rss
Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites

вторник, 13 апреля 2010 г.

ანგელოზები ტირიან...



ვიღაცამ ყვავილები მოიტანა, ვიღაც პატივის მისაგებად მოვიდა, ვიღაც კანდელის დასანთებად. ვიღაც ლოცულობს. ვიღაც ტირის, გულში, უცრემლოდ ტირის... უცნაურმა ნისლმა დაფარა ვარშავა. გამჭვირვალემ, მაგრამ არა - თეთრმა. დღევანდელი ნისლი ჭაღარაა. კანდელების მოცახცახე ალიდან ამოსულ ნისლშია გახვეული მთელი პოლონეთი.

- ადგილს ვერ ვპოულობ. ვცდილობ, მოვიშორო ფიქრები მომხდარის შესახებ. ვცდილობ ყოველდღიურობით, რაიმე სასარგებლოთი დავკავდე, მაგრამ რა შეიძლება იყოს სასარგებლო ასეთ დროს? არაფერ სხვაზე არ შემიძლია ფიქრი. ამიტომ ვარ აქ, პრეზიდენტის სასახლესთან... ჩემს ახლობლებთან... დღეს ყველა ერთმანეთის ახლობლები ვართ, - ტირილით ამბობს იადვიგა კლეიმანი.

ეს ასაკოვანი ქალბატონი პრეზიდენტის სასახლესთან გუშინაც იყო. კანდელი აანთო და ორი, წითელი და თეთრი მიხაკი მოიტანა. ილოცა, ჩუმი ცრემლებით დაიტირა 96 ადამიანი... არავის დალაპარაკებია, ან რა შეეძლო ეთქვა? ახლაც მოვიდა ძველ ქალაქში, პრეზიდენტის სასახლესთან. ისევ აანთო კანდელი, ყვავილები დაალაგა, ცრემლები მოიწმინდა და ეკლესიაში შევიდა - ვეღარ ვლოცულობ... ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ რა მოხდა...

ღმერთო, შეხედე ხალხს, არც მათ ჯერათ. მოვდივართ, სანთელს ვანთებთ, პატივს მივაგებთ, მაგრამ არ გვინდა, დავიჯეროთ... იქნებ რამდენიმე დღეში მივხვდეთ, რა უბედურება დაგვატყდა? მერე, სიჩუმე მოიცავს ირგვლივ ყოველივეს... ყველაზე მეტად იმ სიჩუმის მეშინია...

სიჩუმემ უკვე დღეს მოიცვა მთელი პოლონეთი... რეკდნენ ეკლესიის ზარები, ისმოდა პოლიციის მანქანების სირენების ხმა, ასიათასობით ადამიანის ტირილი, ლოცვა.... 12 საათზე დრო გაიყინა. ასიათასობით ადამიანი მდუმარედ, გაუნძრევლად იდგა... დუმილი 2 წუთს უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ვერავინ ბედავდა მის დარღვევას. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ ვიღაცამ ხმამაღლა დაიწყო ლოცვა... და ხალხის მორევი ისევ პრეზიდენტის სასახლისაკენ დაიძრა, რომ კიდევ ერთხელ მიეგო პატივი, დაენთოთ კანდელი...

- გდანსკიდან ვარ, მხარდამჭერი პარტიისა, რომელასაც ლეხ კაჩინსკი მთელი თავისი იდეებითა და გულით ეკუთვნოდა. დღეს დედაქალაქში უნდა ვყოფილიყავი. სხვაგვარად არ შემეძლო, - ამბობს კრისტოფ ოლეინიჩაკი, გდანსკის უნივერსიტეტის სტუდენტი. ვარშავაში დილის მატარებლით, ათსაათიანი მგზავრობის შემდეგ ჩამოვიდა.

ანდრეი ძირძველი ვარშაველია. ამბობს, რომ პრეზიდენტის სასახლესთან, ცოტა ცნობისმოყვარეობისა და ცოტა გულის კარნახით, გუშინაც მოვიდა. დღეს ისევ დაბრუნდა. ეჩვენება, რომ იგივე ხალხს ხედავს. უბრალოდ, დგანან...

ერთმანეთისთვის სრულიად უცხო და ამავდროულად, ძალიან ახლობელი ადამიანები საკუთარ განცდებზე ტირილით საუბრობენ...

უცნობი მამაკაცი: -ის ჩვენი პრეზიდენტი იყო, რა მნიშვნელობა აქვს, რომ უამრავ საკითხში არ ვეთანხმებოდი. ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უახლოესი ადამიანი დავკარგე. წავიდა... მასთან ერთად მთელი ჩვენი ელიტა...

უცნობი ქალბატონი: - ჩემთვის ყველაზე მძიმე კატასტროფაში დაღუპულთა გვარების მოსმენა იყო. გვარს გვარი ემატებოდა... საუკეთესო ადამიანების გვარები... სუნთქვა შემეკრა კინაღამ. სიმარტოვისა და სიცარიელის განცდა დამეუფლა...

მამაკაცი: - რადიოში ერთსა და იგივე ინფორმაციას გადმოსცემენ - ვინ მოკვდა, როგორი იყო, რა იყო კატასტროფის გამომწვევი მიზეზი. შუალედებში შოპენი... სამგლოვიარო, ძალიან პოლონური... გამორთვაც არ მინდა, არ შეიძლება. სინდისი არ მაძლევს უფლებას. მინდა მოუსმინო, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოსმენას ტკივილის მეტი არაფერი მოაქვს...

მარია შიგელი: - ჩემთვის ეს ჯერ ისევ ვირტუალური ინფორმაციაა. მერე რა, რომ ეს ხალხი ნამდვილია. ხალხი 5 წლის წინაც იყო, როცა იოანე პაველ მეორე გარდაიცვალა. მის სიკვდილს შეგუებული ვიყავი, ვიცოდი, რომ დადგებოდა ეს მომენტი. კატასტროფის შესახებ ცნობა ჩემთვის ვირტუალურია, ტყუილია. არ მინდა დაჯერება. არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე. შეძრწუნებული ვარ...

გრეგორი: - ჩვენთვის, პოლონელებისთვის ეს არაა მხოლოდ უდიდესი დარტყმა, ეს არაა მხოლოდ პრეზიდენტის, პირველი ლედისა და იმ უამრავი ადამიანის დაკარგვა, რომელნიც ყოველდღიურად ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ. ეს ჩვენი საკუთარი თავის დაკარგვაა. აღარაფერი არ იქნება ისე, როგორც იყო. შოკი, ტკივილი, გლოვა და უიმედობა დიდხანს იქნებიან ჩვენი თანამგზავრები. იქნება მუდმივი კითხვა: რატომ, როგორ, რა იქნება მომავალში?

აგატა: - ხმა მიკანკალებს, როდესაც ამ ყველაფერზე ვლაპარაკობ. ვცდილობ, ავუხსნა ჩემს შვიდი წლის შვილს, რა მოხდა... ეს ტრაგედია პირად ტრაგედიად აღვიქვი.

ბოგდან ზალევსკი: - დაწყევლილმა კატინის მიწამ ისევ მოითხოვა მსხვერპლი და ახალი სისხლი, პოლონელების სისხლი...

კამილა: - ჩემი პრეზიდენტი, ჩემი პირველი ლედი, ჩემი მინისტრები... მთლიანად პოლონეთის შვილები. ღმერთო, გაანათლე მათი სულები...

პრეზიდენტის სასახლესთან შეგროვილი ხალხი ორ ნაწილად გაიყო - სასახლეში პრეზიდენტის ცხედარი მოასვენეს. და კვლავ დადუმდა ხალხი... მერე ისმოდა ტირილისა და ლოცვისა ხმა...

10 და 11 აპრილს ვარშავაში წვიმდა. და მგლოვიარე ერმა თქვა: ეს არაა წვიმა... უბრალოდ, ანგელოზები ტირიან!