rss
Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites

вторник, 11 мая 2010 г.

მჯერა...

რამდენიმე დღეა უაზროდ დავბოდიალებ ბლოგიდან ბლოგზე. უაზროდ ჩემი ბლოგისთვის, რადგან მინდა დავწერო და ვერ ვწერ, სიტყვები თავში და გულში ტრიალებს, მაგრამ ხმამაღლა ვერ ვამბობ, ვერ გადმოვცემ... ჰოდა, ამ უაზრო ბოდიალში რამდენიმე ძაააალიან კარგი ბლოგი ვიპოვე და რამდენიმე, მართლაც რომ ძაააალიან კარგი პოსტი წავიკითხე. მიხარია, რომ, დუნაიას თქმის არ იყოს, ყველა ბლოგი დილით ადრე ავდექი-თ არ იწყება. მე კი სწორედ ასეთი პოსტის წერის ხასიათზე ვარ ამ წუთას...
ახლა, რომ არ ვიცი, ისე ვარ. არც კარგად, არც ცუდად. თითქოს მიხარია, მაგრამ თან არ მიხარია. მოკლედ, სახელს ვერ ვარქმევ ჩემს განწყობას.
დღეს პირველად დავტოვე ჩემი შვილები მთელი დღით. ხვალაც ასე იქნება, ზეგაც, მასზეგაც. ასე იქნება არ ვიცი როდემდე. ვიდრე დედა კარგად არ გახდება, ვიდრე დედა და ჩემი ვარშავაში არ დაბრუნდებიან, ვიდრე მე არ წამოვალ საქართველოში. დაუსრულებლად გრძელდება ეს ვიდრე...
ქართველი ექიმები სხვანაირები არიან, გულისხმიერები, ადამიანურები. მათთვის ავადმყოფი პირადი ნომერი არაა, ავადმყოფი ადამიანია. ნუ შემედავებით, გთხოვთ.
ოქტომბრის მერე რამდენითვე გავიდა? ექვსი? შვიდი? ასე მგონია, უფრო მეტი. რამდენი რამე შეიძლებოდა გაეკეთებინა ექიმს ავადმყოფისთვის? გაესინჯა?-კი. გამოეკვლია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?-კი. მკურნალობა დაენიშნა?-კი. თბილი სიტყვით გაემხნევებინა?-კი. ეს ყველაფერი და კიდევ ძალიან ბევრი შეიძლება ყოფილიყო. მაგრამ იყო მხოლოდ გამოკვლევა, დიაგნოზი, ერთი ქიმია და მერე, 4 თვე ძებნა კარდიოლოგისა, რომელიც დაწერდა - ავადმყოფის გულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შეუძლია გააგრძელოს ქიმიათერაპია. რატომ გვინდოდა ამ სიტყვების დამწერი კარდიოლოგის პოვნა? ქიმიოთერაპევტის დაჟინებული მოთხოვნა გახლდათ ასეთი. 4 თვე რატომ ვეძებდით? კარდიოლოგის პრეროგატივა არაა, ქიმიოთერაპევტს ქიმიის კურსის დანიშვნა-არდანიშვნის შესახებ კონსულტაცია გაუწიოს, რადგან ქიმიოთერაპიაში კარდიოლოგის აზრი და დასკვნა არაკომპეტენტურია... არაკომპეტენტურობის შესახებ ჩვენ ვიცოდით, კარდიოლოგებმაც იცოდნენ, ქიმიოთერაპევტმა არა. არც ქონდა სურვილი, ცოდნოდა. ალბათ, მეასე კარდიოლოგიური გამოკვლევის ფურცელს ალბათ მეასედ გვიბრუნებდა უკან და ალბათ მეასედ გვეუბნებოდა -აქ არ წერია, შეუძლია გააგრძელოს ქიმიოთერაპია. ბოლოს, ორი კვირის წინ, ძალიან კარგი და ჩინოსანი ახლობლის წყალობით, კარდიოლოგიის ცენტრში სამდღიან-ღამიანი გამოკვლევის შემდეგ ნანატრი სამი სიტყვა გვაჩუქეს. ეს სამი სიტყვა ქიმიოთერაპევტს მივუტანეთ-ოთხშაბათს. იმან, ხვალ დაგვიბარა, ქიმიაზე. ხვალ კი გვითხრა, რომ -დაგვიანებულია, სახლში წოლა და... მოკლედ, წინა პოსტში დავწერე რაც დაგვინიშნა. ხუთი თუ ოთხი თვის წინანდელი ტომოგრაფიისა და ექოსკოპიის დასკვნების შემდეგ მხოლოდ კარდიოლოგიური გამოკვლევების დასკვნები ქონდა ნანახი, გასინჯული არ ყავდა ამ ხუთი თუ ოთხი თვის განმავლობაში ავადმყოფი და მაინც სასიკვდილო განაჩენი გამოგვიტანა... მერე, ისედაც ძალიან დასუსტებული და ცუდად მყოფი დედა უფრო დასუსტდა და ცუდად გახდა. ის პატარა იმედის ნაპერწკალიც ჩაუქრა და...
ქართველი ექიმები სხვანაირები არიან, გულისხმიერები, ადამიანურები. ძველი, აქ გაკეთებული ანალიზებისა და ექოსკოპია-ტომოგრაფიების შესწავლის შემდეგ დედას უთხრეს, რომ ადრე ჩაიქნია ცხოვრებაზე ხელი. ხვალ თავად გაუკეთებენ ქხოსკოპიასაც და ტომოგრაფიასაც. ხვალ ეტყვიან, ოპერაციას გაუკეთებენ თუ ჯერ ქიმიის კურსს ჩაუტარებენ და მერე ოპერაციაზე იფიქრებენ. ხვალ ამას ეტყვიან, გუშინ მთავარი თქვეს. გუშინ ჩემმა დამ მითხრა, დედას თვალებში სხივი დავინახეო. დღეს მითხრა, უფრო ძლიერად ანათებს ის სხივიო.
და ვიცი, მჯერა, კიდევ დიდხანს არ ჩაქრება სხივი დედაჩემის თვალებში.
და დიდი ბოდიში ყველასთან, მაგრამ დიდი სიამოვნებით მივუძღვნი ძალიან პოპულარულ სამ სიტყვას სამსიტყვამომთხოვნ პოლონელ ქიმიოთერაპევტს!

пятница, 7 мая 2010 г.

ძალიან მიყვარხარ, დე...

უკვე რამდენიმე დღეა უშედეგოდ ვცდილობ რამე დავწერო. არა, ნუ იფიქრებთ, რომ მოსაყოლი აღარ მაქვს და ამიტომ... უბრალოდ, ვერაფრით ვაიძულე თავი, რამე მხიარული დამეწერა. მილიონი კარგი, ლამაზი და მხიარული რამ მახსენდება, მაგრამ განწყობა მაქვს ისეთი საშინელი, ამ კარგის, მხიარულის და ლამაზის გადმოცემა მიჭირს, ეგეც არ იყოს, ვერ ვხედავ მათ ადგილს ამ ბლოგზე.
რამდენიმე დღეა დედაჩემი ძალიან ცუდადაა. ფიზიკურზე მეტად ფსიქოლოგიურადაა ცუდად. ქალი, რომელიც რკინისგან გვეგონა გაკეთებული, რომელიც, მიუხედავად უამრავი პრობლემებისა, გასაჭირისა და იმედგაცრუებისა, არასოდეს წაქცეულა, ნელ-ნელა საკუთარ თავს აღარ გავს. უფრო სწორად, უცბად შეიცვალა, სხვანაირი გახდა - სუსტი, ბრძოლისუნარდაკარგული და უმწეო.
გუშინ მორიგი ქიმია უნდა გაეკეთებია. აღარ გაუკეთეს. სახლში წოლა და კრიტიკულ მდგომარეობაში ჩავარდნის შემთხვევაში, წვეთოვანის დასადგმელად ექთნის გამოძახება "დაუნიშნეს" პოლონეთის მედიცინის კორიფეებმა. არ ვიცი, მართლა არ ვიცი სწორად ვიქცევი თუ არა, როდესაც ამ ყველაფერს აქ ვწერ, როცა სხვის პირადულზე ასე დაუფიქრებლად და ღიად ვლაპარაკობ. არც ის ვიცი, დედაჩემმა, ან ჩემმა რომელიმე დამ ეს ყველაფერი რომ წაიკითხოს რა რეაქცია ექნებათ. ერთი ის ვიცი, რომ ეგოისტურად საკუთარ თავს ვათავისუფლებ, სახლში რასაც ვერ ვამბობ, რაზეც ხმამაღლა ვერ ვლაპარაკობ, აქ ვყრი ყველაფერს. ყველა გავურბივართ ზედმეტ ლაპარაკს, ტაბუდადებულ თემად იქცა დედაჩემის ჯანმრთელობაზე ერთმანეთითსთვის რამის თქმა. ყველა საშინლად განვიცდით და ერთმანეთს არ ვაჩვენებთ ჩვენს განცდებს, არ ვიცი, ვუფრთხილდებით ერთმანეთს თუ გვეშინია, რომ რამე ისეთი არ ვთქვათ, რაც... ნაწილობრივ კარგია ეს ჩუმად ყოფნა, მაგრამ შიგნიდან ვინგრევით ყველა, საკუთარ თავს აღარ ვგავართ, ერთმანეთს გავურბივართ...
ძლივს შევიკავე გუშინ თავი ხმამაღლა რომ არ მეტირა. ჩავეხუტე დედას და ჭაღარა თმაზე მივეფერე-უსიტყვოდ, ხმის ამოუღებლად. თავად ტიროდა, უსიტყვოდ, მაგრამ მწველი, იმედდაკარგული ადამიანის ცრემლებით ტიროდა. ჩემმა დამ გადაწყვიტა, თბილისში წამოიყვანოს. წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა, ვერ შეძლო.
ხვალ მოფრინავენ...
2 კვირაში მე და ჩემი შვილებიც ჩამოვალთ, ალბათ...
ძალიან, ძალიან მიყვარხარ, დე...

понедельник, 3 мая 2010 г.

საქართველოდან სტუმარი ჩამოგვივიდა...


ქართული ნობათით დატვირთული ჩამოვიდა ციური დეიდა. ძლივს შემოიტანა ჩემმა დამ უზარმაზარი ჩანთა ოთახში. ყველაზე მეტად გაზეთები, ცხვრის ყველი, დედას პური და ტარხუნა გამეხარდა :). დედაჩემს, რომელსაც მეხუთე დღეა თითქმის არაფერი უჭამია, ძლივს წავართვი ხელიდან შემწვარი მწყერი. არც ტარხუნაზე თქვა უარი, არც ლობიანზე და სულგუნი ისეც ეჭმევა და -ამას მაინც ვერ დამიშლიო, ნიშნის მოგებით მითხრა :). მოკლედ, დიდი, ქართულსურნელიანი სუფრა იშლება დღეს ჩვენს სახლში. ახლა ჩემს შუათანა დას და სიძეს ველოდებით. თოკო, ჩემი დისშვილი თავის მაქსისთან ერთად მოვა :). მაქსი პატარა იორკია. გულში ჩახუტებული დაყავს ჩემს დისშვილს. მე მგონი, ჩვენზე ძალიან უყვარს :). ჰოდა, დედაჩემს ვუთხარი, სანამ დროა, ეგ მწყერი შევინახოთ, თორე მაქსის ლუკმა გახდებათქო და გაგიჟდა კინაღამ ციური დეიდა -მთელი დღე მყავდა თემურიკა მინდორში გაგდებული ამის მოსანადირებლად და ცოცხალი თავით მაქსის როგორ ვაჭმევ მაგასო :). გიგუნა დილაადრიან გავიდა სახლიდან. ორი კვირის წინ რაღაც უცნაური ველოსიპედი იყიდა, არც ვიცი რა ქვია. წინა ნაწილი, ანუ რული ბორბალთან ერთად ყველა მხარეს ტრიალებს. ჰოდა, მას მერე დალურჯებული დადის. ახლაც, მოვიდა სახლში და კურტკა გადაგლეჯილი ქონდა იდაყვზე. ეტყობოდა, მაგრად ტკიოდა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა, -არაფერიაო, თქვა. თან ციურის ნობათი რომ დაინახა, არაა გამორიცხული, მართლა დაავიწყდა ტკივილი :).
დღის სამ საათზე დაწყებულ წერას ღამის პირველ საათზე ვაგრძელებ. რომ მეგონა, მშვიდად დავჯდები, დიშვილები სახლში არიან, ჩემი და სახლშია, ციურია, არც დედაჩემს მოაკლდება ყურადღება და არც ჩემ ბავშვებსთქო, ატირებული ჩამომიყვანეს ანი ზემოდან -ლატო დატოვე დედაააა, მოთქვამდა ბოლო ხმით. სამაგიეროდ ახლა ტკბილი ძილით ძინავს და დილის 7 საათამდე გარანტირებული ვარ, რომ არც ეგ და არც ნინო არ გაიღვიძებს.
ჰო, გაზეთები ჩამოიტანა ციური დეიდამ და მაგრად გამეხარდა. გასული კვირის ქრონიკა, ასავალ-დასავალი და ორი კვირის წინანდელი ქართული სიტყვა. ტარხუნაც ძველ გაზეთებში ქონდა გახვეული და ისიც სათუთად მოვხსენი და ახლა წინ მილაგია. ჯერ მხოლოდ ქრონიკაზე მოვახერხე თვალი გადამევლო. გია გაჩეჩილაძის სატელევიზიო ინტერვიუ აქვთ დაბეჭდილი. ისე, მაგრად მაინტერესებს, რა კითხვებს უსვამენ და რას ამბობს. წერას რომ მოვრჩები, უნდა წავიკითხო. საინტერესო სათაურები კი მომხვდა თვალში, მაგრამ, გაზეთი სავსეა ინტერნეტიდან ამოღებული უცხოური მიედ-მოედებით. ადრე ასე არ იყო, უფრო საინტერესო მეჩვენება ადრინდელი ქრონიკა. ქართულ სიტყვაში ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუს წაკითხვა მოვასწარი კიდევ. კარგი ინტერვიუ იყო, მომეწონა. გახსნილად ლაპარაკობს. ისე, პავლიაშვილს ეხერხება რესპოდენტები თავის დაკრულზე აცეკვოს.
ხო, კინაღამ დამავიწყდა. დედაჩემი და ჩემი დები დამცინიან, გასული საუკუნის გადმონაშთო, ეგ ნაკუწები რომ მოაგროვე, რად გინდა, კომპიუტერთან ათენებ ღამეს და იქ წაკითხვა არ გირჩევნიაო?. სინამდვილეში ასავალ-დასავალის ეს ნომერი უკვე წაკითხული მაქვს კომპიუტერში, მაგრამ, რაშია საქმე იცით? ქაღალდზე დაწერილი სულ სხვანაირად იკითხება, სხავანაირი მარილი აქვს შავი, დადღაბნილი ტუშით ნაბეჭდი გაზეთი რომ გიჭირავს ხელში. მგონი მართლა ჩავრჩი გასულ საუკუნეში... :).
დედაჩემს ვუყურებდი დღეს. ძალიან შეიცვალა. დილით, ციური რომ მოვიდა, ცდილობდა მხნედ და ყოჩაღად დაეჭირა თავი. წეღანაც ვთქვი, ჭამა კიდეც, მაგრამ მერე, უცბად მოეშვა. ძალიან უნდოდა, მაგრამ არაფრით აღარ გამოდიოდა "კარგად ვარ, არაფერი მიშავს" თამაში. ბავშვივით გახდა. ყველაფერზე გული უჩუყდება და ყველაფერი წყინს. შეიძლება არც წყინს, მაგრამ, ის, რასაც ადრე ყურადღებას არ აქცევდა, დღეს ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია და თუ რამე არ მოეწონა, გულდაწყვეტილი, რომ რაღაც კარგად ვერ გვასწავლა, რაღაც შეეშალა, გვაძლევს შენიშვნას. ბავშვებზე დარდობს ძალიან. -გიგას ყურადღება მიაქციეთო, სულ წუხს. 16 წლის ბიჭია და ახლა თუ ამოვარდა კალაპოტიდან, ვეღარ უშველით მერეო. ნინიკოზე წუხს კიდე ძალიან. სიგიჟემდე უყვარს ნინო და სულ ტირის, ახლა ჩემი სიკვდილი როგორ შეიძლება, ბებო, შენ ყველაზე მეტად გჭირდები და ახლა მივდივარ მაინც და მაინცო. ადრე კიდევ ვეპასუხებოდით, სისულელეებს ნუ ამბობთქო, მაგრამ ახლა უკვე ღიზიანდება ძალიან და აღარაფერს ვამბობთ. დღეს პირველად ორი კვირის განმავლობაში არ დავრჩი ზემოთ და რაღაცნაირად ვარ, გული მეთანაღრებასავით.
რა კარგ ნოტებზე დავიწყე წერა და მაინც არ გამომივიდა ბოლო აკორდიც დასაწყისის მსგავსი ყოფილიყო. ხვალ, მაქსიმალურად უნდა ვეცადო, რამე სახალისო და გასართობი დავწერო. მოკლედ, საკუთარ თავს მოვუწოდებ - არც ერთი ტკივილიანი და ცრემლიანი სიტყვა ხვალინდელ პოსტში!!!

суббота, 1 мая 2010 г.

გამარჯობა, მა!




(ფანჩატური კაკლის ხეზე :))


-ალო, გისმენ!
-გამარჯობა, მელო, როგორ ხარ?
-გამარჯობა დაიკო, ვერ გიცანი.
-ხო ხარ ღირსი, ყურმილი გაგითიშო. რა დაიკო, მე ვარ, მა.
-უი, ბარდღუნია, რავა ხარ შვილო, რავა ვერ გიცანი მამა, უცბად ვერ გიცანი თორე.
-რას შვები, მა, როგორ ხარ. ხო არ დაბერდი ბიჭო?
-ბებერი ხარის რქებიც ეწევიანო, მამა, ხო გაგიგია, მასე ვარ მეც. მამენატრეთ ძალიან, თქვე მაიმუნებო. აღარ ჩამოდიხართ გოგო?
-რა ვიცი, მამა, ამ ზაფხულს ვაპირებთ და ვნახოთ...
-ბოვშები მენატრებიან, შვილო. მაგათი ველოსიპეტები აქანა კიდია ბეღლის კედელზე, არ ვაკარებ არავის. ბურთი დაჩუტულა გოგო და ვერ გავაბერიე, კამერა გოუფუჭდა ეტყობა.
-შენი ჭირიც წაუღია, მეტი სადარდებელი არ გქონდეს რა...
-ბოვში რო ჩამოვა და არ დახვდება აბა. ის ფანჩატური, კაკლის ხეზე რო გოვუკეთე, უფრო გავამაგრე, მამა. კიბე გამოვუცვალე და პოლიც შევცვალე. ბიჭები მევიხმარე, თორე მარტო რას ვიზამდი.
-ეგ მეც კი გამეხარდა მელუა :) , სხვა, შენ როგორა ხარ.
-მე რა მიჭირს გოგო, ქე გამომაღამდა თვალები თქვენ ლოდინში მარა, არ შეგიძლიათ, ეტყობა, თუ არა, ხო ჩამოხვიდოდოთ.
-კი, მამა. ამ თვეში ვერ გამოგიგზავნეთ, მა, ფული და, რას შვები, რას ჭამ?
-არ ინერვიულო, შვილო. ის კიდე შემომრჩა ცოტა. რაში უნდა დავხარჯო, მამა, პაპიროსს თუ ვიყიდი და შაქარს და პურს, თორე ისე ქე მაქვს ყველაერი სახში.
-რა გაქვს, მამა, მამიდამ ძლივს დადის, ფეხები ტკივაო და...
-კაი, ნუ იცის მაგან გადამეტება, რა ძლივს დავდივარ. პამიდორი და კიტრი მოვიყვანე მამა, ბადრიჯანიც მექნება წლეულს, მწვანილი ჩემგან მიაქვთ მეზობლებს. ძროხას შეუნგრევია კარები და მომასწრო და ერთი პირი კი გადამიჭამა, მარა სუხოს დოუნახია და გამორეკა მალე. წიწილებიც დავზარდე წელს მამა და რო ჩამოხვალთ სუ სახლის ვარიები უნდა გაჭამოთ. ძროხა მაწვალებს ცოტას, ხბოს არ იკარებს და შრატით ვზრდი იმ საწყალს.
-ყოჩაღ, მელუა, აღარ ხუმრობ, ხო იცი. ძაან მოგიქაჩლებია თავი :)
-იჰ, ვენახი გვაქვს მამა, გეიხარებთ რო ნახავთ. ქე მეშინოდა, არ ივარგათქო, მარა, ისე დეისხა წელს, ერთი ოთხი ტონა ქე უნდა მეიკრიფოს.
-უფ, ჩვენი ძველი რქაწითელისნაირი მაინც არ იქნება და...
-დაგიტოვეთ მამა, სამი პლანი დავტოვე ისიც. ძაან არი დაბერებული და რა მექნა აბა, გოგო.
-ყოჩაღი ბიჭი ხარ, მელო, ყოჩაღიიი.
-გოგო, ბოვში რავა არის. რო დამანახე მაშინ კომპიუტერში, სუ არ დევიჯერე არაფერი მამა. ლოქოა ეგ მაიმუნი.
-ვინ არი, ლოქო, ბიჭო...
-ანოზეც ქე მეჩხუბებოდი, სინდიოფალას ნუ უძახიო, მარა,ქეა ყველაზე ლამაზი სინდიოფალაი და...
-კაი, ხო, გეხუმრები, რაც გინდა ის დაუძახე :)
-ჰო, მამა, დამოკოცნე ბოვშები. დედაშენი რავა არის?
-არის რა, რა გითხრა აბა.
-არ უნდა შეშინდეთ, მამა. ყოჩაღია დედაშენი და კაათ გახდება.
-ხო, მამა.
-გიგა რას შვება, ცოლი ხო არ მოყავს მაგ მამაძაღლს :)
-გაჩუმდი, რა დროს ამის ცოლია...
-აქ ქე დაძვრებოდა გოგუებში და...
-არც აქ აკლებს, მაგრამ... სხვას რას იტყვი ახალს?
-ბენია დავასაფლავეთ გასულ შაფათს მამა.
-უი, საწყალი, რა დროს მაგის სიკვდილი იყო.
-ჰო, უცბად მოკვდა ცხონებული.
-აღდგომას მოილხენდით ალბათ, ყველა ჩამოვიდოდა.
-აპა რა ქნეს. ჯერ აქანა გევედით ბებიას საფლავზე და მერე ნანუასთან წევედით ყველა, დეზოს წოვუქციეთ თითო ჭიქა... ძაან არი მოტეხილი ნანუა...
-ველაპარაკე ტელეფონზე, მა. შენ ხო არ ეპარები კიდე ორნახადს, ჰა?
-არა, შვილო, თქვენ თავს ვფიცავარ. ერთი ჭიქის მეტი არ დამილევია აღდგომასაც. სუ არ ვსვამ მამა, სადღა შემიძლია, მოვრჩი უკვე მაგ ამბავს.
-ჰოდა ძალიანაც კარგი. თავს გაუფრთხილდი, რა, მამა...
_აბა რას ვიზამ გოგო, აქ მეტი არავინაა და ტავსაც თუ არ გოვუფრთხილდი, რა ვყოფილვარ მაშინ :)
-ჰო, სიცილში გამიტარე, აბა შენ იცი...მა, უნდა გავთიშო უკვე, გაიღვიძა შენმა ლოქომ და მივხედო უნდა.
-მიდი, მამა, გეიხარეთ შვილო, გეიხარეთ. ჩამოით დროზე.
-კაი, მამა, გკოცნი, ყოჩაღად იყავი და დაგირეკავ ამ დღეებში კიდევ.
-მიდი, შვილო, გკოცნი ბარდღუნია. კარქათ იყავით, მამა, კარქათ...

четверг, 29 апреля 2010 г.

ბებიაჩემი - ნუცა


ბაბუაჩემი 1973 წელს, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. სადღაც, შეუცნობლად, ჩემს მეხსიერებაში შემორჩენილია მოხუცი, ულვაშებიანი კაცი სავარძელში ზის, ხელში ყალიონი უჭირავს. დედაჩემი გავს ბაბუას.
ისე მოკვდა, დედაჩემს დედა ვერ მოაძებნინა...
ბაბუაჩემს, მამაჩემის მამას, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრობისას ყური მოუკრავს, კონსტანტინე ამაშუკელს ულამაზესი ქალიშვილი ყავს გასათხოვარიო. რადგან მამაჩემი უკვე იმ ასაკში გახლდათ, ერთი აკვანი მაინც რომ უნდა ირწეოდეს ოჯახში მის სახელზე, ბაბუას დაწვრილებით გამოუკითხავს ულამაზესი, გასათხოვარი საპატარძლოს ვინაობა და ერთი კვირის შემდეგ მომავალ მოყვრებს გასაცნობად სწვევია. დედა სახლში არ ყოფილა. ბაბუას მის დასაძახებლად ვიღაც გაუგზავნია-სასწრაფოდ მოვიდეს სახლშიო. და რადგან სასწრაფოდ-ო, დედაჩემს 5 წუთში ცხენი შეუჭენებია ეზოში. მერე ბაბუაჩემი(მამაჩემის მამა) იხსენებდა -მსგავსი სილამაზე იმ ხნის კაცს არ მენახა. ამორძალივით შემოაჭენა ცხენი ეზოში, ყვითელი, ხვეული თმა წელამდე წვდებოდა. მაშინვე გავიფიქრე, ეს აუცილებლად გახდება ჩემი რძალი-თქო. დედა მაშინ 18 წლისაც არ იყო. შეყვარებული ყოფილა სოფლელ, გლეხის ბიჭზე, მაგრამ ბაბუაჩემი, თავადი ამაშუკელი აზნაურის გვარმა და წარმომავლობამ მეტად მოხიბლა.ისე, რომ დედაჩემისთვის არც უკითხავს, ერთადერთი ქალიშვილის გათხოვება წამებში გადაწყვიტა. მამაჩემი მეორე თუ მესამე დღეს მივიდა საცოლის სანახავად. -პირდაღებული დავრჩი, რომ დავინახე. მამაჩემმა კი დამიხატა, მაგრამ მისი ბოლომდე არ მჯეროდა, ანგელოზი მოდიოდა ჩემსკენ.-წლების მერე თქვა მამამ.
უზარმაზარი ქორწილი გადაიხადა ორივე მხარემ. სამი დღე დედას და სამიც მამას ოჯახში ქეიფობდა თურმე სიძისა და პატარძლის მაყარი. დედა აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე სწავლობდა მაშინ. პირველი უთანხმოება ჩემს მშობლებს შორის სწავლის გამო მოხდა-მამაჩემის დაჟინებული მოთხოვნით დედამ ინსტიტუტი დატოვა. ცხრამეტი წლის ხდებოდა დედა მე რომ დავიბადე. დიდი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ, მამაჩემი დაუთანხმებიათ(იმედი ქინია, რომ ჩაიჭრებოდა) და დედამ სამნედიცინოზე ჩააბარა. სულ რამდენიმე თვე იარა ლექციებზე. მამაჩემი პატიმარი იყო და ისევ კატეგორიულად მოუთხოვია, -პატიმრის ცოლი სახლში უნდა იჯდეს-ო. მამას განთავისუფლების შემდეგ კიდევ ერთხელ, დედაჩემი პედაგოგიური ინსტიტუტის დაუსწრებელი ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. დედას სწავლისადმი ლტოლვას და მამაჩემის წინააღმდეგობას შორიდან ადევნებდა თვალს თურმე ბაბუაჩემი. ძალიან განიცდიდა, მაგრამ ხმას არ იღებდა, ან რა ქონდა სათქმელი-თავისივე მოწონებულ სასიძოზე აუგს როგორ იტყოდა :).
ერთ დღესაც ვიღაც მოვიდა ჩვენთან დსა ბაბუას გარდაცვალების ამბავი მოიტანა...
რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც დედა და მამა ერთად აღარ ცხოვრობდნენ, დედაჩემმა ერთი კვირით ბებიასთან დაგვტოვა და დაღესტნის სოფელ ხასავიურთში წავიდა... დედის მოსაძებნად.
ხასავიურთი მთებში გაშენებული სოფელია.(ახლა უკვე რაიონის ცენტრია, თუ არ ვცდები) ჯერ მახაჩკალაში ჩასულა დედა, მერე იქედან სამი თუ ოთხი ავტობუსი გამოუცვლია და სოფლამდე გვიან ღამით ჩაუღწევია. სახელი იცოდა მხოლოდ დედის, ქმრის გვარი ბაბუასაც არ ცოდნია. გვიან ღამით, სოფლის ჩაბნელებულ ორღობეში მდგარ დედას პირველად შეშინებია -როგორ ვიპოვი, ვისთან მივიდე, ან, ვახსოვარ კი? ენდომება ჩემი გახსენება? ამ დროს ვიღაცას გამოუვლია. შუა გზაზე გაჩერებული ქალისთვის ყურადღება მიუქცევია, ვინ ხარო, უკითხავს. დედა გამართულად ლაპარაკობს დაღესტნურ ენაზე და უცნობისთვის -მოლა სად ცხოვრობსო, უკითხავს. არ დაუმადლებია უცნობს და მოლას სახლამდე მიუყვანია დედა. მთელი ღამე უყვებოდა თურმე დედა მოლას თავის ამბავს. უთქვამს, რომ დედას ეძწბს, რომ არ იცის ცოცხალია თუ არა, ისევ ამ სოფელში ცხოვრობს თუ არა და საერთოდ, არაფერი არ იცის მასზე გარდა სახელისა და ეროვნებისა. მეორე დილით მოლას კაცი გაუგზავნია სადრაც და ცოტა ხნის შემდეგ დეაჩემისთვის, შირმის უკან დაჯექი და ხმა არ ამოიღოო, უთხოვია. ქალი შემოსულა მოლას სახლში, მაღალი, წელში გამართული, მტკიცე და ამაყი ნაბიჯებით. -რამდენი შვილი გყავს, ნუცა-უკითხავს მოლას. გაკვირვებია ქალს, განა არ იცი, სამი ვაჟი მყავსო. ყურანი მიუწოდებია მოლას ქალისთვის და უთქვამს-დაიფიცე, რომ მეტი შვილი არ გყავსო. გაფითრებულა ნუცა. თავი დაუხრია, ძლივს გასაგონი ხმით უკითხავს -რა მოუვიდა ჩემს შვილს-ო. მერე უამბია მოლასთვის, უსიყვარულოდ გავთხოვდი, ქართველ, შეძლებულ თავადს გავყევი ცოლად. ერთი წლის შემდეგ ყოფილი ცოლი დაუბრუნდა, იძულებული გავხდი, ოჯახიდან წამოვსულიყავი და ორი თვის ბავშვი დამეტოვებინა. -რატომ დატოვე ბავშვი-ო, -უკითხავს მოლას. -ვერ გავზრდიდიო, არ დაუმალავს ნუცას. ქმარიც თავად შემირჩიეს და ქონებაც მომცეს. უარი რომ მეთქვა, ახალ ომგადატანილ ქვეყანაში, უსახლკარო და ცარიელ-ტარიელს რა უნდა მექნა, სხვა გამოსავალი არ მქონდა-ო. შენი შვილი გეძებსო-ფეხზე წამომდგარა მოლა. სამაგიეროდს ნუცა დაცემულა, სულ რამდენიმე წამით. სად არისო, უკითხავს და მოლას მზერისთვის გაუყოლებია თვალი. შირმის უკან მჯდომ დედაჩემთან მისულა, ნიკაპზე მოუკიდებია ხელი, თავი მაღლა აუწევინებინა და დიდხანს, უსიტყვოდ უყურებდა თურმე თვალებში. მერე -ზურგი მაჩვენეო, მოუთხოვია. უსიტყვოდ დამორჩილებია დედა და როდესაც ნუცამ მის ზურგზე დიდი ხალი დაინახა, მხოლოდ მაშინ ჩაუხუტებია გულში. მაგრამ, არ იყო ეს დედის ჩახუტებაო-იხსენებდა დედაჩემი. რაღაცნაირი, ცივი, მორიდებული და შორი ჩახუტება იყოო ძალიან. სახლში წაუყვანია ნუცას დედაჩემი, ძმები გააცნო, ქმარი გააცნო, სამი დღე და ღამე მოეფერა, ეცადა, დედა ყოფილიყო მისთვისაც... სამი დღის შემდეგ, როცა ავტობუსში სვამდა, მართლა ჩაუხუტებია დედა, ისე, როგორც დედა იხუტებს შვილს, სიყვარულით, სითბოთი და ტკივილით სავსე ყოფილა ის ჩახუტება. -მაპატიე, შვილო -ყურში უთქვამს ნუცას.
მერე იყო წერილებისა და ყოველდღესასწაულზე საფოსტო ბარათების, იგივე "ატრეტკები"-ს(ასე ვეძახდით მაშინ :)) მიღება-გაგზავნა. ყოველ წერილში, -შვილიშვილები ჩამომიყვანეო, თხოვდა ნუცა დედას. მესამე თუ მეოთხე კლასში გადავდიოდი, როდესაც დედამ თბილისში ჩამოგვიყვანა. ცაგვსვა ავტობუსსი და პირველად ჩვენს სიცოცხლეში,ხანგრძლივი მოგზაურობა მოგვიწყო. დღესაც მახსოვს როგორ მეშინოდა, როდესაც ყაზბეგისკენ მიმავალ უღელტეხილის გზას დაადგა. ასე მეგონა, ყოველი მომდევნო მოსახვევი უკანასკნელი იქნებოდა ჩვენთვის. მერე, პაპანაქება ზაფხულში აქა-იქ შემოჩენილმა, გაშავებულმა თოვლმა და იქვე, ულამაზესი ყვავილებით გადაჭრელებულმა ფერდობებმა გამაოცა. არასოდეს მენახა გვირაბი. და როდესაც ავტობუსი გვირაბში შევიდა(ახლა გაუქმებულია ის გვირაბი), ავტობუსის მგზავრები და დედაჩემი ჩემს რეაქციაზე ხმამაღლა იცინოდნენ. მოკლედ, ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ მახაჩკალაში ჩავედით, მერე, დედაჩემის ძველი მარშრუტი გავიმეორეთ, რამდენიმე "პაზიკი" ავტობუსი გამოვიცვალეთ და ხასავიურთში ამოვყავით თავი. მართლა არ შემიძლია იმ გრძნობის გადმოცემა, რაც მაშინ დამეუფლა. სიხარული და ზიზღი ერთმანეთში იყო არეული. მიხაროდა, რომ ბებია უნდა მენახა. ზიზღი კი სახლებმა გამოიწვია -გამომწვარი ფუნით იყო ყველა სახლი აშენებული. ყველა ერთნაირი, არაფრით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.
ნუცა ბებიამ მართლა დიდი სიყვარული გვაჩვენა. მახსოვს, რომ ძალიან ბედნიერი იყო დედა. ძალიან ბედნიერები ვიყავით ჩვენც. დილიდან დაღამებამდე აქეთ-იქეთ, მთაში დავრბოდით სოფლელ ბავშვებთან ერთად. ერთმანეთს თითქოს ვერაფერს ვაგებინებდით, მაგრამ მაინც ყველაფერი გვესმოდა. ხელებით და მიმიკებით ისე ვსაუბრობდით, სიტყვები სულ აღარ იყო საჭირო.
ორი კვირა ვიყავით ხასავიურთში და ის ულამაზეს იორი კვირა სულ მემახსოვრება.
მომდევნო ზაფხულს დეპეშა მივიღეთ დაღესტნიდან -ნუცა უეცრად გარდაიცვალა. საღ-სალამათმა ღამით დაიძინა და დილით აღარ გაიღვიძა...

вторник, 27 апреля 2010 г.

"+" - "-" = გრძელ ჭიას უხარია

გუშინ სასწაული მოხდა ჩემს ბლოგზე.
მკითხველს ჩემი ბოლო ორი პოსტი მოეწონა და რასაც არაფრით არ მოველოდი, ბლოგზე უამრავი, (ჩემთვის უამრავი, თორემ სხვისთვის ეს ალბათ სასაცილო რაოდენობაა)33 უნიკალური ვიზიტორი და 125 ჰიტი დაფიქსირდა. ბოლო პოსტებმა ბევრი + მიიღეს საჩუქრად. ახლა, როცა ბავშვებს ძინავთ და როცა საშუალება მაქვს წყნარად დავჯდე და როგორც ადრე ვთქვი, ჩემი ჭია გავახარო, გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა. ბლოგროლი მინუსებით შემომეგება. იმდენივე მინუსით, რამდენიც + იყო. დისკუსიებში იყო ამის წინ თემა გახსნილი პლიუს-მინუსებთან დაკავშირებით და მხოლოდ მაშინ გავიგე, რომ ეს პლიუსები და მინუსები პოსტის რეიტინგს ემსახურება. რომ ვთქვა, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, წარმატებულია თუ არა პოსტი, ტყუილი იქნება. აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ჩემთვის მთავარი ეგ არ არის.

არ მინდა ვინმემ იფიქროს, მოვიდა ვიღაც დეიდა(ასაკს ვერსად გავექცევი), მოყვა ზღაპრები, კიდევ მოყვება, ზოგს თავად შეეცოდება, ზოგს თავს შეაცოდებს და რა ვიცი კიდევ...
საქმე რაშია იცით? მთელი ცხოვრება საკმაოდ აქტიური და ყველაფრის მიუხედავად, ჩემი გადასახედიდან, ლამაზი ცხოვრებით ვივხოვრე. რაც არ უნდა გამჭირვებოდა, არასოდეს დავცემულვარ, ყოველთვის მჯეროდა, რომ დღეს თუ არა, ხვალ ყველაფერი კარგად იქნება. აქ, ქართულ ბლოგზე თქვენთვის ყველასათვის ნაცნობი და ჩემი უახლოესი მეგობარია, ნიკოლე. მისგან ვისწავლე, არაფერი ხდება ისე, არაფრისათვის. რომ ცუდი იმიტომ მოდის, რომ ხვალ კარგმა შეცვალოს. და მე მართლა არ გამჭირვებია არასდროს - ვმუშაობდი ძალიან ძლიერ გაზეთებში და არასდროს არ ვყოფილვარ წარუმატებელი ჟურნალისტი, თუ ხანდახან სიზარმაცის გამო მომხდარ ჩავარდნებს არ ჩავთვლი. მყავს უამრავი, საოცრად კარგი და ერთგული მეგობარი, მაგრამ დღეს ისინი შორს არიან ჩემგან(ან მე ვარ შორს მათგან). აქ მყავს დედა, დები, დიშვილები, შვილები, მაგრამ არ მყავს არავინ სხვა. და ჩემში რაღაც მოხდა. დიდხანს არ მინდოდა საკუთარ თავთან მეღიარებია, მაგრამ ძალიან დიდი ცვლილება დავინახე ჩემს თავში.


სამი წლის წინ, როცა ანი სულ რაღაც 10 დღის იყო, ასეთი ვიყავი













ახლა ასეთი ვარ




სამწუხაროდ, ეს ცვლილება მხოლოდ გარეგნულ მხარეს არ ეხება. მოხდა ისე, რომ წელიწადზე მეტია სახლიდან მხოლოდ ბავშვების გასასეირნებლად ან ექიმთან გავდივარ. როდის დავლიე ყავა ბოლოს სახლის გარეთ, აღარ მახსოვს. ჰოდა, ადამიანებთან ურთიერთობა მომენატრა, მერე რა რომ უცხოებთან... ლაპარაკი მომენატრა, განთავისუფლება დამჭირდა უამრავი, სადღაც, ჩემთვის უხილავ ადგილზე თავმოყრილი უარყოფითი ემოციებისგან. და ვფიქრობ, გამოსავალს მივაგენი. ნუ იფიქრებთ, რომ, რომ არა ეს ბლოგი, სულ მთლად წასული იყო ჩემი საქმე. ბლოგი ერთგვარი გასართობია ჩემთვის. ადრე, გაზეთისთვის სტატიას რომ ვწერდი, ვცდილობდი, გაზეთის სტილიდან არ გადამეხვია და რედაქტორის გემოვნება დამეკმაყოფილებინა. ახლა, აქ, ჩემს ტკივილიან ბლოგზე ვწერ ისე როგორც მინდა და ვწერ იმას, რაც მინდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, გასართობი ვიპოვე და ამით ძალიან კარგად ვგრძნობ თავს :)
რა შუაში იყო "+" და "-" ამდენი ლაი-ლაი, მაგრამ, ისევ გავმეორდები და ვიტყვი: მე ჩემს ძალიან გრძელ ჭიას ვახარებ და მინუსი ოდნავ, მხოლოდ რამდენიმე წამი თუ დამაფიქრებს, ღირს კი ეს ჭია სხვებთან ერთად გავახარო?

მე, ანი :)


ამ ქვეყანაზე სამი წლისა და ორიოდე თვის წინ მოვედი. უამრავი ადამიანი მელოდებოდა - დედა, რომელიც თითქმის მთელი ცხოვრება ოცნებობდა ჩემზე. მამა, რომლისთვისაც მე დიდი მოულოდნელობა ვიყავი. ბებია, რომელიც ვარშავიდან სპეციალურად ჩემთვის ჩამოვიდა საქართველოში. დეიდები, დეიდაშვილები, ბაბუა, ბიძაშვილები, დედას და მამას მეგობრები. მოკლედ, მე რომ დავბადებულვარ, მეოთხე სამშობიაროს ეზოში ძლივს ეტეოდა თურმე ჩემი მომლოდინე ხალხი :). მამამ ძალიან მაწყენინა და მხოლოდ მესამე დღეს მნახა. მთლად მისი ბრალიც არ ყოფილა - პირველი შვილის დაბადება რესტორანში აღუნიშნავს, უზომოდ გახარებულს უზომოდ ბევრი დაულევია და იქედან სამდღიანი დასასვენებელი საგზურით თბილისის პოლიციის სამმართველოში ამოუყვია თავი. დედა არ მეუბნებოდა მამა რატომ არ მოდიოდა, თავადაც არ იცოდა და მე რას მეტყოდა :). მერე, მოვიდა მამა, ჩამიხუტა და მაშინვე ძაააალიან შემიყვარდა. სახლში 5 დღის მერე წამიყვანეს, სათამაშოებით სავსე ოთახში შემიყვანეს და ჩემს საკუთარ, თეთრი ფერის, თეთრი ბალდახინებითა და მუსიკალური კარუსელათი მორთულ საწოლში ჩამაკოტრიალეს. მას მერე უკვე ვიცი, რომ არსებობს რაღაც, რაც მხოლოდ ჩემია. მთლად მესაკუთრე არ ვარ, მაგრამ ხანდახან ვბრაზობ, როცა ჩემი სათამაშო უცბად სხვის ხელში აღმოჩნდება, ან კომპიუტერთან ზის ჩემი უფროსი დეიდაშვილი, არა და მე მისი კომპთან ჯდომა არ მჭირდება. არ თქვათ ცუდი გოგო ყოფილხარო - პატარა ვარ და ხანდახან ჭირვეულობა მეპატიება :).
პირველად, თუ სწორად მახსოვს, პაწაწუნა ფეხზე ნემსი რომ გამიკეთეს, მაშინ ვიტირე. რას მერჩით-თქო, სულ ხმამაღლა ვყვიროდი. თურმე, იმიტომ მატირეს, რომ აცრა გამიკეთეს. იმის მერე ვერ ვიტან აცრას და ექიმს. რომ იცოდფეთ რა კარგად მახსოვს, პირველად სასეირნოდ რომ წამიყვანა დედამ. მთელი 40 დღის განმავლობაში, დღეში რამდენჯერმე აივანზე გავყავდი 5-10 წუთი, ჯერ არ შეიძლება ქუჩაში შენი გაყვანაო. ერთ დღესაც მამას დაურეკა სამსახურში, მუშტაითის პარკში მიმყავს ანი-ო. შეწუხდა ძალიან მამა, მეც მინდოდა პირველი სეირნობის თანამონაწილე ვყოფილიყავი, მაგრამ სამსახურიდან ვერ წამოვალო. მერე გამომპრანჭა დედამ და გავედით ქუჩაში. ეზოში რომ ჩავედით, დედიკოს დეიდაშვილი მოვიდა თავის ცოლთან ერთად და ვაკის პარკში მივდივართ და იქ წამოდით და ჩვენც წავედით. ცოტა ხნის მერე მამიკომ დარეკა, სად ხართო. რომ გაიგო, ვაკის პარკშიო, გაბრაზდა და ყურმილიო გათიშა. მერე დედამ მასიჯი მიიღო - მაქედან რომ წამოხვალთ, ზოოპარკში შედით აუცილებლად, მერე კიდე, კარგი დასია ჩამოსული და ცირკშიც შეიარეთო :). თურმე, მამას უთხოვია თავის უფროსოსთვის, ერთი საათი გამანთავისუფლეო და მთელი მუშტაეთის პარკი მოურბენია ჩვენს ძებნაში და რომ ვერ გვიპოვა, ეწყინებოდა, აბა რა იქნებოდა.
4 თვის ქრისტიანი, მირონცხებული ანი გავხდი. მყავს 7 ნათლია - თამუნა (სურათზე ჩემტან როა)ნანა, მანანა, ირაკლი, ვანო, შოთა და დათო ნათლიები - დედიკოს და მამიკოს ბეგობრები. თურმე ყველას უნდოდა მათი ერთადერთი შვილის ნათლია ყოფილიყო. რა იცოდნენ, რომ ნინიკოც ეყოლებოდათ :) .
შვიდი თვის ვიყავი, ჩემთვისა არავის არაფერი უკითხავს, ისე ამომაყოფინეს თავი ვარშავაში. ჯერ მარტო მე და დედიკო წამოვედით, მამიკო, აეროპორტში რომ გვაცილებდა, ტიროდა. აქ ბებო, დეიდები და დეიდაშვილები დაგვხვდნენ. ჩემი დეიდაშვილები ძლივს ლაპარაკობენ ქართულად, მე ჯერ კარგად არ ვიცი ლაპარაკი, მაგრამ პოლონურს მასწავლიან. ერთი თვის მერე მამაც ჩამოვიდა ჩვენთან. ერთხელ, ყური მოვკარი, მამიკო და დედიკო როგორ ცურჩულებდნენ, მალე ანის პატარა დაიკო ეყოლებაო. ძალიან გამეხარდა. დეიდაშვილები კი მყავს, მაგრამ ისინი დიდები არიან და ხანდახან არ უნდათ ხოლმე რომ მეთამაშონ. ჩემი დაიკო რომ მეყოლებოდა სულ ვითამაშებდით. ერთხელ, დილით რო გავიღვიძე დედიკო არ იყო სახლში. მეორე დღეს ბებომ და მამიკომ სადღაც წამიყვანეს. ის სადღაც ბავშვებს რომ ყიდულობენ, ის სახლი იყო თურმე. დედიკო იქ იყო. კიდევ ჩემი დაიკო იყო იქ. ისეთი პატარა იყო, რო ხელი არ მომაკიდებინეს, ეტკინებაო. ცემ დაიკოს ნინო ერქვა, მე ნუნოს ვეზახდი. სახლში მოსვლა არ უნდოდა ნუნოს, მე კიდე დედიკოსტან მინდოდა. დედიკო რაღაცნაირად დადიოდა, წელში იყო მოკუზული. აი, ფიფქიაში რო ბოროტი, ბებერი ბაბაა, ისე. მერე მე, მამიკომ და დეიდამ დედიკო და ნინო სახლში წამოვიყვანეთ. თავიდან ახლოს არ მაკარებდნენ, პატარააო. ჩემი თოჯინა უფრო პატარა იყო და ის რო მეკავა და არ მივარდებოდა, მაინც არ მიჯერებდა დედა რო ნინოც არ დამივარდებოდა ხელიდან. ახლა ნინო უკვე გაიზარდა და ვეღარ დავძრავ, მაგრამ სულ ვთამაშობთ ერთად. გუშინ სათამაშო მოედანზე ვიყავით და პირველად იტამაშა ნინომ სილაში-სახლი ავაშენეთ, ლამაზი ყვავილები და პეპლები გავაკეთეთ, მაგრამ ცუდმა ბიჭმა დაგვინგრია.
სახლშიო რომ მოვედით ბებოს ვუთხარი და იცინა. კიდე ბებოს ვუთხარი, რომ მიყვარს.
მამიკო ახლა საქართველოშია და ვერ ჩამოდის. დედიკომ ტქვა, მალე მოვაო. სულ ველაპარაკები ტელაფონზე და ზრაპრებს ვუყვები და ვუმრერი. მერე დედა ეუბნება ხოლმე რა ვუთხარი, თვითონ კარგად არ ესმის. ისე, მარტო დედიკოს ესმის ხოლმე კარგად რასაც ვეუბნები. ასე ამბობს, ანის ტავის საკუტარი ლექსიკონი აქვს და მე მასწავლა მხოლოდო. თქვენც გასწავლით ცოტას:
მაგაგონი-მაკდონალდსი
ჰაბუგული-ჰამბურგერი
გილოცავთ ახალ წელს-ფეიერვერკი
გათა-გათენდა
კიკი-კიტრი
ესიბო-ავტობუსი
მოკიკე-მომიყევი
ბაბიძა-გაიღვიძა
რაღაცეებს მერე გასწავლით, თუ გენდომებათ.
კიდე ძალიან მიყვარს სიმღერა. მერი პოპინსის სიმღერას ვმღერი და "ჩემი ხატია სამშობლო"-ს. კიდე ვიცი ცეკვა. ერთხელ მამიკომ მაყურებინა პატარა კინტომ როგორ იცეკვა და მერე სულ ვუყურებდი და მეც ვისწავლე, ოღონდ ისეთი ფორმა მეც მინდოდა და დედიკომ, მანქანა არ აქვს და ხელით შემიკერა.

ხო მაგარი გოგო ვარ?
ახლა უნდა დავიძინო, მერე კიდევ მოვალ თქვენთან და გეჭორავებით :)