среда, 21 апреля 2010 г.
ისევ მამის ნაამბობი
ფატი დაბრუნდა...
ფაბრიკიდან სახლში მიმავალი მეზობლების დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი. ეზოში რომ შევედი, მოვკვდი კინაღამ - კაკლის ხის ძირში დედაჩემი და ფატი იჯდნენ. ნუცა არსად ჩანდა. ფატი რომ დავინახე, ცა ჩამომექცა თავზე თითქოს. ვუყურებდი და ვგრძნობდი, რომ სხვა ქალი არასოდეს მყვარებია. სახლიდან ნუცა გამოვიდა, ნამტირალევი თვალები დაწითლებული ქონდა, გულში ყავდი ჩაკრული. და მე ნუცასკენ წავედი... ფატი მოგვიახლოვდა, უსიტყვოდ, დიდხანს მიყურა. მერე შეტრიალდა და როგორც ყოველთვის ჩვეოდა, ამაყად, წელში გამართული, მტკიცე ნაბიჯებით გავიდა ეზოდან. დედაჩემი ვიშვიშით გაყვა უკან...
ფატი რომ აულში ჩასულა, მამამისს მოუკლავს კინაღამ 16 ვწლის უნახავი შვილი. ძმას, დიდი ხვეწნის მერე მიუღია და პირობა მიუცია, რომ მამას შეარიგებდა. იმ ზამთარს სუ ტყუილად ელოდა თურმე ფატი მამისგან პატიებას, ზაფხულში კი მამამისი ცუდად გამხდარა. ჯერ ახლოს არ იკარებდა, თურმე, ფატის. მერე, ზამთარში, ლოგინიდან ვეღარ დგებოდა, თურმე და ფატიმა მომიყვანეთო, უთქვამს. მას მერე გვერდიდან აღარ მოშორებია მამას. წელიწადზე მეტი ყოფილა ლოგინად ჩავარდნილი და მთელი ამ დროის განმავლობაში ფატი მამის საწოლთან ათენებ-აღამებდა. სული ფატის ხელში დაულევია. სიკვდილის წინ, მიპატიებიაო,უთქვამს. -წადი, ოჯახს მიხედე, ქმარი გელოდებაო... წელიწადი იგლოვა ფატიმ მამა და როცა უკან, ჩემთან ბრუნდებოდა, კავკასიონი თოვლმა და მეწყერმა წაიღო, გზები ჩაიკეტა და ფატი ისევ აულში დარჩა. ოთხი წელი იყო წასული და ერთი წელი დააგვიანა მხოლოდ, სულ რაღაც ერთი წელი...
ეს ყველაფერი დედაჩემს მოუყვა ფატი. ყიფიანის ქალი იყო ბებიაშენი. მისთვის ფატი მხოლოდ ლეკის ქალი არ ყოფილა არასდროს. პირველი დღიდან საკუთარი შვილივით შეიყვარა, ქართული წერა-კითხვა ასწავლა, მისი შვილები საკუთარი შვილიშვილებივით იგლოვა. მე საშინელ დღეში აღმოვჩნდი. ფატი მიყვარდა, ნუცასაც ვერ ვთმობდი-შენი გულისთვის. ჩემი პირველი და ერთადერთი შვილი იყავი, მზე და მთვარე შენზე ამომდიოდა. მიხვდა დედაჩემი რაც მჭირდა. მუხლებში ჩავარდნია ნუცას და უთქვამს -გაუბედურებული ქალია ფატი, ოჯახსა და სამშობლოს მომწყდარი და მოკვეთილი. სიცოცხლეს უმადლის კოწია ფატის. შვილებ მკვდარი და ობოლი ქალი ოჯახში დაბრუნდა და უფლება არ გაქვს, ამ ოჯახის კარი არ გაუღო. არასდროს გყვარებია კოწია. მისთვის შენ წარმოსადეგი, ეშხიანი ქალი და შვილის დედა ხარ, შენთვის კი უზრუნველი ცხოვრება და ფუფუნებაა მხოლოდ. სამაგიეროდ ტყვე ხარ კოწიასი. უზრუნველ ცხოვრებას, ფუფუნებას, თავისუფლებასა და ოჯახს მე გაჩუქებ, ოღონდ, სანაცვლოდ, ბავშვი უნდა დატოვო... და ნუცა დათანხმდა... ფაბრიკაში მომუშავე ლეკის ბიჭს უყვარდა ნუცა თავდავიწყებით. გამოუწყო დედაჩემმა რამდენიმე ურემი, ოთხფეხი მოუბა უკან ამ ურმებს, ოქროთი გაუვსო ქისა და იმ ლეკის მშობლიურ სოფელში, ხასავიურთში გაუშვა ორივე ლოცვა-კურთხევით.
შვილებდაკარგულ ფატის დედობრივი გრძნობა გაუღვიძე. ერთი ციცქნა, 2თვის პატარა დედის ძუძუს ეძებდი და ფატი თითებს იჭამდა სიმწრით, როცა ძუძუს სანაცვლოდ პირში ჩადებულ მაწოვარას თავს არიდებდი და ხმამაღალი ტირილით აპროტესტებდი. ნუცა დააბრუნეთო-დედაჩემს ეცა ფატი, -ბავშვი მშიერია მესამე დღეაო. -ჰოდა, შენ აჭამე, დედა არ ხარო?-ზურგი შეაქცია დედაჩემმა და... ფატიმ თავისი ძუძუ ჩაგიდო. რამდენიმე დღე ერთნაირად ტიროდით ორივე. მაწოვარას პირში არ იკარებდი, ფატის ძუძუს ლოღნიდი და თან ხმამაღლა ტიროდი. ბებიაშენი წყალს და წითელ ღვინოს წვეთ-წვეთად გასხამდა პირში. ერთ დღეს ფატი გიჟივით გამოვარდნილა ოთახიდან და ეზოში, კაკლის ძირში მდგომი აკვნიდან ფაცხა-ფუცხით ამოუყვანიხარ. დედაჩემი გაკვირვებული უყურებდა თურმე. -ფატის ძუძუ ჩაუდია შენთვის პირში და შენ აღარ გიტირია. საღამოს, სახლში მისულს გაღიმებული შემეგება ყველა -ფატის რძე მოუვიდა-მითხრა დედაჩემმა.
მას მერე 15 წელი გავიდა. ვიცი, რომ ნუცა 3 შვილის დედაა, ცხოვრობს ქმართან ერთად ბედნიერად. ფატი შენი დედა იყო. არა, ნამდვილი არა, მაგრამ, მაინც შენი დედა იყო. განა რას უკეთებს ნმამდვილი დედა შვილს იმაზე მეტს, რაც ფატიმ გაგიკეთა. მუცლით არ გატარა მხოლოდ. ნამდვილ დედას რო უყვარს, იმაზე ნაკლებად უყვარდი? ნამდვილი დედა რომ ზრუნავს, იმაზე ნაკლებს ზრუნავდა? სითბო მოგაკლო? ყურადღება მოგაკლო? თავად უნდა გადაწყვიტო. მე გეუბნები, რომ ფატი შენი ნამდვილი დედა იყო...
დედაჩემი ხმას ვერ იღებდა, თურმე. დედა მოუკვდა და თან ცოცხალი ყავდა. ობოლი იყო და თან არ იყო. ძალიან ტკიოდა და თან უხაროდა. მერე, დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ უთხრა ბაბუას:
-წამოდი, ყვავილები მივუტანოთ დედას... მერე, არ ვიცი როდის, დედა მოვძებნოთ, მამა!
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
0 komentarze:
Отправить комментарий