სკოლა 1985 წელს დავამთავრე...
ბოლო დროს ჩემს შუათანა დას მკერდის არეში ძლიერი ტკივილები დაეწყო. მეშვიდე კლასს ამთავრებდა...ბოლო ზარამდე რამდენიმე დღით ადრე დედაჩემი და ჩემი და თბილისში წავიდნენ, "ჩაჩავაში" ცნობილ პროფესორ - მადიჩთან გაგზავნეს რაიონის საავადმყოფოდან. მეორე დღეს დაბრუნდნენ ტირილისგან დასიებული თვალებით... -მადიჩმა ბავშვი გასინჯა და მისი თანადასწრებით მითხრა, სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, მკერდი მოსაკვეთიაო-უყვებოდა მერე დედაჩემი თავის უახლოეს მეგობარს... ჩემი და, თურმე, ძლივს მოუსულიერებიათ...
მერე იყო ჩემი წარუმატებელი მისაღები გამოცდები უნივერსიტეტში, ჩემი დის ექიმებთან წინ და უკან სირბილი, ახალ-ახალი ექიმები ახალ-ახალი ვარაუდებით... სამსახურის ძებნა დავიწყე და ვინაიდან ლაგოდეხში ახალსკოლადამთავრებულისთვის სხვა "პრასვეტი" არ იყო, დედაჩემის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, თამბაქოს საფერმენტაციო ქარხანაში ამოვყავი თავი. (ხელფასი სასაცილო იყო, მაგრამ მაშინ, აბიტურიენტი, რომელიც პირდაპირ სკოლის მერხიდან არ მიდიოდა მისაღებ გამოცდებზე, "სტაჟიანი" უნდა ყოფილიყო :))
ამასობაში აგვისტოც გავიდა და სექტემბრის დასაწყისში დედაჩემი და ჩემი და მოსკოვში გადაფრინდნენ. ოქტომბრის ბოლოს ონკოლოგიურ ცენტრში ჩემს დას ოპერაცია პროფესორ ლეწიაგინის ჯგუფმა გაუკეთა - მარცხენა მკერდი მოკვეთეს და კანქვეშ პროთეზი ჩაუდგეს...
ნოემბრის შუა რიცხვებში ქარანის დირექტორს (მამაჩემის თანასოფლელსა და ერთ დროს, უახლოეს მეგობარს) დიდი ხვეწნა-მუდარით ერთკვირიანი "შვებულება" გამოვტყუე და ნათესავების ფინანსური დახმარების წყალობით მოსკოვში გავფრინდი. დედაჩემი აეროპორტში დამხვდა და იქედან პირდაპირ საავადმყოფოში წავედით... ჩემმა დამ არაფერი იცოდა ჩემი ჩასვლის შესახებ და დედა მთელი გზა ნერვიულად ერთსა და იგივეს მეასედ მაინც იმეორებდა - ძალიან ფრთხილად, ძლიერად არ ჩაეხუტო. იქნებ, უნდა მეთქვა რომ ჩამოხვედი. ბავშვს არაფერი დაემართოს...
ონკოლოგიური ცენტრის მეთოთხმეტე სართულზე, დერეფანში, თითქმის ყველა ექთანი და ავადმყოფი ღიმილით შემომეგება(დედა, იმისათვის რომ ჩემი დის გვერძე ყოფილიყო, სანიტრად გაფორმდა საავადმყოფოში). დედამ წინ გამიშვა - დერეფნის ბოლოს ოთახიდან ჩემი და გამოვიდა. ხელშ ჩაის ჭიქა ეკავა და კოვზით რაღაცას ურევდა... შემომხედა - ინგა? -თქვა და ვითომც აქ არაფერი, პალატაში შებრუნდა. ნაბიჯი ვეღარ გადავდგი წინ. საუკუნე რომ მეგონა, იმდენი წამის შემდეგ ჩემი დის ყვირილი გაისმა - ინგაააა! პალატიდან გამოვარდა და კისერზე ჩამომეკიდა...
მერე ყველაფერი დალაგდა. მომდევნო წელს მე სტუდენტი გავხდი, ოღონდ საოცნებო უნივერსიტეტის არა...ჩემი და ნელ-ნელა, მაგრამ გამოჯანმრთელდა, უმცროსი და ქაჯანა გვეზრდებოდა... დედას მუდამ სევდიანი სახე მომღიმარი და მხიარული გახდა...
ჩემი და დღესაც ძალიან ლამაზია. მაშინ კი, 16-17 წლის ასაკში მართლაც უზომოდ ლამაზ და მიმზიდველ გოგოს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. მასაც შეუყვარდა ძალიან ლამაზი სიყვარულით. სკოლა დაამთავრა, იმავე წელს, ვინაიდან დედა გვერდიდან არ იშორებდა, დაუსწრებელზე ჩააბარა, მუშაობა დაიწყო... ერთ დღეს, სამსახურიდან მომავალი მანქანაში "შეტენეს" და მოიტაცეს... სამი დღის შემდეგ გვაჩვენეს ჩემი და. სასტიკი ქართული მენტალიტეტის წყალობით, რომელიც განატაცები ქალისგან მსხვერპლად საკუთარი თავის გაღებას მოითხოვდა, ჩემი და გახდა ცოლი ადამიანისა, რომელსაც თვალის დასანახად ვერ იტანდა... 6 თვის შემდეგ, ქმრის მეზობელმა სახედალურჯებული მოგვიყვანა სახლში და გვითხრა- თუ ამ ბავშვის სიკვდილი გინდათ, წაიყვანეთ უკან, თუ არა და, დროზე უშველეთო... მერე დაიწყო გაუთავებელი მოვარდნები, შეურაცხყოფები, მუქარები...
საცხოვრებლად თბილისში წამოვედით. მეტ-ნაკლებად აგვეწყო ცხოვრება. დედას კარგი სამსახური ჰქონდა, მეც, ჩემს დასაც. უმცროსი და სტუდენტი იყო და ისევ ისეთი ქაჯანა... მერე ისიც მოიტაცეს (საბედნიეროდ დღემდე ბედნიერია თავის მეუღლესთან და შვილებთან ერთად)...
92 წელს პოლონეთში წამოვედით, მაქსიმუმ, ერთი თვით. დღესაც არ გასულა ის "მაქსიმუმ"...
აქ ჩემმა დამ გაიცნო ქართველი ბიჭი, რომელიც შეუყვარდა და რომლის ცოლიც გახდა. 1997 წლის 19 ნოემბერს დახატული შვილი ეყოლა, ანი... 3 დღის შემდეგ, თანდაყოლილი გულის მანკის დიაგნოზთ, ბავშვი სამშობიაროდან რეანომობილით გადაიყვანეს ბავშვთა ცენტრში. 2 კვირის შემდეგ გულზე ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს. 23 დეკემბერს ანი ვარშავის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე დავკრძალეთ...
ჩემს დას დღეს 10 წლის ვაჟკაცი ყავს. მზე და მთვარე მასზე, დედაზე, დებზე და დიშვილებზე ამოდის...
Показаны сообщения с ярлыком სევდიანი. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком სევდიანი. Показать все сообщения
суббота, 27 марта 2010 г.
четверг, 25 марта 2010 г.
მე რომ ვატკინე, ის...

მეხუთე კლასის მოსწავლე ვარ. სკოლის "ბუფეტში" ფენოვანი ხაჭაპურის საჭმელად ჩასულ კლასელებს ვუერთდები. მაგიდასთან ვჯდებით და ... -გუშინ მამაჩემმა კინოში წამიყვანა. -ამბობს ერთი. -ჩვენ ნაკრძალში ვიყავით, მამაჩემმა თევზაობა მასწავლა - აგრძელებს მეორე. - მამამ თქვა, ამ ზაფხულს სოჩაში წაგიყვანთო... -დედაჩემსაც დავყავართ ნაკრძალში, კვირას კინოშიც მივდივართ-ვცადე ამხანაგების საუბარში ჩავრთულიყავი. ყველა გაჩუმდა და რაღაცნაირად, სახელი რომ ვერ დავარქვი, ისეთი მზერით დამიწყეს ყურება. აუტანელი სიჩუმე ჩამოვარდა და მივხვდი, რომ ამ სიჩუმის მიზეზი ჩემს მიერ ნათქვამი რამდენიმე სიტყვა იყო. ყელში მობჯენილი ცრემლების ბურთი ძლივს გადავყლაპე და "ბუფეტი"-დან უსიტყვოდ გამოვედი. ჩვენი საუბარი, ეტყობა, შეუმჩნეველი არ დარჩა "ბუფეტჩიკ" მარო ბებოს, რადგან საღამოს, სკოლიდან დაბრუნებულმა დედამ (იგივე სკოლაში იყო რუსული ენის მასწავლებელი)მკითხა, რატომ არ ვჭამე ხაჭაპური და რა მითხრეს კლასელებმა საწყენი. -არაფერი, გაკვეთილის გადამეორება მინდოდა და ადრე წამოვედი-ვუპასუხე. მეორე დღეს, სკოლაში მისულს, დედამ 20 კაპიკის ნაცვლად ქაღალდის ტკიცინა მანეთიანი მომცა და მითხრა, რომ შემეძლო ფული მთლიანად დამეხარჯა. მაგრად გამიკვირდა, თუმცა არაფერი მითქვამს და მანეთიანი სიხარულით ჩავიდე ჯიბეში. დიდ დასვენებაზე, ტრადიციისამებრ, მარო ბებოს ხაჭაპურების საჭმელად წავედით. კლასელებს მივუტრიალდი და ამაყი ხმით ვუთხარი: -დღეს დედაჩემმა მანეთი მომცა. მითხარით, ვის რა გინდათ, მე გეპატიჟებით. -მადლობა, მამაჩემმა მომცა 20 კაპიკი... მეც მომცა მამაჩემმა... მამაჩემმა... მამაჩემმა...
სკოლიდან სირბილით გამოვედი და სახლის ნაცვლად ავტოსადგურში გავიქეცი. (100 მეტრის დაშორებით იყო სკოლიდან). დედაჩემის მოცემული მანეთით ავტობუსის ბილეთი ვიყიდე და... ბებიასთან გავიპარე(ბებიასთან, რადგან მამა იმ დროს ისევ მიმაგრებაში მყოფი პატიმარი იყო). ჩემს დანახვაზე ბებია ჯერ გაიბადრა, გულში ჩამიკრა, მკოცნა, მეფერა. მერე, როცა გაიგო, რომ სახლიდან გამოვიპარე, შეიცხადა -რას ამბობ, ბებია, გაგიჟდება დედაშენი, არ გრცხვენია? ეს რა ქენი, ბებია, რა ვქნა ახლა მე... ბებია ვიშვიშით გავიდა ეზოდან...
საღამოს, უკვე დასაწოლად ვემზადებოდით, ქუჩიდან ჩემი სახელი დაიძახეს. დედაჩემის ხმა ვიცანი. ბებია გარეთ გავიდა და ოთახში ბიცოლაჩემთან ერთად დაბრუნდა. -გარეთ დედა გელოდება, ჩაიცვი, არაფერს არ გეტყვის, არაა გაბრაზებული, შენს წასაყვანად ჩამოვედით. ტახტზე მოვიკუნტე და ტირილი დავიწყე: -არ მინდა მარტო დედასთან, მამსთანაც მინდა. არ წამოვალ. ბიცოლაჩემი ხვეწნაზე გადავიდა, მაგრამ უშედეგოდ, არაფრის გაგონება არ მინდოდა. ცოტა ხნის შემდეგ ოთახში დედაჩემის შემოვიდა. მის დანახვაზე უფრო მოვუმატე ტირილს -ყველას მამა ყავს. არ მინდა შენი მანეთი, მამას 20 კაპიკი მინდა. შენც აქ დარჩი, თუ გიყვარვარ, შენც აქ დარჩი. ბებიასთან მინდა, არ მინდა ლაგოდეხში... ტირილი ისტერიულ კივილში გადამეზარდა. დედაჩემის განადგურებულ სახეს და ტკივილით სავსე თვალებს ახლაც ვხედავ. რამდენჯერმე ცადა დავემშვიდებინე, მაგრამ მე უარესი მემართებოდა... მერე დედა ბებიამ გაიყვანა. დიდხანს მესმოდა მისი ტირილი, ძალიან მეცოდებოდა დედა, ძალიან მიყვარდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ მე დავრჩებოდი, დედა აღარ წავიდოდა და როგორც მაშინ ეძახდნენ, დანგრეულ ოჯახში აღარ გავიზრდებოდით მე და ჩემი დები. შევცდი... დედა წავიდა...
მეორე დილით ბებია გაბრაზებული სახით დამადგა თავზე, ლოგინიდან წამომაგდო და მითხრა, რომ დედაჩემისნაირი დედის ღალატი შვილს არ ეპატიება, რომ მე საშინელება ჩავიდინე. ასეც რომ არ იყოს, ის მოხუცია, ვერ მომივლის და მინდა თუ არა, დედასთან უნდა დავბრუნდე... მომკიდა ხელი და პირდაპირ სკოლაში მიმიყვანა...დედა სკოლაში არ დაგვხვდა... მერე სახლში წავედით. ჩემი დები მეზობელთან იყვნენ, დედაჩემი კი, საავადმყოფოში... მხოლოდ ღმერთმა იცის, როგორ მეჯავრებოდა მაშინ ჩემი თავი და როგორ მრცხვენოდა დედაჩემის. როგორ მინდოდა მასთან მისვლა, ჩახუტება, მოფერება, ბოდიშის მოხდა. როგორ ძალიან მინდოდა, მარტო დედასთვის კი არა, ყველასტვის მეთქვა, რა ძალიან მიყვარს... საავადმყოფოში პალატის კარებთან ავიტუზე და შორიდან ვუყურებდი დედას, ახლოს მისვლა, ვიდრე თავად არ დამიძახა, ვერ თუ არ გავბედე... რაღაცნაირი იყო, სხვნაირი... ოღონდ ისევ ისე, ძველებურად ვუყვარდი...
ის კვირა ბებია ჩვენთან დარჩა, მერე დედა დაბრუნდა... და მე და ჩემი დები ისევ დანგრეულ ოჯახში ვიზრდებოდით...
მერე დედა ხშირად ავადმყოფობდა...
Подписаться на:
Сообщения (Atom)







