rss
Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites

среда, 13 января 2016 г.

პისტოლეტისთვის ვერ გაგიმეტებ 2015!


რამდენიმე საათიც და ხმაურით მოვა ძველი  და  ხმაურით წავა ძველი... რასულ გამზათოვმა თქვა - "ვინც წარსულს პისტოლეტიდან ესვრის, მას მომავალი ზარბაზნით გაუმასპინძლდება"- ო. ჰოდა, ვზივარ და გასულ წელს ვიხსენებ. ტკივილიც ბევრი იყო, წყენაც, იმედის გაცრუებაც ცრემლიც, მაგრამ სიხარული და წარმატებაც იმდენი იყო, პისტოლეტისთვის ნამდვილად ვერ გავიმეტებ 2015 წელს.
ადვილი არაა დაჯდე და ერთი ამოსუნთქვით, კადრებად გადაახვიო მთელი წელი. ადვილი არაა, მაგრამ, სასიამოვნოა.
რა წაიღო და რა მომიტანა 2015 წელმა?  რა მატკინა და რით გამახარა? რას ველოდი და რა მინდოდა?

 წლის დასაწყისში ნინიკო გახდა ცუდად, მაღალი სიცხეებით, ბრონხების ანთებითა და ბაღიდან მოტანილი საშინელი ვირუსით. ბაბუს სკაიპით ელაპარაკნენ ბავშვები 15 იანვარს. - ადე, ბაბუ, მოდი აქ - თხოვა ნინომ.  - მომეხმარეთ, ბოვში მეუბნება ადექიო - ჩემს დებს თხოვა დახმარება და საწოლში ძლივს წამოჯდა. ანო და ნინო გაუჩერებლად ტიკტიკებდნენ, ისიც ცდილობდა ლაპარაკში აყოლოდა ბავშვებს. შევატყე, რომ ძალიან დაიღალა და ...  24 იანვრის მამა ისე წაიყვანა 2015 წელმა, ცრემლი ვერ გავაყოლე...
სამ თვეზე მეტი იავადმყოფა ნინომ. საქართველოში მხოლოდ აპრილის ბოლოს შევძელით ჩამოსვლა და ჩაოსვლის დღიდან (დღემდე) ვეცადე ფეხი ამეწყო მონატრებული, მაგრამ ჩემთვის უკვე უცხო და უჩვეულო ქართული რეალობისთვის. მეტ-ნაკლებად, ვფიქრობ, შევძელი.
საქართველოში დაბრუნება, მერწმუნეთ, არ იყო ადვილი - 23 წლის შემდეგ ცხოვრება ახლიდან უნდა დამეწყო. ძალიან მოტივირებული და მიზნის მისაღწევად შემართებით მოვდიოდი და მეტ-ნაკლებად მზად ვიყავი ყველაფრისთვის - არ მაშინებდა მომავალი, თუმცა იმისთვის, რაც აქ დამმხვდა, მზად არ ვიყავი. ჩამოსვლის წუთიდან ვგრძნობ უხილავ ბარიერს, რომელსაც ხელოვნურად ქმნიან მავანნი. ერთი რამ მაკვირვებს - ნინოს დაბადების შემდეგ, პოლონეთში ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციასთან მაქვს კავშირი, ასე თუ ისე ვიცი მათი შიდა საზარეულო - ყველა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია, მაგრამ ყველა აკეთებს საჭირო საქმეს ერთად! აქ? - აქ ეს ვერ დავინახე. ერთიანობა გვაკლია და უმრავლესობა მხოლოდ საკუთარ თავზეა ორიენტირებული. ერთი იდეისთვის მებრძოლი 3 და ოთხი ორგანიზაცია განა ერთად უფრო მეტს არ გაკეთებს?  მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა, ვერ ვხედავ ერთობას. პირიქით, ვინ როდის და რა წუთში დაგიდებს "კვანტს" არ იცი და მუდმივად მზად უნდა იყო, რომ "კინჩხი არსად წაიტვრიო". ძნელია, მაგრამ რეალობა და მინდა არ მინდა, ვეჩვევი და ყოველ წუთს, ყველაფრისთვის მზადვარ.

გასული წლის პირველი და ძალიან წარმატებული პროექტი "ბავშვები იცავენ თავიანთ უფლებებს" მეგობარ ორგანიზაციასთან ერთად გავაკეთეთ. მერე იყო ასევე წარმატებული და მნიშვნელოვანი  " ჩვენ და ჩვენი  თვალით დანახული სამყარო ". მერე მთელი დრო წაიღო მიზანმა და იდეამ, რისთვისაც საქართველოში ჩამოვედი - 14 სექტემბერს 6 პოლონელი სპეციალისტი დავაბინავე სპეციალურად მათთვის ნაქირავებ ბინაში და  15 სექტემბერს ფუნქციონირება დაიწყო სარეაბილიტაციო ცენტრმა "მზის სივრცე". პირველი და ძალიან მტკივნეული იმედგაცრუება ჯერ კიდევვ ცენტრის გახსნამდე იყო - ძნელია უყურებდე ადამიანს და ფიქრობდე - რატომაა ჩემთან ერთად, რა უნდა, რას ელოდება. კითხვას რომ სვამ და ამ კითხვაზე პასუხს ვერ პოულობ, ძალიან რთულია თურმე. სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნიდან ორ კვირაში სამი თვე პასუხს რომ ვერ ვპოულობდი, ის უცნობი განტოლება თავისთავად ამოიხსნა. დავრჩი მარტო, თუმცა, რომ დავჯექი, დავფიქრდი, გავაანალიზე და შევაჯამე ყველაფერი, აღმოვაჩინე, რომ სინამდვილეში, საქართველოში ჩამოსვლის პირველივე წუთიდან ვიყავი მე და ... მე!
მეორე იმედგაცრუება, ძალიან მოულოდნელი, ფეხქვეშ მიწა რომ გამომაცალა, რაღაც პერიოდი უუნარო რომ გამხადა და კინაღამ უარი მათქმევინა მიზანზე, პირველი განტოლების ამოხსნიდან ორიოდ დღეში მოვიდა - წადითო, არ შეგვიძლია ამ ბავშვების ყურებაო, შრომის უნარი გვიქვეითდებაო... თავიდან მეგონა ვერასდროს გამოვიდოდი შოკიდან, მეგონა, სხვა სამყაროში ვარ, სხვა განზომილებაში, სადაც ადამიანები ადამიანები კი არა,  მხოლოდ ორ ფეხზე მოსიარულე მეტყველი პრიმიტიული მარიონეტები არიან, რომლებიც ერთმანეთის ცარიელ ტვინის სფეროებს უხილავი ძაფებით მართავენ. შევძელი და ... სარეაბილიტაციო ცენტრა მისაართი შეიცვალა! და მაშინ ოხდა ყველაზე კარგი, რაც შეიძლება ოდესმე მხდარიყო - აღმოვაჩინე ადამიანები, რომლებმაც რწენა დამიბრუნეს, რომლებმაც მაჩვენეს, რომ ადამიანები მარიონეტები კი არა, ადამიანები არიან, რომლებმაც მუჯლუგუნები მითავაზეს, გამომაფხიზლეს, რომლებმაც ჩემი სამეგობროს რიცხვი გაზარდეს - ირმა, ნინო, ეკა, დალი, მაია, სოფო, თამო.... ერთი წამით არ მივუტოვებივარ თეოს, ვანოს, ზურიკელას...  ყველას ვერ ჩამოვთვლი, ბევრი არიან და მე ეს ადამიანები სიგიჟემდე მიყვარს! რომ არ იყვნენ ესენი, არ იქნებოდა "მზის სივრცე" და არ ვიქნებოდი მე! და ამ ადამიანებისთვის მადლობა შენ, 2015 წელო!

უამრავი სირთულისა და დაბრკოლების მიუხედავად, შევძელით და ნოემბრის ბოლოს საქართველოში პრველი ადაპტირებული სათამაშო მოედანი გავხსენით - კიკვიძის ბაღს დიდხანს ემახსოვრება ულამაზესი და დადებითი ემოციებით დატვირთული ღიმილიანი ბავშვები.

მერე რა იყო? - მუშაობის პარაელურად ვახერხებდითთ და ვპოულობდით დროს, ბავშვებისთვის მიგვეცა ბევრი და უფრო ბევრი - "კომედი ცენტრი",  "იუმორინა", ახმეტელის თეატრის დასის სპექტაკლი "მაკნატუნა", ბავშვების მაქსიმალური ჩართვა "ალეა"-ს მიერ ორგანიზებულ საჯარო ლექციაში,  საოცრად შრომატევადი, მაგრამ მხიარული ფოტოსესია "კიკალა სტუდიო"-ში, დაუვიწყარი ვიზიტი 198 საბავშვო ბაგა-ბაღში, სტუმრად "ირმა სოხაძის სტუდიის" საიუბილეო კონცერტზე, მხიარული და ემოციებით დატვირთული გასეირნება თბილისის ცირკში...
ჩვენს გვერდით სულ იყო ჩვენი საყვარელი და ერთგული მეგობარი ანანო მჟავია. არ შეიძლება არ გაგაცნოთ ერთი პატარა გოგონა , ბრიტანული სკოლის აზერბაიჯანელი მოსწავლე ჰუმაი მამედოვა - დიდი გულის მქონე პატარა ქალბატონი, რომელიც "მზის სივრცეში" "საქმით" მოვიდა და რომელიც ჩვენთან არა მხოლოდ თავად დარჩა, მეგობრებიც მოიყვანა, რომელმაც სითბო და სიყვარული გვაჩუქა, რომელმაც შეძლო და სპაიდერმენთან და ჰელლოუ კიტისთან ერთად ბავშვებს (და არა მარტო ბავშვებს, უფროსებიც კარგად გავერთეთ :) ) დაუვიწყარი წინასაახალწლო განწყობა შეუქმნა.

 -შენ სულ მზის შვილები და მზის სივრცე გიტრიალებს თავში, სხვა არაფერი გაინტერესებს,  დეეე - ხშირად მეუბნება ანო. ამიტომ, რომ არ ვაწყენინო, ცოტა "სხვაზეც" :)
ანო და ნინო წელს ორივე პირველად მივიდა სკოლაში - ანო პირველად საქართველოში, ნინო პირველად სკოლაში :). ნინოზე ვნერვიულობდი, ანოზე არა. მოხდა სასწაული და ანოს გაუჭირდა ახალ სკოლასთნ შეგუბა, ნინოს არა :). ორივემ ერთად ისწავლა ქართული - ანომ კარგად,  ნინომ ისე რაააა, დღეს ორივეს ენატრება სკოლა და კლასელები. ანოს ისევ ძალიან უყვარს ხატვა და ხელოვნების გაკვეთილი, ნინოს მალი მატავლებელო და ბევლი ბავსვებოოოო :).

პირობა ვერ შევასრულე და საქართველოში ძალიან ბევრ დროს ვერ ვატარებ მათთან, მაგრამ ყოველთვის ვპოულობთ დროს ერთად გავერთოთ - დავხატოთ, დავჭრათ, გამოვძერწოთ, ვიცეკვოთ და ვიმღეროთ. ანო ისევ ისე მზრუნველი და მოსიყვარულეა დაიკოს და ჩემს მიმართ, ნინო მზრუნველი, მოსიყვარულე და ჯიუტი. ანო ძალიან მგრძნობიარე გახდა - პოლონეთი ენატრება, ნინოც ადრინდელზე მეტად  მგრძნობიარეა - ადრე შენიშვნა არ წყინდა, ახლა შენიშვნას რომ ვაძლევთ, გვებუტება. სამივეს ერთნაირად გვენატრება თამუნა, გიგა, ლიკა და თორნიკე.
მადლობა 2015 წელო შენ, რამდენიმე საათში ახალ, 2016 წელს უნდა შევეგებო :).