rss
Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites

пятница, 23 августа 2013 г.

მადლობა, რომელიც ერთი თვისა და 4 დღის წინ უნდა მეთქვა...

19 ივლისი. თბილისი. გამვლელები რუსთაველის ძეგლის წინ უჩვეულო(მათთვის) გამოფენის წინ ჩერდებიან. ჯერ გაკვირვებული და მერე ღიმილიანი სახეებით ათვალიერებენ სურათებს... სხვადასხვა ტელევიზიების ოპერატორებსაც კამერები გამოფენილი სურათებისკენ აქვთ მიმართული. სურათებიდან დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვები უღიმიან გამვლელებსა და ოპერატორებს... 5 საათზე ძეგლის წინ შეჯგუფულ ხალხს, რომლებმაც შეიძლება ზუსტად არც კი იცოდნენ რას ელოდნენ, - მოდიანო- უთხრეს და მომლოდინე ხალხი მათკენ მომავალ 23 დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვს მხურვალე და გულწრფელი (დარწმუნებული ვარ!) აპლოდისმენტებით შეეგება. 19 ივლისი. თბილისი. ეს დღე დაუნის სინდრომით დაბადებული 23 ბავშვისთვის სხვადასხვაგვარად დაიწყო... ორგანიზაციების „მზის შვილები„ და „ჯანდაცვის რეფორმის მონიტორინგის ცენტრი„-ს მიერ ორგანიზებულ აქციაზე ბავშვების ნაწილი საქართველოს რეგიონებიდან ჩამოვიდნენ. მათთვის აქცია დილის 9 საათზე დაიწყო და საკმაოდ მომქანცველი მგზავრობით გაგრძელდა. ნაწილი ბავშვებისა თბილისში ელოდნენ თანატოლებს... პირველ საათზე დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვები მშობლებთან და დედმამიშვილებთან ერთად პუშკინის სკვერში შეიკრიბა და გეზი მთაწმინდის პარკისკენ აიღეს. დაუვიწყარი 3 საათი გაატარეს ბავშვებმა მთაწმინდის პარკში... მერე გახარებულები, ბედნიერები და ლაღები, მაგრამ ძალიან დაღლილები და დამშეულები უზნაძის ქუჩაზე რესტორან „მირზაანი„-ს დარბაზში გაშლილ სუფრას შემოუსხდნენ და ბავშვური სილაღითა და ონავრობით მოილხინეს. დაგეგმილი „გასეირნება ზოოპარკში„ დროის უქონლობის გამო ჩაიშალა. 5 საათზე ბავშვები რუსთაველის გამზირზე მათთვის გამართულ აქციას „ერთად მოვშალოთ საზღვრები„ შემოუერთდნენ. მერე იყო სიმღერა, ხატვა, ღიმილიანი სახეები, მოფერება, აღფრთოვანება, საჩუქრები... 19 ივლისამდე კი 19 დაძაბული დღე გამოვიარეთ... ვინ? მე, თეონამ და თეამ... ამ 19 დღეზე არ მოვყვები, მთავარია, რომ აქცია, უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად შედგა და მთავარია, რომ ბავშვებს, რომლებმაც აქციაზე მოსვლა მოახერხეს, ეს დღე არასოდეს დაავიწყდებათ. ახლა უამრავი მადლობა უნდა ვთქვა, დაგვიანებული, მაგრამ აუცილებლად სათქმელი. ტევონაააა-ჩემო ძალიან კარგო და ძალიან ტკბილო მეგობარო, რომ არა შენ, სადღაც შუა გზაზე წავიქცეოდი და ვეღარ ავდგებოდი... მადლობა ჩემთან ერთად ყველა „გადასატანის„ გადატანისთვის, ჩემი ატანისთვის და პროფილაქტიკაში გატარებული 2 საათისთვის :) თეა - ორგანიზაცია „ ჯანდაცვის რეფორმის მონიტორინგის ცენტრი„-ს დამფუძნებელი და აქციის ორგანიზატორო, რომ არა შენ, ღმერთმა იცის სად გავჩერდებოდი. ძლიერი ხარო, მეუბნებოდი და მჯეროდა. და რადგან მჯეროდა, გაჩერების უფლებაც არ მქონდა. ის, რაც შენთან და თეონასთან ერთად 4 დღეში შევძელი, უთქვენოდ 2 კვირაში ვერ მოვახერხე. მადლობა, რომ ბოლომდე ჩემს გვერდით იდექი და მადლობა, რომ ჩემთან ერთად გაუძელი შემოტევებს, ტყუილს და იმედგაცრუებას. ვანო, ჩემი ღაბაბიანი და პუტკუნა მეგობარი - დარიგებისთვის, გეზის მოცემისთვის და ჩემთვის დაკარგული შენთვის ფასდაუდებელი საათებისთვის. :) მადლობა ზოოპარკის დირექციას და განსაკუთრებით ბატონ ზურაბს, იმისათვის რომ აქციის ჩატარებამდე 2 კვირით ადრე ფართოდ გაგვიღეს ზოოპარკის კარები (თუმცა, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, მათთან მისვლა დროის უქონლობის გამო ვეღარ შევძელით). მადლობა მთაწმინდის პარკის დირექტორს, ბატონ ირაკლი სასანიას და ბავშვების გიდს ეთუნა გიგიაძეს, რადგან სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ბავშვები დღესაც ყვებიან 19 ივლისს „ბომბორაზე ბევრი ვიკატავე, იცი რამდენი? მანქანებზეც ვიჯექი, მატარებელშიც, დიდ ბორბალზეც. ცოტა შემეშინდა, მაგრამ იცი რა ბევრი ვიკატავე„ :) უღრმესი მადლობა ბატონ რუსლან ფიფიას და რესტორნების ქსელს „მირზაანი„, რომელსაც 18 ივლისს საღამოთი დავუკავშირდით და რომელმაც 19 ივლისს აქციაში მონაწილე 23 ბავშვს და მათ თანმხლებ პირებს ზრაპრული მასპინძლობა გაუწიეს. არ შემიძლია მადლობა არ ვუთხრა მძღოლს, რომლის ვინაობაც არ ვიცი და რომელიც კოლმეურნეობის მოედანზე შემთხვევით აღმოვაჩინე და რომელიც 5 საათის განმავლობაში აქციაში მონაწილე ბავშვებს ემსახურებოდა. უღრმესი მადლობა ძალიან კარგ ადამიანს - ვახოს, ულამაზეს სალიკუნას და უსაყვარლეს სანდროს ღამის 1 საათზე სულ რაღაც 2 საათში დაწერილი, ჩაწერილი და აქციაზე შესრულებული ჰიმნისთვის, რომლის ბადალი არასოდეს არსად მომისმენია. მადლობა ზურას, საქართველოში ეკოლოგიური პლასტელინის ერთადერთ მწარმოებელი ფირმის „პლეი ბუმის„ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს. ფერადი პლასტელინებით დასაჩუქრებული ბავშვების აღფღთოვანებული სახეები ახლაც თვალწინ მიდგას :) დიდი მადლობა ზუკა ბაბუნაშვილს - საოცარი და დასამახსოვრებელი ფოტოსესიისთვის. მადლობა ნანუკას და მის გუნდს -დაუღალავი და გულწრფელი მხარდაჭერისთვის, თანადგომიისთვის და სიყვარულისთვის. მადლობა „კეთილსოფელის„ მიერ გამოგზავნილ მომღერალს, რომლის სახელი და გვარის გარკვევა დაბნეულობისა და დაძაბულობის გამო არც კი მიცდია და რომლის ტკბილი ხმით ნამღერმა გაახალისა და აღაფრთოვანა აქციის სტუმრები. უღრმესი მადლობა „მულტი-პულტის„ სამყაროს და მათ გმირებს, რომლებთან ერთად გართობაც ერთ-ერთი ყველაზე ხალისიანი და სასურველი ატრაქცია იყო ბავშვებისთვის. მადლობა „სოკო ივენტ გრუპ„ -ს აქციაზე აქტიური მონაწილეობისთვის. მადლობა კახა კინწურაშვილს, ნიკა გრიგოლიასა და თემო მჟავიას(მიუხედავად ფეხის მძიმე ტრამვისა ჩვენს გვერდით დადგა) - მოფერებისთვის, ჩახუტებისთვის, ღიმილისთვის და სითბოსთვის :). უღრმესი მადლობა ქალაქ თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრს და განსაკუთრებით დიდი მადლობა ქალბატონ ნინო სულაძეს - ჩვენთან ერთად „მცირე გაუგებრობის„ გამოსასწორებლად გადატანილი ნერვიულობისთვის :) უღრმესი მადლობა დედოფლისწყაროსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლებს - იმისათვის, რომ მხარში დაგვიდგნენ, მოიძიეს რაიონში მაცხოვრებელი დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვები და 19 ივლისს გამართულ აქციაზე მათი ტრანსპორტირება უზრუნველყვეს. როგორ შეიძლება ყველაზე დიიიიიდიიიიი მადლობა არ ვუთხრა პატარებს, რომელთა გარეშეც ამ აქციის ჩატარებას აზრი არ ექნებოდა. არასოდეს დამავიწყდება არცერთი მათგანი და არასოდეს დამავიწყდება პირობა რაც მათ მივეცი. მე ამ პირობას შევასრულებ!!! მადლობა მარტინ იანოს კრავჩიკს, პოლონელ რეჟისორს, რომელიც დაინტერესდა საქართველოში მცხოვრები დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვებით, რომელიც სპეციალურად 19 ივლისის აქციისთვის ჩამოვიუდა საქართველოში და რომელმაც ამ ბავშვებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო (ფილმი ამ ეტაპზე მონტაჟდება) განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელსაც არ სჯეროდა (შეიძლება არც ახლა სჯერა) რომ მხოლოდ და მხოლოდ კეთილი მიზნები გვამოძრავებს, რომლების ეცადნენ არ გამოსულ;იყო ის, რაც გამოვიდა, ვერ გაგვეკეთებინა ის, რაც გავაკეთეთ, დაბრკოლებები შეგვიქმნეს იქ, სადაც არ ველოდით, ფეხი დაგვიდეს მაშინ, როცა არ ველოდით... მადლობა იმისათვის, რომ საკუთარ თავში უფრო მეტად დავრწმუნდით, მეტად ვიწამეთ, რომ იმისათვის, რომ დიდი საქმე გააკეთო, გრანტი და მილიონიანი სპონსორი სულაც არაა საჭირო და რომ ჩვენ, მზის შვილებსა და ჯანდაცვის რეფორმის მონიტორინგის ცენტრს მიზნის განხორციელებაში - შევუქმნათ ჩვენს ბავშვებს მომავალი - ხელს ვერავინ და ვერაფერი შეგვიშლის. მოკლედ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას. დაგვიანებული, მაგრამ გულწრფელი მადლობა :) .