rss
Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites

вторник, 14 марта 2017 г.

ბავშვები, რომლებიც შეცვლიან სამყაროს!

   

გამარჯობა. მე ნინიკოს დედა ვარ. ნინიკო რვა წლისაა და დაუნის სინდრომით, ერთით მეტი ქრომოსომითაა დაბადებული, ქრომოსომით, რომელსაც სიყვარულის ქრომოსომას ეძახიან. ბევრი თქვენგანი იცნობს ნინოს, ხშირად ვსაუბრობ მასზე, მის უნარებზე, ჩვევებზე, რა შეუძლია, რა ისწავლა, როგორ ისწავლა...

დღეს ისევ უნდა მოგიყვეთ, ნინოზე არა. დათუნაზე, გიოზე, ტასოზე, მარიამზე, გვანცაზე, კაკიზე და კიდევ ბევრ, ნინიკოს მეგობარ ბავშვებზე მინდა გიამბოთ...


                                               

 გვანცა. 17 წლის.


ორიოდ თვის წინ, როდესაც რუსთაველის თეატრი მსახიობს ეძებდა სპექტაკლისათვის „მედეა“ , პირველი გვანცა გამახსენდა. თელავიდან „გამოვიძახე“ და... პირველივე სინჯზე მთავარ, მედეას როლზე დაამტკიცეს 😊. კვირაში ორჯერ,  თელავიდან დადის რეპეტიციებზე და საათების განმავლობაში დგას სცენაზე, იმეორებს და ცდილობს უფრო მეტად დახვეწოს როლი, არ გეგონოთ, ერთხელ მაინც, დაღლას შეამჩნევთ, პირიქით, მიხვდებით, რომ უზომოდ ბედნიერია.
უყვარს სკოლა და სკოლაზე ასჯერ მეტად, კლასელები 😊. წერა-კითხვა 6 წლის ასაკში ისწავლა, ძალიან ადვილად იმახსოვრებს ურთულეს ტექსტებს, სულ რაღაც 3 წლის წინ, დიდი სურვილი ქონდა  ნიჭიერში მიეღო მონაწილეობა - გავიმარჯვებ და დედიკოს გაეხარდება ძალიანო. მანამდე ბალერინობა უნდოდა, ბავშვობიდან დადის ბალეტზე და საოცრად ცეკვავს. მერე, წონაში მოიმატა ცოტა და მსახიობობა ან ჟურნალისტობა გადაწყვიტა. სცენაზეც ბავშვობიდან დგას, სკოლაში გამართულ ყველა ღონისძიებაში აქტიურადაა ჩართული, ლექსის მხატვრულად კითხვაში ბადალი არ ჰყავს, დღემდე თელავის მოსწავლე ახალგაზრდობის თეატრალური დასის წევრია, იცის მეგობრობის ფასი, ელოდება თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს და ჯერა, რომ აუცილებლად გახდება კარგი მსახიობი . მეც მჯერა


                                                   

                                               დათუნა. 8 წლის



ჩემი ტკბილი და გემრიელი ბიჭი.  სიარული ორი წლის და 6 თვიდან დაიწყო და მას შემდეგ ეზოში მისი საყვარელი გასართობი ბურთია - თანატოლებთან ერთად დასდევს ბურთს, თამაშობს ფეხბურთს და ხანდახან,  გადამწყვეტ მომენტებში, სანატრელი გოლის ავტორიცაა. უყვარს დამალობანას თამაშიც - ყველაზე კარგად იმალება და ყველაზე ადვილად პოულობს დამალულ მეგობრებს. სახლში თამაშზე და გართობაზე მეტად დედაზე მიხმარება მოსწონს, თუმცა არც პირველ ორზე ამბობს უარს. მაგიდაზე დარჩენილი ყავის ჭიქის აღებას ვერავინ დაასწრებს, ოთახში უფროსი ძმის მიერ მიმოყრილ სათამაშოებს საგულდაგულოდ ალაგებს, დედას საწოლის ალაგებაშიც ეხმარება და როდესაც შეამჩნევს, რომ დაღლილია, მასაჟსაც პროფესიონალივით უკეთებს. ცოტა ადრე ცხოველების ფიგურებით მოსწონდა თამაში, დაჯდებოდა, შემოილაგებდა ირგვლივ მეგობარ ცხოველებს და ელაპარაკებოდა, ისინიც პასუხობდნენ 💖 . მერე ავტომობილებმა გაიტაცა. უამრავი სათამაშო მანქანა აქვს, ყველა მოდელს ცნობს, აწყობს „გონკებს“ და ხანდახან მოძრაობის წესებსაც არღვევს. პლანშეტი მხოლოდ მისია - საყვარელი არხი კომედი კიდსია და კიდევ, თუკი რამე ფილმი არსებობს დინოზავრებზე, თითქმის ყველა ნანახი აქვს. სიხარულით დადის სკოლაში, გაკვეთილებზე ჯდომა მისთვის სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა მოსწავლეობაზე მეტად მასწავლებლის სკამზე ჯდომა და კლასელებისთვის დავალებების მიცემა მოსწონს 💖.
და მთავარი - თბილი, მოსიყვარულე და მგრძნობიარეა. ძალიან, ძალიან უყვარს უფროსი ძმა, გიორგი!




ტასო. 4 წლის




პირველად ერთი ციდა, სულ რამდენიმე თვის ვნახე. იჯდა პატარა, წერტილივით თოჯინა და ულამაზეს თვალებს აფახულებდა.  ტკბილი იყო, ტკბილზე ტკბილი ❤. სიარული დათუნაზე ცოტა უფრო გვიან, სამი წლისამ დაიწყო. ნელი, მოზომილი ნაბიჯებით დაბაკუნობდა ოთახში და ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა ყველაფერს. უზომოდ უყვარს მუსიკა, სიმღერა, (განსაკუთრებით ბარა-ბარა ( 😊 ) და ცეკვა. იცის ფერების გარჩევა, ხუთამდე თვლა და მასზე თბილად და ტკბილად ვერავინ ამბობს - დედა .  ვერ იტანს არეულობას, დაუღალავად ალაგებს მანამ, ვიდრე ყველაფერს თავის ადგილს არ მიუჩენს. მისთვის ყველა ადამიანი ადამიანია და ცდილობს ყველას ერთნაირი დოზით აჩუქოს სითბო და სიყვარული - კეთილგანწყობის გამოსახატავად გაუწვდის პაწაწა ხელს, ჩაეხუტება და მზით სავსე ღიმილს ჩუქნის ნებისმიერს. უამრავი თანატოლის მსგავსად მისი საყვარელი მულტფილმი საოცრად ტკბილი ხმით ნათქვამი „მასა გოგოოო, მასაააა“ -  „მაშა და დათვია“. მოსწონს მეგობრებთან თამაში, ყველაზე მეტად ხატვა და უზომოდ უყვარს მზე


                                              ბარბარე. 6 წლის


 

      ესაა ბავშვი - საოცრება, ბავშვი - სიყვარული, ბავშვი - თოჯინა. ბარბარემ დაამსხვრია ყველა მითი დაუნის სინდრომის შესახებ.
სამი წლიდან იცის თვლა - ორმოცამდე და უკუღმა.
სამი წლიდან აწყობს ურთულეს პაზლებს.
სამი წლიდან ცნობს ქართული ანბანის ოცდაცამეტივე ასოს.
ოთხი წლის ინგლისურად ატიკტიკდა - ინგლისურ ენაზე თვლა, ფერები და ანბანი, ხილისა და ბოსტნეულის დასახელება, საყოფაცხოვრებო ნივთების სახელები ისევე კარგად იცის, როგორც ქართულად. კითხულობს რთულ წინადადებებს და განა მხოლოდ კითხულობს, შესანიშნავად გადმოსცემს წაკითხულის შინაარსს, იცის უამრავი ლექსი, სიმღერა. უყვარს ცეკვა და მის თვალებში მზის სხივები და მოუსვენარი ჭინკები ერთნაირად ციმციმებენ. მომენატრე, მიყვარხარ - გეტყვის და ყველა ამქვეყნიური დარდი წამებში ქრება. ხო, კინაღამ დამავიწყდა - კომპიუტერთან ჯდომა და კლავიატურაზე თითების კაკუნი უყვარს ძალიან - დედიკოსავით ჟურნალისტი უნდა გამოვიდეო, ამბობს. გამოვა!


დღევანდელი ბლოგი ოთხ ციმციმა სხივს ეკუთვნის. ხვალ სხვებს გაგაცნობთ, სხვებზე გიამბობთ, ზეგ კიდევ სხვებზე, მერ კიდევ სხვებზე. უამრავი გოგო და ბიჭი გვყავს, რომლებსაც არ იცნობთ და რომლებსაც აუცილებლად უნდა იცნობდეთ, რომლებსაც, კარგია რომ იცნობდეთ :). 


1 komentarze:

nastya комментирует...

Dzalian kargi posti :* Usayvarlesi bavshvebi arian :* Uflis wyaloba ar moklebodes mat :*