rss
Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites
Показаны сообщения с ярлыком დედაშენი. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком დედაშენი. Показать все сообщения

суббота, 1 мая 2010 г.

გამარჯობა, მა!




(ფანჩატური კაკლის ხეზე :))


-ალო, გისმენ!
-გამარჯობა, მელო, როგორ ხარ?
-გამარჯობა დაიკო, ვერ გიცანი.
-ხო ხარ ღირსი, ყურმილი გაგითიშო. რა დაიკო, მე ვარ, მა.
-უი, ბარდღუნია, რავა ხარ შვილო, რავა ვერ გიცანი მამა, უცბად ვერ გიცანი თორე.
-რას შვები, მა, როგორ ხარ. ხო არ დაბერდი ბიჭო?
-ბებერი ხარის რქებიც ეწევიანო, მამა, ხო გაგიგია, მასე ვარ მეც. მამენატრეთ ძალიან, თქვე მაიმუნებო. აღარ ჩამოდიხართ გოგო?
-რა ვიცი, მამა, ამ ზაფხულს ვაპირებთ და ვნახოთ...
-ბოვშები მენატრებიან, შვილო. მაგათი ველოსიპეტები აქანა კიდია ბეღლის კედელზე, არ ვაკარებ არავის. ბურთი დაჩუტულა გოგო და ვერ გავაბერიე, კამერა გოუფუჭდა ეტყობა.
-შენი ჭირიც წაუღია, მეტი სადარდებელი არ გქონდეს რა...
-ბოვში რო ჩამოვა და არ დახვდება აბა. ის ფანჩატური, კაკლის ხეზე რო გოვუკეთე, უფრო გავამაგრე, მამა. კიბე გამოვუცვალე და პოლიც შევცვალე. ბიჭები მევიხმარე, თორე მარტო რას ვიზამდი.
-ეგ მეც კი გამეხარდა მელუა :) , სხვა, შენ როგორა ხარ.
-მე რა მიჭირს გოგო, ქე გამომაღამდა თვალები თქვენ ლოდინში მარა, არ შეგიძლიათ, ეტყობა, თუ არა, ხო ჩამოხვიდოდოთ.
-კი, მამა. ამ თვეში ვერ გამოგიგზავნეთ, მა, ფული და, რას შვები, რას ჭამ?
-არ ინერვიულო, შვილო. ის კიდე შემომრჩა ცოტა. რაში უნდა დავხარჯო, მამა, პაპიროსს თუ ვიყიდი და შაქარს და პურს, თორე ისე ქე მაქვს ყველაერი სახში.
-რა გაქვს, მამა, მამიდამ ძლივს დადის, ფეხები ტკივაო და...
-კაი, ნუ იცის მაგან გადამეტება, რა ძლივს დავდივარ. პამიდორი და კიტრი მოვიყვანე მამა, ბადრიჯანიც მექნება წლეულს, მწვანილი ჩემგან მიაქვთ მეზობლებს. ძროხას შეუნგრევია კარები და მომასწრო და ერთი პირი კი გადამიჭამა, მარა სუხოს დოუნახია და გამორეკა მალე. წიწილებიც დავზარდე წელს მამა და რო ჩამოხვალთ სუ სახლის ვარიები უნდა გაჭამოთ. ძროხა მაწვალებს ცოტას, ხბოს არ იკარებს და შრატით ვზრდი იმ საწყალს.
-ყოჩაღ, მელუა, აღარ ხუმრობ, ხო იცი. ძაან მოგიქაჩლებია თავი :)
-იჰ, ვენახი გვაქვს მამა, გეიხარებთ რო ნახავთ. ქე მეშინოდა, არ ივარგათქო, მარა, ისე დეისხა წელს, ერთი ოთხი ტონა ქე უნდა მეიკრიფოს.
-უფ, ჩვენი ძველი რქაწითელისნაირი მაინც არ იქნება და...
-დაგიტოვეთ მამა, სამი პლანი დავტოვე ისიც. ძაან არი დაბერებული და რა მექნა აბა, გოგო.
-ყოჩაღი ბიჭი ხარ, მელო, ყოჩაღიიი.
-გოგო, ბოვში რავა არის. რო დამანახე მაშინ კომპიუტერში, სუ არ დევიჯერე არაფერი მამა. ლოქოა ეგ მაიმუნი.
-ვინ არი, ლოქო, ბიჭო...
-ანოზეც ქე მეჩხუბებოდი, სინდიოფალას ნუ უძახიო, მარა,ქეა ყველაზე ლამაზი სინდიოფალაი და...
-კაი, ხო, გეხუმრები, რაც გინდა ის დაუძახე :)
-ჰო, მამა, დამოკოცნე ბოვშები. დედაშენი რავა არის?
-არის რა, რა გითხრა აბა.
-არ უნდა შეშინდეთ, მამა. ყოჩაღია დედაშენი და კაათ გახდება.
-ხო, მამა.
-გიგა რას შვება, ცოლი ხო არ მოყავს მაგ მამაძაღლს :)
-გაჩუმდი, რა დროს ამის ცოლია...
-აქ ქე დაძვრებოდა გოგუებში და...
-არც აქ აკლებს, მაგრამ... სხვას რას იტყვი ახალს?
-ბენია დავასაფლავეთ გასულ შაფათს მამა.
-უი, საწყალი, რა დროს მაგის სიკვდილი იყო.
-ჰო, უცბად მოკვდა ცხონებული.
-აღდგომას მოილხენდით ალბათ, ყველა ჩამოვიდოდა.
-აპა რა ქნეს. ჯერ აქანა გევედით ბებიას საფლავზე და მერე ნანუასთან წევედით ყველა, დეზოს წოვუქციეთ თითო ჭიქა... ძაან არი მოტეხილი ნანუა...
-ველაპარაკე ტელეფონზე, მა. შენ ხო არ ეპარები კიდე ორნახადს, ჰა?
-არა, შვილო, თქვენ თავს ვფიცავარ. ერთი ჭიქის მეტი არ დამილევია აღდგომასაც. სუ არ ვსვამ მამა, სადღა შემიძლია, მოვრჩი უკვე მაგ ამბავს.
-ჰოდა ძალიანაც კარგი. თავს გაუფრთხილდი, რა, მამა...
_აბა რას ვიზამ გოგო, აქ მეტი არავინაა და ტავსაც თუ არ გოვუფრთხილდი, რა ვყოფილვარ მაშინ :)
-ჰო, სიცილში გამიტარე, აბა შენ იცი...მა, უნდა გავთიშო უკვე, გაიღვიძა შენმა ლოქომ და მივხედო უნდა.
-მიდი, მამა, გეიხარეთ შვილო, გეიხარეთ. ჩამოით დროზე.
-კაი, მამა, გკოცნი, ყოჩაღად იყავი და დაგირეკავ ამ დღეებში კიდევ.
-მიდი, შვილო, გკოცნი ბარდღუნია. კარქათ იყავით, მამა, კარქათ...

вторник, 27 апреля 2010 г.

მე, ანი :)


ამ ქვეყანაზე სამი წლისა და ორიოდე თვის წინ მოვედი. უამრავი ადამიანი მელოდებოდა - დედა, რომელიც თითქმის მთელი ცხოვრება ოცნებობდა ჩემზე. მამა, რომლისთვისაც მე დიდი მოულოდნელობა ვიყავი. ბებია, რომელიც ვარშავიდან სპეციალურად ჩემთვის ჩამოვიდა საქართველოში. დეიდები, დეიდაშვილები, ბაბუა, ბიძაშვილები, დედას და მამას მეგობრები. მოკლედ, მე რომ დავბადებულვარ, მეოთხე სამშობიაროს ეზოში ძლივს ეტეოდა თურმე ჩემი მომლოდინე ხალხი :). მამამ ძალიან მაწყენინა და მხოლოდ მესამე დღეს მნახა. მთლად მისი ბრალიც არ ყოფილა - პირველი შვილის დაბადება რესტორანში აღუნიშნავს, უზომოდ გახარებულს უზომოდ ბევრი დაულევია და იქედან სამდღიანი დასასვენებელი საგზურით თბილისის პოლიციის სამმართველოში ამოუყვია თავი. დედა არ მეუბნებოდა მამა რატომ არ მოდიოდა, თავადაც არ იცოდა და მე რას მეტყოდა :). მერე, მოვიდა მამა, ჩამიხუტა და მაშინვე ძაააალიან შემიყვარდა. სახლში 5 დღის მერე წამიყვანეს, სათამაშოებით სავსე ოთახში შემიყვანეს და ჩემს საკუთარ, თეთრი ფერის, თეთრი ბალდახინებითა და მუსიკალური კარუსელათი მორთულ საწოლში ჩამაკოტრიალეს. მას მერე უკვე ვიცი, რომ არსებობს რაღაც, რაც მხოლოდ ჩემია. მთლად მესაკუთრე არ ვარ, მაგრამ ხანდახან ვბრაზობ, როცა ჩემი სათამაშო უცბად სხვის ხელში აღმოჩნდება, ან კომპიუტერთან ზის ჩემი უფროსი დეიდაშვილი, არა და მე მისი კომპთან ჯდომა არ მჭირდება. არ თქვათ ცუდი გოგო ყოფილხარო - პატარა ვარ და ხანდახან ჭირვეულობა მეპატიება :).
პირველად, თუ სწორად მახსოვს, პაწაწუნა ფეხზე ნემსი რომ გამიკეთეს, მაშინ ვიტირე. რას მერჩით-თქო, სულ ხმამაღლა ვყვიროდი. თურმე, იმიტომ მატირეს, რომ აცრა გამიკეთეს. იმის მერე ვერ ვიტან აცრას და ექიმს. რომ იცოდფეთ რა კარგად მახსოვს, პირველად სასეირნოდ რომ წამიყვანა დედამ. მთელი 40 დღის განმავლობაში, დღეში რამდენჯერმე აივანზე გავყავდი 5-10 წუთი, ჯერ არ შეიძლება ქუჩაში შენი გაყვანაო. ერთ დღესაც მამას დაურეკა სამსახურში, მუშტაითის პარკში მიმყავს ანი-ო. შეწუხდა ძალიან მამა, მეც მინდოდა პირველი სეირნობის თანამონაწილე ვყოფილიყავი, მაგრამ სამსახურიდან ვერ წამოვალო. მერე გამომპრანჭა დედამ და გავედით ქუჩაში. ეზოში რომ ჩავედით, დედიკოს დეიდაშვილი მოვიდა თავის ცოლთან ერთად და ვაკის პარკში მივდივართ და იქ წამოდით და ჩვენც წავედით. ცოტა ხნის მერე მამიკომ დარეკა, სად ხართო. რომ გაიგო, ვაკის პარკშიო, გაბრაზდა და ყურმილიო გათიშა. მერე დედამ მასიჯი მიიღო - მაქედან რომ წამოხვალთ, ზოოპარკში შედით აუცილებლად, მერე კიდე, კარგი დასია ჩამოსული და ცირკშიც შეიარეთო :). თურმე, მამას უთხოვია თავის უფროსოსთვის, ერთი საათი გამანთავისუფლეო და მთელი მუშტაეთის პარკი მოურბენია ჩვენს ძებნაში და რომ ვერ გვიპოვა, ეწყინებოდა, აბა რა იქნებოდა.
4 თვის ქრისტიანი, მირონცხებული ანი გავხდი. მყავს 7 ნათლია - თამუნა (სურათზე ჩემტან როა)ნანა, მანანა, ირაკლი, ვანო, შოთა და დათო ნათლიები - დედიკოს და მამიკოს ბეგობრები. თურმე ყველას უნდოდა მათი ერთადერთი შვილის ნათლია ყოფილიყო. რა იცოდნენ, რომ ნინიკოც ეყოლებოდათ :) .
შვიდი თვის ვიყავი, ჩემთვისა არავის არაფერი უკითხავს, ისე ამომაყოფინეს თავი ვარშავაში. ჯერ მარტო მე და დედიკო წამოვედით, მამიკო, აეროპორტში რომ გვაცილებდა, ტიროდა. აქ ბებო, დეიდები და დეიდაშვილები დაგვხვდნენ. ჩემი დეიდაშვილები ძლივს ლაპარაკობენ ქართულად, მე ჯერ კარგად არ ვიცი ლაპარაკი, მაგრამ პოლონურს მასწავლიან. ერთი თვის მერე მამაც ჩამოვიდა ჩვენთან. ერთხელ, ყური მოვკარი, მამიკო და დედიკო როგორ ცურჩულებდნენ, მალე ანის პატარა დაიკო ეყოლებაო. ძალიან გამეხარდა. დეიდაშვილები კი მყავს, მაგრამ ისინი დიდები არიან და ხანდახან არ უნდათ ხოლმე რომ მეთამაშონ. ჩემი დაიკო რომ მეყოლებოდა სულ ვითამაშებდით. ერთხელ, დილით რო გავიღვიძე დედიკო არ იყო სახლში. მეორე დღეს ბებომ და მამიკომ სადღაც წამიყვანეს. ის სადღაც ბავშვებს რომ ყიდულობენ, ის სახლი იყო თურმე. დედიკო იქ იყო. კიდევ ჩემი დაიკო იყო იქ. ისეთი პატარა იყო, რო ხელი არ მომაკიდებინეს, ეტკინებაო. ცემ დაიკოს ნინო ერქვა, მე ნუნოს ვეზახდი. სახლში მოსვლა არ უნდოდა ნუნოს, მე კიდე დედიკოსტან მინდოდა. დედიკო რაღაცნაირად დადიოდა, წელში იყო მოკუზული. აი, ფიფქიაში რო ბოროტი, ბებერი ბაბაა, ისე. მერე მე, მამიკომ და დეიდამ დედიკო და ნინო სახლში წამოვიყვანეთ. თავიდან ახლოს არ მაკარებდნენ, პატარააო. ჩემი თოჯინა უფრო პატარა იყო და ის რო მეკავა და არ მივარდებოდა, მაინც არ მიჯერებდა დედა რო ნინოც არ დამივარდებოდა ხელიდან. ახლა ნინო უკვე გაიზარდა და ვეღარ დავძრავ, მაგრამ სულ ვთამაშობთ ერთად. გუშინ სათამაშო მოედანზე ვიყავით და პირველად იტამაშა ნინომ სილაში-სახლი ავაშენეთ, ლამაზი ყვავილები და პეპლები გავაკეთეთ, მაგრამ ცუდმა ბიჭმა დაგვინგრია.
სახლშიო რომ მოვედით ბებოს ვუთხარი და იცინა. კიდე ბებოს ვუთხარი, რომ მიყვარს.
მამიკო ახლა საქართველოშია და ვერ ჩამოდის. დედიკომ ტქვა, მალე მოვაო. სულ ველაპარაკები ტელაფონზე და ზრაპრებს ვუყვები და ვუმრერი. მერე დედა ეუბნება ხოლმე რა ვუთხარი, თვითონ კარგად არ ესმის. ისე, მარტო დედიკოს ესმის ხოლმე კარგად რასაც ვეუბნები. ასე ამბობს, ანის ტავის საკუტარი ლექსიკონი აქვს და მე მასწავლა მხოლოდო. თქვენც გასწავლით ცოტას:
მაგაგონი-მაკდონალდსი
ჰაბუგული-ჰამბურგერი
გილოცავთ ახალ წელს-ფეიერვერკი
გათა-გათენდა
კიკი-კიტრი
ესიბო-ავტობუსი
მოკიკე-მომიყევი
ბაბიძა-გაიღვიძა
რაღაცეებს მერე გასწავლით, თუ გენდომებათ.
კიდე ძალიან მიყვარს სიმღერა. მერი პოპინსის სიმღერას ვმღერი და "ჩემი ხატია სამშობლო"-ს. კიდე ვიცი ცეკვა. ერთხელ მამიკომ მაყურებინა პატარა კინტომ როგორ იცეკვა და მერე სულ ვუყურებდი და მეც ვისწავლე, ოღონდ ისეთი ფორმა მეც მინდოდა და დედიკომ, მანქანა არ აქვს და ხელით შემიკერა.

ხო მაგარი გოგო ვარ?
ახლა უნდა დავიძინო, მერე კიდევ მოვალ თქვენთან და გეჭორავებით :)