rss
Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites

вторник, 26 января 2016 г.

დაბადების დღეს გილოცავ, ანგელოზო !

7 წლის წინ...
ღამის ათი საათი...
მაგიდის შუაგულში ჩადგმულ მრგვალ ვაზაში პატარა, ოთხად გაკეცილ ფურცლებს ვყრით მე, დედაჩემი, ირაკლი, ჩემი დები, ჩემი დისშვილები... ფურცლებზე სახელები წერია...
სამჯერ ვიღებთ სხვადასხვა ფურცელს...
არცერთი სახელი არ მომწონს...
მერე ვამბობ, რომ ნინოობა თენდება...
ორი საათის შემდეგ სამშობიაროში მივყავარ ირაკლის და ეკას...
დილის 8 საათზე ტკივლის ვეღარ ვუძლებ...
მერე ნარკოზი...
მერე, შორიდან საკუთარი ხმა მესმის,  ვხვდები რომ ბევრს ვლაპარაკობ, ძალიან ბევრს.მაგრამ თავს ვერ ვაკონტროლებ, ვერ ვჩუმდები
-გოგო მყავს, ულამაზესია, ანო ქვია. ჭკვიანია ანო და თან ყველაზე ლამაზი, ხომ გჯერათ? საერთოდ, ქართველები ძალიან ლამაზები არიან. ახლა ნინიკო დაიბადება, ანოსავით ლამაზი იქნება, ან ანოზე ლამაზი, ჭკვიანი და კარგი.
 შორიდან სხვების ლაპარაკიც მესმის ნაწყვეტ-ნაწყვეტ  -კი, გვჯერა, ლამაზი ერი ხართ...ანოც გაგვაცანი.... ნახეთ რა მაგარი გოგოა, მართლა ყველაზე ლამაზი. აი ახლა გეკუთვნის, უნდა დაგვპატიჟო საქართველოში...
ბავშვის ტირილის ხმა მესმის, ისევ შორიდან. მერე  საოცარ სურნელს ვგრძნობ, სითბოს მკერდთან და მერე აღარაფერი...

2009 წლის 27 იანვარი იყო, დილის 9 საათი და 20 წუთი...
ნინო, ჩემი სიცოცხლე, ჩემი ცხოვრების აზრი, ჩემი ყველაზე დიდი სასწაული - ვარშავაში, სოლეცის სამშობიაროში მოევლინა ამ ქვეყანას 2 კილო და 700 გრამი, 47 სანტმეტრი, ერთით მეტი ქრომოსომით...
7 წელია ვიცი,  მხოლოდ იმიტომ არ მოვსულვარ ამ ქვეყნად, რომ  მხოლოდ დედაჩემის და მამაჩემის შვილი, ჩემი დების და, ცოლი ან უბრალოდ, დედა ვყოფილიყავი.  ბედმა საუცხოო და საუკეთესო პატარა, უსუსური არსებით  დამასაჩუქრა და მისი ღირსეულ ადამიანად გაზრდა მანდო. თავიდანვე მივხვდი, რომ განსაკუთრებული ხარ - ყოველდღიური, რუტინული ცხოვრება გამიმდიდრე, სხვანაირად დამანახე,
სიცოცხლე სხვანაირად შემაყვარე, ჩემს ცხოვრებაში უამრავი კარგი და კეთილი ადამიანი შემოიყვანე,  მომეცი რწმენა, რომ შეუძლებელი არაფერია. გიყურებ და ვფიქრობ, საიდან გაქვს ამხელა ძალა და ენერგია ერთი ციდა უზარმაზარო ადამიანო.

ხშირად მიფიქრია, რა შემიძლია მოგცე, რა უნდა გავაკეთო, რომ იყო ისეთი, როგორიც მინდა იყო. და ყოველთვის ფიქრი ერთნაირად მიმთავრდება დე - ერთი რამ შემიძლია მხოლოდ - დაგეხმარო, რომ დარჩე იმად, ვინც უკვე ხარ, ხელი შეგიწყო, რომ იყო ის, ვინც თავად გინდა იყო. ამაზე უკეთეს  ვერაფერს მოგცემ დედი ერთი უბრალო მიზეზის გამო -- უკეთესი არ არსებობს.

მეშვიდედ ვუხდი მადლობას ღმერთს, ბედს და მამაშენს, რომ შენი თავი მაჩუქეს.
მიყვარხარ, სიტყვებით რომ ვერ გადმოვცემ, ისე ძალიან მიყვარხარ დედი.

დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ნგელოზო!!!

1 komentarze:

ჯუნა комментирует...

გილოცავთ <3