეგ, მაშინ, როდესაც ჯერ პოლონურ მხარესაც კი არ ჰქონდა მგზავრთა სია განმოქვეყნებული, რუსულმა მხარემ 132 ადამიანი დაასახელა გარდაცვლილად.

5. კატასტროფის ადგილზე არ მივიდნენ სამედიცინო დახმარების მანქანები - მაშინვე იცოდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა?

6. სროლა ერთადერთ ფილმზე, რომელიც რუსულ მხარეს “გამოეპარა” - ვინ ისროდა, რატომ და ვის ესროდა?

7. თავდაპირველად საუბარი იყო 3 ადამიანზე, რომელიც კატასტროფის დროს გადარჩა. ეს ინფორმაცია არ შეიძლება, თითიდან იყოს გამოწოვილი, საიდანღაც, ვიღაცას “გამოეპარა”

8. თვითმფრინავი გვერდზე უკვე დაჯდომის დროს გადაიხარა. პილოტს გულის შეტევა დაემართა? ან, იქნებთ შორიდან მართვის პულტი ამუშავდა? გამოცდილი პილოტი ასეთ მანევრს დაჯდომისას არაფრით არ გააკეთებს.

9. შავი ყუთის გახსნის შემდეგ ირკვევა, რომ ეკიპაჟმა ცუდი მეტეოროლოგიური პირობების შესახებ ცნობა სათვალთვალო კოშკიდან კატასტროფამდე სულ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.…

10. დაჯდომის წინ, თვითმფრინავში სიარული აკრძალულია. შესაბამისად, ლეხ და მარია კაჩინსკა გვერდიგვერდ ისხდნენ. კაჩინსკის ამოცნობა იმავე ღამეს გახდა შესაძლებელი, მარია მხოლოდ ორშაბათს ამოიცნეს.

11. რამდენიმე წუთის შემდეგ, რუსული მხარე ამბობს, რომ კატასტროფის დროს ყველა დაიღუპა. სამაშველო სამუშაოების ჩატარებამდე, რატომ არიან დარწმუნებულები, რომ ცოცხალი არავინაა?

12. მიუხედავად იმისა, რომ სამაშველო სამუშაოების ჩატარებამდე შემთხვევის ადგილზე უამრავი კამერა მუშაობდა, არსად არაა დაფიქსირებული გვამი, არსად არ ჩანს დასახჩრებული ადმიანები, ან სხეულის რომელიმე ნაწილი. რატომ? ნუთუ, სენსაციის მაძიებელი ათეული ჟურნალისტიდან ვერავინ მოახერხა გადაეღო კატასტროფის თუნდაც ერთი მსხვერპლი?

13. დღემდე კატასტროფაში დაღუპულთა კიდევ 20 ცხედარი ამოუცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა საშინლად იყო დასახიჩრებული და ამოცნობა ძალიან გაჭირდა. ამის მიუხედავად, პრეზიდენტ კაჩინსკის ამოცნობა იმავე ღამეს გახდა შესაძლებელი. როგორ?

14, თვითმფრინავი დამსხვრეულია. მთელია პილოტის კაბინა, მაგრამ შიგ ვერავის პოულობენ. რამდენჯერმე გაიმეორეს, რომ აფეთქება არ ყოფილა, თვითმფრინავის სალონი კი დაფერფლილია.

15. კატასტროფის დროს სმოლენსკის თავზე კიდევ ორი თვითმფრინავი დაფრინავდა -ბელორუსიული და რუსული.

16, ცუდი ატმოსფერული პირობებს 30 წუთის წინ დამჯდარი თვითმფრინავისთვის ხელი არ შეუშლია.

17. თვითმფრინავში იმყოფებოდა გენერალი ფრანციშეკ გონგორი, რომელიც რამდენიმე თვეში ნატო-ს გენერალური შტაბის მეთაური უნდა გამხდარიყო. ნატო-ს პოლონელი ხელმძღვანელი - განა უფრო მეტად დამამცირებელი რამე შეიძლება იყოს რუსეთისთვის?

18. თვითმფრინავს რამდენიმე თვის წინ რუსეთში ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი...

პოლონელმა ინტერნეტ-მომხმარებლებმა დეტალურად გაშიფრეს ზემოხსენებული ფილმი:

0.12: გაჩუმდი.
0.18: თვალებში მიყურე.
0.21: დაწყნარდი.
0.29: ყველა.
0.31: მოკალი.
0.43:-0.48: იქით... მირბის... მირბის.
48: მომეცი იარაღი.
0.50: ცოცხალი ვარ. არ მომკლა.
0.53: ცოცხალია. ესროლე.
0.55: ისმის იარაღის გადატენის ხმა.
0.57: სროლის ხმა.
1:06:00: სროლის ხმა.

11:12:00: გეგმა შეიცვალა…
1;13:00: სროლის ხმა.
1:15:00: სროლის ხმა.
1:18:00:წავედით. მივდივართ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავს 5 თვის წინ რუსეთში გენერალური რემონტი ჩაუტარდა. გაზეთ “ნაშ ძენნიკ”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შეცინის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი, ინჟინერი რიჩარდ დროჟდოვიჩი ამბობს, რომ “გარემოება თვითმფრინავის სერიუზულ გაუმართაობაზე ან მართვის სისტემის ხელოვნურად დაბლოკვაზე მიგვანიშნებს. შესაძლებელია ასეთი ბლოკადის დამონტაჟება და მერე მისი მანძილიდან მართვა. პილოტი ასეთ დროს უძლურია...”

არტურ გურსკი, პარტია “სამართლიანობა და სამართალი”-ს წევრი იმავე გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს: „თუ მთლიანად შეკრებავ ინფორმაციას, რომელიც ჩვენამდე აღწევს და თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ინტერესებს, შესაძლებელია ითქვას, თუმცა არა ასპროცენტიანი გარანტიით, რომ რუსეთი პასუხი უნდა აგოს ამ ტრაგედიისთვის”

"მოსკოუ თაიმსში” დაიბეჭდა რუსი ჟურნალისტის, იულია ლატინინას სტატია. სტატიის ავტორი ამბობს, რომ 7 აპრილს, როდესაც კატინში პოლონეთისა და რუსეთის პრემიერები, დონალდ ტუსკი და პუტინი ჩაფრინდნენ, სმოლენსკის აეროპორტში თვითმფრინავებისთვის დამატებითი ნავიგაცია დააყენეს. სამთავრობო თვითმფრინავის სმოლენსკში ჩაფრენის დროს დამატებითი ნავიგაციის კვალიც აღარ იყო. ეს, ჩემის აზრით გამოძიებისთვის საინტერესო “დეტალია”.

და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავი აღჭურვილი იყო ამერიკული სისტემით TAWS (Terrain Awareness). ესაა სისტემა, რომელიც თვითმფრინავის პილოტს დედამიწასთან დაშვებულზე მეტად მიახლოების საშუალებას არ აძლევს. არსებობს ეჭვი, რომ სისტემა სპაციალურად იქნა დაზიანებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავის კატასტროფა პირველი იქნება ამ სისტემით აღჭურვილი თვითმფრინავების კატასტროფის ისტორიაში. სისტემის მუშაობის დარღვევა შეასაძლებელია სატელიტის მეშვეობით, ან თვითმფრინავის ახლოს მდებარე აეროპორტში განლაგებული დანადგარებიდან.

კიდევ ერთი ვერსია, რომელიც ვარშავაში ვრცელდება: ხალხი არ გამორიცხავს, რომ კატინის ტრაგედიაში ცალკეული პოლონელებიც არიან გარეულნი. ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ პრეზიდენტი კაჩინსკი სმოლენსკში მატარებლით აპირებდა გამგზავრებას, თუმცა წინა საღამოს რატომღაც გადაწყდა, რომ პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერები თვითმფრინავით გაემგზავრებოდნენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაღუპულთა უმრავლესობა კაჩინსკის პარტიის წევრი იყო...

среда, 21 апреля 2010 г.

კატასტროფა თუ...

ესაა ფილმი, რომელსაც დღეს პოლონეთის პროკურატურა აანალიზებს. ფილმში მინიშნებულია ადამიანები, რომლებიც იმ დროს კატასტროფის ადგილზე არ უნდა ყოფილიყვნენ...

ისევ მამის ნაამბობი


ფატი დაბრუნდა...
ფაბრიკიდან სახლში მიმავალი მეზობლების დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი. ეზოში რომ შევედი, მოვკვდი კინაღამ - კაკლის ხის ძირში დედაჩემი და ფატი იჯდნენ. ნუცა არსად ჩანდა. ფატი რომ დავინახე, ცა ჩამომექცა თავზე თითქოს. ვუყურებდი და ვგრძნობდი, რომ სხვა ქალი არასოდეს მყვარებია. სახლიდან ნუცა გამოვიდა, ნამტირალევი თვალები დაწითლებული ქონდა, გულში ყავდი ჩაკრული. და მე ნუცასკენ წავედი... ფატი მოგვიახლოვდა, უსიტყვოდ, დიდხანს მიყურა. მერე შეტრიალდა და როგორც ყოველთვის ჩვეოდა, ამაყად, წელში გამართული, მტკიცე ნაბიჯებით გავიდა ეზოდან. დედაჩემი ვიშვიშით გაყვა უკან...
ფატი რომ აულში ჩასულა, მამამისს მოუკლავს კინაღამ 16 ვწლის უნახავი შვილი. ძმას, დიდი ხვეწნის მერე მიუღია და პირობა მიუცია, რომ მამას შეარიგებდა. იმ ზამთარს სუ ტყუილად ელოდა თურმე ფატი მამისგან პატიებას, ზაფხულში კი მამამისი ცუდად გამხდარა. ჯერ ახლოს არ იკარებდა, თურმე, ფატის. მერე, ზამთარში, ლოგინიდან ვეღარ დგებოდა, თურმე და ფატიმა მომიყვანეთო, უთქვამს. მას მერე გვერდიდან აღარ მოშორებია მამას. წელიწადზე მეტი ყოფილა ლოგინად ჩავარდნილი და მთელი ამ დროის განმავლობაში ფატი მამის საწოლთან ათენებ-აღამებდა. სული ფატის ხელში დაულევია. სიკვდილის წინ, მიპატიებიაო,უთქვამს. -წადი, ოჯახს მიხედე, ქმარი გელოდებაო... წელიწადი იგლოვა ფატიმ მამა და როცა უკან, ჩემთან ბრუნდებოდა, კავკასიონი თოვლმა და მეწყერმა წაიღო, გზები ჩაიკეტა და ფატი ისევ აულში დარჩა. ოთხი წელი იყო წასული და ერთი წელი დააგვიანა მხოლოდ, სულ რაღაც ერთი წელი...
ეს ყველაფერი დედაჩემს მოუყვა ფატი. ყიფიანის ქალი იყო ბებიაშენი. მისთვის ფატი მხოლოდ ლეკის ქალი არ ყოფილა არასდროს. პირველი დღიდან საკუთარი შვილივით შეიყვარა, ქართული წერა-კითხვა ასწავლა, მისი შვილები საკუთარი შვილიშვილებივით იგლოვა. მე საშინელ დღეში აღმოვჩნდი. ფატი მიყვარდა, ნუცასაც ვერ ვთმობდი-შენი გულისთვის. ჩემი პირველი და ერთადერთი შვილი იყავი, მზე და მთვარე შენზე ამომდიოდა. მიხვდა დედაჩემი რაც მჭირდა. მუხლებში ჩავარდნია ნუცას და უთქვამს -გაუბედურებული ქალია ფატი, ოჯახსა და სამშობლოს მომწყდარი და მოკვეთილი. სიცოცხლეს უმადლის კოწია ფატის. შვილებ მკვდარი და ობოლი ქალი ოჯახში დაბრუნდა და უფლება არ გაქვს, ამ ოჯახის კარი არ გაუღო. არასდროს გყვარებია კოწია. მისთვის შენ წარმოსადეგი, ეშხიანი ქალი და შვილის დედა ხარ, შენთვის კი უზრუნველი ცხოვრება და ფუფუნებაა მხოლოდ. სამაგიეროდ ტყვე ხარ კოწიასი. უზრუნველ ცხოვრებას, ფუფუნებას, თავისუფლებასა და ოჯახს მე გაჩუქებ, ოღონდ, სანაცვლოდ, ბავშვი უნდა დატოვო... და ნუცა დათანხმდა... ფაბრიკაში მომუშავე ლეკის ბიჭს უყვარდა ნუცა თავდავიწყებით. გამოუწყო დედაჩემმა რამდენიმე ურემი, ოთხფეხი მოუბა უკან ამ ურმებს, ოქროთი გაუვსო ქისა და იმ ლეკის მშობლიურ სოფელში, ხასავიურთში გაუშვა ორივე ლოცვა-კურთხევით.
შვილებდაკარგულ ფატის დედობრივი გრძნობა გაუღვიძე. ერთი ციცქნა, 2თვის პატარა დედის ძუძუს ეძებდი და ფატი თითებს იჭამდა სიმწრით, როცა ძუძუს სანაცვლოდ პირში ჩადებულ მაწოვარას თავს არიდებდი და ხმამაღალი ტირილით აპროტესტებდი. ნუცა დააბრუნეთო-დედაჩემს ეცა ფატი, -ბავშვი მშიერია მესამე დღეაო. -ჰოდა, შენ აჭამე, დედა არ ხარო?-ზურგი შეაქცია დედაჩემმა და... ფატიმ თავისი ძუძუ ჩაგიდო. რამდენიმე დღე ერთნაირად ტიროდით ორივე. მაწოვარას პირში არ იკარებდი, ფატის ძუძუს ლოღნიდი და თან ხმამაღლა ტიროდი. ბებიაშენი წყალს და წითელ ღვინოს წვეთ-წვეთად გასხამდა პირში. ერთ დღეს ფატი გიჟივით გამოვარდნილა ოთახიდან და ეზოში, კაკლის ძირში მდგომი აკვნიდან ფაცხა-ფუცხით ამოუყვანიხარ. დედაჩემი გაკვირვებული უყურებდა თურმე. -ფატის ძუძუ ჩაუდია შენთვის პირში და შენ აღარ გიტირია. საღამოს, სახლში მისულს გაღიმებული შემეგება ყველა -ფატის რძე მოუვიდა-მითხრა დედაჩემმა.
მას მერე 15 წელი გავიდა. ვიცი, რომ ნუცა 3 შვილის დედაა, ცხოვრობს ქმართან ერთად ბედნიერად. ფატი შენი დედა იყო. არა, ნამდვილი არა, მაგრამ, მაინც შენი დედა იყო. განა რას უკეთებს ნმამდვილი დედა შვილს იმაზე მეტს, რაც ფატიმ გაგიკეთა. მუცლით არ გატარა მხოლოდ. ნამდვილ დედას რო უყვარს, იმაზე ნაკლებად უყვარდი? ნამდვილი დედა რომ ზრუნავს, იმაზე ნაკლებს ზრუნავდა? სითბო მოგაკლო? ყურადღება მოგაკლო? თავად უნდა გადაწყვიტო. მე გეუბნები, რომ ფატი შენი ნამდვილი დედა იყო...
დედაჩემი ხმას ვერ იღებდა, თურმე. დედა მოუკვდა და თან ცოცხალი ყავდა. ობოლი იყო და თან არ იყო. ძალიან ტკიოდა და თან უხაროდა. მერე, დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ უთხრა ბაბუას:
-წამოდი, ყვავილები მივუტანოთ დედას... მერე, არ ვიცი როდის, დედა მოვძებნოთ, მამა!

суббота, 17 апреля 2010 г.

მამის ნაამბობი


ფატი შენი ნამდვილი დედა არ იყო, დედაშენს ნუცა ჰქვია...
დიდხანს არცერთს არ ამოუღია ხმა. შვილი გაოგნებული იდგა და არ იცოდა რა უნდა ეთქვა. მამა უარეს დღეში იყო - იცოდა, რომ არაფრით არ უნდა ყოფილიყო ჩუმად, მაგრამ სიტყვებს ვერ პოულობდა. მერე, როცა დუმილი აუტანელი გახდა, ძლივს გასაგონი ხმით, შვილს არა, საკუთარ თავს, ან ვიღაც არარსებულს მიუბრუნდა და ...
- მამაჩემისგან, გვარის გარდა გარეგნობა, ქალების სიყვარული და ქონებაც დამრჩა მემკვიდრეობით. ნაბდის ქარხნის მეპატრონე ვიყავი და მატყლის საშოვნელად ხშირად, პირადად მიწევდა მთაში სიარული. კავკასიონის მთები ბილიკ-ბილიკ მაქვს მოვლილი, ხშირი სტუმარი ვიყავი ლეკების სოფლებში და ჩემი მასპინძლები აულის იმამები იყვნენ. ერთ-ერთი ასეთი სტუმრობის დროს, წყაროზე მიმავალ ლეკის ქალს შევხვდი. შემთხვევით, თავიდან თავსაფარი ჩამოუცურდა და იმის მერე ვერც გულიდან და ვერც თვალიდან ვერ მოვიშორე იმ ქალის ზმანება. აულში სტუმრობა ჩვეულებრივზე მეტხანს გავაგრძელე და წყალზე მიმავალ უცნობი ქალის ვინაობის გარკვევას შევეცადე. პირდაპირ კითხვას ვის ან როგორ გავუბედავდი. დღეში ათჯერ გავდიოდი წყაროზე იმ იმედით, რომ უცნობი ქალს კიდევ ვნახავდი. ორი თუ სამი დღის შემდეგ გამოჩნდა ისევ. მოდიოდა ტანწერწეტა, აშოლტილი. მხარზე ვერცხლის თუნგი ქონდა შემოდებული, სახეს და თმას შავი, სამგლოვიარო ქალაღაია უფარავდა. ამ ჯერზე გვერდით 3 თუ ოთხი წლის ფეხშიშველი ბიჭი მოსდევდა. ხმა არ გამცა ქალმა, ბავშვსაც უსიტყვოდ, თვალებით დაელაპარაკა, თუნგი წყლით გაავსო და სოფლისკენ გაბრუნდა. იმ დღეს მასპინძელთან სხვათაშორის ვთქვი, წყაროზე პატარა ბავშვი ვნახე, მგლოვიარე დას თუ დედას ახლდა-თქო. -გასულ ზამთარს დავასაფლავეთ მაგ ბავშვის მამაო-უცბად მიხვდ იმამი ვიზეც ვლაპარაკობდი. მეზობელი აულიდან მომავალს ცხენი გადაჩეხია უფსკრულში და ცოლი და ორი შვილი დაუობლებია. მთელი ღამე თეთრად გავათენე, მეორე დილით ცხენი შევკაზმე, მასპინძელს მეზობელ აულში მივდივართქო, ვუთხარი და წყაროს შორიახლო ჩავსაფრდი. იმ დღეს არა და, მეორე დილით გამოჩნდა - მარტო. თუნგი წყალს შეუშვირა და ამ დროს მეც მივაჭენე ცხენი. ერთი შეკივლება მოასწრო, პირი ავუკარი, ნაბადში გავახვიე და ცხენის ზურგზე გადავაწვინე. თავქუდმოგლეჯილმა გამოვაჭენე ცხენი, მაგრამ კივილის ხმა გაუგია ვიღაცას, თუნგი უცვნიათ და მდევარი გამომყვა უკან. თერგს არ ვიყავი გადმოსული, რო დამეწიენ. ადგილზე ამკუწავდა ძმა და მამა, მაგრამ, თავი გაინთავისუფლა ნაბდიდან ქალმა და -არაო, მუხლებში ჩაუვარდა მამას.- არ მოკლა, ცოლად მომიტაცა და მე მინდა ამ გურჯის ცოლობა-ო.
-ფატიმა,(მხოლოდ მაშინ გავიგე მისი სახელი) რას ამბობ, შენი ქმარი ჯერ საფლავში არ გაციებულა და შენ უკვე გათხოვება გინდა, თანაც ქმრად გურჯი ამოირჩიეო? მერე რაღაცას გაცხარებით ლაპარაკობდა ჩემი მდევარი. ფატიმას ძმა ჩემსკენ იწევდა, უფროსები აჩერებდნენ, ფატიმა იდგა გაფითრებული და ხმას არ იღებდა. მერე ვიღაც აულისკენ გაბრუნდა. მდევარი ჩაწყნარდა, ხმას ერთმანეთსაც არ სცემდნენ. ფატიმა ისევ იდგა და გაფითრებულ სახეზე ცრემლი ჩამოუგორდებოდა ხოლმე ხანდახან. მერე ის, აულში წასული ვიღაც დაბრუნდა და თან 2 პატარა ბიჭი მოიყვანა. ფატიმას მამამ ბავშვები ფატიმასტან მიიყვანა, თავიდან შავი ქალაღაია მოგლიჯა, წყეულიმც იყავო - უთხრა და ზურგი შეაქცია. მერე მდევარი წავიდა. კავკასიონის მთაზე მე, ფატიმა და მისი ორი შვილი, 3 წლის ზელიმხანი და 5 წლის მაგამედი დავრჩით. -მამამ აულიდან მომკვეთა. ვერასოდეს ვეღარ დავბრუნდები უკან-მითხრა ფატიმამ.
სანათესაომ უცბად შეიყვარა ჩემი ლეკის ცოლი. მზე და მთვარე მასზეე ამომდიოდა, შვილი არ გვიჩნდებოდა და მისი შვილები საკუთარივით გავზარდე. სამამულო ომი რომ დაიწყო, ბიჭები 19 და 21 წლის იყვნენ. ორივე ომში წაიყვანეს. 42-ში თითქმის ერთდროულად მოგვივიდა ორი შავი ქაღალდი ფრონტიდან-ორივე დაიღუპა. ფატიმამ ძლივს გადაიტანა შვილების დაღუპვა. ყველანაირად ვცდილობდი ტკივილი შემემსუბუქებინა, მაგრამ გაუცხოვდა, დალაპარაკება არ უნდოდა არავისთან. ქართულად საერთოდ აღარ იღებდა ხმას. ერთ დღეს გამომიცხადა-აულში ვბრუნდები, მამა მიხმობს-ო. 16 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ფატიმამ აული ახსენა. ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერ გადავაფიქრებინე. რატომრაც, გული მეუბნებოდა, რომ ფატი უკან აღარ დაბრუნდებოდა, რომ მამა კი არა, აული უხმობდა. შვილების სიკვდილს საკუთარ თავს აბრალებდა - აული შევარცხვინე, მეგონა, მომკვეთეს და ამით ცოდვა გამოვისყიდე, მაგრამ ალაჰმა არ მაპატია, მამის წყევლა ჩემს შვილებს მისწვდა-ო, მოთქვამდა ხოლმე ხმამაღლა. 43-ის ზაფხულში ფატი დამემშვიდობა, -დაზამთრებამდე დავბრუნდებიო - მითხრა და წავიდა...
მთელი ზაფხული და შემოდგომა ველოდე, მაგრამ არც მომდევნო ზაფხულში დაბრუნდა ფატი. 45-ში ფაბრიკაში ახალი მუშა მოვიდა, ნუცა. მაშინვე თვალში მომხვდა უცხო გარეგნობის, მიმზიდველი ქალი. 1947 წლის მაისში შენ დაიბადე, ხოლო ივნისის ბოლოს ფატი დამიბრუნდა...

среда, 14 апреля 2010 г.

დედაჩემი



დედაჩემი 1947 წლის მაისში, თბილისთან ახლოს, საგარეჯოს რაიონში დაიბადა. ბაბუა, კონსტანტინე ამაშუკელი შეძლებული, ნაბდის ქარხნების მეპატრონე თავადი (თავადო კონსტანტინე-ასე მიმართავდნენ თურმე ბაბუას)ყოფილა. დედა მოსამსახურეების, ბებიისა და ულამაზესი დედის, ფატის მზრუნველობის ქვეშ იზრდებოდა.
ყოველ შაბათ დილით, ბებია საკურთხს აკეთებდა, მიცვალებულებს მოიხსენიებდა, ჩაალაგებდა საკურთხისთვის გამზადებულ საჭმელს კალათში და სასაფლაოზე მიჰქონდა. ერთ ასეთ დღეს ბებიას თავი ცუდად უგრძვნია და საკურთხიანი კალათის სასაფლაოზე წაღება დედასთვის უთხოვია. დედას გზაში მინდორზე მომუშავე გლეხები დაუნახავს, ხის ძირში სუფრა გაუშლია და გლეხებისთვის დაუძახია-მოდით, ბებიაჩემმა ნობათი გამოგიგზავნათო. კარგად მოულხენიათ დაღლილ გლეხებს. იმ დღეს არაფერი და, მეორე დილით ბებიას დედაჩემისთვის დაუძახია -გუშინ საჭმელი რომ გაგატანე სასაფლაოზე, სად წაიღე-ო? შეშინებია დედას და მოუტყუებია, სადაც გამატანე, იქ მივიტანეო. ნუ მატყუებო-უთხოვია ბებიას და დედასაც აღარ დაუმალავს, სიმართლე უთქვამს და თან უკითხავს, რა იცი, რომ სასაფლაოზე არ მივსულვარო? სიზმარ უნახავს თურმე იმ ღამით ბებიას-ისინი, ვისთვისაც საკურთხი გაუმზადებია, მადლობას უხდიდნენ თურმე - რაც აქ ვართ, ასე კარგად არ დავნაყრებულვართო. მერე, ყოველ შაბათ დღეს, მინდორში მომუშავე გლეხები სვამდნენ მიცვალებულების შესანდობარს...
უკვე ვთქვი, ულამაზესი დედა ჰყოლია დედაჩემს-ფატი. სურათი მაქვს ნანახი-საოცრად ლამაზ, ტანწერწეტა, ლეკურ ტანსაცმელში გამოწყობილ ქალს მხრებზე ლეკური ქალაღაია აქვს მოხვეული, გვერდზე ბაბუაჩემი უდგას-ქართულ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი, ქართული ულვაშით, ძალიან ქართული გარეგნობის ვაჟკაცი. სურათი ბორჯომშია გადაღებული. დედაჩემის მამიდა იხსენებდა ხოლმე-როდესაც კოწია და ფატი ქუჩაში გადიოდნენ, ხალხი ჩერდებოდა და მოწიწებით უხრიდა თავს ულამაზეს წყვილს-ო. დედაჩემის დედა ეროვნებით ლეკი ყოფილა...
სკოლაში გამართული ყველა ზეიმი მართლაც რომ ზეიმი იყო თურმე დედაჩემის კლასელებისთვის. შევიდოდა ფატი მაღაზიაში, შეიყოლებდა შიგ 2-3 მოსამსახურეს. ტკბილეულს, სათამაშოებს და ჩასაცმელს ყუთებით ყიდულობდა და სკოლაში მიჰქონდა. იყო თურმე დიდი სიხარული და ხალისი.
მეშვიდე კლასში ყოფილა დედა, როდესაც ვიღაცას უთქვამს-ფატი შენი ნამდვილი დედა არ არის, დედინაცვალიაო. ძალიან განუცდია დედას. ჯერ საკუთარ თავში ჩაკეტილა, ხმას არ სცემდა თურმე არავის. რამდენჯერმე უცდია ფატისთვის ეკითხა(ბებია აღარ ყოლია იმ დროს ცოცხალი), მაგრამ ვერ გაუბედავს. იმ ვიღაცას ისევ უთქვამს დედასთვის, დედინაცვალი გზრდისო და ერთ დღეს, როდესაც ფატი ლოცულობდა (მუსულმანურად, ხალიჩაზე მორთხმული), წინ გადაურბენია. ლოცვის დროს წინ გადარბენა მუსულმანისთვის მიუღებელია თურმე(ან ყოფილა). გაკვირვებია ფატის - განა არ იცი, როცა ვლოცულობ, არა თუ წინ არ უნდა გამიარო, ოთახში არ უნდა შემოხვიდეო. და დედას უკითხავს-შენ ჩემი დედა ხარ? ფერი დაუკარგავს ფატის. ყურანი მიუწვდია დედაჩემს ფატისთვის და კითხვა გაუმეორებია-ყურანზე დაიფიცე, შენ ჩემი დედა ხარ? ფატის ყურანი გვერდზე გადაუგდია-ვფიცავ ალაჰს, რომელიც დღეიდან ჩემთვის აღარ არსებობს, მე შენი ნამდვილი დედა ვარ-უპასუხია დედაჩემისთვის და გულში ჩაუკრავს. მას მერე ფატის აღარ ულოცია...
ორი წლის შემდეგ, მეცხრეკლასელი დედაჩემი ცხარე ცრემლით ტიროდა უგონოდ მყოფი დედის სასთუმალთან. უცბად გამხდარა ფატი ცუდად, ლოგინად ჩავარდნილა და მთელი კვირა უგონოდ იყო თურმე. ერთი კვირის შემდეგ მოსულა გონზე, თვალები გაუხელია და დედაჩემს და ბაბუაჩემს ძლივს, ხელებზე მოფერებია. მერე ფატის ერთი სიტყვა უთქვამს-ბალიში! დედას ბალიში გაუსწორებია. თავი გადაუქნევია ფატის -ბალიში!-უთქვამს ისევ. ახლა ბაბუას უცდია ბალიშის გასწორება. ფატის დედაჩემისთვის მაჯაზე უტაცია ხელი და მუდარით სავსე თვალებითა და ძალიან დაკარგული ხმით, რამდენჯერმე იგივე სიტყვა უთქვამს-ბალიში, ბალიში! ბაბუას ბალიში გამოუცლია ფატისთვის და გვერდზე მოუსროლია. უფრო ძლიერად მოუჭერია ფატის დედაჩემისთვის მაჯაზე ხელი, წამოწევა უცდია, მაგრამ ვერ შეძლო თურმე, თავი დედაჩემისკენ მიუბრუნებია და რამდენიმე წამის შემდეგ უკანასკნელად, ღრმად ამოუსუნთქია. დედაჩემი ზედ დამხობია დედის ცხედარს და დიდხანს უტირია. მერე ვიღაც მოსულა, ფეხზე წამოუყენებია დედაჩემი, მაგრამ, ფატის დედაჩემის მაჯაზე მიჰყინვოდა ხელი, თითქოს. ძლივს გაუშლიათ მიცვალებულისთვის თითები... ფატი მუსულმანურ წესზე დაუკრძალავთ...
ორი თუ სამი დღის შემდეგ, დედაჩემს ფატის დაჟინებით ნათქვამი სიტყვა გახსენებია, ბალიში მოუძებნია და ბაბუასთან მიუტანია. ჯერ ხელით მოუსინჯავს ბაბუას ბალიში, მერე დანით დაუჭრია და ბუმბული აქეთ-იქით მიმოუფანტავს. ბუმბულთან ერთად ბალიშიდან რაღაც გადმოვარდნილა. ატლასის ნაჭერში ფურცელი იყო გახვეული თურმე და ამ ფურცელზე ეწერა-კოწია, მე ვერ შევძელი, მზად არ ვიყავი ეტყობა. ჩემი სათქმელი შენ უნდა თქვა, ანდერძად გიტოვებ! სიმართლე უთხარი ბავშვს და თხოვე ტყუილი მაპატიოს, შემინდოს...
დედა დიდხანს, უსიტყვოდ უყურებდა თურმე ბაბუას. ისიც იჯდა თავჩაღუნული... მერე ფეხზე წამომდგარა ბაბუა, დედასთვის შეუხედავს და უთქვამს-ძალიან ძნელია, მაგრამ, მისი უკანასკნელი სურვილი უნდა ავასრულო. ფატი შენი ნამდვილი დედა არ იყო. დედაშენს სახელად ნუცა ჰქვია...

вторник, 13 апреля 2010 г.

ანგელოზები ტირიან...



ვიღაცამ ყვავილები მოიტანა, ვიღაც პატივის მისაგებად მოვიდა, ვიღაც კანდელის დასანთებად. ვიღაც ლოცულობს. ვიღაც ტირის, გულში, უცრემლოდ ტირის... უცნაურმა ნისლმა დაფარა ვარშავა. გამჭვირვალემ, მაგრამ არა - თეთრმა. დღევანდელი ნისლი ჭაღარაა. კანდელების მოცახცახე ალიდან ამოსულ ნისლშია გახვეული მთელი პოლონეთი.

- ადგილს ვერ ვპოულობ. ვცდილობ, მოვიშორო ფიქრები მომხდარის შესახებ. ვცდილობ ყოველდღიურობით, რაიმე სასარგებლოთი დავკავდე, მაგრამ რა შეიძლება იყოს სასარგებლო ასეთ დროს? არაფერ სხვაზე არ შემიძლია ფიქრი. ამიტომ ვარ აქ, პრეზიდენტის სასახლესთან... ჩემს ახლობლებთან... დღეს ყველა ერთმანეთის ახლობლები ვართ, - ტირილით ამბობს იადვიგა კლეიმანი.

ეს ასაკოვანი ქალბატონი პრეზიდენტის სასახლესთან გუშინაც იყო. კანდელი აანთო და ორი, წითელი და თეთრი მიხაკი მოიტანა. ილოცა, ჩუმი ცრემლებით დაიტირა 96 ადამიანი... არავის დალაპარაკებია, ან რა შეეძლო ეთქვა? ახლაც მოვიდა ძველ ქალაქში, პრეზიდენტის სასახლესთან. ისევ აანთო კანდელი, ყვავილები დაალაგა, ცრემლები მოიწმინდა და ეკლესიაში შევიდა - ვეღარ ვლოცულობ... ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ რა მოხდა...

ღმერთო, შეხედე ხალხს, არც მათ ჯერათ. მოვდივართ, სანთელს ვანთებთ, პატივს მივაგებთ, მაგრამ არ გვინდა, დავიჯეროთ... იქნებ რამდენიმე დღეში მივხვდეთ, რა უბედურება დაგვატყდა? მერე, სიჩუმე მოიცავს ირგვლივ ყოველივეს... ყველაზე მეტად იმ სიჩუმის მეშინია...

სიჩუმემ უკვე დღეს მოიცვა მთელი პოლონეთი... რეკდნენ ეკლესიის ზარები, ისმოდა პოლიციის მანქანების სირენების ხმა, ასიათასობით ადამიანის ტირილი, ლოცვა.... 12 საათზე დრო გაიყინა. ასიათასობით ადამიანი მდუმარედ, გაუნძრევლად იდგა... დუმილი 2 წუთს უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ვერავინ ბედავდა მის დარღვევას. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ ვიღაცამ ხმამაღლა დაიწყო ლოცვა... და ხალხის მორევი ისევ პრეზიდენტის სასახლისაკენ დაიძრა, რომ კიდევ ერთხელ მიეგო პატივი, დაენთოთ კანდელი...

- გდანსკიდან ვარ, მხარდამჭერი პარტიისა, რომელასაც ლეხ კაჩინსკი მთელი თავისი იდეებითა და გულით ეკუთვნოდა. დღეს დედაქალაქში უნდა ვყოფილიყავი. სხვაგვარად არ შემეძლო, - ამბობს კრისტოფ ოლეინიჩაკი, გდანსკის უნივერსიტეტის სტუდენტი. ვარშავაში დილის მატარებლით, ათსაათიანი მგზავრობის შემდეგ ჩამოვიდა.

ანდრეი ძირძველი ვარშაველია. ამბობს, რომ პრეზიდენტის სასახლესთან, ცოტა ცნობისმოყვარეობისა და ცოტა გულის კარნახით, გუშინაც მოვიდა. დღეს ისევ დაბრუნდა. ეჩვენება, რომ იგივე ხალხს ხედავს. უბრალოდ, დგანან...

ერთმანეთისთვის სრულიად უცხო და ამავდროულად, ძალიან ახლობელი ადამიანები საკუთარ განცდებზე ტირილით საუბრობენ...

უცნობი მამაკაცი: -ის ჩვენი პრეზიდენტი იყო, რა მნიშვნელობა აქვს, რომ უამრავ საკითხში არ ვეთანხმებოდი. ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უახლოესი ადამიანი დავკარგე. წავიდა... მასთან ერთად მთელი ჩვენი ელიტა...

უცნობი ქალბატონი: - ჩემთვის ყველაზე მძიმე კატასტროფაში დაღუპულთა გვარების მოსმენა იყო. გვარს გვარი ემატებოდა... საუკეთესო ადამიანების გვარები... სუნთქვა შემეკრა კინაღამ. სიმარტოვისა და სიცარიელის განცდა დამეუფლა...

მამაკაცი: - რადიოში ერთსა და იგივე ინფორმაციას გადმოსცემენ - ვინ მოკვდა, როგორი იყო, რა იყო კატასტროფის გამომწვევი მიზეზი. შუალედებში შოპენი... სამგლოვიარო, ძალიან პოლონური... გამორთვაც არ მინდა, არ შეიძლება. სინდისი არ მაძლევს უფლებას. მინდა მოუსმინო, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოსმენას ტკივილის მეტი არაფერი მოაქვს...

მარია შიგელი: - ჩემთვის ეს ჯერ ისევ ვირტუალური ინფორმაციაა. მერე რა, რომ ეს ხალხი ნამდვილია. ხალხი 5 წლის წინაც იყო, როცა იოანე პაველ მეორე გარდაიცვალა. მის სიკვდილს შეგუებული ვიყავი, ვიცოდი, რომ დადგებოდა ეს მომენტი. კატასტროფის შესახებ ცნობა ჩემთვის ვირტუალურია, ტყუილია. არ მინდა დაჯერება. არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე. შეძრწუნებული ვარ...

გრეგორი: - ჩვენთვის, პოლონელებისთვის ეს არაა მხოლოდ უდიდესი დარტყმა, ეს არაა მხოლოდ პრეზიდენტის, პირველი ლედისა და იმ უამრავი ადამიანის დაკარგვა, რომელნიც ყოველდღიურად ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ. ეს ჩვენი საკუთარი თავის დაკარგვაა. აღარაფერი არ იქნება ისე, როგორც იყო. შოკი, ტკივილი, გლოვა და უიმედობა დიდხანს იქნებიან ჩვენი თანამგზავრები. იქნება მუდმივი კითხვა: რატომ, როგორ, რა იქნება მომავალში?

აგატა: - ხმა მიკანკალებს, როდესაც ამ ყველაფერზე ვლაპარაკობ. ვცდილობ, ავუხსნა ჩემს შვიდი წლის შვილს, რა მოხდა... ეს ტრაგედია პირად ტრაგედიად აღვიქვი.

ბოგდან ზალევსკი: - დაწყევლილმა კატინის მიწამ ისევ მოითხოვა მსხვერპლი და ახალი სისხლი, პოლონელების სისხლი...

კამილა: - ჩემი პრეზიდენტი, ჩემი პირველი ლედი, ჩემი მინისტრები... მთლიანად პოლონეთის შვილები. ღმერთო, გაანათლე მათი სულები...

პრეზიდენტის სასახლესთან შეგროვილი ხალხი ორ ნაწილად გაიყო - სასახლეში პრეზიდენტის ცხედარი მოასვენეს. და კვლავ დადუმდა ხალხი... მერე ისმოდა ტირილისა და ლოცვისა ხმა...

10 და 11 აპრილს ვარშავაში წვიმდა. და მგლოვიარე ერმა თქვა: ეს არაა წვიმა... უბრალოდ, ანგელოზები ტირიან!

воскресенье, 11 апреля 2010 г.

ტკივილი, რომელიც საუკუნეებს დაითვლის...









понедельник, 5 апреля 2010 г.

ნინო


ძალიან შაბლონური და ტრაფარეტული სიტყვებით უნდა დავიწყო - ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე! - 38 წლის ასაკში იმედი აღარ მქონდა, რომ ოდესმე დედა გავხდებოდი. 39 წლის გავხდი და 3 კვირის შემდეგ, 1 მარტს ჩემი უფროსი გოგონა, ანი მოევლინა ქვეყანას. ხოლო მეორე შვილის, ნინოს დაბადებიდან 2 კვირაში, 41 წელი შემისრულდა :).
ნინო 2009 წლის 27 იანვარს დილის 9 საათსა და 20 წუთზე დაიბადა საკეისრო კვეთით. ვარშავის ერთ-ერთ სამშობიაროში ღამის 2 საათზე მიმიყვანეს მეუღლემ და უმცროსმა დამ. პალატაში მხოლოდ ერთს შეეძლო ჩემთან ერთად დარჩენა და ვინაიდან მეუღლე ცოტა მწყრალად იყო პოლონურ ენასთან, მომვლელის თუ თავზე მდგომის ფუნქცია ჩემმა დამ აიღო თავის თავზე. ნინიკო ერთი ბეწო დაიბადა-2 კილო და 700 გრამი. მიუხედავად ამისა, ბავშვი 10 ქულით შეაფასეს. თურმე, ღამენათევ ჩემს დას და მეუღლს ბავშვის დაბადება მიულოცეს, პატარაზე მოფერების უფლებაც მისცეს და ღიმილიანი და ბედნიერი სახეებით სახლში გაისტუმრეს.
იმ დღეს ჩემს სანახავად ვინმეს მოსვლას აზრი არ ჰქონდა - ოპერაციის დროსაც და შემდეგაც, ნარკოზით გაბრუებული თურმე მონოტონურად ვიმეორებდი, რომ ამ ქვეყანაზე ყველაზე ლამაზი შვილები მე მყავს. რომ, აუცილებლად დამეთანხმება ყველა, რომ ამ სამშობიაროში ნინოსავით ლამაზი და საყვარელი ბავშვი ჯერ არ დაბადებულა(ეს ყველაფერი დედაჩემს უთხრა მერე ჩემმა ექიმმა). მეც მახსოვს, რომ ბავშვის ნახვა მოვითხოვე. მომიყვანეს პატარა თოჯინა, 2 წამით დამიგორეს მკერდზე და ისევ გაიყვანეს... 28 იანვარს, დილის 6 საათზე, ჯერ ისევ ნარკოზის ქვეშ მყოფი მორიგე პედიატრმა გამაღვიძა - ოჯახში გენეტიკური დაავადებუთ ვინ გყავს? - სადღაც შორიდან ჩამესმა კითხვა. ვერ მივხვდი რას და რატომ მეკითხებოდა. რა გინდათ-თქო, კითხვა შევუბრუნე და მანაც გამიმეორა - გენეტიკური დაავადებით ვინ გყავს ოჯახში ავად? -არავინ-თქო-ვუპასუხე. და მერე ისევ სადღაც შორიდან მომესმა -აბა რატომ დაიბადა შენი შვილი დაუნის სინდრომით? ექიმის სახე თეთრ ხალათთან ერთად გაფერმკთალდა და გაქრა. არაფერი აღარ ჩანდა, არც არაფერი მესმოდა. ბოლომდე ვერ ვხვდებოდი რა მითხრა ექიმმა, მაგრამ, სადღაც, შიგნით რაღაც ამტკივდა ძალიან და ვიცოდი, რომ ეს ტკივილი ექიმის ნათქვამმა გამოიწვია. მერე, დაახლოებით 2 საათის შემდეგ, როგორც იქნა შევძელი და დედაჩემს დავურეკე, მიშველე-თქო, ვთხოვე... დედა და ჩემი დები რომ მოვიდნენ უკვე ნორმალურად ვაზროვნებდი. რამდენჯერმე მოვითხოვე პედიატრის ნახვა, მაგრამ "არ ეცალა". ბავშვი არ მოყავდათ, რადგან "ეძინა", ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ "ვერაფერს" მეუბნებოდნენ, რადგან პედიატრის დასკვნა ჯერ არ ქონდათ ნანახი...
დედაჩემი და ჩემი დები ყურებამდე გაღიმებული სახით და ადამიანის ძალას რომ აღემატება დამალვა, ისეთი ტკივილით სავსე თვალებით შემოვიდნენ პალატაში. -რა ჭირს ბავშვს? -არაფერი, კარგადაა, ეს წუთია ვნახეთ. ისეთი საყვარელია, ისეთი ლამა... -რა ჭირს ჩემს შვილს - გავიმეორე. ჯერ ყველა გაჩუმდა. მერე ისევ დედაჩემმა შეძლო და მითხრა -ეჭვობენ, რომ დაუნის სინდრომთაა დაბადებული. ეჭვობენ მხოლოდ, ჯერ თავადაც არ იციან, ეჭვი აქვთ... მერე კიდევ დიდხანს იყვნენ და კიდევ ბევრი ილაპარაკეს, მაგრამ მე მათი ლაპარაკი აღარ მესმოდა. იმ წუთას მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა ტავში -რა დავაშავე, რატომ. რატომ მაინც და მაინც მე. რატომ... რატომ... მერე ბავშვი მოიყვანეს. ვუყურებდი და ვერ ვხედავდი... მერე დედაჩემი იჯდა და მამშვიდებდა... მერე ჩემი დები მამშვიდებდნენ... მერე მე ისევ ვფიქრობდი - რატომ, რატომ, რატომ მაინც და მაინც მე...
მეორე დილით ექთანმა ბავშვი მომიყვანა. კალათში ჩააწვინეთქო-ვანიშნე. ვიწექი და უაზროდ მივშტერებოდი ერთ წერტილს. ჩემს გვერდზე მწოლი გოგონას ბავშვმა ტირილი დაიწყო და... გამოვფხიზლდი! მერე დედაჩემმა მკითხა, ნინიკო კარგად ჭამსო და შემრცხვა - 3 დღის შემდეგ ძლივს მივაგორე კალათი საწოლთან ახლოს და ძლივს მოვახერხე იქედან ნინოს ამოყვანა. გვერდზე მოვიწვინე, ძუძუ ჩავუდე და არა დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვი, არამედ ჩემი შვილი, ჩემი დახატული ნინო დავინახე.
ახლა შემიძლია დავწერო, რომ იმ წუთას ჩემში მოხდა უდიდესი გარდასახვა, რომ იმ წუთას შევეგუე ყველაფერს... ძალიან დიდ ტყუილს ვიტყვი. ყველაფერს რომ თავი დავანებო, საკუთარ თავთან არ ვიქნები მართალი...
სამშობიაროში 10 დღე დაგვტოვეს და ამ ათი დღის ყოველი წამი, წუთი, საათი, ფიზიკური თუ სულიერი ტკივილით იყო სავსე. მტკიოდა ჭრილობა, მტკიოდა ჩემი შვილი და რაც ყველაზე საშინელებაა, სხვა, ჯანმრთელი ბავშვები და მათი დედების ბედნიერი სახეები მტკიოდა... ყველაზე მეტად კი მტკიოდა სიჩუმე, რომელიც მაშინ ტყუილი იყო. ჩემი მეუღლე დღეში 2-3 საათს ჩემს საწოლთან ატარებდა და ჩემს დანგრეულ ფსიქიკას და გამუდმებულ ტირილს ჭრილობის ტკივილს ვაბრალებდი. თავის გამართლებად შეიძლება ჩათვალოს ვინმემ, მაგრამ რადგან ნინიკოს დაუნის სინდრომი ჯერ მხოლოდ ეჭვი იყო, არ მინდოდა, რომ მას ამ "უსაფუძვლო" ეჭვის გამო ენერვიულა. ვხედავდი, როგორი სითბოთი და სიყვარულით უყურებდა ბავშვს, როგორ ეთამაშებოდა პაწაწინა თითებზე. ვხედავდი, რომ ბედნიერი იყო და... მის იქ ყოფნის დროს მაქსიმალურად ვცდილობდი თავი შემეკავებინა, არ მეტირა, ბავშვისთვის სიბრალულით არ შემეხედა, სხვისი შვილისკენ შურით სავსე მზერა არ გამქცეოდა. მერე, ის რომ მიდიოდა, ვეშვებოდი, ყველა ტკივილი გზას პოულობდა და -თქვენი ქალიშვილი ნარკოტიკებს ხომ არ მოიხმარდა?-უკითხავს დედაჩემისთვის პედიატრს, რომელმაც ნინიკოს "კარგად ყოფნა მახარა". მერე ის პედიატრი ჩემს პალატაში ვეღარ შემოდიოდა... სამშობიაროში ბავშვს ათასგვარი გამოკვლევა ჩაუტარეს. ყველაფერი წესრიგში ქონდა, თუ არ ჩავთვლით პატარა არითმიას და შებერილ მუცელს. მეათე დღეს სამშობიაროდან 10 ქულით შეფასებული დაუნის სინდრომით დაბადებული შვილითა და გენეტიკურ ცენტრში მიმართვით გამომწერეს. 11 დღის ნინოს გულის კარდიოგრამა გადავუღეთ. თანდაყოლილი გულის მანკი, საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, თუმცა შანსია, რომ მანკი დაიხუროს-იყო დიაგნოზი. სასტიკი უარი ვთქვი-არავითარი ოპერაცია. (უარის მიზეზს, ვისაც წინა პოსტი აქვს წაკითხუკლი, მიხვდება). გენეტიკურ ცენტრში მარტის პირველ რიცხვებში უნდა ჩატარებულიყო კარიოტიპის გამოკვლევა. და თებერვლის ბოლოს მითხრეს, რომ მომავალი წლის იანვრამდე, ან ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, ამა წლის ნოემბრის ბოლომდე გენეტიკური ანალიზის გაკეთების შანსი არ არისო. ჩემი მეუღლე დილის 7 საათიდან საღამოს 6 საათამდე სამსახურში იყო და იმ ერთი თვის განმავლობაში მას ერთხელაც არ დაუნახავს ჩემს თვალზე ცრემლი, ერთხელ არ მიგრძნობინებია მისთვის, რომ რაღაც საშინელი მჭირდა, უფრო სწორად, ჩვენს შვილს ჭირდა. მაგრამ, იმ დღეს, როდესაც გენეტიკურ ცენტრში ანალიზის გაკეთების თარიღი მითხრეს, ის მაგარი და ყოჩაღი გოგო, რომელიც ქმარს გაღიმებული და შვილებით ბედნიერი ხვდებოდა სახლში, უცბად მოკვდა. სამსახურიდან დაბრუნებულ მეუღლეს თვალებდასიებული დავხვდი. -მამა, დედას ფუა ტივა-შეეგება ანი მამამისს. რა დაგემართა-მკითხა და ვეღარ გავჩუმდი. ზუსტად ვიცოდი, რომ მეტს ვეღარ ვითამაშებდი, რომ ჩემს თავზე იმაზე მეტი ავიღე, ვიდრე შემეძლო. -ბავშვი გვყავს ცუდად... და მერე მთელი საღამო, მე ვყვებოდი, ვტიროდი. ის მამშვიდებდა და მეუბნენოდა, რომ სულელი ვარ, რომ "ეს" ჩვენი, ორივეს ტკივილია და ერთად უნდა გადაგვეტანა, რომ ჩვენ შვილს არაფერი ჭირს, რომ ნინო ბევრად ლამაზი დაიბადა, ვიდრე ანი და რომ "უბერავენ" აქაური ექიმები... მერე ვიჯექით და შვილებს ვეფერებოდით...
სხადასხვა გზებით მოვახერხეთ და გენეტიკური ანალიზი 14 აპრილს ჩაგვიტარეს. პასუხი დადებითი იყო. სხვას არც მოველოდი...
ტკივილი უცბად და თავისით არ ქრება. დედაცემმა შემომისწრო როგორ დავტიროდი თმაგაწეწილი ნინოს და საკუთარ თავს. ბავშვი საწოლიდან ამოიყვანა - არ ხარ შენ ამ ანგელოზის ღირსიო, ვნახავ ვინმეს, ვინც მოსიყვარულე დედა იქნება ნინოსი და ვინც ღირსეულ დედობას გაუწევსო. ეს იყო ალბათ ყველაზე კარგი, ძლიერი თერაპია - წინ გადავუდექი და - ახლავე მომეცი ჩემი შვილი, ნინო მომეცი. იქ დამთავრდა ყველაფერი, პატარა, დახატული გოგო მეკავა ხელში და მასზე უკეთესი ქვეყნად არავინ მეგულებოდა.
ახლობელმა დამირეკა, სანახავად უნდოდა მოსვლა და თან ფსიქოლოგი მინდა მოვიყვანოო. -რად გინდა ფსიქოლოგი-თქო, ვკითხე. -ბავშვს როგორ მიეჩვიო, გზას მოგცემსო და გავგიჟდი კინაღამ. არ უარვყოფ, რომ არ იყო ადვილი გაცნობიერება იმისა, რომ ჩემი შვილი "დაუნია", მაგრამ შვილი, რომელიც ჩასახვის დღიდან მიყვარდა, შვილი, რომელიც ჩემი სულისა და სხეულის ნაწილია, ფსიქოლოგმა უნდა "შემაყვაროს"? და თან,  მე ჩემ შვილში ვერ ვხედავ "დაუნს", ჩემი შვილი ნინოა!
საქართველოში მეგობარი მყავს, უახლოესი მეგობარი, მამუ... სკაიპით ველაპარაკე. ნინიკო დავანახე და ვუთხარი, რომ ბავშვი დაუნის სინდრომითაა დაბადებული. - მეცოდები, გაგიჭირდება ძალიან-მითხრა. და მას მერე აღარ დავლაპარაკებივარ ჩემს მეგობარს. მე არაფერი გამიჭირდება, მე შვილები უნდა გავზარდო, კარგად უნდა გავზარდო. განა ანის ნაკლები ყურადღება უნდა, ვიდრე ნინოს? და შემრცხვა სამშობიაროში გატარებული ათი დღის-რატომ, რატომ რატომ მე... მე კი არა, რატომ ნინო? ასე უნდა დამესვა კითხვა!
3 თვის ნინიკოს განმეორებით გავუკეთეთ გულზე კარდიოგრამა. მანკი თითქმის აღარ იყო. 8 თვისის მანკი საერთოდ დაეხურა. არ ვიცი რამდენად კარგად "გადმოვაქართულებ" კარდიოლოგის განმარტებას-ერთი პარკუჭის ერთი სისხლძარღვიდან სისხლი ოდნავ ჟონავს, მაგრამ ადამიანების დაახლოებით 70 პროცენტი ასეა. არავითარი ქირურგიული ჩარევა არ ჭირდება... თავის ქალის გამოკვლევამაც კარგი შედეგი მოგვცა-ყველა უჯრედი ნორმალური ზომისაა და ნორმის მიხედვით ვითარდება... დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვები სხვა ბავშვებზე შედარებით გვიან ვითარდებიან. ალბათ ამიტომაა, რომ ნინიკოს რეაბილიტანტის შეფასებას ცაში ავყავართ სიხარულით. 2 კვირის მუცელზე მწოლი თავს იჭერდა, თვის ბავშვმა ხმების გარჩევა დაიწყო-სხვადასხვაგვარად რეაგირებდა ჩემს, მამის, ბებიისა და დის ხმაზე. 9 თვისამ ხოხვა დაიწყო(შედარებით დაგვიანებულია, მაგრამ დიდი წარმატებაა), დღეს ხან რომელ უჯრაში აქვს ცხვირი ჩაყოფილი, ხან რომელში :).ძალიან კონტაქტური ბავშვია, საოცრად უყვარს დაიკო და ბებია. ჩემზე აღარ მაქვს ლაპარაკი :). ნინოს სიცილი გადამდებია, სახე და თვალები ერთნაირად უცინის. რა თქმა უნდა, გვაქვს პატარ-პატარა პრობლემები, მაგრამ, ვუმკლავდებით. ვიცით, რომ ყველაფერი კარგად იქნება...

среда, 31 марта 2010 г.

უსათაურო...



ქართული ბლოგების სამყაროში სრულიად შემთხვევით მოვხვდი. შარშან, მარტის თვეში, რაღაც ინფორმაციის ძებნის დროს, გუგლმა პიკოლინოს ბლოგი ამომიგდო. მაშინ მთელს ქართულ ინტერნეტ სივრცეში მხოლოდ ეს ბლოგი იყო, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან თემაზე წერდა... და თან ძალიან კარგად წერდა...
მანამდე, gol.ge-ს ფორუმზე ვნახე ეს:


"21 მარტი არის მსოფლიოს დაუნის სინდრომის დღე.
World Down Syndrome Day (WDSD)

ვილაპარაკოთ დაუნის სინდრომზე...

არსებობს თუ არა საქართველოში ისეთი დაწესებულება სადაც იკრიბებიან ამ დარღვევის მქონე ხალხი?...

ჭირდებათ თუ არა მათ ხალხის თანადგომა და ყურადღება?..

არავინ არ ვიყავით დაზღვეული იმისგან რომ ჩვენც იგივე არ შეგვემთხვებოდა..

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები არ უნდა იყვნენ გარიყული ხალხისგან, არამედ უნდა იქნან განხილულნი საზოგადოების ნორმალურ წევრებად...

ალბათ კარგი იქნება ვეწვიოთ ამ ხალხს და მხარში ამოვუდგეთ...

გინდათ 21 მარტს, მსოფლიოს დაუნის სინდრომის დღეს, შევიკრიბოთ ფორუმელები და მოვინახულოთ ამ დარღვევის მქონე ხალხი?... smile.gif

ძალიან სამწუხარო ფაქტს შევესწარი, სამარშუტო ტაქსში ვიჯექი, ერთმა ქალმა ხელი დაუქნია და გააჩერა, ამოვიდა თუ არა უცებ კარების მოხურვის დროს დაახლოებით 20 წლის 21 ტრისომიის მქონე ბიჭმა ამოდგა ფეხი, მძღოლმა კი დაძრა მანქანა და საწყალი ბიჭი უხეშად ჩამოიშორა, ის კი მიმართულებას აჩვენებდა ხომ აქ უნდა ჩაუხვიოო, მძღოლმა უხეშად უთხრა პირდაპირ მივდივარო და კარი გამოიკეტა. მე მართლა მეგონა პირდაპირ მიდიოდა და როცა ჩაუხვია, სისხლი გამეყინა, საშინლად გავბრაზდი, მინდოდა მეჩხუბა და სულით დაუნი მეძახა იმ მძღოლისთვის, მაგრამ თავი შევიკავე. არადა ცარიელი ადგილები ბლომად ჰქონდა.... ძალიან განვიცადე...

user posted image

ქრომოსომული დარღვევაა(XXI ქრომოსომის ტრისომია), რომელიც იწვევს მენტალურ ჩამორჩენას, დამახასიათებელ სახის გამომეტყველებას, და მრავალ სხვა მახასიათებლებს, რომელთა შორის არის მიკროცეფალია(პატარა თავის ქალა) და მოკლე აღნაგობა.

ჩამირჩენილია ფიზიკური და მენტალური განვითარება.
მიკროცეფალია(პატარა თავი), ბრტყელი კეფა და მცირე აღნაგობა.
თვალები მიმართული არის ზევით და აღინიშნება დამატებითი ნაკეცები.
კისრის არეში აღენიშნება კანის სიჭარბე.
ცხვირის ხიდი აქვთ ბრტყელი და პირ აქვთ ღია დიდი ენის გამო.
ყურები არის პატარა და მომრგვალებული.
ხელები არის პატარა და განიერი.
თანდაყოლილი გულის მანკებში ყველაზე ხშირია პარკუჭთაშორისი ძგიდის დეფექტები.
დაუნის სინდრომის მქონე ყველა მამრი უნაყოფოა, მაგრამ ზოგიერთ მდედრს აქვს განაყოფიერების უნარი, მაგრამ არსებობს 50% შანსი იმისა, რომ მისი შთამომავალს ექნება იგივე დარღვევა და უმეტესი ნაყოფი კვდება მუცელში სპონტანური აბორტით..
სიცოცხლის ხანგრძლივობა მოკლეა გულის დაავადებების და ლეიკემიის გამო. უმეტესობა აღწევს ზრდასრულობის ასაკს.
სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 50-60 წელი. sad.gif

სამწუხაროდ უმრავლესობას მაგ მძღოლისმგავსი დამოკიდებულება აქვთ დაუნების მიმართ cray.gif

უმეტესად ლოთები შობენ დაუნებს, როგორც მე ვიცი

რამდენადაც მე მახსოვს, ლოთობასთან პირდაპირ კორელაციაში არ არის დაუნის სინდრომი, თუმცა აღნიშნავენ, რომ ასაკთან ერთად იმატებს შანსიც იმისა, რომ ბავშვი დაიბადოს დაუნის სინდრომით.
რაც შეეხება დაწესებულებას, მე ვიცი სადაც არის და თუ სურვილი გექნებათ ოფიციალურად შემიძლია მოვაწყო შეხვედრა smile.gif სხვათაშორის მაგარი კაი ტიპები არიან smile.gif მოკლედ ერთ ერთ ასეთ სკოლაში ჩემი მეგობრები მუშაობენ, ერთი ფსიქოლოგად მეორე კი რეჟისორია და ამ ბავშვებისთვის, მათივე მონაწილეობით დგამს ხოლმე თეატრალურ დადგმებს.

კაი ტიპებუ უძახე და მაგათ უნდა გადაყვე, ათჯერ მეტი მოვლა უნდათ ვიდრე ნორმალურ ბავშვს, თანაც მაგათგან არაფერი გამოდის hhh.gif

ხშირად მიწევს იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში სიარული.. ხოდა ერთხელაც იქიდან რომ მოვდიოდი ავტობუსში XXI ტრისომიის პატარა ბავშვი იჯდა... გვერძე ერთი ადამიანი ეჯდა.. განთავისუფლდა სხვა ადგილი თუარა იმწანსვე გადაჯდა ის კაცი.. შემზარავი სანახაობა იყო... ყველამ დაინახა როგორი ზიზღით და შიშით უყურებდა ის კაცი ამ ბავშვს და როგორ დემონსტრაციულად გადაჯდა სხვა ადგილზე... დავინახე თუ არა ეს იდიოტიზმი.. ავდექი ჩემი ადგილიდან და იმ ბავშვს მოვუჯექი გვერდზე... smile.gif

ნეტავ რის გამო ხდება ასე? რატომ ვართ ქართველები ასეთი დაუნდობელები?

რავიაბა... ეს მგონი მარტო ქართველების პრობლემა არაა... ეს ალბათ ზოგადად სოციალური ფსიქოლოგიაა... ვინც არ ვარგა და ვისაც ვერ გამოიყენებ უნდა გადააგდო... ფაშიზმი და სრული მარაზმია... უნდა ისწავლოს ხალხმა უანგაროდ დახმარება... ეს არაა საჭირო რომ იყოს მატერიალური დახმარება... საკმარისია უბრალოდ მიხვიდე მაგ ხალხთან და შენი სითბო და ყურადღება გაუზიარო... smile.gif luke.gif

პუ რა ბედი მაქ 21 მარტს მაქ დაბადების დღე"

ალბათ არავინ შემედავება, თუ ვიტყვი, რომ დასასრული გენიალურია... მე მაშინ მოვკვდი კინაღამ. მერე სულ მინდოდა რაღაც დამეწერა, რაღაც მეამბო - ორი პატარა დროს არ მიტოვებდა, კომპიუტერთან დიდი დრო გამეტარებინა... მაგრამ როცა ძალიან გინდა...

დაუნის სინდრომზე ყველაფერი თუ არა, თითქმის ყველაფერი ნამდვილად ვიცი. ერთადერთი, რაც მაინტერესებდა, საქართველოში თუ არსებობს ორგანიზაციები, რომელიც ამ ბავშვების რეაბილიტაციაში ეხმარებიან მშობლებს. ბევრი ძიების შემდეგ მივაკვლიე, რომ არსებობს, ოღონდ, ჩემდა სამწუხაროდ, მხოლოდ ქაღალდებზე. რამდენიმე დღის წინ ჩემმა უახლოესმა მეგობარმა(საინფორმაციო კომპანია fact.ge-ს დამაარსებელმა) სტატისტიკის დეპარტამენტისაგან მწირი და თითქმის არაფრისმთქმელი ინფორმაცია მოიპოვა მხოლოდ... არავის აქვს სურვილი, ხმამაღლა ისაუბროს ორგანიზაციებზე, რომლებიც სახელმწიფო თუ დონორი ორგანიზაციების გრანტებით ფინანსდება და რომლებიც საკუთარ ვებ-გვერდებზე ტრენინგების, საკონფერენციო შეხვედრებისა და სხვადასხვა "წარმატებით" ჩატარებული ღონისძიებების ამსახველ უამრავ ფოტოს დებენ... ერთ-ერთ ქართულ საიტზე ვნახე გვერდი, რომელზეც მშობლები თავის "დაუნ" შვილებზე განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ყვებიან. ქართველი არცერთი არაა. გერმანელი, ფრანგი და ამერიკელი დედები გვასწავლიან ქართველებს შვილის სიყვარულს...

суббота, 27 марта 2010 г.

ჩემი და...

სკოლა 1985 წელს დავამთავრე...
ბოლო დროს ჩემს შუათანა დას მკერდის არეში ძლიერი ტკივილები დაეწყო. მეშვიდე კლასს ამთავრებდა...ბოლო ზარამდე რამდენიმე დღით ადრე დედაჩემი და ჩემი და თბილისში წავიდნენ, "ჩაჩავაში" ცნობილ პროფესორ - მადიჩთან გაგზავნეს რაიონის საავადმყოფოდან. მეორე დღეს დაბრუნდნენ ტირილისგან დასიებული თვალებით... -მადიჩმა ბავშვი გასინჯა და მისი თანადასწრებით მითხრა, სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, მკერდი მოსაკვეთიაო-უყვებოდა მერე დედაჩემი თავის უახლოეს მეგობარს... ჩემი და, თურმე, ძლივს მოუსულიერებიათ...
მერე იყო ჩემი წარუმატებელი მისაღები გამოცდები უნივერსიტეტში, ჩემი დის ექიმებთან წინ და უკან სირბილი, ახალ-ახალი ექიმები ახალ-ახალი ვარაუდებით... სამსახურის ძებნა დავიწყე და ვინაიდან ლაგოდეხში ახალსკოლადამთავრებულისთვის სხვა "პრასვეტი" არ იყო, დედაჩემის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, თამბაქოს საფერმენტაციო ქარხანაში ამოვყავი თავი. (ხელფასი სასაცილო იყო, მაგრამ მაშინ, აბიტურიენტი, რომელიც პირდაპირ სკოლის მერხიდან არ მიდიოდა მისაღებ გამოცდებზე, "სტაჟიანი" უნდა ყოფილიყო :))
ამასობაში აგვისტოც გავიდა და სექტემბრის დასაწყისში დედაჩემი და ჩემი და მოსკოვში გადაფრინდნენ. ოქტომბრის ბოლოს ონკოლოგიურ ცენტრში ჩემს დას ოპერაცია პროფესორ ლეწიაგინის ჯგუფმა გაუკეთა - მარცხენა მკერდი მოკვეთეს და კანქვეშ პროთეზი ჩაუდგეს...
ნოემბრის შუა რიცხვებში ქარანის დირექტორს (მამაჩემის თანასოფლელსა და ერთ დროს, უახლოეს მეგობარს) დიდი ხვეწნა-მუდარით ერთკვირიანი "შვებულება" გამოვტყუე და ნათესავების ფინანსური დახმარების წყალობით მოსკოვში გავფრინდი. დედაჩემი აეროპორტში დამხვდა და იქედან პირდაპირ საავადმყოფოში წავედით... ჩემმა დამ არაფერი იცოდა ჩემი ჩასვლის შესახებ და დედა მთელი გზა ნერვიულად ერთსა და იგივეს მეასედ მაინც იმეორებდა - ძალიან ფრთხილად, ძლიერად არ ჩაეხუტო. იქნებ, უნდა მეთქვა რომ ჩამოხვედი. ბავშვს არაფერი დაემართოს...
ონკოლოგიური ცენტრის მეთოთხმეტე სართულზე, დერეფანში, თითქმის ყველა ექთანი და ავადმყოფი ღიმილით შემომეგება(დედა, იმისათვის რომ ჩემი დის გვერძე ყოფილიყო, სანიტრად გაფორმდა საავადმყოფოში). დედამ წინ გამიშვა - დერეფნის ბოლოს ოთახიდან ჩემი და გამოვიდა. ხელშ ჩაის ჭიქა ეკავა და კოვზით რაღაცას ურევდა... შემომხედა - ინგა? -თქვა და ვითომც აქ არაფერი, პალატაში შებრუნდა. ნაბიჯი ვეღარ გადავდგი წინ. საუკუნე რომ მეგონა, იმდენი წამის შემდეგ ჩემი დის ყვირილი გაისმა - ინგაააა! პალატიდან გამოვარდა და კისერზე ჩამომეკიდა...
მერე ყველაფერი დალაგდა. მომდევნო წელს მე სტუდენტი გავხდი, ოღონდ საოცნებო უნივერსიტეტის არა...ჩემი და ნელ-ნელა, მაგრამ გამოჯანმრთელდა, უმცროსი და ქაჯანა გვეზრდებოდა... დედას მუდამ სევდიანი სახე მომღიმარი და მხიარული გახდა...
ჩემი და დღესაც ძალიან ლამაზია. მაშინ კი, 16-17 წლის ასაკში მართლაც უზომოდ ლამაზ და მიმზიდველ გოგოს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. მასაც შეუყვარდა ძალიან ლამაზი სიყვარულით. სკოლა დაამთავრა, იმავე წელს, ვინაიდან დედა გვერდიდან არ იშორებდა, დაუსწრებელზე ჩააბარა, მუშაობა დაიწყო... ერთ დღეს, სამსახურიდან მომავალი მანქანაში "შეტენეს" და მოიტაცეს... სამი დღის შემდეგ გვაჩვენეს ჩემი და. სასტიკი ქართული მენტალიტეტის წყალობით, რომელიც განატაცები ქალისგან მსხვერპლად საკუთარი თავის გაღებას მოითხოვდა, ჩემი და გახდა ცოლი ადამიანისა, რომელსაც თვალის დასანახად ვერ იტანდა... 6 თვის შემდეგ, ქმრის მეზობელმა სახედალურჯებული მოგვიყვანა სახლში და გვითხრა- თუ ამ ბავშვის სიკვდილი გინდათ, წაიყვანეთ უკან, თუ არა და, დროზე უშველეთო... მერე დაიწყო გაუთავებელი მოვარდნები, შეურაცხყოფები, მუქარები...
საცხოვრებლად თბილისში წამოვედით. მეტ-ნაკლებად აგვეწყო ცხოვრება. დედას კარგი სამსახური ჰქონდა, მეც, ჩემს დასაც. უმცროსი და სტუდენტი იყო და ისევ ისეთი ქაჯანა... მერე ისიც მოიტაცეს (საბედნიეროდ დღემდე ბედნიერია თავის მეუღლესთან და შვილებთან ერთად)...
92 წელს პოლონეთში წამოვედით, მაქსიმუმ, ერთი თვით. დღესაც არ გასულა ის "მაქსიმუმ"...
აქ ჩემმა დამ გაიცნო ქართველი ბიჭი, რომელიც შეუყვარდა და რომლის ცოლიც გახდა. 1997 წლის 19 ნოემბერს დახატული შვილი ეყოლა, ანი... 3 დღის შემდეგ, თანდაყოლილი გულის მანკის დიაგნოზთ, ბავშვი სამშობიაროდან რეანომობილით გადაიყვანეს ბავშვთა ცენტრში. 2 კვირის შემდეგ გულზე ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს. 23 დეკემბერს ანი ვარშავის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე დავკრძალეთ...
ჩემს დას დღეს 10 წლის ვაჟკაცი ყავს. მზე და მთვარე მასზე, დედაზე, დებზე და დიშვილებზე ამოდის...