rss
Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites

среда, 14 апреля 2010 г.

დედაჩემი



დედაჩემი 1947 წლის მაისში, თბილისთან ახლოს, საგარეჯოს რაიონში დაიბადა. ბაბუა, კონსტანტინე ამაშუკელი შეძლებული, ნაბდის ქარხნების მეპატრონე თავადი (თავადო კონსტანტინე-ასე მიმართავდნენ თურმე ბაბუას)ყოფილა. დედა მოსამსახურეების, ბებიისა და ულამაზესი დედის, ფატის მზრუნველობის ქვეშ იზრდებოდა.
ყოველ შაბათ დილით, ბებია საკურთხს აკეთებდა, მიცვალებულებს მოიხსენიებდა, ჩაალაგებდა საკურთხისთვის გამზადებულ საჭმელს კალათში და სასაფლაოზე მიჰქონდა. ერთ ასეთ დღეს ბებიას თავი ცუდად უგრძვნია და საკურთხიანი კალათის სასაფლაოზე წაღება დედასთვის უთხოვია. დედას გზაში მინდორზე მომუშავე გლეხები დაუნახავს, ხის ძირში სუფრა გაუშლია და გლეხებისთვის დაუძახია-მოდით, ბებიაჩემმა ნობათი გამოგიგზავნათო. კარგად მოულხენიათ დაღლილ გლეხებს. იმ დღეს არაფერი და, მეორე დილით ბებიას დედაჩემისთვის დაუძახია -გუშინ საჭმელი რომ გაგატანე სასაფლაოზე, სად წაიღე-ო? შეშინებია დედას და მოუტყუებია, სადაც გამატანე, იქ მივიტანეო. ნუ მატყუებო-უთხოვია ბებიას და დედასაც აღარ დაუმალავს, სიმართლე უთქვამს და თან უკითხავს, რა იცი, რომ სასაფლაოზე არ მივსულვარო? სიზმარ უნახავს თურმე იმ ღამით ბებიას-ისინი, ვისთვისაც საკურთხი გაუმზადებია, მადლობას უხდიდნენ თურმე - რაც აქ ვართ, ასე კარგად არ დავნაყრებულვართო. მერე, ყოველ შაბათ დღეს, მინდორში მომუშავე გლეხები სვამდნენ მიცვალებულების შესანდობარს...
უკვე ვთქვი, ულამაზესი დედა ჰყოლია დედაჩემს-ფატი. სურათი მაქვს ნანახი-საოცრად ლამაზ, ტანწერწეტა, ლეკურ ტანსაცმელში გამოწყობილ ქალს მხრებზე ლეკური ქალაღაია აქვს მოხვეული, გვერდზე ბაბუაჩემი უდგას-ქართულ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი, ქართული ულვაშით, ძალიან ქართული გარეგნობის ვაჟკაცი. სურათი ბორჯომშია გადაღებული. დედაჩემის მამიდა იხსენებდა ხოლმე-როდესაც კოწია და ფატი ქუჩაში გადიოდნენ, ხალხი ჩერდებოდა და მოწიწებით უხრიდა თავს ულამაზეს წყვილს-ო. დედაჩემის დედა ეროვნებით ლეკი ყოფილა...
სკოლაში გამართული ყველა ზეიმი მართლაც რომ ზეიმი იყო თურმე დედაჩემის კლასელებისთვის. შევიდოდა ფატი მაღაზიაში, შეიყოლებდა შიგ 2-3 მოსამსახურეს. ტკბილეულს, სათამაშოებს და ჩასაცმელს ყუთებით ყიდულობდა და სკოლაში მიჰქონდა. იყო თურმე დიდი სიხარული და ხალისი.
მეშვიდე კლასში ყოფილა დედა, როდესაც ვიღაცას უთქვამს-ფატი შენი ნამდვილი დედა არ არის, დედინაცვალიაო. ძალიან განუცდია დედას. ჯერ საკუთარ თავში ჩაკეტილა, ხმას არ სცემდა თურმე არავის. რამდენჯერმე უცდია ფატისთვის ეკითხა(ბებია აღარ ყოლია იმ დროს ცოცხალი), მაგრამ ვერ გაუბედავს. იმ ვიღაცას ისევ უთქვამს დედასთვის, დედინაცვალი გზრდისო და ერთ დღეს, როდესაც ფატი ლოცულობდა (მუსულმანურად, ხალიჩაზე მორთხმული), წინ გადაურბენია. ლოცვის დროს წინ გადარბენა მუსულმანისთვის მიუღებელია თურმე(ან ყოფილა). გაკვირვებია ფატის - განა არ იცი, როცა ვლოცულობ, არა თუ წინ არ უნდა გამიარო, ოთახში არ უნდა შემოხვიდეო. და დედას უკითხავს-შენ ჩემი დედა ხარ? ფერი დაუკარგავს ფატის. ყურანი მიუწვდია დედაჩემს ფატისთვის და კითხვა გაუმეორებია-ყურანზე დაიფიცე, შენ ჩემი დედა ხარ? ფატის ყურანი გვერდზე გადაუგდია-ვფიცავ ალაჰს, რომელიც დღეიდან ჩემთვის აღარ არსებობს, მე შენი ნამდვილი დედა ვარ-უპასუხია დედაჩემისთვის და გულში ჩაუკრავს. მას მერე ფატის აღარ ულოცია...
ორი წლის შემდეგ, მეცხრეკლასელი დედაჩემი ცხარე ცრემლით ტიროდა უგონოდ მყოფი დედის სასთუმალთან. უცბად გამხდარა ფატი ცუდად, ლოგინად ჩავარდნილა და მთელი კვირა უგონოდ იყო თურმე. ერთი კვირის შემდეგ მოსულა გონზე, თვალები გაუხელია და დედაჩემს და ბაბუაჩემს ძლივს, ხელებზე მოფერებია. მერე ფატის ერთი სიტყვა უთქვამს-ბალიში! დედას ბალიში გაუსწორებია. თავი გადაუქნევია ფატის -ბალიში!-უთქვამს ისევ. ახლა ბაბუას უცდია ბალიშის გასწორება. ფატის დედაჩემისთვის მაჯაზე უტაცია ხელი და მუდარით სავსე თვალებითა და ძალიან დაკარგული ხმით, რამდენჯერმე იგივე სიტყვა უთქვამს-ბალიში, ბალიში! ბაბუას ბალიში გამოუცლია ფატისთვის და გვერდზე მოუსროლია. უფრო ძლიერად მოუჭერია ფატის დედაჩემისთვის მაჯაზე ხელი, წამოწევა უცდია, მაგრამ ვერ შეძლო თურმე, თავი დედაჩემისკენ მიუბრუნებია და რამდენიმე წამის შემდეგ უკანასკნელად, ღრმად ამოუსუნთქია. დედაჩემი ზედ დამხობია დედის ცხედარს და დიდხანს უტირია. მერე ვიღაც მოსულა, ფეხზე წამოუყენებია დედაჩემი, მაგრამ, ფატის დედაჩემის მაჯაზე მიჰყინვოდა ხელი, თითქოს. ძლივს გაუშლიათ მიცვალებულისთვის თითები... ფატი მუსულმანურ წესზე დაუკრძალავთ...
ორი თუ სამი დღის შემდეგ, დედაჩემს ფატის დაჟინებით ნათქვამი სიტყვა გახსენებია, ბალიში მოუძებნია და ბაბუასთან მიუტანია. ჯერ ხელით მოუსინჯავს ბაბუას ბალიში, მერე დანით დაუჭრია და ბუმბული აქეთ-იქით მიმოუფანტავს. ბუმბულთან ერთად ბალიშიდან რაღაც გადმოვარდნილა. ატლასის ნაჭერში ფურცელი იყო გახვეული თურმე და ამ ფურცელზე ეწერა-კოწია, მე ვერ შევძელი, მზად არ ვიყავი ეტყობა. ჩემი სათქმელი შენ უნდა თქვა, ანდერძად გიტოვებ! სიმართლე უთხარი ბავშვს და თხოვე ტყუილი მაპატიოს, შემინდოს...
დედა დიდხანს, უსიტყვოდ უყურებდა თურმე ბაბუას. ისიც იჯდა თავჩაღუნული... მერე ფეხზე წამომდგარა ბაბუა, დედასთვის შეუხედავს და უთქვამს-ძალიან ძნელია, მაგრამ, მისი უკანასკნელი სურვილი უნდა ავასრულო. ფატი შენი ნამდვილი დედა არ იყო. დედაშენს სახელად ნუცა ჰქვია...

1 komentarze:

hellmerito комментирует...

magari xar,dzalian lamazad dawere,magram ratom sheamokle?dedasheni yveba amas ise,rom sadac ar unda gechqarebodes mainc ver waxval da bolomde mousmen