rss
Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites

суббота, 17 апреля 2010 г.

მამის ნაამბობი


ფატი შენი ნამდვილი დედა არ იყო, დედაშენს ნუცა ჰქვია...
დიდხანს არცერთს არ ამოუღია ხმა. შვილი გაოგნებული იდგა და არ იცოდა რა უნდა ეთქვა. მამა უარეს დღეში იყო - იცოდა, რომ არაფრით არ უნდა ყოფილიყო ჩუმად, მაგრამ სიტყვებს ვერ პოულობდა. მერე, როცა დუმილი აუტანელი გახდა, ძლივს გასაგონი ხმით, შვილს არა, საკუთარ თავს, ან ვიღაც არარსებულს მიუბრუნდა და ...
- მამაჩემისგან, გვარის გარდა გარეგნობა, ქალების სიყვარული და ქონებაც დამრჩა მემკვიდრეობით. ნაბდის ქარხნის მეპატრონე ვიყავი და მატყლის საშოვნელად ხშირად, პირადად მიწევდა მთაში სიარული. კავკასიონის მთები ბილიკ-ბილიკ მაქვს მოვლილი, ხშირი სტუმარი ვიყავი ლეკების სოფლებში და ჩემი მასპინძლები აულის იმამები იყვნენ. ერთ-ერთი ასეთი სტუმრობის დროს, წყაროზე მიმავალ ლეკის ქალს შევხვდი. შემთხვევით, თავიდან თავსაფარი ჩამოუცურდა და იმის მერე ვერც გულიდან და ვერც თვალიდან ვერ მოვიშორე იმ ქალის ზმანება. აულში სტუმრობა ჩვეულებრივზე მეტხანს გავაგრძელე და წყალზე მიმავალ უცნობი ქალის ვინაობის გარკვევას შევეცადე. პირდაპირ კითხვას ვის ან როგორ გავუბედავდი. დღეში ათჯერ გავდიოდი წყაროზე იმ იმედით, რომ უცნობი ქალს კიდევ ვნახავდი. ორი თუ სამი დღის შემდეგ გამოჩნდა ისევ. მოდიოდა ტანწერწეტა, აშოლტილი. მხარზე ვერცხლის თუნგი ქონდა შემოდებული, სახეს და თმას შავი, სამგლოვიარო ქალაღაია უფარავდა. ამ ჯერზე გვერდით 3 თუ ოთხი წლის ფეხშიშველი ბიჭი მოსდევდა. ხმა არ გამცა ქალმა, ბავშვსაც უსიტყვოდ, თვალებით დაელაპარაკა, თუნგი წყლით გაავსო და სოფლისკენ გაბრუნდა. იმ დღეს მასპინძელთან სხვათაშორის ვთქვი, წყაროზე პატარა ბავშვი ვნახე, მგლოვიარე დას თუ დედას ახლდა-თქო. -გასულ ზამთარს დავასაფლავეთ მაგ ბავშვის მამაო-უცბად მიხვდ იმამი ვიზეც ვლაპარაკობდი. მეზობელი აულიდან მომავალს ცხენი გადაჩეხია უფსკრულში და ცოლი და ორი შვილი დაუობლებია. მთელი ღამე თეთრად გავათენე, მეორე დილით ცხენი შევკაზმე, მასპინძელს მეზობელ აულში მივდივართქო, ვუთხარი და წყაროს შორიახლო ჩავსაფრდი. იმ დღეს არა და, მეორე დილით გამოჩნდა - მარტო. თუნგი წყალს შეუშვირა და ამ დროს მეც მივაჭენე ცხენი. ერთი შეკივლება მოასწრო, პირი ავუკარი, ნაბადში გავახვიე და ცხენის ზურგზე გადავაწვინე. თავქუდმოგლეჯილმა გამოვაჭენე ცხენი, მაგრამ კივილის ხმა გაუგია ვიღაცას, თუნგი უცვნიათ და მდევარი გამომყვა უკან. თერგს არ ვიყავი გადმოსული, რო დამეწიენ. ადგილზე ამკუწავდა ძმა და მამა, მაგრამ, თავი გაინთავისუფლა ნაბდიდან ქალმა და -არაო, მუხლებში ჩაუვარდა მამას.- არ მოკლა, ცოლად მომიტაცა და მე მინდა ამ გურჯის ცოლობა-ო.
-ფატიმა,(მხოლოდ მაშინ გავიგე მისი სახელი) რას ამბობ, შენი ქმარი ჯერ საფლავში არ გაციებულა და შენ უკვე გათხოვება გინდა, თანაც ქმრად გურჯი ამოირჩიეო? მერე რაღაცას გაცხარებით ლაპარაკობდა ჩემი მდევარი. ფატიმას ძმა ჩემსკენ იწევდა, უფროსები აჩერებდნენ, ფატიმა იდგა გაფითრებული და ხმას არ იღებდა. მერე ვიღაც აულისკენ გაბრუნდა. მდევარი ჩაწყნარდა, ხმას ერთმანეთსაც არ სცემდნენ. ფატიმა ისევ იდგა და გაფითრებულ სახეზე ცრემლი ჩამოუგორდებოდა ხოლმე ხანდახან. მერე ის, აულში წასული ვიღაც დაბრუნდა და თან 2 პატარა ბიჭი მოიყვანა. ფატიმას მამამ ბავშვები ფატიმასტან მიიყვანა, თავიდან შავი ქალაღაია მოგლიჯა, წყეულიმც იყავო - უთხრა და ზურგი შეაქცია. მერე მდევარი წავიდა. კავკასიონის მთაზე მე, ფატიმა და მისი ორი შვილი, 3 წლის ზელიმხანი და 5 წლის მაგამედი დავრჩით. -მამამ აულიდან მომკვეთა. ვერასოდეს ვეღარ დავბრუნდები უკან-მითხრა ფატიმამ.
სანათესაომ უცბად შეიყვარა ჩემი ლეკის ცოლი. მზე და მთვარე მასზეე ამომდიოდა, შვილი არ გვიჩნდებოდა და მისი შვილები საკუთარივით გავზარდე. სამამულო ომი რომ დაიწყო, ბიჭები 19 და 21 წლის იყვნენ. ორივე ომში წაიყვანეს. 42-ში თითქმის ერთდროულად მოგვივიდა ორი შავი ქაღალდი ფრონტიდან-ორივე დაიღუპა. ფატიმამ ძლივს გადაიტანა შვილების დაღუპვა. ყველანაირად ვცდილობდი ტკივილი შემემსუბუქებინა, მაგრამ გაუცხოვდა, დალაპარაკება არ უნდოდა არავისთან. ქართულად საერთოდ აღარ იღებდა ხმას. ერთ დღეს გამომიცხადა-აულში ვბრუნდები, მამა მიხმობს-ო. 16 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ფატიმამ აული ახსენა. ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერ გადავაფიქრებინე. რატომრაც, გული მეუბნებოდა, რომ ფატი უკან აღარ დაბრუნდებოდა, რომ მამა კი არა, აული უხმობდა. შვილების სიკვდილს საკუთარ თავს აბრალებდა - აული შევარცხვინე, მეგონა, მომკვეთეს და ამით ცოდვა გამოვისყიდე, მაგრამ ალაჰმა არ მაპატია, მამის წყევლა ჩემს შვილებს მისწვდა-ო, მოთქვამდა ხოლმე ხმამაღლა. 43-ის ზაფხულში ფატი დამემშვიდობა, -დაზამთრებამდე დავბრუნდებიო - მითხრა და წავიდა...
მთელი ზაფხული და შემოდგომა ველოდე, მაგრამ არც მომდევნო ზაფხულში დაბრუნდა ფატი. 45-ში ფაბრიკაში ახალი მუშა მოვიდა, ნუცა. მაშინვე თვალში მომხვდა უცხო გარეგნობის, მიმზიდველი ქალი. 1947 წლის მაისში შენ დაიბადე, ხოლო ივნისის ბოლოს ფატი დამიბრუნდა...

5 komentarze:

Анонимный комментирует...

რატო წერ ხოლმე ასეთ ტკივილიან პოსტებს? :(

ლოლიკა комментирует...

რა ვიცი, რაც ახლა მტკივა, რაც ადრე მე ან ჩემი ოჯახის წევრებს ტკიოდათ იმაზე ვწერ მხოლოდ. საკუთარ თავთან ხელჩართული ბრძოლა მქონდა გამართული, არ ვიყავი არც ახლა ვარ ბოლომდე დარწმუნებული, რომ სწორად ვიქცევოდი, მაგრამ რაღაცნაირად, ძალიან მომინდა დავცლილიყავი. და თუ დამიჯერებ, მიშველა :). აქამდე, ერთი სული მქონდა ბავშვები როდის დაიძინებდნენ, როდის გავრეცხავდი ბოლო თეფშს, მივალაგებდი არეულ სახლს და შვილებს მივუწვებოდი გვერძე. ახლა კომპიუტერთან როდის მოვალ, იმას ვფიქრობ. უფრო გაადვილდა და სხვანაირი გახდა ყოველდღიური, ერთფეროვანი ცხოვრება. პოსტივით გამომივიდა და ამისთვის ბოდიშს ვიხდი. :)

Nicole комментирует...

ses, titqos pirvelad mesmodes es ambebi, is evkitxulob. miyvarxar, chemo tkiviliano sestra!

ლოლიკა комментирует...

და მე რა მაგრად მიყვარხარ, თუ იცი? :)

hellmerito комментирует...

dagiweria bolomde :))