rss
Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites

среда, 24 марта 2010 г.

დავიწყებული რომ მეგონა, ის ტკივილი...



6 წლის ვარ. ვცხოვრობ ბებიასთან, ბაბუასთან, დედასთან და დებთან ერთად ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში. მამა, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, მიმაგრებაში მყოფი პატიმარია... თვეში ერთხელ 2-3 დღით ჩვენთან ერთადაა. მისი დანახვა ჯერ მიხარია, ერთი, მაქსიმუმ 2 საათი მხოლოდ ჩემი და ჩემი დებისაა, მერე სადღაც მიდის და... გვიან ღამით დედას და ბებიას ტირილი და მამისა და ბაბუას ყვირილი მაღვიძებს. არ ვიცი რა ხდება, მაგრამ რადგან დედა ტირის, მეც ბანს ვაძლევ. დედა ოთახში შემოდის და მაწყნარებს, თუმცა თავად ისევ ტირის, ტირის ბებიაც... ასე გრძელდება ერთი ან ორი წელი. მამა მოდის, დედა და ბებია ტირიან, მერე მამა მიდის, ერთი თვე აღარავინ არ ტირის და მერე ისევ ისე...
არ ვიცი რომელი საათია, მაგრამ გარეთ ძალიან ბნელა. დედა ჩუმად გვაცმევს მე და ჩემს დებს. ტახტზე ბებიას ძინავს. -ჩუუუ! - გვეუბნება დედა და სახლიდან გავდივართ. ეზოში, კარებთან 2 ჩემოდანი დევს, ერთი შავია, დიდი. მეორე, უფრო პატარა, ყავისფერი, გვერდებგაცვეთილი. სახელურებში დედაჩემის ხალათის ქამარი აქვთ გაყრილი... დედას ჩემი 1 წლის და ხელში უჭირავს, მე და ჩემი მეორე, 3 წლის დას კაბაზე მოგვაკიდებინა ხელი, ჩემოდნები მხარზე გადაიკიდა და ქუჩაში გამოვდივართ. დედა ტირის, ძალიან, მაგრამ ჩუმად ტირის. ვერაფრის კითხვას ვერ ვბედავ, ერთ ხელს ჩემს დას ვუჭერ ხელზე, მეორეთი უფრო მაგრად ვებღაუჭები დედას კაბის კალთას და უსიტყვოდ მივყვები გვერდზე. სამ თუ ოთხ სახლს ჩავუარეთ და დედამ ჩემოდნები მიწაზე დაყარა, კაბაზე ხელი გამაშვებინა, ჩემი პატარა და უფრო ძლიერად ჩაიკრა გულში, მეზობლის სახლისკენ სახით მიტრიალდა და მუხლებზე დადგა. -ლ... შენმა ოჯახმა არ გაიხაროს ჩემი და ჩემი შვილების ცოდვით. თუ მე ვტყუივარ, მე არ მოვესწრო ამ აღდგომას, თუ არა და შენ... დედა ამ სიტყვებს ისეთი ხმით ამბობდა, დღესაც მახსოვს როგორ დამბურძგლა. მერე ისევ მივდიოდით დედასთან ერთად მე და ჩემი დები. დედა ისევ ტიროდა... უკნიდან მანქანის ხმა მოისმა. გაგვცდა და ცოტა მოშორებით გაჩერდა. მანქანიდან მამას მეგობარი გადმოვიდა -ზ..., სად მიდიხარ, რა გინდათ ამ შუა ღამეს ქუჩაში. დედა ისევ მუხლებზე დადგა -გეხვეწები, გემუდარები, თუკი რამე და ვინმე საფიცარი გყავს ყველაფერს და ყველას გაფიცებ, დამეხმარე სოფლიდან გავიდე... დიდი ხვეწნის და მუდარის შემდეგ, მამას მეგობარმა მანქანაში ჩაგვსვა. მაშინ მეგონა, რომ ძალიან დიდხანს მივდიოდით და ძალიან შორს წავედით. ვხვდებოდი, რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რა იყო ეს ძალიან ცუდი....
მეორე დღეს, დედაჩემის მამიდასთან, სადაც წინა ღამით მივედით, ბებია და ბაბუა მოვიდნენ. ჩვენ ეზოში გაგვიშვეს და თავად ძალიან დიდხანს სახლში შეიკეტნენ. მერე ბებია და ბაბუა ტირილით გამოვიდნენ სახლიდან, მანამდე ატირებული ბაბუა არ მენახა არასოდეს. ბებიამ გულში ჩამიხუტა, -მოგიკვდეს, ბებია, შვილო. ვის სიტყვებს ეწირებით, ბებია, მოგიკვდეთ ბებია... მერე, ისევ ვერ ვხვდებოდი რატომ, ყველა ერთად ვტიროდით-მე, ბებია, ბაბუა, დედა, დედაჩემის მამიდა, მისი რძალი...
ბებია ყოველ დღე მოდიოდა ჩვენთან, მერე მამაც მოვიდა. ისევ ჩვენს გარეშე ლაპარაკობდნენ უფროსები, ბებია ყოველთვის ტირილით მიდიოდა, მამა ყვირილით გამოვიდა სახლიდან, -მოვკლავ, მე იმისიო-ყვიროდა... მერე სააღდგომოდ წაგვიყვანა ბებიამ სოფელში. ყველა იქ იყო-მამიდები, მამიდაშვილები, ბიძები, ბიძაშვილები, მამა... მარტო დედა არ იყო ჩვენთან ერთად...
იმ ღამეს საშინელმა კივილის ხმამ მთელი სოფელი ქუჩაში გაიყვანა - კივილი მეზობლის სახლიდან გამოდიოდა. ლ... -ი ინფარქტით გარდაიცვალა... მეორე დღეს ღამენათევი მეზობლები აღდგომას ზეიმობდნენ...
მხოლოდ 14 წლის ასაკში გამიმხილა ბებიამ დედას სახლიდან წასვლის მიზეზი-მე და ჩემი დები უმამოდ მეზობლის მიერ დედაჩემზე მოგონილი ზღაპრის გამო გავიზარდეთ...

5 komentarze:

Анонимный комментирует...

sevdiani ambavia :(

Kiwi комментирует...

დამბურძგლა :(

tatuka:) комментирует...

vaime... martla shemdzra..

hellmerito комментирует...

es me ar vicodi

Анонимный комментирует...

ar miyvars adamianis shecodeba magram aset momentshi is patara bavshvebi mecodebian vin aset mdgomareobebshi izrdebian....)