четверг, 29 апреля 2010 г.
ბებიაჩემი - ნუცა
ბაბუაჩემი 1973 წელს, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. სადღაც, შეუცნობლად, ჩემს მეხსიერებაში შემორჩენილია მოხუცი, ულვაშებიანი კაცი სავარძელში ზის, ხელში ყალიონი უჭირავს. დედაჩემი გავს ბაბუას.
ისე მოკვდა, დედაჩემს დედა ვერ მოაძებნინა...
ბაბუაჩემს, მამაჩემის მამას, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრობისას ყური მოუკრავს, კონსტანტინე ამაშუკელს ულამაზესი ქალიშვილი ყავს გასათხოვარიო. რადგან მამაჩემი უკვე იმ ასაკში გახლდათ, ერთი აკვანი მაინც რომ უნდა ირწეოდეს ოჯახში მის სახელზე, ბაბუას დაწვრილებით გამოუკითხავს ულამაზესი, გასათხოვარი საპატარძლოს ვინაობა და ერთი კვირის შემდეგ მომავალ მოყვრებს გასაცნობად სწვევია. დედა სახლში არ ყოფილა. ბაბუას მის დასაძახებლად ვიღაც გაუგზავნია-სასწრაფოდ მოვიდეს სახლშიო. და რადგან სასწრაფოდ-ო, დედაჩემს 5 წუთში ცხენი შეუჭენებია ეზოში. მერე ბაბუაჩემი(მამაჩემის მამა) იხსენებდა -მსგავსი სილამაზე იმ ხნის კაცს არ მენახა. ამორძალივით შემოაჭენა ცხენი ეზოში, ყვითელი, ხვეული თმა წელამდე წვდებოდა. მაშინვე გავიფიქრე, ეს აუცილებლად გახდება ჩემი რძალი-თქო. დედა მაშინ 18 წლისაც არ იყო. შეყვარებული ყოფილა სოფლელ, გლეხის ბიჭზე, მაგრამ ბაბუაჩემი, თავადი ამაშუკელი აზნაურის გვარმა და წარმომავლობამ მეტად მოხიბლა.ისე, რომ დედაჩემისთვის არც უკითხავს, ერთადერთი ქალიშვილის გათხოვება წამებში გადაწყვიტა. მამაჩემი მეორე თუ მესამე დღეს მივიდა საცოლის სანახავად. -პირდაღებული დავრჩი, რომ დავინახე. მამაჩემმა კი დამიხატა, მაგრამ მისი ბოლომდე არ მჯეროდა, ანგელოზი მოდიოდა ჩემსკენ.-წლების მერე თქვა მამამ.
უზარმაზარი ქორწილი გადაიხადა ორივე მხარემ. სამი დღე დედას და სამიც მამას ოჯახში ქეიფობდა თურმე სიძისა და პატარძლის მაყარი. დედა აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე სწავლობდა მაშინ. პირველი უთანხმოება ჩემს მშობლებს შორის სწავლის გამო მოხდა-მამაჩემის დაჟინებული მოთხოვნით დედამ ინსტიტუტი დატოვა. ცხრამეტი წლის ხდებოდა დედა მე რომ დავიბადე. დიდი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ, მამაჩემი დაუთანხმებიათ(იმედი ქინია, რომ ჩაიჭრებოდა) და დედამ სამნედიცინოზე ჩააბარა. სულ რამდენიმე თვე იარა ლექციებზე. მამაჩემი პატიმარი იყო და ისევ კატეგორიულად მოუთხოვია, -პატიმრის ცოლი სახლში უნდა იჯდეს-ო. მამას განთავისუფლების შემდეგ კიდევ ერთხელ, დედაჩემი პედაგოგიური ინსტიტუტის დაუსწრებელი ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. დედას სწავლისადმი ლტოლვას და მამაჩემის წინააღმდეგობას შორიდან ადევნებდა თვალს თურმე ბაბუაჩემი. ძალიან განიცდიდა, მაგრამ ხმას არ იღებდა, ან რა ქონდა სათქმელი-თავისივე მოწონებულ სასიძოზე აუგს როგორ იტყოდა :).
ერთ დღესაც ვიღაც მოვიდა ჩვენთან დსა ბაბუას გარდაცვალების ამბავი მოიტანა...
რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც დედა და მამა ერთად აღარ ცხოვრობდნენ, დედაჩემმა ერთი კვირით ბებიასთან დაგვტოვა და დაღესტნის სოფელ ხასავიურთში წავიდა... დედის მოსაძებნად.
ხასავიურთი მთებში გაშენებული სოფელია.(ახლა უკვე რაიონის ცენტრია, თუ არ ვცდები) ჯერ მახაჩკალაში ჩასულა დედა, მერე იქედან სამი თუ ოთხი ავტობუსი გამოუცვლია და სოფლამდე გვიან ღამით ჩაუღწევია. სახელი იცოდა მხოლოდ დედის, ქმრის გვარი ბაბუასაც არ ცოდნია. გვიან ღამით, სოფლის ჩაბნელებულ ორღობეში მდგარ დედას პირველად შეშინებია -როგორ ვიპოვი, ვისთან მივიდე, ან, ვახსოვარ კი? ენდომება ჩემი გახსენება? ამ დროს ვიღაცას გამოუვლია. შუა გზაზე გაჩერებული ქალისთვის ყურადღება მიუქცევია, ვინ ხარო, უკითხავს. დედა გამართულად ლაპარაკობს დაღესტნურ ენაზე და უცნობისთვის -მოლა სად ცხოვრობსო, უკითხავს. არ დაუმადლებია უცნობს და მოლას სახლამდე მიუყვანია დედა. მთელი ღამე უყვებოდა თურმე დედა მოლას თავის ამბავს. უთქვამს, რომ დედას ეძწბს, რომ არ იცის ცოცხალია თუ არა, ისევ ამ სოფელში ცხოვრობს თუ არა და საერთოდ, არაფერი არ იცის მასზე გარდა სახელისა და ეროვნებისა. მეორე დილით მოლას კაცი გაუგზავნია სადრაც და ცოტა ხნის შემდეგ დეაჩემისთვის, შირმის უკან დაჯექი და ხმა არ ამოიღოო, უთხოვია. ქალი შემოსულა მოლას სახლში, მაღალი, წელში გამართული, მტკიცე და ამაყი ნაბიჯებით. -რამდენი შვილი გყავს, ნუცა-უკითხავს მოლას. გაკვირვებია ქალს, განა არ იცი, სამი ვაჟი მყავსო. ყურანი მიუწოდებია მოლას ქალისთვის და უთქვამს-დაიფიცე, რომ მეტი შვილი არ გყავსო. გაფითრებულა ნუცა. თავი დაუხრია, ძლივს გასაგონი ხმით უკითხავს -რა მოუვიდა ჩემს შვილს-ო. მერე უამბია მოლასთვის, უსიყვარულოდ გავთხოვდი, ქართველ, შეძლებულ თავადს გავყევი ცოლად. ერთი წლის შემდეგ ყოფილი ცოლი დაუბრუნდა, იძულებული გავხდი, ოჯახიდან წამოვსულიყავი და ორი თვის ბავშვი დამეტოვებინა. -რატომ დატოვე ბავშვი-ო, -უკითხავს მოლას. -ვერ გავზრდიდიო, არ დაუმალავს ნუცას. ქმარიც თავად შემირჩიეს და ქონებაც მომცეს. უარი რომ მეთქვა, ახალ ომგადატანილ ქვეყანაში, უსახლკარო და ცარიელ-ტარიელს რა უნდა მექნა, სხვა გამოსავალი არ მქონდა-ო. შენი შვილი გეძებსო-ფეხზე წამომდგარა მოლა. სამაგიეროდს ნუცა დაცემულა, სულ რამდენიმე წამით. სად არისო, უკითხავს და მოლას მზერისთვის გაუყოლებია თვალი. შირმის უკან მჯდომ დედაჩემთან მისულა, ნიკაპზე მოუკიდებია ხელი, თავი მაღლა აუწევინებინა და დიდხანს, უსიტყვოდ უყურებდა თურმე თვალებში. მერე -ზურგი მაჩვენეო, მოუთხოვია. უსიტყვოდ დამორჩილებია დედა და როდესაც ნუცამ მის ზურგზე დიდი ხალი დაინახა, მხოლოდ მაშინ ჩაუხუტებია გულში. მაგრამ, არ იყო ეს დედის ჩახუტებაო-იხსენებდა დედაჩემი. რაღაცნაირი, ცივი, მორიდებული და შორი ჩახუტება იყოო ძალიან. სახლში წაუყვანია ნუცას დედაჩემი, ძმები გააცნო, ქმარი გააცნო, სამი დღე და ღამე მოეფერა, ეცადა, დედა ყოფილიყო მისთვისაც... სამი დღის შემდეგ, როცა ავტობუსში სვამდა, მართლა ჩაუხუტებია დედა, ისე, როგორც დედა იხუტებს შვილს, სიყვარულით, სითბოთი და ტკივილით სავსე ყოფილა ის ჩახუტება. -მაპატიე, შვილო -ყურში უთქვამს ნუცას.
მერე იყო წერილებისა და ყოველდღესასწაულზე საფოსტო ბარათების, იგივე "ატრეტკები"-ს(ასე ვეძახდით მაშინ :)) მიღება-გაგზავნა. ყოველ წერილში, -შვილიშვილები ჩამომიყვანეო, თხოვდა ნუცა დედას. მესამე თუ მეოთხე კლასში გადავდიოდი, როდესაც დედამ თბილისში ჩამოგვიყვანა. ცაგვსვა ავტობუსსი და პირველად ჩვენს სიცოცხლეში,ხანგრძლივი მოგზაურობა მოგვიწყო. დღესაც მახსოვს როგორ მეშინოდა, როდესაც ყაზბეგისკენ მიმავალ უღელტეხილის გზას დაადგა. ასე მეგონა, ყოველი მომდევნო მოსახვევი უკანასკნელი იქნებოდა ჩვენთვის. მერე, პაპანაქება ზაფხულში აქა-იქ შემოჩენილმა, გაშავებულმა თოვლმა და იქვე, ულამაზესი ყვავილებით გადაჭრელებულმა ფერდობებმა გამაოცა. არასოდეს მენახა გვირაბი. და როდესაც ავტობუსი გვირაბში შევიდა(ახლა გაუქმებულია ის გვირაბი), ავტობუსის მგზავრები და დედაჩემი ჩემს რეაქციაზე ხმამაღლა იცინოდნენ. მოკლედ, ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ მახაჩკალაში ჩავედით, მერე, დედაჩემის ძველი მარშრუტი გავიმეორეთ, რამდენიმე "პაზიკი" ავტობუსი გამოვიცვალეთ და ხასავიურთში ამოვყავით თავი. მართლა არ შემიძლია იმ გრძნობის გადმოცემა, რაც მაშინ დამეუფლა. სიხარული და ზიზღი ერთმანეთში იყო არეული. მიხაროდა, რომ ბებია უნდა მენახა. ზიზღი კი სახლებმა გამოიწვია -გამომწვარი ფუნით იყო ყველა სახლი აშენებული. ყველა ერთნაირი, არაფრით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.
ნუცა ბებიამ მართლა დიდი სიყვარული გვაჩვენა. მახსოვს, რომ ძალიან ბედნიერი იყო დედა. ძალიან ბედნიერები ვიყავით ჩვენც. დილიდან დაღამებამდე აქეთ-იქეთ, მთაში დავრბოდით სოფლელ ბავშვებთან ერთად. ერთმანეთს თითქოს ვერაფერს ვაგებინებდით, მაგრამ მაინც ყველაფერი გვესმოდა. ხელებით და მიმიკებით ისე ვსაუბრობდით, სიტყვები სულ აღარ იყო საჭირო.
ორი კვირა ვიყავით ხასავიურთში და ის ულამაზეს იორი კვირა სულ მემახსოვრება.
მომდევნო ზაფხულს დეპეშა მივიღეთ დაღესტნიდან -ნუცა უეცრად გარდაიცვალა. საღ-სალამათმა ღამით დაიძინა და დილით აღარ გაიღვიძა...
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
2 komentarze:
ძალიან საინტერესო პოსტი იყო, ვერაფრით მოვწყდი....
ნამდვილია ეს ისტორია?
არა, არ გეწყინოს, უბრალოდ ძალიან ძნელია ბლოგებზე სინამდვილის და ილუზიის გარკვევა, ამიტომ გეკითხები..
მართლა მომეწონა.....
არ მწყინს :).
ყველაფერი, რასაც ამ ბლოგზე წაიკითხავ, ნამდვილია. გალამაზების და გამუქების გარეშე :)
Отправить комментарий