rss
Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites

понедельник, 5 апреля 2010 г.

ნინო


ძალიან შაბლონური და ტრაფარეტული სიტყვებით უნდა დავიწყო - ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე! - 38 წლის ასაკში იმედი აღარ მქონდა, რომ ოდესმე დედა გავხდებოდი. 39 წლის გავხდი და 3 კვირის შემდეგ, 1 მარტს ჩემი უფროსი გოგონა, ანი მოევლინა ქვეყანას. ხოლო მეორე შვილის, ნინოს დაბადებიდან 2 კვირაში, 41 წელი შემისრულდა :).
ნინო 2009 წლის 27 იანვარს დილის 9 საათსა და 20 წუთზე დაიბადა საკეისრო კვეთით. ვარშავის ერთ-ერთ სამშობიაროში ღამის 2 საათზე მიმიყვანეს მეუღლემ და უმცროსმა დამ. პალატაში მხოლოდ ერთს შეეძლო ჩემთან ერთად დარჩენა და ვინაიდან მეუღლე ცოტა მწყრალად იყო პოლონურ ენასთან, მომვლელის თუ თავზე მდგომის ფუნქცია ჩემმა დამ აიღო თავის თავზე. ნინიკო ერთი ბეწო დაიბადა-2 კილო და 700 გრამი. მიუხედავად ამისა, ბავშვი 10 ქულით შეაფასეს. თურმე, ღამენათევ ჩემს დას და მეუღლს ბავშვის დაბადება მიულოცეს, პატარაზე მოფერების უფლებაც მისცეს და ღიმილიანი და ბედნიერი სახეებით სახლში გაისტუმრეს.
იმ დღეს ჩემს სანახავად ვინმეს მოსვლას აზრი არ ჰქონდა - ოპერაციის დროსაც და შემდეგაც, ნარკოზით გაბრუებული თურმე მონოტონურად ვიმეორებდი, რომ ამ ქვეყანაზე ყველაზე ლამაზი შვილები მე მყავს. რომ, აუცილებლად დამეთანხმება ყველა, რომ ამ სამშობიაროში ნინოსავით ლამაზი და საყვარელი ბავშვი ჯერ არ დაბადებულა(ეს ყველაფერი დედაჩემს უთხრა მერე ჩემმა ექიმმა). მეც მახსოვს, რომ ბავშვის ნახვა მოვითხოვე. მომიყვანეს პატარა თოჯინა, 2 წამით დამიგორეს მკერდზე და ისევ გაიყვანეს... 28 იანვარს, დილის 6 საათზე, ჯერ ისევ ნარკოზის ქვეშ მყოფი მორიგე პედიატრმა გამაღვიძა - ოჯახში გენეტიკური დაავადებუთ ვინ გყავს? - სადღაც შორიდან ჩამესმა კითხვა. ვერ მივხვდი რას და რატომ მეკითხებოდა. რა გინდათ-თქო, კითხვა შევუბრუნე და მანაც გამიმეორა - გენეტიკური დაავადებით ვინ გყავს ოჯახში ავად? -არავინ-თქო-ვუპასუხე. და მერე ისევ სადღაც შორიდან მომესმა -აბა რატომ დაიბადა შენი შვილი დაუნის სინდრომით? ექიმის სახე თეთრ ხალათთან ერთად გაფერმკთალდა და გაქრა. არაფერი აღარ ჩანდა, არც არაფერი მესმოდა. ბოლომდე ვერ ვხვდებოდი რა მითხრა ექიმმა, მაგრამ, სადღაც, შიგნით რაღაც ამტკივდა ძალიან და ვიცოდი, რომ ეს ტკივილი ექიმის ნათქვამმა გამოიწვია. მერე, დაახლოებით 2 საათის შემდეგ, როგორც იქნა შევძელი და დედაჩემს დავურეკე, მიშველე-თქო, ვთხოვე... დედა და ჩემი დები რომ მოვიდნენ უკვე ნორმალურად ვაზროვნებდი. რამდენჯერმე მოვითხოვე პედიატრის ნახვა, მაგრამ "არ ეცალა". ბავშვი არ მოყავდათ, რადგან "ეძინა", ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ "ვერაფერს" მეუბნებოდნენ, რადგან პედიატრის დასკვნა ჯერ არ ქონდათ ნანახი...
დედაჩემი და ჩემი დები ყურებამდე გაღიმებული სახით და ადამიანის ძალას რომ აღემატება დამალვა, ისეთი ტკივილით სავსე თვალებით შემოვიდნენ პალატაში. -რა ჭირს ბავშვს? -არაფერი, კარგადაა, ეს წუთია ვნახეთ. ისეთი საყვარელია, ისეთი ლამა... -რა ჭირს ჩემს შვილს - გავიმეორე. ჯერ ყველა გაჩუმდა. მერე ისევ დედაჩემმა შეძლო და მითხრა -ეჭვობენ, რომ დაუნის სინდრომთაა დაბადებული. ეჭვობენ მხოლოდ, ჯერ თავადაც არ იციან, ეჭვი აქვთ... მერე კიდევ დიდხანს იყვნენ და კიდევ ბევრი ილაპარაკეს, მაგრამ მე მათი ლაპარაკი აღარ მესმოდა. იმ წუთას მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა ტავში -რა დავაშავე, რატომ. რატომ მაინც და მაინც მე. რატომ... რატომ... მერე ბავშვი მოიყვანეს. ვუყურებდი და ვერ ვხედავდი... მერე დედაჩემი იჯდა და მამშვიდებდა... მერე ჩემი დები მამშვიდებდნენ... მერე მე ისევ ვფიქრობდი - რატომ, რატომ, რატომ მაინც და მაინც მე...
მეორე დილით ექთანმა ბავშვი მომიყვანა. კალათში ჩააწვინეთქო-ვანიშნე. ვიწექი და უაზროდ მივშტერებოდი ერთ წერტილს. ჩემს გვერდზე მწოლი გოგონას ბავშვმა ტირილი დაიწყო და... გამოვფხიზლდი! მერე დედაჩემმა მკითხა, ნინიკო კარგად ჭამსო და შემრცხვა - 3 დღის შემდეგ ძლივს მივაგორე კალათი საწოლთან ახლოს და ძლივს მოვახერხე იქედან ნინოს ამოყვანა. გვერდზე მოვიწვინე, ძუძუ ჩავუდე და არა დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვი, არამედ ჩემი შვილი, ჩემი დახატული ნინო დავინახე.
ახლა შემიძლია დავწერო, რომ იმ წუთას ჩემში მოხდა უდიდესი გარდასახვა, რომ იმ წუთას შევეგუე ყველაფერს... ძალიან დიდ ტყუილს ვიტყვი. ყველაფერს რომ თავი დავანებო, საკუთარ თავთან არ ვიქნები მართალი...
სამშობიაროში 10 დღე დაგვტოვეს და ამ ათი დღის ყოველი წამი, წუთი, საათი, ფიზიკური თუ სულიერი ტკივილით იყო სავსე. მტკიოდა ჭრილობა, მტკიოდა ჩემი შვილი და რაც ყველაზე საშინელებაა, სხვა, ჯანმრთელი ბავშვები და მათი დედების ბედნიერი სახეები მტკიოდა... ყველაზე მეტად კი მტკიოდა სიჩუმე, რომელიც მაშინ ტყუილი იყო. ჩემი მეუღლე დღეში 2-3 საათს ჩემს საწოლთან ატარებდა და ჩემს დანგრეულ ფსიქიკას და გამუდმებულ ტირილს ჭრილობის ტკივილს ვაბრალებდი. თავის გამართლებად შეიძლება ჩათვალოს ვინმემ, მაგრამ რადგან ნინიკოს დაუნის სინდრომი ჯერ მხოლოდ ეჭვი იყო, არ მინდოდა, რომ მას ამ "უსაფუძვლო" ეჭვის გამო ენერვიულა. ვხედავდი, როგორი სითბოთი და სიყვარულით უყურებდა ბავშვს, როგორ ეთამაშებოდა პაწაწინა თითებზე. ვხედავდი, რომ ბედნიერი იყო და... მის იქ ყოფნის დროს მაქსიმალურად ვცდილობდი თავი შემეკავებინა, არ მეტირა, ბავშვისთვის სიბრალულით არ შემეხედა, სხვისი შვილისკენ შურით სავსე მზერა არ გამქცეოდა. მერე, ის რომ მიდიოდა, ვეშვებოდი, ყველა ტკივილი გზას პოულობდა და -თქვენი ქალიშვილი ნარკოტიკებს ხომ არ მოიხმარდა?-უკითხავს დედაჩემისთვის პედიატრს, რომელმაც ნინიკოს "კარგად ყოფნა მახარა". მერე ის პედიატრი ჩემს პალატაში ვეღარ შემოდიოდა... სამშობიაროში ბავშვს ათასგვარი გამოკვლევა ჩაუტარეს. ყველაფერი წესრიგში ქონდა, თუ არ ჩავთვლით პატარა არითმიას და შებერილ მუცელს. მეათე დღეს სამშობიაროდან 10 ქულით შეფასებული დაუნის სინდრომით დაბადებული შვილითა და გენეტიკურ ცენტრში მიმართვით გამომწერეს. 11 დღის ნინოს გულის კარდიოგრამა გადავუღეთ. თანდაყოლილი გულის მანკი, საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, თუმცა შანსია, რომ მანკი დაიხუროს-იყო დიაგნოზი. სასტიკი უარი ვთქვი-არავითარი ოპერაცია. (უარის მიზეზს, ვისაც წინა პოსტი აქვს წაკითხუკლი, მიხვდება). გენეტიკურ ცენტრში მარტის პირველ რიცხვებში უნდა ჩატარებულიყო კარიოტიპის გამოკვლევა. და თებერვლის ბოლოს მითხრეს, რომ მომავალი წლის იანვრამდე, ან ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, ამა წლის ნოემბრის ბოლომდე გენეტიკური ანალიზის გაკეთების შანსი არ არისო. ჩემი მეუღლე დილის 7 საათიდან საღამოს 6 საათამდე სამსახურში იყო და იმ ერთი თვის განმავლობაში მას ერთხელაც არ დაუნახავს ჩემს თვალზე ცრემლი, ერთხელ არ მიგრძნობინებია მისთვის, რომ რაღაც საშინელი მჭირდა, უფრო სწორად, ჩვენს შვილს ჭირდა. მაგრამ, იმ დღეს, როდესაც გენეტიკურ ცენტრში ანალიზის გაკეთების თარიღი მითხრეს, ის მაგარი და ყოჩაღი გოგო, რომელიც ქმარს გაღიმებული და შვილებით ბედნიერი ხვდებოდა სახლში, უცბად მოკვდა. სამსახურიდან დაბრუნებულ მეუღლეს თვალებდასიებული დავხვდი. -მამა, დედას ფუა ტივა-შეეგება ანი მამამისს. რა დაგემართა-მკითხა და ვეღარ გავჩუმდი. ზუსტად ვიცოდი, რომ მეტს ვეღარ ვითამაშებდი, რომ ჩემს თავზე იმაზე მეტი ავიღე, ვიდრე შემეძლო. -ბავშვი გვყავს ცუდად... და მერე მთელი საღამო, მე ვყვებოდი, ვტიროდი. ის მამშვიდებდა და მეუბნენოდა, რომ სულელი ვარ, რომ "ეს" ჩვენი, ორივეს ტკივილია და ერთად უნდა გადაგვეტანა, რომ ჩვენ შვილს არაფერი ჭირს, რომ ნინო ბევრად ლამაზი დაიბადა, ვიდრე ანი და რომ "უბერავენ" აქაური ექიმები... მერე ვიჯექით და შვილებს ვეფერებოდით...
სხადასხვა გზებით მოვახერხეთ და გენეტიკური ანალიზი 14 აპრილს ჩაგვიტარეს. პასუხი დადებითი იყო. სხვას არც მოველოდი...
ტკივილი უცბად და თავისით არ ქრება. დედაცემმა შემომისწრო როგორ დავტიროდი თმაგაწეწილი ნინოს და საკუთარ თავს. ბავშვი საწოლიდან ამოიყვანა - არ ხარ შენ ამ ანგელოზის ღირსიო, ვნახავ ვინმეს, ვინც მოსიყვარულე დედა იქნება ნინოსი და ვინც ღირსეულ დედობას გაუწევსო. ეს იყო ალბათ ყველაზე კარგი, ძლიერი თერაპია - წინ გადავუდექი და - ახლავე მომეცი ჩემი შვილი, ნინო მომეცი. იქ დამთავრდა ყველაფერი, პატარა, დახატული გოგო მეკავა ხელში და მასზე უკეთესი ქვეყნად არავინ მეგულებოდა.
ახლობელმა დამირეკა, სანახავად უნდოდა მოსვლა და თან ფსიქოლოგი მინდა მოვიყვანოო. -რად გინდა ფსიქოლოგი-თქო, ვკითხე. -ბავშვს როგორ მიეჩვიო, გზას მოგცემსო და გავგიჟდი კინაღამ. არ უარვყოფ, რომ არ იყო ადვილი გაცნობიერება იმისა, რომ ჩემი შვილი "დაუნია", მაგრამ შვილი, რომელიც ჩასახვის დღიდან მიყვარდა, შვილი, რომელიც ჩემი სულისა და სხეულის ნაწილია, ფსიქოლოგმა უნდა "შემაყვაროს"? და თან,  მე ჩემ შვილში ვერ ვხედავ "დაუნს", ჩემი შვილი ნინოა!
საქართველოში მეგობარი მყავს, უახლოესი მეგობარი, მამუ... სკაიპით ველაპარაკე. ნინიკო დავანახე და ვუთხარი, რომ ბავშვი დაუნის სინდრომითაა დაბადებული. - მეცოდები, გაგიჭირდება ძალიან-მითხრა. და მას მერე აღარ დავლაპარაკებივარ ჩემს მეგობარს. მე არაფერი გამიჭირდება, მე შვილები უნდა გავზარდო, კარგად უნდა გავზარდო. განა ანის ნაკლები ყურადღება უნდა, ვიდრე ნინოს? და შემრცხვა სამშობიაროში გატარებული ათი დღის-რატომ, რატომ რატომ მე... მე კი არა, რატომ ნინო? ასე უნდა დამესვა კითხვა!
3 თვის ნინიკოს განმეორებით გავუკეთეთ გულზე კარდიოგრამა. მანკი თითქმის აღარ იყო. 8 თვისის მანკი საერთოდ დაეხურა. არ ვიცი რამდენად კარგად "გადმოვაქართულებ" კარდიოლოგის განმარტებას-ერთი პარკუჭის ერთი სისხლძარღვიდან სისხლი ოდნავ ჟონავს, მაგრამ ადამიანების დაახლოებით 70 პროცენტი ასეა. არავითარი ქირურგიული ჩარევა არ ჭირდება... თავის ქალის გამოკვლევამაც კარგი შედეგი მოგვცა-ყველა უჯრედი ნორმალური ზომისაა და ნორმის მიხედვით ვითარდება... დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვები სხვა ბავშვებზე შედარებით გვიან ვითარდებიან. ალბათ ამიტომაა, რომ ნინიკოს რეაბილიტანტის შეფასებას ცაში ავყავართ სიხარულით. 2 კვირის მუცელზე მწოლი თავს იჭერდა, თვის ბავშვმა ხმების გარჩევა დაიწყო-სხვადასხვაგვარად რეაგირებდა ჩემს, მამის, ბებიისა და დის ხმაზე. 9 თვისამ ხოხვა დაიწყო(შედარებით დაგვიანებულია, მაგრამ დიდი წარმატებაა), დღეს ხან რომელ უჯრაში აქვს ცხვირი ჩაყოფილი, ხან რომელში :).ძალიან კონტაქტური ბავშვია, საოცრად უყვარს დაიკო და ბებია. ჩემზე აღარ მაქვს ლაპარაკი :). ნინოს სიცილი გადამდებია, სახე და თვალები ერთნაირად უცინის. რა თქმა უნდა, გვაქვს პატარ-პატარა პრობლემები, მაგრამ, ვუმკლავდებით. ვიცით, რომ ყველაფერი კარგად იქნება...

18 komentarze:

Анонимный комментирует...

gakvirvebuli varsheni sidzlierit. kvelapers kargs gisurvebt shen da shen shvilebs.

ლოლიკა комментирует...

გმადლობ კეთილი სურვილებისთვის :)

Agasfer комментирует...

ლოლიკა, რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად იქნება! კარგადაცაა. რაღაც ყველას გვჭირს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რამეთი გამორჩეულები ვართ. ნინო ასეთია და ამაში განსაკუთრებული არაფერია. რა საყვარელია, ფოტოზე რომ ვნახე, ემოცია გადმომედო და მასავით 'გავიღრიჯე'.
ბოდიში, ცუდად არ გამიგო, მაგრამ შენზე ერთია - ყურადღება არ მოადუნო და არასდროს იფიქრო იმაზე, რომ ნინო ავადაა. არა. ნინო პაციენტი არაა. ნინო ისეთია, როგორიც არის, მთავარია, სანამ პატარაა, რეაბილიტაციაში ხელი შეუწყოთ. ცუდია, რომ ფსიქოლოგის დახმარებაზე უარი თქვი. ფსიქოლოგის დახმარება ყოველთვის დაგჭირდება, რჩევა, რომელსაც ფსიქოლოგი მოგცემს, შეიძლება ფასდაუდებელი იყოს. ასეთი წარმოდგენა არ უნდა გქონდეს. ფსიქოლოგი ყველას სჭირდება, ეს ფუფუნებაა. როცა საშუალება გაქვს, რატომაც არა. ორი პატარა ბავშვის დედას ფსიქოლოგის დახმარება მალამოსავით წაგადგება. არ იფიქრო, ჭკუას გარიგებდეთ, არა, არასდროს გაკადრებთ. უბრალოდ, როგორც ექიმი და მეგობარი, ისე გეუბნებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არც ერთი ვარ.
თქვენი განწყობა და სულიერი მდგომარეობა ბავშვების ფსიქიკაზე პირდაპირ აისახება. საკუტარ თავზე ბევრს ნუ აიღებთ. ფაქტია, რომ მტკივნეულად განიცადეთ ნინოს ამბავი. ეს სტრესია და ნუ მიაყურადებთ. თქვენ შვილებს სჭირდებით და შვილები თქვენ გჭირდებათ. თქვენს თავზეც იფიქრეთ.

ლოლიკა комментирует...

გმადლობ, მართლა მთელი სულით და გულით გიხდი მადლობას.
ჩემთვის ყველაზე მთავარი შენნაირი მიდგომა და დამოკიდებულებაა ნინოსნაირ ბავშვების მიმართ. ნინო არის ბავშვი, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ტკივილი და ორჯერ, ათჯერ უფრო მეტი სიხარული და ბედნიერება შემოიტანა. სიცოცხლე შემაყვარა ნინომ.
ყოჩაღები ვართ, უკვე ბევრი რამე ვიცით :). სხვანაირი კი მხოლოდ იმითაა, რომ ალალი, უპირობო და დიდი სიყვარულით ვუყვარვართ ყველა :).

Kiwi комментирует...

ისე წერ წარმოუდგენელია თავი შენს მდგომარეობაში არ ჩააყენოს მკითხველმა, იმდენი ვიტირე ცუდათ ვარ უკვე, ძლიერი ადამიანი ხარ, ყოჩაღ. ყველაფერი კარგად იქნება, უფალი იყოს შენი და შენი ოჯახის მფარველიი.

ლოლიკა комментирует...

მადლობა, კივი. ძლიერი არ ვიცი, ვარ? ცოტა შეიძლება :)

ნინო комментирует...

იცი, მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ რაღაც ძალიან, ძალიან რომ გინდა, აუცილებლად გამოვა. ჩემს მეგობრებს რამე რომ უჭირთ, ან რაიმე უნდათ, ვეუბნები რომ განეწყონ იმ რაღაცისთვის, ირწმუნონ, რომ მაგრები არიან და ყევლაფერი შეუძლიათ, რომ მათ ყველაფერი ექნებათ, ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი გამოვა... მე მჯერა ამის! საკუთარი თავის ხშირად დამირწმუნებია და განმიწყვია რაღაცისთვის და მერე ნელ-ნელა ყველაფერი გამოდის ხოლმე.

ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ და შენ ყველაზე კარგი დედა ხარ ამქვეყნად. ამას მაშინ მიხვდები, ნინიკო რომ გაიზრდება და ბევრ რამეს გააცნობიერებს.

მე პირადად მქონდა მეტ-ნაკლებად მსგავსი ისტორია და კარგის და ცუდის გარჩევა რომ ვისწავლე, მივხვდი, რომ დედაჩემისნაირი დედა არავის ჰყავს.

ნინო комментирует...

იცი, მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ რაღაც ძალიან, ძალიან რომ გინდა, აუცილებლად გამოვა. ჩემს მეგობრებს რამე რომ უჭირთ, ან რაიმე უნდათ, ვეუბნები რომ განეწყონ იმ რაღაცისთვის, ირწმუნონ, რომ მაგრები არიან და ყევლაფერი შეუძლიათ, რომ მათ ყველაფერი ექნებათ, ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი გამოვა... მე მჯერა ამის! საკუთარი თავის ხშირად დამირწმუნებია და განმიწყვია რაღაცისთვის და მერე ნელ-ნელა ყველაფერი გამოდის ხოლმე.

ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ და შენ ყველაზე კარგი დედა ხარ ამქვეყნად. ამას მაშინ მიხვდები, ნინიკო რომ გაიზრდება და ბევრ რამეს გააცნობიერებს.

მე პირადად მქონდა მეტ-ნაკლებად მსგავსი ისტორია და კარგის და ცუდის გარჩევა რომ ვისწავლე, მივხვდი, რომ დედაჩემისნაირი დედა არავის ჰყავს.

ლოლიკა комментирует...

გეთანხმები, ნინო. მთავარია ძალიან მოინდომო და სეუძლებელი არაფერია :). ძლიერი მეტ-ნაკლებად, ვარ. ხანდახან მაქვს ხოლმე ჩავარდნები, მაგრამ მალევე ვუბრუნდები რეალობას. კარგი დედა მინდა რომ ვიყო. მთელი ცხოვრება ამ პატარა მაიმუნებზე ვოცნებობდი და რა უფლება მაქვს რომ არ ვიყო :). მადლობა თბილი სიტყვებისთვის. მომავალ სეხვედრამდე :)

donaflora комментирует...

ლოლიკა ძალიან განვიცდი შენს ტკივილს,მჯერავს ყველაფერი კარგად იქნება, შენ შესძლებ ტკივილზე გამარჯვებას! მეზობელი მყავს ვისაც სამი შვილი ყავს და სამივე მუნჯია,ყველაფერი შედარებითია...ყოველთვის ვამხნევებ,ისინი ფიზიკურად ჯანმრთელნი და ლამაზები არიან,ხომ ხვდებით რისი თქმაც მინდა?-

nakrina комментирует...

ეს რა საყვარელი ორი პატარა ანგელოზი გყოლია (თ-ს არ ვწერ შეგნებულად). ულამაზესი გოგონები. მთელი ბლოგი წავიკითხე ერთ ამოსუნთქვაზე. ჩათვალე, რომ კიდევ ერთი ერთგული მკითხველი გყავს. წარმატებები და გოგონებს დიდი მოკითხვა საქართველოდან :*

hellmerito комментирует...

miyvarxar :))

Анонимный комментирует...

vkitxulob da vtirivar magram ra matirebs? vici rac is matirebs! mixaria niniko rom arsebobs,bavshvi gachnda imitom rom sikvarulit da sitboti daatkbos kvela da kvelaperi,amaze lamazs da kargs cxovrebashi verapers vegar gaaketebt vercerti

Анонимный комментирует...

The bеlt could be worn wherever so you can get a grеat ореratе out
takіng a сat nаp or wаshing home.



my web site: Http://Www.Prnewswire.Com/News-Releases/Flex-Belt-Review-And-Latest-Coupon-Code-Savings-Now-Featured-At-Awesomealldaycom-190317331.Html

Анонимный комментирует...

Make сonfident your аb belts have a distinctiѵе
toning system.

my site: http://www.squidoo.com/flex-belt-review-and-discount

Анонимный комментирует...

Τhirԁ, diѕtributoгs are so confident in its skills thаt theу offer you cash baсk guarаntеeѕ for folks ωhо attempt it out.


Looκ into my blog post ... the flex belt reviews

Ana K комментирует...

შენ კიდევ რა გიჭირს, ჩემი დეიდაშვილი დაუნის სინდრომით დაიბადა და თან მანკი აქვს, რომელიც არ იხურება. რამდენიმე თვე თუ გასტანა საკმაოდ რთული ოპერაციის გადატანა მოუწევს, ერთი სარქველი ორად უნდა გაუყონ, გარდა ამისა უკვე გადაიტანა ცხვირზე ოპერაცია. ამდენი წოლისგან და გულის დაავადებისგან ფილტვების შეგუბება დაემართა. ისიც კი არ ვიცით რომ გადარჩეს გამოვა თუ არა მდგომარეობიდან.

ლოლიკა комментирует...

ann beliber, shegidzlia facebook-ze damekontakto? inga loladze