rss
Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites

понедельник, 7 февраля 2011 г.

---

8 თებერვლის დილა თენდება.
ჩემს შვილებს სახლში, ალბათ, ტკბილად ძინავთ.
მე არამიანცის საავადმყოფოში, საკორენფერენციო ოთახში ვზივარ კომპიუტერთან.
მე-7 პალატაში მამაჩემი წევს...
ის, რაც უკვე დავწერე, დღემდე არასოდეს წამიკითხავს. ნეტავ არც ახლა წამეკითხა. ყველაფერი უფრო მძაფრად და უფრო მტკივნეულად დაბრუნდა...
საქართველოში, შარშან, 6 ნოემბერს ჩამოვფრინდით მე და ჩემი შვილები. დედა ძლივს ვიცანი, ისეთი შეცვლილი დამხვდა. სულ ცოტა ხნით შეძლო მე და ბავშვებს მოგვფერებოდა, სულ ცოტა ხნით.
დედას სამ თვეზე მეტი ჩემი უმცროსი და ედგა თავზე. აუცილებელი გახდა, ეკა ვარშავაში გაფრენილიყო და რადგან მე პატარა ბავშვებით დედას მოვლა გამიჭირდებოდა, ჩემმა დებმა ისე მოახერხეს, რომ ვარშავაში მიმავალი ეკა და ვარშავიდან ჩამოფრენილი თამუნა 25 ნოემბერს, დილის 5 საათზე, თბილისის აეროპორტში შეხვდნენ ერთმანეთს. დილის 9 საათამდე დედა ერთნაირად გვეფერებოდა მე და თამუნას. უჭირდა, მაგრამ გველაპარაკა, თამოს ვარშავის ამბები მოაყოლა. მერე, 9 საათს რომ გადასცილდა, ნემსი გამიკეთეო, მთხოვა და მას მერე მხოლოდ იმის სათქმელად თუ გაახელდა თვალებს, მტკივა, ნემსიო....
დედა პირველი დეკემბრის ღამეს გარდაიცვალა. ბოლო ორი დღე-ღამის განმავლობაში სრულიად უკონტაქტო გახდა. ორი ღამე ერთი წამით მარტო არ დაგვიტოვებია დედა. პირველში, შუაღამისას, არ ვიცი რატომ, მეც, ჩემი დაც და ჩვენთყან მყოფი ჩვენი დეიდაშვილები, ერთად გავედით სამზარეულოში. მერე ისევ ერთად შევბრუნდით დედასთან. საწოლზე, თავთან ჩამოვჯექი და მივეფერე დედას, ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარდა, რომ ყველას ძალიან გვიყვარს, რომ არ აქვს უფლება მარტო დაგვტოვოს, რომ ის ჩვენთვის ყველაფერია... დედამ ორი დღე-ღამის განმავლობაში პირველად დაახამხამა თვალები. უსიცოცხლო, გაყინული მზერა შეეცვალა, თვალებში აზრი დაუბრუნდა, სიყვარული დავინახე მაშინ დედას თვალებში. სწორედ იმ დროს ტელეფონმა დარეკა, ეკა იყო, ვარშავიდან. ამაღამ ბარბარა მოფრინავს, ხვალ მე და ბავშვებიო, გვითხრა. ისევ ოთახში შევბრუნდი და დედას ვახარე, რომ ვარშავიდან მისი მეგობარი მოფრინავს და ეკა და ბავშვები და რომ ძალიან მალე ჩაეხუტებიან უფროსი შვილიშვილები ბებოს. დედამ თითქოს რაღაცის თქმა სცადა. თვალებში საოცარი სხივი ჩაუდგა, არასოდეს მსგავსი სხივი არ დამინახავს არავის თვალებში. მერე ხელი გადამისვა ხელზე, ღრმად ამოისუნთქა, მერე კიდევ, მერე კიდევ და თვალებში ის საოცარი სხივი ჩაქრა...
დედა 5 დეკემბერს დავასაფლავეთ.
მას მერე, თითქმის ყოველ ღამე ვცდილობ ჩემი დედა დავინახო, სიცოცხლით სავსე, ჩემი ულამაზესი, დახატული დედა, მაგრამ მხოლოდ ის ბოლო წუთები მიდგას თვალწინ...
უკვე დიდი ხანია მკერდის ტკივილი მაწუხებს. ძალით წამიყვანა ირაკლიმ სკრინინგცენტრში გასასინჯად. მამოგრაფია გამიკეთეს და რადგან, თურმე, მკერდი პირდაპირ კავშირში ყოფილა საშვილოსნოსთან, გინეკოლოგმაც გამსინჯა. პასუხებზე 24 დეკემბერს დამიბარეს. 17 დეკემბერს ტელეფონმა დარეკა, სკრინინგცენტრიდან იყვნენ - დამატებითი ანალიზი გჭირდება და ხვალ ყოველ მიზეზ გარეშე უნდა მოხვიდეო. ისევ იკას და ჩემი მეგობრის დაჟინებული თხოვნით, მეორე დღეს, ოთხი საათისთვის, რადგან იკაც ექიმთან იყო(ეს ცალკე ისტორიაა კიდევ) სკრინინგცენტრში მარტოს მომიწია წასვლა. ჯერ არ ვიყავი გასასინჯად შესული, რომ დამირეკა, თუ გეშინია, მითხარი და უცბად გავჩნდები შენთანო. მეშინოდა, მაგრამ ვიუარე,-რაა საშიში-თქო. ტელეფონიოს ჩანთაში ჩადება ვერ მოვასწარი, რომ დერეფანში შემოვიდა გაღიმებული. კიდევ კარგი...
კაბინეტიდან რომ გამოვედი, ვერაფერს ვხედავდი. ისე გავუარე გვერდზე ვერც დავინახე. ქუჩაში გამოვვარდი, კედელს მივეყუდე და სიგარეტს მოვუკიდე აკანკალებული ხელით. -რა იყო, ვერ დამინახე? - საყვედურნარევი ხმით მომიახლოვდა შენობიდან გამოსული იკა, მაგრამ სახეზე რომ შემომხედა, რა გჭირსო, ძლივს მკითხა. -კიბო მაქვს - ძლივს ამომივიდა ბგერები ყელიდან და თვალწინ ის დღე დამიდგა, დედა რომ შემოვიდა ოთახში და კიბო მაქვსო, რომ თქვა. ძალიან მძიმე სიტუაცია გაქვსო, მითხრა ექიმმა. სასწრაფო ოპერაცია გჭირდება, რადგან ეს საშვილოსნოს ყელის კიბოა და ყოველი დღე შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს შენთვისო. იკა რომ არ ყოფილიყო მე იმ დღეს სახლში ვერ ან არ დავბრუნდებოდი.
მთელი ჩემი ნათესავები ფეხზე დადგნენ. არასოდეს დამავიწყდება ის, რაც მათ მაშინ ჩემთვის გააკეთეს. ისე ძლიერ განიცდიდნენ, ხანდახან, მინდოდა, თავად ისინი დამემშვიდებინა. მეორე დილისთვის საუკეთესო სპეციალისტთან ჩამწერეს ვიზიტზე.
ვაკის ლეჩკომბინატიდან შედარებით დამშვიდებული წამოვედით ყველა. რადგან მედიცინაში მაგარი ბეცი ვარ, ზუსტი დიაგნოზის თქმა არ შემიძლია, ზოგადად კი, ასე გამოიყურებოდა ჩემი მდგომარეობა _საშვილოსნოს ყელზე უჯრედების შლაა დაწყებული. ეს მერე მართლა გადაიზრდება კიბოში, მაგრამ ჯერ-ჯერობით არც ისე სავალალო და საშიში სიტუაციაა, ახალი წლების მერეც არ იქნება გვიანი ოპერაციის გაკეთებაო...
10 იანვარს დედას ორმოცი იყო, 14-ში ჩემი დები და დისშვილები დაბრუნდნენ ვარშავაში, მერე კიდევ რაღაცამ შემიშალა ხელი, მერე, 27 იანვარს ნინიკოს დაბადების დღე და გადავწყვიტე, ოპერაცია თვის ბოლოს გამეკეთებინა. 28-ში დილით, ახალი ანალიზების გასაკეთებლად წასასვლელად ვემზადებოდი, მამიდაშვილმა რომ დამირეკა, მამაშენია ძალიან მძიმედ, გუშინ დააწვინეს საავადმყოფოში, მაგრამ ბავშვის დაბადების დღე იყო და ვერ გითხარით, ახლა კი... მამას რამდენიმე დღის წინ კუჭის წყლული გასკდომია, სისხლდენა დაწყებია, მაგრამ რადგან იცოდა, რომ მე საოპერაციო ვიყავი, არ თქვა. 27-ში მეგობარს შეუვლია მამასთან და იმან ჩაიყვანა უგონოდ მყოფი მამა ლაგოდეხის საავადმყოფოში. ოპერაცია გაკეთებული ქონდა, მე და იკა რომ ლაგოდეხში ჩავედით. ნარკოზიდან ბოლომდე არ იყო ჯერ გამოსული, მაგრამ რომ დამინახა, ბავშვები ვის დაუტოვე მამაო, წუხილი დაიწყო. ვიდრე იქ ვიყავით, სულ ამ სიტყვებს იმეორებდა.
მერე, ორშაბათს ანალიზები გავიკეთე, სამშაბათს პასუხები მივუტანე ექიმს, ოტხშაბათს, 2 თებერვალს ოპერაცია გამიკეთეს, შაბათს, სიკვდილს გადარჩენილი მამაჩემი საავადმყოფოდან გამოწერეს და ჩემი დაჟინებული თხოვნით, პირდაპირ ჩემთან ჩამოიყვანეს თბილისში. დღეს საღამოს წნევა გავუზომე და გულის 40 ჰქონდა მხოლოდ. სასწრაფო გამოვიძახე. წნევის გარდა სხვა პრობლემა აქვს - კუჭიდან სისხლდენას ეჭვობენ და ჭრილობაზე ანთებითი პროცესია დაწყებული. საავადმყოფოში გადაყვანაა აუცილებელიო მითხრა სასწრაფოს ექიმმა და ისევ ჩემი თხოვნით, არამიანცის საავადმყოფოში მოგვიყვანეს.
ახლა მამა მე-7 პალატაში წევს, ჩემს შვილებს (ალბათ) ტკბილად ძინავთ სახლში, მე კი, ვინაიდან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა მაქვს ამ განყოფილების თითქმის ყველა ექიმთან, საკორენფერენციო ოთახში, იგივე საორდინატოროში, კომპიუტერტან ვზივარ და ვწერ...
ძალიან დავიღალე, ძალიან...

5 komentarze:

Chaotic комментирует...

შენს ბლოგზე რომ შემოვდივარ და პოსტებს ვკითხულობ, არასოდეს ვიცი, რა დავწერო კომენტარში. ან რა შეიძლება დაწერო ამ დროს ადამიანმა, თანაგრძნობის გამოხატვის გარდა.

შესაშურია, ამდენი ცუდი ამბის მერე რომ უბრალოდ არ იქნევ ხელს და არ ნებდები!

სულ, ყოველ წამს გქონდეს იმის ძალა, რომ არ დანებდე!

:*

ლოლიკა комментирует...

დავნებდე? ვის ან რას? რატომ? არ შეიძლება, არც შემიძლია, არც მინდა :)

Анонимный комментирует...

danebde?????????? shennnnnn??vis an ratom mikvarxar egeti da egre gaagrzelee

Mallorie комментирует...

რა რთულია, ძალიან რთული და მძიმე..
ახლა ვუფიქრდები, თურმე მე რაზე ვწუწუნებ, არადა გარშემო ჩემზე მძიმე მდგომარეობაშია ხალხი, ჩემზე მეტად სტკივათ გული..
რაბოროტებაა.. : ((
ყველაფერს გაუძლებთ, მჯერა.. დარწმუნებული ვარ..

Анонимный комментирует...

yvela posri dzalian mtkivneulia da martla dzalian saintereso. am blogs sruliad shemtxvevit gadavawydi rodesac biologiistvis damatebit inpormacias vedzebshi daunis sindromze. imedi makvs yvelapers gaudzleb!!! bevri shens adgilze danebdeboda!! )))P.S.
ubralod postishi ar iyo sheni operaciis ambavi gadmocemuli. operacia gaikete?