rss
Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites
Показаны сообщения с ярлыком დაუნი. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком დაუნი. Показать все сообщения

понедельник, 5 апреля 2010 г.

ნინო


ძალიან შაბლონური და ტრაფარეტული სიტყვებით უნდა დავიწყო - ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე! - 38 წლის ასაკში იმედი აღარ მქონდა, რომ ოდესმე დედა გავხდებოდი. 39 წლის გავხდი და 3 კვირის შემდეგ, 1 მარტს ჩემი უფროსი გოგონა, ანი მოევლინა ქვეყანას. ხოლო მეორე შვილის, ნინოს დაბადებიდან 2 კვირაში, 41 წელი შემისრულდა :).
ნინო 2009 წლის 27 იანვარს დილის 9 საათსა და 20 წუთზე დაიბადა საკეისრო კვეთით. ვარშავის ერთ-ერთ სამშობიაროში ღამის 2 საათზე მიმიყვანეს მეუღლემ და უმცროსმა დამ. პალატაში მხოლოდ ერთს შეეძლო ჩემთან ერთად დარჩენა და ვინაიდან მეუღლე ცოტა მწყრალად იყო პოლონურ ენასთან, მომვლელის თუ თავზე მდგომის ფუნქცია ჩემმა დამ აიღო თავის თავზე. ნინიკო ერთი ბეწო დაიბადა-2 კილო და 700 გრამი. მიუხედავად ამისა, ბავშვი 10 ქულით შეაფასეს. თურმე, ღამენათევ ჩემს დას და მეუღლს ბავშვის დაბადება მიულოცეს, პატარაზე მოფერების უფლებაც მისცეს და ღიმილიანი და ბედნიერი სახეებით სახლში გაისტუმრეს.
იმ დღეს ჩემს სანახავად ვინმეს მოსვლას აზრი არ ჰქონდა - ოპერაციის დროსაც და შემდეგაც, ნარკოზით გაბრუებული თურმე მონოტონურად ვიმეორებდი, რომ ამ ქვეყანაზე ყველაზე ლამაზი შვილები მე მყავს. რომ, აუცილებლად დამეთანხმება ყველა, რომ ამ სამშობიაროში ნინოსავით ლამაზი და საყვარელი ბავშვი ჯერ არ დაბადებულა(ეს ყველაფერი დედაჩემს უთხრა მერე ჩემმა ექიმმა). მეც მახსოვს, რომ ბავშვის ნახვა მოვითხოვე. მომიყვანეს პატარა თოჯინა, 2 წამით დამიგორეს მკერდზე და ისევ გაიყვანეს... 28 იანვარს, დილის 6 საათზე, ჯერ ისევ ნარკოზის ქვეშ მყოფი მორიგე პედიატრმა გამაღვიძა - ოჯახში გენეტიკური დაავადებუთ ვინ გყავს? - სადღაც შორიდან ჩამესმა კითხვა. ვერ მივხვდი რას და რატომ მეკითხებოდა. რა გინდათ-თქო, კითხვა შევუბრუნე და მანაც გამიმეორა - გენეტიკური დაავადებით ვინ გყავს ოჯახში ავად? -არავინ-თქო-ვუპასუხე. და მერე ისევ სადღაც შორიდან მომესმა -აბა რატომ დაიბადა შენი შვილი დაუნის სინდრომით? ექიმის სახე თეთრ ხალათთან ერთად გაფერმკთალდა და გაქრა. არაფერი აღარ ჩანდა, არც არაფერი მესმოდა. ბოლომდე ვერ ვხვდებოდი რა მითხრა ექიმმა, მაგრამ, სადღაც, შიგნით რაღაც ამტკივდა ძალიან და ვიცოდი, რომ ეს ტკივილი ექიმის ნათქვამმა გამოიწვია. მერე, დაახლოებით 2 საათის შემდეგ, როგორც იქნა შევძელი და დედაჩემს დავურეკე, მიშველე-თქო, ვთხოვე... დედა და ჩემი დები რომ მოვიდნენ უკვე ნორმალურად ვაზროვნებდი. რამდენჯერმე მოვითხოვე პედიატრის ნახვა, მაგრამ "არ ეცალა". ბავშვი არ მოყავდათ, რადგან "ეძინა", ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ "ვერაფერს" მეუბნებოდნენ, რადგან პედიატრის დასკვნა ჯერ არ ქონდათ ნანახი...
დედაჩემი და ჩემი დები ყურებამდე გაღიმებული სახით და ადამიანის ძალას რომ აღემატება დამალვა, ისეთი ტკივილით სავსე თვალებით შემოვიდნენ პალატაში. -რა ჭირს ბავშვს? -არაფერი, კარგადაა, ეს წუთია ვნახეთ. ისეთი საყვარელია, ისეთი ლამა... -რა ჭირს ჩემს შვილს - გავიმეორე. ჯერ ყველა გაჩუმდა. მერე ისევ დედაჩემმა შეძლო და მითხრა -ეჭვობენ, რომ დაუნის სინდრომთაა დაბადებული. ეჭვობენ მხოლოდ, ჯერ თავადაც არ იციან, ეჭვი აქვთ... მერე კიდევ დიდხანს იყვნენ და კიდევ ბევრი ილაპარაკეს, მაგრამ მე მათი ლაპარაკი აღარ მესმოდა. იმ წუთას მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა ტავში -რა დავაშავე, რატომ. რატომ მაინც და მაინც მე. რატომ... რატომ... მერე ბავშვი მოიყვანეს. ვუყურებდი და ვერ ვხედავდი... მერე დედაჩემი იჯდა და მამშვიდებდა... მერე ჩემი დები მამშვიდებდნენ... მერე მე ისევ ვფიქრობდი - რატომ, რატომ, რატომ მაინც და მაინც მე...
მეორე დილით ექთანმა ბავშვი მომიყვანა. კალათში ჩააწვინეთქო-ვანიშნე. ვიწექი და უაზროდ მივშტერებოდი ერთ წერტილს. ჩემს გვერდზე მწოლი გოგონას ბავშვმა ტირილი დაიწყო და... გამოვფხიზლდი! მერე დედაჩემმა მკითხა, ნინიკო კარგად ჭამსო და შემრცხვა - 3 დღის შემდეგ ძლივს მივაგორე კალათი საწოლთან ახლოს და ძლივს მოვახერხე იქედან ნინოს ამოყვანა. გვერდზე მოვიწვინე, ძუძუ ჩავუდე და არა დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვი, არამედ ჩემი შვილი, ჩემი დახატული ნინო დავინახე.
ახლა შემიძლია დავწერო, რომ იმ წუთას ჩემში მოხდა უდიდესი გარდასახვა, რომ იმ წუთას შევეგუე ყველაფერს... ძალიან დიდ ტყუილს ვიტყვი. ყველაფერს რომ თავი დავანებო, საკუთარ თავთან არ ვიქნები მართალი...
სამშობიაროში 10 დღე დაგვტოვეს და ამ ათი დღის ყოველი წამი, წუთი, საათი, ფიზიკური თუ სულიერი ტკივილით იყო სავსე. მტკიოდა ჭრილობა, მტკიოდა ჩემი შვილი და რაც ყველაზე საშინელებაა, სხვა, ჯანმრთელი ბავშვები და მათი დედების ბედნიერი სახეები მტკიოდა... ყველაზე მეტად კი მტკიოდა სიჩუმე, რომელიც მაშინ ტყუილი იყო. ჩემი მეუღლე დღეში 2-3 საათს ჩემს საწოლთან ატარებდა და ჩემს დანგრეულ ფსიქიკას და გამუდმებულ ტირილს ჭრილობის ტკივილს ვაბრალებდი. თავის გამართლებად შეიძლება ჩათვალოს ვინმემ, მაგრამ რადგან ნინიკოს დაუნის სინდრომი ჯერ მხოლოდ ეჭვი იყო, არ მინდოდა, რომ მას ამ "უსაფუძვლო" ეჭვის გამო ენერვიულა. ვხედავდი, როგორი სითბოთი და სიყვარულით უყურებდა ბავშვს, როგორ ეთამაშებოდა პაწაწინა თითებზე. ვხედავდი, რომ ბედნიერი იყო და... მის იქ ყოფნის დროს მაქსიმალურად ვცდილობდი თავი შემეკავებინა, არ მეტირა, ბავშვისთვის სიბრალულით არ შემეხედა, სხვისი შვილისკენ შურით სავსე მზერა არ გამქცეოდა. მერე, ის რომ მიდიოდა, ვეშვებოდი, ყველა ტკივილი გზას პოულობდა და -თქვენი ქალიშვილი ნარკოტიკებს ხომ არ მოიხმარდა?-უკითხავს დედაჩემისთვის პედიატრს, რომელმაც ნინიკოს "კარგად ყოფნა მახარა". მერე ის პედიატრი ჩემს პალატაში ვეღარ შემოდიოდა... სამშობიაროში ბავშვს ათასგვარი გამოკვლევა ჩაუტარეს. ყველაფერი წესრიგში ქონდა, თუ არ ჩავთვლით პატარა არითმიას და შებერილ მუცელს. მეათე დღეს სამშობიაროდან 10 ქულით შეფასებული დაუნის სინდრომით დაბადებული შვილითა და გენეტიკურ ცენტრში მიმართვით გამომწერეს. 11 დღის ნინოს გულის კარდიოგრამა გადავუღეთ. თანდაყოლილი გულის მანკი, საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, თუმცა შანსია, რომ მანკი დაიხუროს-იყო დიაგნოზი. სასტიკი უარი ვთქვი-არავითარი ოპერაცია. (უარის მიზეზს, ვისაც წინა პოსტი აქვს წაკითხუკლი, მიხვდება). გენეტიკურ ცენტრში მარტის პირველ რიცხვებში უნდა ჩატარებულიყო კარიოტიპის გამოკვლევა. და თებერვლის ბოლოს მითხრეს, რომ მომავალი წლის იანვრამდე, ან ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, ამა წლის ნოემბრის ბოლომდე გენეტიკური ანალიზის გაკეთების შანსი არ არისო. ჩემი მეუღლე დილის 7 საათიდან საღამოს 6 საათამდე სამსახურში იყო და იმ ერთი თვის განმავლობაში მას ერთხელაც არ დაუნახავს ჩემს თვალზე ცრემლი, ერთხელ არ მიგრძნობინებია მისთვის, რომ რაღაც საშინელი მჭირდა, უფრო სწორად, ჩვენს შვილს ჭირდა. მაგრამ, იმ დღეს, როდესაც გენეტიკურ ცენტრში ანალიზის გაკეთების თარიღი მითხრეს, ის მაგარი და ყოჩაღი გოგო, რომელიც ქმარს გაღიმებული და შვილებით ბედნიერი ხვდებოდა სახლში, უცბად მოკვდა. სამსახურიდან დაბრუნებულ მეუღლეს თვალებდასიებული დავხვდი. -მამა, დედას ფუა ტივა-შეეგება ანი მამამისს. რა დაგემართა-მკითხა და ვეღარ გავჩუმდი. ზუსტად ვიცოდი, რომ მეტს ვეღარ ვითამაშებდი, რომ ჩემს თავზე იმაზე მეტი ავიღე, ვიდრე შემეძლო. -ბავშვი გვყავს ცუდად... და მერე მთელი საღამო, მე ვყვებოდი, ვტიროდი. ის მამშვიდებდა და მეუბნენოდა, რომ სულელი ვარ, რომ "ეს" ჩვენი, ორივეს ტკივილია და ერთად უნდა გადაგვეტანა, რომ ჩვენ შვილს არაფერი ჭირს, რომ ნინო ბევრად ლამაზი დაიბადა, ვიდრე ანი და რომ "უბერავენ" აქაური ექიმები... მერე ვიჯექით და შვილებს ვეფერებოდით...
სხადასხვა გზებით მოვახერხეთ და გენეტიკური ანალიზი 14 აპრილს ჩაგვიტარეს. პასუხი დადებითი იყო. სხვას არც მოველოდი...
ტკივილი უცბად და თავისით არ ქრება. დედაცემმა შემომისწრო როგორ დავტიროდი თმაგაწეწილი ნინოს და საკუთარ თავს. ბავშვი საწოლიდან ამოიყვანა - არ ხარ შენ ამ ანგელოზის ღირსიო, ვნახავ ვინმეს, ვინც მოსიყვარულე დედა იქნება ნინოსი და ვინც ღირსეულ დედობას გაუწევსო. ეს იყო ალბათ ყველაზე კარგი, ძლიერი თერაპია - წინ გადავუდექი და - ახლავე მომეცი ჩემი შვილი, ნინო მომეცი. იქ დამთავრდა ყველაფერი, პატარა, დახატული გოგო მეკავა ხელში და მასზე უკეთესი ქვეყნად არავინ მეგულებოდა.
ახლობელმა დამირეკა, სანახავად უნდოდა მოსვლა და თან ფსიქოლოგი მინდა მოვიყვანოო. -რად გინდა ფსიქოლოგი-თქო, ვკითხე. -ბავშვს როგორ მიეჩვიო, გზას მოგცემსო და გავგიჟდი კინაღამ. არ უარვყოფ, რომ არ იყო ადვილი გაცნობიერება იმისა, რომ ჩემი შვილი "დაუნია", მაგრამ შვილი, რომელიც ჩასახვის დღიდან მიყვარდა, შვილი, რომელიც ჩემი სულისა და სხეულის ნაწილია, ფსიქოლოგმა უნდა "შემაყვაროს"? და თან,  მე ჩემ შვილში ვერ ვხედავ "დაუნს", ჩემი შვილი ნინოა!
საქართველოში მეგობარი მყავს, უახლოესი მეგობარი, მამუ... სკაიპით ველაპარაკე. ნინიკო დავანახე და ვუთხარი, რომ ბავშვი დაუნის სინდრომითაა დაბადებული. - მეცოდები, გაგიჭირდება ძალიან-მითხრა. და მას მერე აღარ დავლაპარაკებივარ ჩემს მეგობარს. მე არაფერი გამიჭირდება, მე შვილები უნდა გავზარდო, კარგად უნდა გავზარდო. განა ანის ნაკლები ყურადღება უნდა, ვიდრე ნინოს? და შემრცხვა სამშობიაროში გატარებული ათი დღის-რატომ, რატომ რატომ მე... მე კი არა, რატომ ნინო? ასე უნდა დამესვა კითხვა!
3 თვის ნინიკოს განმეორებით გავუკეთეთ გულზე კარდიოგრამა. მანკი თითქმის აღარ იყო. 8 თვისის მანკი საერთოდ დაეხურა. არ ვიცი რამდენად კარგად "გადმოვაქართულებ" კარდიოლოგის განმარტებას-ერთი პარკუჭის ერთი სისხლძარღვიდან სისხლი ოდნავ ჟონავს, მაგრამ ადამიანების დაახლოებით 70 პროცენტი ასეა. არავითარი ქირურგიული ჩარევა არ ჭირდება... თავის ქალის გამოკვლევამაც კარგი შედეგი მოგვცა-ყველა უჯრედი ნორმალური ზომისაა და ნორმის მიხედვით ვითარდება... დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვები სხვა ბავშვებზე შედარებით გვიან ვითარდებიან. ალბათ ამიტომაა, რომ ნინიკოს რეაბილიტანტის შეფასებას ცაში ავყავართ სიხარულით. 2 კვირის მუცელზე მწოლი თავს იჭერდა, თვის ბავშვმა ხმების გარჩევა დაიწყო-სხვადასხვაგვარად რეაგირებდა ჩემს, მამის, ბებიისა და დის ხმაზე. 9 თვისამ ხოხვა დაიწყო(შედარებით დაგვიანებულია, მაგრამ დიდი წარმატებაა), დღეს ხან რომელ უჯრაში აქვს ცხვირი ჩაყოფილი, ხან რომელში :).ძალიან კონტაქტური ბავშვია, საოცრად უყვარს დაიკო და ბებია. ჩემზე აღარ მაქვს ლაპარაკი :). ნინოს სიცილი გადამდებია, სახე და თვალები ერთნაირად უცინის. რა თქმა უნდა, გვაქვს პატარ-პატარა პრობლემები, მაგრამ, ვუმკლავდებით. ვიცით, რომ ყველაფერი კარგად იქნება...