rss
Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites

понедельник, 26 апреля 2010 г.

ბებიას ნაამბობი...

ბაბუა, (მამაჩემის მამა)დასავლეთიდან კახეთში სამოსახლოს საძიებლად ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე ჩამოსულა. ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში სამოსახლოც უპოვია, ცოლიც მოუყვანია და ბებიაჩემის ცოლად მოყვანამდე დაქვრივება და "გაკულაკებული"-ს სტატუსუს მისაკუთრებაც მოუსწრია. პროფესიიტ ვეტექიმი ყოფილა. ფული თავზესაყრელი ქონია და გარეგნობასაც არ უჩიოდა თურმე. ბებიაჩემი 14 წლის ყოფილა ცოლად რომ მოუყვანია. ცოლისძმას ჩაუყვანია მომავალი ცოლი ჭიათურიდან 20 წლით უფროსი სასიძოსთვის. ასაკის სხვაობის მიუხედავად, ბედნიერი ოჯახი ქონდათ ბებიაჩემს და ბაბუაჩემს. 5 შვილი ეყოლათ, ხუთივე ერთმანეთზე უკეთესები. გაჭირვებაც ბევრი უნახავთ, მაგრამ ცხოვრობდნენ და შვილებით ხარობდნენ, ვიდრე...
მამაჩემი ოთხი დის ერთი ძმაა და რა გასაკვირია, თუ მშობლებსაც და დებსაც მზე და მთვარე ნანატრ ბიჭზე ამოდიოდათ. 21 წლის იყო მამა, როდესაც ვიღაცასთან ჩხუბი მოუვიდა და ერთი წელი ოთხ კედელშუა გამოკეტეს. მეორედ, ისევ ჩხუბისთვის, ოღონდ უკვე სერიოზული ჩხუბისთვის(მილიციელი ცემა)მამა, მე რომ ვიბადებოდი, მაშინ დაიჭირეს. სამშობიაროში, დედაჩემი ქმრის მისვლას ელოდებოდა, რომ თვალებბრიალა შვილით გაეხარებინა. ქმრის ნაცვლად ბებია მივიდა და ცუდი ამბავი მიუტანა. მამას 3 წელი მიუსაჯეს...
11 თვის შემდეგ, პატიმრობაში მყოფმა მამამ დეპეშა მიიღო. _ჯულიეტა გარდაიცვალა... ჯულიეტა მამას უფროსი და იყო. დეპეშის შინაარსს გაუკვირვებია მამა, თუმცა არ შეშინებია, რადგან, წინა თვეში სანახავად მყოფი ბაბუასთვის უთქვამს, ვინმეს ავადმყოფობის შესახებ დეპეშას თუ გამომიგზავნით, არის შესაძლებლობა, რომ 3-4 დღე დამატებით (მიმაგრებაში იყო)გამომიშვან სახლშიო. ჰოდა, ამიტომ არ შეშინებია მამას, მაგრამ დეპეშის შინაარსს გაუკვირვებია, მეტი ვერაფერი მოიგონესო? ციხის ხელმძღვანელობას მამაჩემის თხოვნაც არ დაჭირვებიათ, ისე მიუციათ 1 კვირიანი დამატებითი "პრეპუსტკა". ისანში, (კახეთის მიმართულებით იქედან დადიოდა ადრეც ტრანსპორტი), ტრანსპორტის მომლოდინე მამა მეზობელს შეხვედრია. აქ რას აკეთებო-უკითხავს, დაკრძალვა ხომ დღესააო. გაგიჟებულა მამა, მაშინ მიმხვდარა, რომ დეპეშა მისი გარეთ გაყვანის მიზნით არ იყო გამოგზავნილი. ლაგოდეხის ნაცვლად მამა წითელწყაროში(მამიდა იქ იყო გათხოვილი)წასულა. მიცვალებული ეზოდან ყოლიათ უკვე გამოსვენებული მამა რომ მივიდა...
მამიდა ჩიყვით გარდაიცვალა. ერთი წლის შვილი დააობლა...
ბებიასთვის მამიდაჩემის სიკვდილი სიკვდილზე უფრო საშინელი ყოფილა. თავს იკლავდა თურმე ბებია და ძლივს გადაარჩინეს. მერე, ყოველ მეორე დღეს, დილით ადრე, გამოვიდოდა თურმე სოფლის "ბირჟაზე" და ხან ავტობუსით, ხან ვინმე მადლიერის დახმარებით წითელწყაროში მიდიოდა. საღამომდე ტიროდა შვილის საფლავზე და გვიან ღამით ბრუნდებოდა უკან, სახლში...
ყველა ხედავდა, როგორ იტანჯებოდა ბებია.
ერთი წელი იგლოვა ბიძაჩემმა ცოლი. წლისთავზე დაუძახია მამაჩემისთვის და უთქვამს-ბავშვი ძალიან პატარაა, მიჭირს მარტოს მისი გაზრდა, გადავწყვიტე, ცოლი მოვიყვანო-ო. ბიძაჩემს დღესაც არ ამტყუნებს არავინ, მაგრამ, მაშინ, თურმე, მამაჩემი გადარეულა კინაღამ. -და დამიბრუნე-ო, უთქვამს ბიძაჩემისთვის. ვერ მიმხვდარა თავიდან რას ეუბნებოდა მამა, მერე კიდევ რომ უთქვამს, -და დამიბრუნე, დედაჩემს შვილის საფლავი დაუბრუნეო, ახლა ბიძაჩემი გადარეულა. არ გაბედო და ეგ მეორედ არ მითხრაო. დიდი კამათი მოსვლიათ მაშინ. მერე თურმე ჩვენს სახლში ზედიზედ, რამდენჯერმე, თბილისიდან მამაჩემის ბიძაშვილები ჩამოსულან. უფრო სწორად, მამა ჩამოყავდათ ხოლმე. იმათ კიდევ სხვა, სოფელში მცხოვრები ნათესავები და მამას მეგობრები უერთდებოდნენ, შეიკეტებოდნენ ხოლმე ოთახში და დილამდე ჩუმად ლაპარაკობდნენ. ერთხელაც, ოთახში შეკეტვის ნაცვლად მოსაღამოვებულზე მანქანებში ჩამჯდარან და სადღაც წასულან...
გამთენიისას ბებიაჩემი მამაჩემის ძახილს გაუღვიძებია-დედა, გამოდი, შვილი მოგიყვანე!
მეორედ მოუკვდა მაშინ ჯულიეტა მამიდა ბებიას. კივილით შეუძრავს მთელი სოფელი... სიკვდილიდან წლინახევრის შემდეგ ახლიდან დაასაფლავეს მამიდაჩემი.
ბიძაჩემი? დიდხანს არ ელაპარაკებოდა მამაჩემს. ცოლი მოიყვანა, მაგრამ დღემდე უყვარს მამიდა. არ ყოფილა არც ერთი წელი, რომ აღდგომას და დაბადების დღეს მამიდაჩემის საფლავზე არ ჩამოსულიყოს, ცოლთან ერთად. ცოლი მართლა კარგი მოიყვანა. ნამდვილი დედობა გაუწია მის ობოლ შვილს. 8 წლამდე არ იცოდა ჩემმა მამიდაშვილმა, ვის საფლავზე ჩამოყავდა მამას და დედას. სამაგიეროდ, იცოდა, რომ ჩვენ მისი დები ვიყავით, რომ ბებია მისი ბებია, რომ ყავდა დეიდები, დეიდაშვილები... გამზრდელ დედას დღემდე დედას ეძახის. მამიდაჩემის საფლავზე ყოველთვის შვილი ტირის. ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის იყო და არის დიდი სიყვარულით სავსე.
18 წლის წინ ბავშვობის მეგობარს გაყვა ცოლად - ბებიაჩემის მეზობელს. ორი შვილი ყავს, ორი გოგო. უფროსი, ჯულიეტა, ძალიან გავს თავის ბებიას...