rss
Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites

воскресенье, 20 марта 2011 г.

ნინოს...


ნინო, ჩემო სიხარულო და დახატულო შვილო, ჩემო პატარა ანგელოზო, ეს ჩანაწერი პირადად შენთვის კეთდება, დედიკო. გაივლის წლები და მე თუ ვერ გაჩვენე, იქნებ შენ გადააწყდე შემთხვევით, წაიკითხავ და მაპატიებ ალბათ.
ჰო, შვილო, პატიება უნდა გთხოვო. შენი ამ ქვეყნად მოსვლის პირველი 3 კვირა მაპატიე დედი.
რომ იცოდე როგორ მოუთმენლად და სიხარულით ველოდი შენს დაბადებას. ანის გაჩენის შემდეგ დარწმუნებული ვიყავი, რომ მეტი შვილი აღარ მეყოლებოდა და როდესაც გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, სიხარულისაგან, თუმცა ამას საგულდაგულოდ ვმალავდი, მეცხრე ცაზე დავფრინავდი.
ვარშავაში დაიბადე დედიკო, საკეისრო კვეთით. ნარკოზის გაკეთების წამიდან შენზე ვლაპარაკობდი თურმე, (მერე მომიყვა ბებიაქალმა). მერე, ჯერ ბოლომდე არ ვიყავი გამოფხიზლებული, საშინელება მითხრეს-რატომ გააჩინე დაუნი ბავშვიო. არც დაუნიზმით, არც დაუნის სინდრომით, პირდაპირ-დაუნი ბავშვიო. ვერ მივხვდი რას მეუბნებოდნენ, დედი. ბებიაშენს დავურეკე, ალბათ 2 საათის შემდეგ, მიშველეთ, მგონი ბავშვს რაღაც ჭირს-თქო... მერე, სამი დღის განმავლობაში ტკივილგამაყუჩებელ წამლებს ვითხოვდი მხოლოდ. მამაშენს, რომელმაც არაფერი იცოდა, ჭრილობის ტკივილის გამო ვტირი-თქო, ვარწმუნებდი. სხვა ბავშვები პალატას ტირილით ანგრევდნენ, შენ მთელი დღე და ღამე მუთაქასავით მეწექი გვერზე და ხმას არ იღებდი. ბებიაშენმა მკითხა მესამე დღეს, ბავშვი როგორ ჭამსო?-და პირველად მაშინ გამახსენდა, რომ ერთხელაც არ მიჭმევია შენთვის. მერე უკვე უმწეობით ვტიროდი-ვერც მე და ვერც ექიმებმა ვერ შევძელით, ძუძუ ჩაგედო პირში. ისევ საწოვარა მოგიტანეს, მაგრამ აღარ მოგაკარე-მოშივდება და სხვა გზა რომ არ ექნება, რას იზამს-თქო. გვიან ღამე, ძალიან ცოტა მოწოვე და დაიძინე...
მეოთხე დღეს ექთანს უფლება არ მივეცი შენთვის პამპერსი გამოეცვალა, საგულდაგულოდ ჩაგბანე პატარა ტაკუცუნები. ჩვეულებრივი ბავშვი იყავი - ულამაზესი ცისფერი თვალებით და პატარა, კურნოსა ცხვირით. (მერე, 6 თვე, ვიდრე რძე არ გამიშრა ძუძუზე მყავდი მოკრული :))
პედიატრს, რომელმაც შენი "დაუნობა" მომახარა პალატაში შემოსვლა ავუკრძალე. დედაჩემი და ჩემი დები, რომლებმაც დანახვის წამიდან უზომოდ შეგიყვარეს, გავაფრთხილე, მამაშენისთვის არაფერი ეთქვათ, ვიდრე გენეტიკურ ანალიზს არ გაგიკეთებდნენ. ერთი კვირა დაგვტოვეს სამშობიაროში. საშინელი იყო ყველა დღე - ვუყურებდი ბედნიერ დედებს და გამუდმებით მიტრიალებდა თავში კითხვბა-რატომ მაინცდამაინც მე? მერე სახლში წაგვიყვანეს. დღისით, სანამ იკა სამსახურში იყო, ტირილით ვისიებდი თვალებს, 6 საათისთვის დამამშვიდებელს ვსვამდი, 7 საათზე უკვე გაღიმებული ვხვდებოდი მამაშენს. დღითი-დღე ვგრძნობდი, რომ სიგიჟემდე მიყვარდი, მაგრამ თითქმის ერთი თვე დამჭირდა, რომ შენში მხოლოდ ჩემი პატარა ანგელოზი, პატარა ნინიკო დამენახა. გიყურებდი ერთ დღეს დედიკო და უცბად მივხვდი, რომ უკვე რამდენიმე დღეა აღარ მიფიქრია, რატომ მე-თქო. თითქმის ერთი თვის მერე მივხვდი, რომ ჩემთვის სულ ერთი იყო გაგიკეთებდი თუ არა გენეტიკურ ანალიზს. შენ ჩემი ნინო იყავი, ჩემი სხეულისა და გულის ნაწილი და სხვას არაფერს ქონდა მნიშვნელობა. მამაშენს მაინც არაფერი ვუთხარი. თებერვლის ბოლოს უნდა გაგვეკეთებინა ანალიზი, მაგრამ უარი მითხრეს, ნოემბრამდე მოგიწევთ ცდაო. მაშინ უკვე აღარ ან ვეღარ გავჩუმდი. დავსვი სამსახურიდან დაბრუნებული იკა და ვუთხარი, არ მინდოდა ვიდრე დაზუსტებით არ მეცოდინებოდა შენთვის მეთვქა, მაგრამ უკვე აღარ შემიძლია გაჩუმება, ნინიკო დაუნის სინდრომითაა დაბადებულითქო. მამაშენის რეაქციამ ძალიან გამაკვირვ, დედიკო. მომეფერა, სულელი ხარ რომ თავიდანვე არ მითხარიო, მისაყვედურა. ჩვენი შვილია და სხვას არაფერს არ აქვს მნიშვნელობაო.
ნინიკო, დედი, მე რომ სამი კვირა დამჭირდა მისახვედრად, იმას მამაშენი 1 წამში მიხვდა...
ჩემო სიცოცხლე, უკვე დიდი გოგო ხარ, 2 წლის, 1 თვის და 25 დღის.
შენ ვერ წარმოიდგენ, როგორი სიხარული, სითბო და სიყვარული შემოიტანე ოჯახში შვილო. შენნაირი მოფერება არავინ იცის, არც შენნაირი გაბუტვა :). საოცარი სიცილი გაქვს - სახის ყოველი ნაკვთი იცინის დედი, სითბოს და სიყვარულს ასხივებს შენი სახე. რაც არ უნდა ცუდ განწყობაზე ვიყო, როგორაც არ უნდა მტკიოდეს, შენი პატარა თათუნებით ლოყაზე მომეფერები და ჩემზე ბედნიერი არავინ მგონია ქვეყანაზე. ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად ანი გიყვარს და ანიც გიჟდება შენზე. საოცარი დასანახები ხართ - ერთი ხორბლისფერი, თმახუჭუჭა ქალაბიჭა და მეორე ქერა, ცისფერთვალება, აბრეშუმის თმიანი ფერია.
ხანდახან ვფიქრობ, შენ რომ არ მყოლოდი, რა მეშველებოდა. ამას გულწრფელად ვამბობ დედი. ვიცი, რომ წინ ია-ვარდით მოფენილი გზა არ გველის, ვიცი, რომ ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოგვიწევს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ჩვენ ერთად საოცრებებს გავაკეთებთ. შენ იქნები (უკვე ხარ) ადამიანი, ვისგანაც უნდა ისწავლონ, ვისაც უნდა მიბაძონ.
უზომოდ მიყვარხარ, ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ დედიკო. შენ და ანი ჩემი დიდი ბედნიერება და სიხარული ხართ, შვილო.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო კომიტეტს ეს დღე შემთხვევით არ შეურჩევია. 21 მარტი გაზაფხულისა და არაჩვეულებრივი ადამიანების მფარველია.
შენ მართლა არაჩვეულებრივი ხარ, შვილო.

7 komentarze:

donaflora комментирует...

-ინგა,მუდამ თვალს ვადევნებ შენს ნაწერს...გამეხარდა,რომ თქვენს ქორწინებას ოფიციალური სახე მიეცემა,ბედნიერება მინდა გისურვო!-მიყვარხარ და პატივს გცემ,შენ ძლიერი გოგო ხარ! ბევრი ტკივილი შეგხვდა ცხოვრებაში,რას ვიზავთ?არა,ყოფილა სულ ია-ვარდით მოფენილი,ცხოვრების გზა,სამაგიეროდ შენ ღირსეულად ხვდები ყველაფერს.არ,ვიცი ჩემი დღევანდელი განწყობის ბრალია თუ არა,მაგრამ ვტირივარ...

Анонимный комментирует...

ნინიკო ძალიან ლამაზი, ლაღი გოგოა და ძალიან ბედნიერი იქნება :)
მთელი გულით გისურვებთ ბედნიერებას!

სრულიად შემთხვევით მოვხვდი აქ და მეც ვერ შევიკავე ცრემლები.

უფალი ყველას მოუვლენს თავის წილ ბედნიერებას და სიხარულს.
მადლობა უფალს რომ გაგვაჩინა...

ლოლიკა комментирует...

netochka, გმადლობ ჩემო კარგო. მართლა გაოგნებული ვარ, ბოლომდე ვერ ვიჯერებ :). ისე, მეც არ ვიცი განწყობის ბრალი იყო თუ არა, მაგრამ მეც წავუტირე ცოტა :)

უცნობო, დიდი მადლობა. მადლობა უფალს, რომ ნინუცა მაჩუქა :)

esmeralda комментирует...

sityvebi ar myopnis. ki ar vtiri, patara dasjili bavshvivit vbgavi da aqve chems gverdit mjdomi chemi vashkaci cdilobs damamshvidos. raoden tbili; tkbili da siyvarulit agsavsea tqveni mimartva. gmertma gibednierot tqveni ulamazesi da usayvarlesi niniko...

Emily Smith комментирует...

shen propilshi ar iyavi?

ლოლიკა комментирует...

Nanuka, bodishi dagvianebuli pasuxistvis-ki, profilshi vikavi :)

ლოლიკა комментирует...

Nanuka, bodishi dagvianebuli pasuxistvis-ki, profilshi vikavi :)