rss
Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites

суббота, 27 марта 2010 г.

ჩემი და...

სკოლა 1985 წელს დავამთავრე...
ბოლო დროს ჩემს შუათანა დას მკერდის არეში ძლიერი ტკივილები დაეწყო. მეშვიდე კლასს ამთავრებდა...ბოლო ზარამდე რამდენიმე დღით ადრე დედაჩემი და ჩემი და თბილისში წავიდნენ, "ჩაჩავაში" ცნობილ პროფესორ - მადიჩთან გაგზავნეს რაიონის საავადმყოფოდან. მეორე დღეს დაბრუნდნენ ტირილისგან დასიებული თვალებით... -მადიჩმა ბავშვი გასინჯა და მისი თანადასწრებით მითხრა, სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, მკერდი მოსაკვეთიაო-უყვებოდა მერე დედაჩემი თავის უახლოეს მეგობარს... ჩემი და, თურმე, ძლივს მოუსულიერებიათ...
მერე იყო ჩემი წარუმატებელი მისაღები გამოცდები უნივერსიტეტში, ჩემი დის ექიმებთან წინ და უკან სირბილი, ახალ-ახალი ექიმები ახალ-ახალი ვარაუდებით... სამსახურის ძებნა დავიწყე და ვინაიდან ლაგოდეხში ახალსკოლადამთავრებულისთვის სხვა "პრასვეტი" არ იყო, დედაჩემის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, თამბაქოს საფერმენტაციო ქარხანაში ამოვყავი თავი. (ხელფასი სასაცილო იყო, მაგრამ მაშინ, აბიტურიენტი, რომელიც პირდაპირ სკოლის მერხიდან არ მიდიოდა მისაღებ გამოცდებზე, "სტაჟიანი" უნდა ყოფილიყო :))
ამასობაში აგვისტოც გავიდა და სექტემბრის დასაწყისში დედაჩემი და ჩემი და მოსკოვში გადაფრინდნენ. ოქტომბრის ბოლოს ონკოლოგიურ ცენტრში ჩემს დას ოპერაცია პროფესორ ლეწიაგინის ჯგუფმა გაუკეთა - მარცხენა მკერდი მოკვეთეს და კანქვეშ პროთეზი ჩაუდგეს...
ნოემბრის შუა რიცხვებში ქარანის დირექტორს (მამაჩემის თანასოფლელსა და ერთ დროს, უახლოეს მეგობარს) დიდი ხვეწნა-მუდარით ერთკვირიანი "შვებულება" გამოვტყუე და ნათესავების ფინანსური დახმარების წყალობით მოსკოვში გავფრინდი. დედაჩემი აეროპორტში დამხვდა და იქედან პირდაპირ საავადმყოფოში წავედით... ჩემმა დამ არაფერი იცოდა ჩემი ჩასვლის შესახებ და დედა მთელი გზა ნერვიულად ერთსა და იგივეს მეასედ მაინც იმეორებდა - ძალიან ფრთხილად, ძლიერად არ ჩაეხუტო. იქნებ, უნდა მეთქვა რომ ჩამოხვედი. ბავშვს არაფერი დაემართოს...
ონკოლოგიური ცენტრის მეთოთხმეტე სართულზე, დერეფანში, თითქმის ყველა ექთანი და ავადმყოფი ღიმილით შემომეგება(დედა, იმისათვის რომ ჩემი დის გვერძე ყოფილიყო, სანიტრად გაფორმდა საავადმყოფოში). დედამ წინ გამიშვა - დერეფნის ბოლოს ოთახიდან ჩემი და გამოვიდა. ხელშ ჩაის ჭიქა ეკავა და კოვზით რაღაცას ურევდა... შემომხედა - ინგა? -თქვა და ვითომც აქ არაფერი, პალატაში შებრუნდა. ნაბიჯი ვეღარ გადავდგი წინ. საუკუნე რომ მეგონა, იმდენი წამის შემდეგ ჩემი დის ყვირილი გაისმა - ინგაააა! პალატიდან გამოვარდა და კისერზე ჩამომეკიდა...
მერე ყველაფერი დალაგდა. მომდევნო წელს მე სტუდენტი გავხდი, ოღონდ საოცნებო უნივერსიტეტის არა...ჩემი და ნელ-ნელა, მაგრამ გამოჯანმრთელდა, უმცროსი და ქაჯანა გვეზრდებოდა... დედას მუდამ სევდიანი სახე მომღიმარი და მხიარული გახდა...
ჩემი და დღესაც ძალიან ლამაზია. მაშინ კი, 16-17 წლის ასაკში მართლაც უზომოდ ლამაზ და მიმზიდველ გოგოს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. მასაც შეუყვარდა ძალიან ლამაზი სიყვარულით. სკოლა დაამთავრა, იმავე წელს, ვინაიდან დედა გვერდიდან არ იშორებდა, დაუსწრებელზე ჩააბარა, მუშაობა დაიწყო... ერთ დღეს, სამსახურიდან მომავალი მანქანაში "შეტენეს" და მოიტაცეს... სამი დღის შემდეგ გვაჩვენეს ჩემი და. სასტიკი ქართული მენტალიტეტის წყალობით, რომელიც განატაცები ქალისგან მსხვერპლად საკუთარი თავის გაღებას მოითხოვდა, ჩემი და გახდა ცოლი ადამიანისა, რომელსაც თვალის დასანახად ვერ იტანდა... 6 თვის შემდეგ, ქმრის მეზობელმა სახედალურჯებული მოგვიყვანა სახლში და გვითხრა- თუ ამ ბავშვის სიკვდილი გინდათ, წაიყვანეთ უკან, თუ არა და, დროზე უშველეთო... მერე დაიწყო გაუთავებელი მოვარდნები, შეურაცხყოფები, მუქარები...
საცხოვრებლად თბილისში წამოვედით. მეტ-ნაკლებად აგვეწყო ცხოვრება. დედას კარგი სამსახური ჰქონდა, მეც, ჩემს დასაც. უმცროსი და სტუდენტი იყო და ისევ ისეთი ქაჯანა... მერე ისიც მოიტაცეს (საბედნიეროდ დღემდე ბედნიერია თავის მეუღლესთან და შვილებთან ერთად)...
92 წელს პოლონეთში წამოვედით, მაქსიმუმ, ერთი თვით. დღესაც არ გასულა ის "მაქსიმუმ"...
აქ ჩემმა დამ გაიცნო ქართველი ბიჭი, რომელიც შეუყვარდა და რომლის ცოლიც გახდა. 1997 წლის 19 ნოემბერს დახატული შვილი ეყოლა, ანი... 3 დღის შემდეგ, თანდაყოლილი გულის მანკის დიაგნოზთ, ბავშვი სამშობიაროდან რეანომობილით გადაიყვანეს ბავშვთა ცენტრში. 2 კვირის შემდეგ გულზე ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს. 23 დეკემბერს ანი ვარშავის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე დავკრძალეთ...
ჩემს დას დღეს 10 წლის ვაჟკაცი ყავს. მზე და მთვარე მასზე, დედაზე, დებზე და დიშვილებზე ამოდის...

4 komentarze:

დომენიკო комментирует...

თქვი, რომ ეს ყველაფერი, რასაც წერ, სიმართლე არ არის...

ლოლიკა комментирует...

ნუ მიწყენ, მაგრამ მაგას ვერაფრით ვიტყვი :)
ყველაფერი, რასაც აქ ვწერ, სრული სიმართლეა.

tatuka:) комментирует...

vaime gamovhsterdi.. ramdeni gadagitaniat... da kidev ertxel minda gitxra rom dzalian dzlieri adamiani chanxar:)

Анонимный комментирует...

dzalian rtuli cxovreba gkoniat da imedia momavalshi yvelaperi kargad ikneba))