rss
Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites

вторник, 26 января 2016 г.

დაბადების დღეს გილოცავ, ანგელოზო !

7 წლის წინ...
ღამის ათი საათი...
მაგიდის შუაგულში ჩადგმულ მრგვალ ვაზაში პატარა, ოთხად გაკეცილ ფურცლებს ვყრით მე, დედაჩემი, ირაკლი, ჩემი დები, ჩემი დისშვილები... ფურცლებზე სახელები წერია...
სამჯერ ვიღებთ სხვადასხვა ფურცელს...
არცერთი სახელი არ მომწონს...
მერე ვამბობ, რომ ნინოობა თენდება...
ორი საათის შემდეგ სამშობიაროში მივყავარ ირაკლის და ეკას...
დილის 8 საათზე ტკივლის ვეღარ ვუძლებ...
მერე ნარკოზი...
მერე, შორიდან საკუთარი ხმა მესმის,  ვხვდები რომ ბევრს ვლაპარაკობ, ძალიან ბევრს.მაგრამ თავს ვერ ვაკონტროლებ, ვერ ვჩუმდები
-გოგო მყავს, ულამაზესია, ანო ქვია. ჭკვიანია ანო და თან ყველაზე ლამაზი, ხომ გჯერათ? საერთოდ, ქართველები ძალიან ლამაზები არიან. ახლა ნინიკო დაიბადება, ანოსავით ლამაზი იქნება, ან ანოზე ლამაზი, ჭკვიანი და კარგი.
 შორიდან სხვების ლაპარაკიც მესმის ნაწყვეტ-ნაწყვეტ  -კი, გვჯერა, ლამაზი ერი ხართ...ანოც გაგვაცანი.... ნახეთ რა მაგარი გოგოა, მართლა ყველაზე ლამაზი. აი ახლა გეკუთვნის, უნდა დაგვპატიჟო საქართველოში...
ბავშვის ტირილის ხმა მესმის, ისევ შორიდან. მერე  საოცარ სურნელს ვგრძნობ, სითბოს მკერდთან და მერე აღარაფერი...

2009 წლის 27 იანვარი იყო, დილის 9 საათი და 20 წუთი...
ნინო, ჩემი სიცოცხლე, ჩემი ცხოვრების აზრი, ჩემი ყველაზე დიდი სასწაული - ვარშავაში, სოლეცის სამშობიაროში მოევლინა ამ ქვეყანას 2 კილო და 700 გრამი, 47 სანტმეტრი, ერთით მეტი ქრომოსომით...
7 წელია ვიცი,  მხოლოდ იმიტომ არ მოვსულვარ ამ ქვეყნად, რომ  მხოლოდ დედაჩემის და მამაჩემის შვილი, ჩემი დების და, ცოლი ან უბრალოდ, დედა ვყოფილიყავი.  ბედმა საუცხოო და საუკეთესო პატარა, უსუსური არსებით  დამასაჩუქრა და მისი ღირსეულ ადამიანად გაზრდა მანდო. თავიდანვე მივხვდი, რომ განსაკუთრებული ხარ - ყოველდღიური, რუტინული ცხოვრება გამიმდიდრე, სხვანაირად დამანახე,
სიცოცხლე სხვანაირად შემაყვარე, ჩემს ცხოვრებაში უამრავი კარგი და კეთილი ადამიანი შემოიყვანე,  მომეცი რწმენა, რომ შეუძლებელი არაფერია. გიყურებ და ვფიქრობ, საიდან გაქვს ამხელა ძალა და ენერგია ერთი ციდა უზარმაზარო ადამიანო.

ხშირად მიფიქრია, რა შემიძლია მოგცე, რა უნდა გავაკეთო, რომ იყო ისეთი, როგორიც მინდა იყო. და ყოველთვის ფიქრი ერთნაირად მიმთავრდება დე - ერთი რამ შემიძლია მხოლოდ - დაგეხმარო, რომ დარჩე იმად, ვინც უკვე ხარ, ხელი შეგიწყო, რომ იყო ის, ვინც თავად გინდა იყო. ამაზე უკეთეს  ვერაფერს მოგცემ დედი ერთი უბრალო მიზეზის გამო -- უკეთესი არ არსებობს.

მეშვიდედ ვუხდი მადლობას ღმერთს, ბედს და მამაშენს, რომ შენი თავი მაჩუქეს.
მიყვარხარ, სიტყვებით რომ ვერ გადმოვცემ, ისე ძალიან მიყვარხარ დედი.

დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ნგელოზო!!!

среда, 13 января 2016 г.

პისტოლეტისთვის ვერ გაგიმეტებ 2015!


რამდენიმე საათიც და ხმაურით მოვა ძველი  და  ხმაურით წავა ძველი... რასულ გამზათოვმა თქვა - "ვინც წარსულს პისტოლეტიდან ესვრის, მას მომავალი ზარბაზნით გაუმასპინძლდება"- ო. ჰოდა, ვზივარ და გასულ წელს ვიხსენებ. ტკივილიც ბევრი იყო, წყენაც, იმედის გაცრუებაც ცრემლიც, მაგრამ სიხარული და წარმატებაც იმდენი იყო, პისტოლეტისთვის ნამდვილად ვერ გავიმეტებ 2015 წელს.
ადვილი არაა დაჯდე და ერთი ამოსუნთქვით, კადრებად გადაახვიო მთელი წელი. ადვილი არაა, მაგრამ, სასიამოვნოა.
რა წაიღო და რა მომიტანა 2015 წელმა?  რა მატკინა და რით გამახარა? რას ველოდი და რა მინდოდა?

 წლის დასაწყისში ნინიკო გახდა ცუდად, მაღალი სიცხეებით, ბრონხების ანთებითა და ბაღიდან მოტანილი საშინელი ვირუსით. ბაბუს სკაიპით ელაპარაკნენ ბავშვები 15 იანვარს. - ადე, ბაბუ, მოდი აქ - თხოვა ნინომ.  - მომეხმარეთ, ბოვში მეუბნება ადექიო - ჩემს დებს თხოვა დახმარება და საწოლში ძლივს წამოჯდა. ანო და ნინო გაუჩერებლად ტიკტიკებდნენ, ისიც ცდილობდა ლაპარაკში აყოლოდა ბავშვებს. შევატყე, რომ ძალიან დაიღალა და ...  24 იანვრის მამა ისე წაიყვანა 2015 წელმა, ცრემლი ვერ გავაყოლე...
სამ თვეზე მეტი იავადმყოფა ნინომ. საქართველოში მხოლოდ აპრილის ბოლოს შევძელით ჩამოსვლა და ჩაოსვლის დღიდან (დღემდე) ვეცადე ფეხი ამეწყო მონატრებული, მაგრამ ჩემთვის უკვე უცხო და უჩვეულო ქართული რეალობისთვის. მეტ-ნაკლებად, ვფიქრობ, შევძელი.
საქართველოში დაბრუნება, მერწმუნეთ, არ იყო ადვილი - 23 წლის შემდეგ ცხოვრება ახლიდან უნდა დამეწყო. ძალიან მოტივირებული და მიზნის მისაღწევად შემართებით მოვდიოდი და მეტ-ნაკლებად მზად ვიყავი ყველაფრისთვის - არ მაშინებდა მომავალი, თუმცა იმისთვის, რაც აქ დამმხვდა, მზად არ ვიყავი. ჩამოსვლის წუთიდან ვგრძნობ უხილავ ბარიერს, რომელსაც ხელოვნურად ქმნიან მავანნი. ერთი რამ მაკვირვებს - ნინოს დაბადების შემდეგ, პოლონეთში ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციასთან მაქვს კავშირი, ასე თუ ისე ვიცი მათი შიდა საზარეულო - ყველა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია, მაგრამ ყველა აკეთებს საჭირო საქმეს ერთად! აქ? - აქ ეს ვერ დავინახე. ერთიანობა გვაკლია და უმრავლესობა მხოლოდ საკუთარ თავზეა ორიენტირებული. ერთი იდეისთვის მებრძოლი 3 და ოთხი ორგანიზაცია განა ერთად უფრო მეტს არ გაკეთებს?  მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა, ვერ ვხედავ ერთობას. პირიქით, ვინ როდის და რა წუთში დაგიდებს "კვანტს" არ იცი და მუდმივად მზად უნდა იყო, რომ "კინჩხი არსად წაიტვრიო". ძნელია, მაგრამ რეალობა და მინდა არ მინდა, ვეჩვევი და ყოველ წუთს, ყველაფრისთვის მზადვარ.

გასული წლის პირველი და ძალიან წარმატებული პროექტი "ბავშვები იცავენ თავიანთ უფლებებს" მეგობარ ორგანიზაციასთან ერთად გავაკეთეთ. მერე იყო ასევე წარმატებული და მნიშვნელოვანი  " ჩვენ და ჩვენი  თვალით დანახული სამყარო ". მერე მთელი დრო წაიღო მიზანმა და იდეამ, რისთვისაც საქართველოში ჩამოვედი - 14 სექტემბერს 6 პოლონელი სპეციალისტი დავაბინავე სპეციალურად მათთვის ნაქირავებ ბინაში და  15 სექტემბერს ფუნქციონირება დაიწყო სარეაბილიტაციო ცენტრმა "მზის სივრცე". პირველი და ძალიან მტკივნეული იმედგაცრუება ჯერ კიდევვ ცენტრის გახსნამდე იყო - ძნელია უყურებდე ადამიანს და ფიქრობდე - რატომაა ჩემთან ერთად, რა უნდა, რას ელოდება. კითხვას რომ სვამ და ამ კითხვაზე პასუხს ვერ პოულობ, ძალიან რთულია თურმე. სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნიდან ორ კვირაში სამი თვე პასუხს რომ ვერ ვპოულობდი, ის უცნობი განტოლება თავისთავად ამოიხსნა. დავრჩი მარტო, თუმცა, რომ დავჯექი, დავფიქრდი, გავაანალიზე და შევაჯამე ყველაფერი, აღმოვაჩინე, რომ სინამდვილეში, საქართველოში ჩამოსვლის პირველივე წუთიდან ვიყავი მე და ... მე!
მეორე იმედგაცრუება, ძალიან მოულოდნელი, ფეხქვეშ მიწა რომ გამომაცალა, რაღაც პერიოდი უუნარო რომ გამხადა და კინაღამ უარი მათქმევინა მიზანზე, პირველი განტოლების ამოხსნიდან ორიოდ დღეში მოვიდა - წადითო, არ შეგვიძლია ამ ბავშვების ყურებაო, შრომის უნარი გვიქვეითდებაო... თავიდან მეგონა ვერასდროს გამოვიდოდი შოკიდან, მეგონა, სხვა სამყაროში ვარ, სხვა განზომილებაში, სადაც ადამიანები ადამიანები კი არა,  მხოლოდ ორ ფეხზე მოსიარულე მეტყველი პრიმიტიული მარიონეტები არიან, რომლებიც ერთმანეთის ცარიელ ტვინის სფეროებს უხილავი ძაფებით მართავენ. შევძელი და ... სარეაბილიტაციო ცენტრა მისაართი შეიცვალა! და მაშინ ოხდა ყველაზე კარგი, რაც შეიძლება ოდესმე მხდარიყო - აღმოვაჩინე ადამიანები, რომლებმაც რწენა დამიბრუნეს, რომლებმაც მაჩვენეს, რომ ადამიანები მარიონეტები კი არა, ადამიანები არიან, რომლებმაც მუჯლუგუნები მითავაზეს, გამომაფხიზლეს, რომლებმაც ჩემი სამეგობროს რიცხვი გაზარდეს - ირმა, ნინო, ეკა, დალი, მაია, სოფო, თამო.... ერთი წამით არ მივუტოვებივარ თეოს, ვანოს, ზურიკელას...  ყველას ვერ ჩამოვთვლი, ბევრი არიან და მე ეს ადამიანები სიგიჟემდე მიყვარს! რომ არ იყვნენ ესენი, არ იქნებოდა "მზის სივრცე" და არ ვიქნებოდი მე! და ამ ადამიანებისთვის მადლობა შენ, 2015 წელო!

უამრავი სირთულისა და დაბრკოლების მიუხედავად, შევძელით და ნოემბრის ბოლოს საქართველოში პრველი ადაპტირებული სათამაშო მოედანი გავხსენით - კიკვიძის ბაღს დიდხანს ემახსოვრება ულამაზესი და დადებითი ემოციებით დატვირთული ღიმილიანი ბავშვები.

მერე რა იყო? - მუშაობის პარაელურად ვახერხებდითთ და ვპოულობდით დროს, ბავშვებისთვის მიგვეცა ბევრი და უფრო ბევრი - "კომედი ცენტრი",  "იუმორინა", ახმეტელის თეატრის დასის სპექტაკლი "მაკნატუნა", ბავშვების მაქსიმალური ჩართვა "ალეა"-ს მიერ ორგანიზებულ საჯარო ლექციაში,  საოცრად შრომატევადი, მაგრამ მხიარული ფოტოსესია "კიკალა სტუდიო"-ში, დაუვიწყარი ვიზიტი 198 საბავშვო ბაგა-ბაღში, სტუმრად "ირმა სოხაძის სტუდიის" საიუბილეო კონცერტზე, მხიარული და ემოციებით დატვირთული გასეირნება თბილისის ცირკში...
ჩვენს გვერდით სულ იყო ჩვენი საყვარელი და ერთგული მეგობარი ანანო მჟავია. არ შეიძლება არ გაგაცნოთ ერთი პატარა გოგონა , ბრიტანული სკოლის აზერბაიჯანელი მოსწავლე ჰუმაი მამედოვა - დიდი გულის მქონე პატარა ქალბატონი, რომელიც "მზის სივრცეში" "საქმით" მოვიდა და რომელიც ჩვენთან არა მხოლოდ თავად დარჩა, მეგობრებიც მოიყვანა, რომელმაც სითბო და სიყვარული გვაჩუქა, რომელმაც შეძლო და სპაიდერმენთან და ჰელლოუ კიტისთან ერთად ბავშვებს (და არა მარტო ბავშვებს, უფროსებიც კარგად გავერთეთ :) ) დაუვიწყარი წინასაახალწლო განწყობა შეუქმნა.

 -შენ სულ მზის შვილები და მზის სივრცე გიტრიალებს თავში, სხვა არაფერი გაინტერესებს,  დეეე - ხშირად მეუბნება ანო. ამიტომ, რომ არ ვაწყენინო, ცოტა "სხვაზეც" :)
ანო და ნინო წელს ორივე პირველად მივიდა სკოლაში - ანო პირველად საქართველოში, ნინო პირველად სკოლაში :). ნინოზე ვნერვიულობდი, ანოზე არა. მოხდა სასწაული და ანოს გაუჭირდა ახალ სკოლასთნ შეგუბა, ნინოს არა :). ორივემ ერთად ისწავლა ქართული - ანომ კარგად,  ნინომ ისე რაააა, დღეს ორივეს ენატრება სკოლა და კლასელები. ანოს ისევ ძალიან უყვარს ხატვა და ხელოვნების გაკვეთილი, ნინოს მალი მატავლებელო და ბევლი ბავსვებოოოო :).

პირობა ვერ შევასრულე და საქართველოში ძალიან ბევრ დროს ვერ ვატარებ მათთან, მაგრამ ყოველთვის ვპოულობთ დროს ერთად გავერთოთ - დავხატოთ, დავჭრათ, გამოვძერწოთ, ვიცეკვოთ და ვიმღეროთ. ანო ისევ ისე მზრუნველი და მოსიყვარულეა დაიკოს და ჩემს მიმართ, ნინო მზრუნველი, მოსიყვარულე და ჯიუტი. ანო ძალიან მგრძნობიარე გახდა - პოლონეთი ენატრება, ნინოც ადრინდელზე მეტად  მგრძნობიარეა - ადრე შენიშვნა არ წყინდა, ახლა შენიშვნას რომ ვაძლევთ, გვებუტება. სამივეს ერთნაირად გვენატრება თამუნა, გიგა, ლიკა და თორნიკე.
მადლობა 2015 წელო შენ, რამდენიმე საათში ახალ, 2016 წელს უნდა შევეგებო :).







вторник, 25 февраля 2014 г.

! ! !

მეგობრებო, 21 მარტს, აქციის "მე გაჩუქებ მზეს" ფარგლებში ბავშვთა გასართობ ცენტრ ქლოქი -"clock"-ში (https://www.facebook.com/ClockCenter?fref=ts) ჩვენი, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები "ბერგერი & ანა ჩანგიანი"-ს საბავშვო კოლექციას წარმოადგენენ. გვინდა, რაც შეიძლება მეტმა ბავშვმა მიიღოს ჩვენებაში მონაწილეობა. გთხოვთ, შემეხმიანეთ 4-დან 12 წლამდე ბავშვების მშობლები. ჩვენებას დაესწრებიან საზოგადოებისათვის ცნობადი სახეები, მსახიობები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები. ჩვენების შემდეგ ბავშვებისათვის მოეწყობა ''a la fourchette" და ისინი საყვარელი ზღაპრების გმირებთან ერთად გაერთობიან.

!!!

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. არასამთავრობო ორგანიზაციები ,,მზის შვილები", ,,ქალი, ბავშვი და სოციუმი" და "ჯანდაცვის მონიტორინგის და რეფორმების ცენტრი" ამ დღესთან დაკავშირებით 17-21 მარტს აწყობს საქველმოქმედო აქციას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მაშტაბით (თბილისი, თელავი, ქუთაისი, ბათუმი) გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები. აქცია დაიწყება 17 მარტს. ქართველი და პოლონელი ლოგოპედები და რეაბიტოლოგები ერთმანეთს დაუნის სინდრომითა და აუტიზმით დაბადებულ ბავშვებთან მუშაობის შესახებ გამოცდილებებს გაუზიარებენ. რამდენიმე საათს პოლონელი სპეციალისტები პირადად ბავშვებთან ურთიერთობას დაუთმობენ. კონფერენცია გაიმართება 17 მარტს, თბილისში, სასტუმრო ,,სიმპატიის" საკორეფენციო დარბაზში 14 საატზე. სამწუხაროდ კონფერენციაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ მსურველებს გთხოვთ დაუყონებლივ დაგვიკავშირდეთ. 18-21 მარტს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და თელავში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები ქართველი მსახიობებისა და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეების მონაწილეობით. შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაბადებული ბავშვებისათვის უფასო სარეაბილიტაციო ცენტრის დაარსებას, სადაც დაუნის სინდრომითა და აუტიზმით დაბადებული ბავშვებს უფასოდ ინოვაციური მეთოდებით ჩაუტარდებათ სარეაბილიტაციო კურსი, ექნებათ ხელმისაწვდომობა მათთვის აუცილებელ სერვისებზე, მოხდება ხელშეწყობა საზოგადოებასთან ინტეგრირების პროცესში. ძვირფასო მეგობრებო, ნებისმიერი თქვენგანის ჩვენს გვერდით დგომა ფასდაუდებელია ამ ბავშვებისა და მათი მომავლისათვის. შემოგვიერთდით და ... მე გაჩუქებ მზეს...

пятница, 23 августа 2013 г.

მადლობა, რომელიც ერთი თვისა და 4 დღის წინ უნდა მეთქვა...

19 ივლისი. თბილისი. გამვლელები რუსთაველის ძეგლის წინ უჩვეულო(მათთვის) გამოფენის წინ ჩერდებიან. ჯერ გაკვირვებული და მერე ღიმილიანი სახეებით ათვალიერებენ სურათებს... სხვადასხვა ტელევიზიების ოპერატორებსაც კამერები გამოფენილი სურათებისკენ აქვთ მიმართული. სურათებიდან დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვები უღიმიან გამვლელებსა და ოპერატორებს... 5 საათზე ძეგლის წინ შეჯგუფულ ხალხს, რომლებმაც შეიძლება ზუსტად არც კი იცოდნენ რას ელოდნენ, - მოდიანო- უთხრეს და მომლოდინე ხალხი მათკენ მომავალ 23 დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვს მხურვალე და გულწრფელი (დარწმუნებული ვარ!) აპლოდისმენტებით შეეგება. 19 ივლისი. თბილისი. ეს დღე დაუნის სინდრომით დაბადებული 23 ბავშვისთვის სხვადასხვაგვარად დაიწყო... ორგანიზაციების „მზის შვილები„ და „ჯანდაცვის რეფორმის მონიტორინგის ცენტრი„-ს მიერ ორგანიზებულ აქციაზე ბავშვების ნაწილი საქართველოს რეგიონებიდან ჩამოვიდნენ. მათთვის აქცია დილის 9 საათზე დაიწყო და საკმაოდ მომქანცველი მგზავრობით გაგრძელდა. ნაწილი ბავშვებისა თბილისში ელოდნენ თანატოლებს... პირველ საათზე დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვები მშობლებთან და დედმამიშვილებთან ერთად პუშკინის სკვერში შეიკრიბა და გეზი მთაწმინდის პარკისკენ აიღეს. დაუვიწყარი 3 საათი გაატარეს ბავშვებმა მთაწმინდის პარკში... მერე გახარებულები, ბედნიერები და ლაღები, მაგრამ ძალიან დაღლილები და დამშეულები უზნაძის ქუჩაზე რესტორან „მირზაანი„-ს დარბაზში გაშლილ სუფრას შემოუსხდნენ და ბავშვური სილაღითა და ონავრობით მოილხინეს. დაგეგმილი „გასეირნება ზოოპარკში„ დროის უქონლობის გამო ჩაიშალა. 5 საათზე ბავშვები რუსთაველის გამზირზე მათთვის გამართულ აქციას „ერთად მოვშალოთ საზღვრები„ შემოუერთდნენ. მერე იყო სიმღერა, ხატვა, ღიმილიანი სახეები, მოფერება, აღფრთოვანება, საჩუქრები... 19 ივლისამდე კი 19 დაძაბული დღე გამოვიარეთ... ვინ? მე, თეონამ და თეამ... ამ 19 დღეზე არ მოვყვები, მთავარია, რომ აქცია, უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად შედგა და მთავარია, რომ ბავშვებს, რომლებმაც აქციაზე მოსვლა მოახერხეს, ეს დღე არასოდეს დაავიწყდებათ. ახლა უამრავი მადლობა უნდა ვთქვა, დაგვიანებული, მაგრამ აუცილებლად სათქმელი. ტევონაააა-ჩემო ძალიან კარგო და ძალიან ტკბილო მეგობარო, რომ არა შენ, სადღაც შუა გზაზე წავიქცეოდი და ვეღარ ავდგებოდი... მადლობა ჩემთან ერთად ყველა „გადასატანის„ გადატანისთვის, ჩემი ატანისთვის და პროფილაქტიკაში გატარებული 2 საათისთვის :) თეა - ორგანიზაცია „ ჯანდაცვის რეფორმის მონიტორინგის ცენტრი„-ს დამფუძნებელი და აქციის ორგანიზატორო, რომ არა შენ, ღმერთმა იცის სად გავჩერდებოდი. ძლიერი ხარო, მეუბნებოდი და მჯეროდა. და რადგან მჯეროდა, გაჩერების უფლებაც არ მქონდა. ის, რაც შენთან და თეონასთან ერთად 4 დღეში შევძელი, უთქვენოდ 2 კვირაში ვერ მოვახერხე. მადლობა, რომ ბოლომდე ჩემს გვერდით იდექი და მადლობა, რომ ჩემთან ერთად გაუძელი შემოტევებს, ტყუილს და იმედგაცრუებას. ვანო, ჩემი ღაბაბიანი და პუტკუნა მეგობარი - დარიგებისთვის, გეზის მოცემისთვის და ჩემთვის დაკარგული შენთვის ფასდაუდებელი საათებისთვის. :) მადლობა ზოოპარკის დირექციას და განსაკუთრებით ბატონ ზურაბს, იმისათვის რომ აქციის ჩატარებამდე 2 კვირით ადრე ფართოდ გაგვიღეს ზოოპარკის კარები (თუმცა, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, მათთან მისვლა დროის უქონლობის გამო ვეღარ შევძელით). მადლობა მთაწმინდის პარკის დირექტორს, ბატონ ირაკლი სასანიას და ბავშვების გიდს ეთუნა გიგიაძეს, რადგან სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ბავშვები დღესაც ყვებიან 19 ივლისს „ბომბორაზე ბევრი ვიკატავე, იცი რამდენი? მანქანებზეც ვიჯექი, მატარებელშიც, დიდ ბორბალზეც. ცოტა შემეშინდა, მაგრამ იცი რა ბევრი ვიკატავე„ :) უღრმესი მადლობა ბატონ რუსლან ფიფიას და რესტორნების ქსელს „მირზაანი„, რომელსაც 18 ივლისს საღამოთი დავუკავშირდით და რომელმაც 19 ივლისს აქციაში მონაწილე 23 ბავშვს და მათ თანმხლებ პირებს ზრაპრული მასპინძლობა გაუწიეს. არ შემიძლია მადლობა არ ვუთხრა მძღოლს, რომლის ვინაობაც არ ვიცი და რომელიც კოლმეურნეობის მოედანზე შემთხვევით აღმოვაჩინე და რომელიც 5 საათის განმავლობაში აქციაში მონაწილე ბავშვებს ემსახურებოდა. უღრმესი მადლობა ძალიან კარგ ადამიანს - ვახოს, ულამაზეს სალიკუნას და უსაყვარლეს სანდროს ღამის 1 საათზე სულ რაღაც 2 საათში დაწერილი, ჩაწერილი და აქციაზე შესრულებული ჰიმნისთვის, რომლის ბადალი არასოდეს არსად მომისმენია. მადლობა ზურას, საქართველოში ეკოლოგიური პლასტელინის ერთადერთ მწარმოებელი ფირმის „პლეი ბუმის„ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს. ფერადი პლასტელინებით დასაჩუქრებული ბავშვების აღფღთოვანებული სახეები ახლაც თვალწინ მიდგას :) დიდი მადლობა ზუკა ბაბუნაშვილს - საოცარი და დასამახსოვრებელი ფოტოსესიისთვის. მადლობა ნანუკას და მის გუნდს -დაუღალავი და გულწრფელი მხარდაჭერისთვის, თანადგომიისთვის და სიყვარულისთვის. მადლობა „კეთილსოფელის„ მიერ გამოგზავნილ მომღერალს, რომლის სახელი და გვარის გარკვევა დაბნეულობისა და დაძაბულობის გამო არც კი მიცდია და რომლის ტკბილი ხმით ნამღერმა გაახალისა და აღაფრთოვანა აქციის სტუმრები. უღრმესი მადლობა „მულტი-პულტის„ სამყაროს და მათ გმირებს, რომლებთან ერთად გართობაც ერთ-ერთი ყველაზე ხალისიანი და სასურველი ატრაქცია იყო ბავშვებისთვის. მადლობა „სოკო ივენტ გრუპ„ -ს აქციაზე აქტიური მონაწილეობისთვის. მადლობა კახა კინწურაშვილს, ნიკა გრიგოლიასა და თემო მჟავიას(მიუხედავად ფეხის მძიმე ტრამვისა ჩვენს გვერდით დადგა) - მოფერებისთვის, ჩახუტებისთვის, ღიმილისთვის და სითბოსთვის :). უღრმესი მადლობა ქალაქ თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრს და განსაკუთრებით დიდი მადლობა ქალბატონ ნინო სულაძეს - ჩვენთან ერთად „მცირე გაუგებრობის„ გამოსასწორებლად გადატანილი ნერვიულობისთვის :) უღრმესი მადლობა დედოფლისწყაროსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლებს - იმისათვის, რომ მხარში დაგვიდგნენ, მოიძიეს რაიონში მაცხოვრებელი დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვები და 19 ივლისს გამართულ აქციაზე მათი ტრანსპორტირება უზრუნველყვეს. როგორ შეიძლება ყველაზე დიიიიიდიიიიი მადლობა არ ვუთხრა პატარებს, რომელთა გარეშეც ამ აქციის ჩატარებას აზრი არ ექნებოდა. არასოდეს დამავიწყდება არცერთი მათგანი და არასოდეს დამავიწყდება პირობა რაც მათ მივეცი. მე ამ პირობას შევასრულებ!!! მადლობა მარტინ იანოს კრავჩიკს, პოლონელ რეჟისორს, რომელიც დაინტერესდა საქართველოში მცხოვრები დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვებით, რომელიც სპეციალურად 19 ივლისის აქციისთვის ჩამოვიუდა საქართველოში და რომელმაც ამ ბავშვებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო (ფილმი ამ ეტაპზე მონტაჟდება) განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელსაც არ სჯეროდა (შეიძლება არც ახლა სჯერა) რომ მხოლოდ და მხოლოდ კეთილი მიზნები გვამოძრავებს, რომლების ეცადნენ არ გამოსულ;იყო ის, რაც გამოვიდა, ვერ გაგვეკეთებინა ის, რაც გავაკეთეთ, დაბრკოლებები შეგვიქმნეს იქ, სადაც არ ველოდით, ფეხი დაგვიდეს მაშინ, როცა არ ველოდით... მადლობა იმისათვის, რომ საკუთარ თავში უფრო მეტად დავრწმუნდით, მეტად ვიწამეთ, რომ იმისათვის, რომ დიდი საქმე გააკეთო, გრანტი და მილიონიანი სპონსორი სულაც არაა საჭირო და რომ ჩვენ, მზის შვილებსა და ჯანდაცვის რეფორმის მონიტორინგის ცენტრს მიზნის განხორციელებაში - შევუქმნათ ჩვენს ბავშვებს მომავალი - ხელს ვერავინ და ვერაფერი შეგვიშლის. მოკლედ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას. დაგვიანებული, მაგრამ გულწრფელი მადლობა :) .

суббота, 8 июня 2013 г.

„ერთად – წავშალოთ საზღვარები“

პრექტის მიზანი – შეზღუდული შესძლებლობის მქონე ბავშვთა, კერძოდ დაუნის სინდრომის და აუტისტი ბავშვების ინტეგრაციის პროცესი საზოგადოებაში. მათი დაახლოვების და ერთიანობის პროცესის ხელშეწყობა, საზოგადოების ცნობიერებისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლება, ლოიალური და ჯანსაღი ურთიერთობის დამკვიდრების ხელშეწყობა, ამ ბავშვების ნამდვილი სახის და თვისებების წარმოჩენა საზოგადოების წინაშე. პრობლემა – საზოგადოების ნაკლები ინფორმირებულება, არასწორი დამოკიდებულება და შეხედულება დაუნის სინდრომის მქონე და აუტისტი ბავშვებისადმი, მათში საფრთხის დანახვა და სხვა ჯანმრთელი ბავშვებისგან იზოლაციის მცდელობა, რაც შშმ ბავშვთა გარიყვას და გაუცხოვებას იწვევს, საზოგადოების ნეგატიური გავლენის დამსახურებით, მშობლები ცდილობენ „დამალონ“ საკუთარი შვლიები და მათთან ერთად საზოგადოებაში გამოჩენას ერიდებიან, რაც ასეთი ბავშვების გონებრივი, ფიზიკური და ფსიქიკური განვითარებისთვის – მნიშნვნელოვნად აფერხებს, არ ხდება მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში და საბოლოოდ, ისინი განწირული არიან უუნარო და არასრულფასოვანი ცხოვრებისთვის. ჩვენი პროექტის მიზანია, პირისპირ შეახვედროს საზოგადოება ამ ბავშვებთან და დაანახვოს, რომ ისინი არ არიან საშიშნი, მათ გააჩნიათ განვითარების, სწავლის და წარმატებების მიღწევის დიდი პოტენციალი, თუკი საზოგადოება შეძლებს იმ გამყოფი საზღვრის „კედლის“ მოშლას, რომელიც ამ ბავშვებთსა და საზოგადოებას შორის არის აღმართული. პროექტის ორგანიზატორები: არასამთავრობო ორგანიზანცია „მზის შვილები“ არასამთავარობო ორგანიზაცია „რეფორმის ცენტრი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ ჩატარების პერიოდი: 30 ივნისი 2013 წელი; დღის 16:00 საათიდან – საღამოს 19:00 საათამდე ჩატარების ადგილი: რუსთაველის გამზირის ტროტუარი მეტრო თავისუფლებიდან, მეტრო რუსთაველის მიმართულებით; ინსცენირებული კედელი და გამოფენა მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე პროქტის აღწერა: 31 ივნისს დაგეგმილი ღონისძიება „ერთად –მოვშალოთ საზღვრები“ შედგება სამი ეტაპისგან პირველი ეტაპი – მოლოდინის და მზადყოფნის შექმნა „მხატვრული პეტიცია“ პროექტის მთელ ტერიტორიაზე – მეტრო თავისუფლებიდან – მეტრო რუსთაველის მიმართულებით 16:00 საათიდან 18:00 საათამდე იმოძრავებენ „მოხალისეები“ 3–4 წევრიანი მოხალისეთა ჯგუფები რომელთაც ხელში ეჭირებათ პლაკატები პროექტის ლოზუნგებით, დასახელებით და პრობლემების ჩამონათვალით „ჩვენ ერთნი ვართ – მოვშალოთ საზღვრები“ „გაიცანი, დაიცავი, შეიყვარე“ „ნუ გეშინია“ „ისწავლე მათგან დიდი სიყვარული“ შერჩეული იქნება 5 „დისლოკაციის ადგილი“ – სადაც დაიდგმება დიდი ზომის რამდენიმე მოლბერტი სუფთა ფურცლით და ფერადი საღებავებით, მოლბერტის თავზე გაკრული იქნება პლაკატი წარწერით „დახატე რაც გემეტება“ პროექტის მონაწილე ახალგაზრდები – „მოხალისეები“ შეაჩერებენ გამვლელებს, მოკლედ აუხსნიან აქციის მიზანს და დანიშნულებას და სთხოვენ დიდი ფურცლის პატარა ნაწილზე დახატონ ის, რაც ამ ბავშვებისთვის ემეტებათ (მაგ: ცა, მზე, გული, ყვავილი და ა.შ) ეს იქნება ერთგვარი „საზოგადოებრივი პეტიაცია“ ნახატის მეშვეობით მოხდება პოზიციის და „ხელმოწერის“ დაფიქსირება ამ ბავშვების ცხოვრებისა და მდგომარეობის გაუმჯობესებაზე – ხატვის პროცესში მოხდება ფოტო და ვიდეო მასალის გადღება, იქვე მიაწვდიან ინფორმაციას, რომ ამ ნახატების, ასევე შეზღუდული შესძლებლობის მქონე ბავშვთა ფოტოების და მათი ნამუშევრების გამოფენა დაიწყება 1 საათში (17:00 საათზე) რუსთველის მიმდებარე ტერიტროიაზე, მოხდება ქუჩაში სიმბოლური მოსაწვევების დარიგება მეორე ეტაპი – „ერთად“ 17:00 საათიდან დაიწყებენ შეკრებას საგანგებოდ მოწვეული პირები, რომელთაც წინასწარ, მინიმუმ 1 კვირით ადრე დაურიგდებათ მოსაწვევები, ესენი იქნებიან პოლიტიკოსები და სხვადასხვა კატეგორიის თანამდებობის პირები, სახელმწიფო მოხელეები და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ხელოვნების სფეროს მოღვაწეები და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები. 17:00 საათიდან, რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს მოიყრიან ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მათი მშობლები, პროექტში მონაწილეობას სავარაუდოდ 30–დან 50 –მდე ბავშვი და მათი მშობელი მიიღებს, როგორც თბილისიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები უშუალოდ იკონტაქტებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან, მათთან ერთად გაისეირნებენ ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიაზე. მესამე ეტაპი – „საზღვრის მოშლა“ აქციის ტერიტორიაზე, მუყაოსგან (პენოპლასტისგან) აგებული იქნება იმიტორებული კედელი, კედლის შემადგენელ „აგურებს“ ექნება წარწერებეი „გულგრილობა“ „ტაბუ“ „სტერეოტიპი“ „შიში“ „გაუცხოვება“ „ცინიზმი“ „ირონია“ „სიხარბე“ „კორუფცია“ „ბიუროკრატია“ ღონისძიებაში მონაწილე პირები, მოწვეული სტუმრები და რიგირთი გამვლელები დაანგრევენ კედელს და თვითოეულ „აგურს“ ჩაყრიან საგანგებოდ მომზადებულ კონტეინერში, დიდი პარკში წარწერით „ერთად – უკეთესი მომავლისთვის“ იმიტირებული კედლის უკან, იქნება განტავსებული გამოფენა უნარ შეზღუდული ბავშვების ფოტოების და მათი ნამუშევრების, აქვე იქნება განთავსებული ის ნახატები რომელიც დღის მანძილზე დახატეს თბილისელებმა ე.წ „საზოგადოებრივი პეტიცია“ დასკვნით ნაწილში ღონისძიების ორგანიზატორი, მიმართავს საზოგადეობას 2 წუთიანი ტექსტით, ღაონისძიებას ფონად გაჰყვება მუსიკა (ჩანაწერი) ან ცოცხალი შესრულებით იმღერებს, რომელიმე ჯგუფი მოწვეული სტუმრები: პარლამენტის წევრები ჯანდაცვის კომიტეტი ჯანდაცვის სამინისტრო განათლების სამინისტრო სხვა სამინისტორები საერთაშორისო ორგანიზაციები საელჩოები ბიზნეს ორგანიზაციები: ბანკები, მსხვილი კომპანიები პრესა –მედია მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები, ტელე–წამყვანები, მოცეკვავეები.

суббота, 24 марта 2012 г.

რატომ?


დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია. მიზეზი? - მეზარებოდა, დრო არ მქონდა, ღამის გათენება არ მინდოდა, აღარ მინდოდა ტკივილზე დამეწერა... ახლა ვზივარ და ვფიქრობ - დავწერო? იქნებ არ ღირს, იქნებ ზომაზე მეტს მოვითხოვ ადამიანებისგან. იქნებ ის, რაც მე ძალიან მტკივა, სხვას არ უნდა ვატკინო, უფრო სწორად, იქნებ არ მაქვს უფლება, ჩემი ტკივილის გაზიარება გთხოვოთ.
21 მარტს მსოფლიომ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნა. უკვე მეშვიდედ, მაგრამ წელს მაინც პირველად, რადგან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ, ოფიციალურად, შარშან აღიარა. ეს დღე ჩემთვის და ნინიკოსთვის დილის 9 საათზე, სასიამოვნო სიურპრიზით დაიწყო.აუზზე ცურვის მორიგი გაკვეთილი გვქონდა კერძოდ აყვანილ ინსტრუქტორთან, რომელსაც ყოველი წამი გათვლილი აქვს. 5 წუთით დავაგვიანეთ. მეგონა, ქ-ნი ალექსანდრა საყვედურებით შემოგვეგებოდა, მაგრამ... აუზი ფერადი ბუშტებით იყო სავსე, ინსტრუქტორმა კი ნინიკო გულში ჩაიხუტა და დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მოგვილოცა... მორიგი სიურპრიზი რესტორანში მელოდა. დამიძახეს, კლიენტი გთხოვს ერთი წუთითო. ცოტა არ იყოს შემეშინდა და სამზარეულოდან ცომიანი ხელების წმენდით გამოვედი. რესტორნის დარბაზში ყვითელი ტიტების უზარმაზარი თაიგულით შემეგება ჩვენი ერთ-ერთი კლიენტი, რომელსაც ნინიკო რამდენჯერმე, თვალის მოკვრით ყავდა ნანახი და დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მომილოცა... სწორედ ამ ორმა თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანმა შემთხვევამ(?) გადამაწყვეტინა ამ პოსტის დაწერა.
საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დაუნის სინდრომის მქონე მშობელთა აქტიურობის შედეგად, ქართულმა მასმედიამ შესანიშნავად გააშუქა 21 მარტს საქართველოში ჩატარებული ღონისძიებები. მანამდე კი, ფეისბუკზე, დღეს ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელზე, თითქმის 2 თვის განმავლობაში რამდენიმე "ფეისბუკის გვერდი" მხურვალედ მოუწოდებდა ფეისბუკის ქართული ქსელის მომხმარებელს, მონაწილეობა მიეღოთ 21 მარტს დაგეგმილ, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
მე,"მზის შვილები"-ს გვერდზე, შეგნებულად არ დავწერე არაფერი. რატომ? ველოდებოდი. რას? ახლა ვხვდები, რომ არ ვიცი რას. რამდენიმე დღის წინ კი იმედი მქონდა, რომ გვერდის 777 გულშემატკივრიდან, ყველას თუ არა, სულ ცოტა, 200, 150 ადამიანს მაინც გაუჩნდებოდა სურვილი, საკუთარი ინიციატივით "დაეპოსტა" ჩვენს კედელზე, შეეხსენებინა რომ მალე მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს და ჩვენ რატომ ვართ ჩუმად, რატომ არ ვაქტიურობთ? ეს ერთგვარი, მაპატიოს ყველამ, ექსპერიმენტი იყო. გაუმართლებელი ექსპერიმენტი.
რა ხდებოდა სხვა, აქტიურ გვერდებზე? მხოლოდ რამდენინე მშობელმა "დავალაიქეთ" გამოქვეყვებული პოსტები, რამდენიმემ კომენტარიც დავწერეთ. მერე, ისევ ჩვენ, რამდენიმე მშობელი აღფრთოვანებულები ვუყურებდით და ვკითხულობდით ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ისევ და ისევ ამ ღონისძიებების ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელზე გამოქვეყვებულ სიუჟეტებს და კვლავ ჩვენი აღფრთოვანებული კომენტარები. "მზის შვილები"-ს არ იყოს, ამ გვერდებსაც, სულ ცოტა, 700-800 ადამიანი "ალაიქებს". არც ერთი კომენტარი, არც მოწონების, არც არმოწონების.
მეოთხე დღეა ქართულ ინტერნეტსივრცეში დავბორიალებ. უამრავმა ინტერნეტ გამოცემამ გამოაქვეყნა 21 მარტს კუს ტბაზე ჩატარებული აქციის ამსახველი კადრები, უამრავმა გალერეა "ტიფლის ავენიუ"-ში მოწყობილი შესანიშნავი გამოფენის შესახებ დაწერა. ინტერვიუები, რადიოგადაცემები, დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვების გაღიმებული სახეები-ყველაფერი ეს ფართო საზოგადოებისგან ყოველგვარი კომენტარის გარეშე დარჩა. არც მოწონება, არც არმოწონება...
ვუსმენდი რადიო1 და იმედი მქონდა, რომ ერთი მსმენელი მაინც დარეკავდა, შეკითხვას დასვამდა, რჩევას მისცემდა ან პირიქით, რჩევას თხოვდა გამომსვლელს, მაგრამ აქაც არაფერი. არც მოწონება, არც არმოწონება... სდუმან ყველაზე კითხვადი, "ფართების", "ივენთების", "ტუსოვკების", "თბილისი ლაივებისა" და ზოგადად, "მიმდინარე მოვლენების" დაწვრილებით აღმწერელ-გამშუქებელ-გამკრიტიკებელ-მაქებარი ბლოგებიც.
რატომ, რა არის ამის მიზეზი?. ნუთუ იმ უამრავი ადამიანიდან, ვინც ერთხელ მაინც "დაალაიქა" და მოიწონა ჩვენი მართლაც რომ შესანიშნავი შვილები, არავის გაუჩნდა სურვილი პირადად ენახა ეს ბპატარა, უკვე მოზარდი და ზრდასრული დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები. იქნებ გატყუებთ და ესენი სულაც არ არიან ისეთი კარგები, როგორებადაც მათ ჩვენ წარმოვაჩენთ. კამათში იბადება ჭეშმარიტება-ო, ნათქვამია, მაგრამ, ვის ვუმტკიცო ეს ჭეშმარიტება, როდესაც 4 მილიონიან საქართველოში მოკამათეს ვერ ვპოულობ.
მაპატიოს ყველამ, მაგრამ გულისტკივილით უნდა ვაღიარო, რომ ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ძალიან შორსაა "ჭეშმარიტებისგან" და ჩვენს საზოგადოება ყვითელ პრესაში გამოქვეყნებული "პრიკოლები"-ს განხილვა-გაქილიკებითაა დაკავებული.
http://www.radio1.ge/Show.aspx?Show=69
http://www.osgf.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=42&info_id=2719
http://www.facebook.com/media/set/?set=a.336930439688292.71801.319570924757577&type=3
http://www.facebook.com/media/set/?set=a.331281090254365.75432.105768739472269&type=3
http://www.facebook.com/media/set/?set=a.331310043584803.75439.105768739472269&type=3